შინაარსზე გადასვლა

ბოიართა სათათბირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოიართა სათათბირო, მთავართან (1547 წლიდან მეფესთან) არსებული უზენაესი საბჭო რუსულ სახელმწიფოში (X საუკუნიდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე) საკანონმდებლო-სათათბირო უფლებით. ბოიართა სათათბიროში შედიოდნენ ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები. მონაწილეობდა საკანონმდებლო, საგარეო პოლიტიკის, სახელმწიფო წყობის, რელიგიისა და სხვა საკითხთა განხილვაში. კიევის რუსეთში ბოიართა სათათბირო ერქვა მთავრის თათბირს რაზმელებთან, საერობო ბოიარებთან, ადგილობრივი გვაროვნული არისტოკრატიის შთამომავლებთან. მას ზოგჯერ სამღვდელოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. XI საუკუნეში ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდში იგი დიდი მთავრისა და მისი გარკვეული პოლიტიკური უფლებების მქონე ვასალების საბჭო იყო. XV საუკუნის დასაწყისში ბოიართა სათათბიროში მხოლოდ დიდი ბოიარები - მთავრის მუდმივი მრჩევლები შედიოდნენ. XV საუკუნის ბოლოს მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოდ გადაიქცა. 1550-იან წლებში რეფორმებისა და განსაკუთრებით ოპრიჩნინის მეშვეობით ბოიართა არისტოკრატიის პოზიციები მნიშვნელოვნად შეიკვეცა. მიუხედავად ამისა, XVI საუკუნის II ნახევარსა და XVII საუკუნეში წოდებრივ-წარმომადგენლობითი მონარქიის დროს ბოიართა სათათბირო გარკვეულ ფარგლებში მეფესთან იყოფდა ხელისუფლებას.

XVII საუკუნის II ნახევარში ბოიართა სათათბიროს მნიშვნელობამ თანდათან იკლო. სენატის შექმნის შემდეგ 1711 წელს გაუქმდა.