შინაარსზე გადასვლა

ბობ ოდენკირკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბობ ოდენკირკი
დაბადების სახელი რობერტ ჯონ ოდენკირკი
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1962
ბერვინი, ილინოისი, ამერიკის შეერთებული შტატები
ალმა-მატერი სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
აქტიური 1987-დღემდე
მეუღლე(ები) ნაომი იომთოვი (1997-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2

რობერტ ჯონ ოდენკირკი (ინგლ. Robert John Odenkirk; დ. 22 ოქტომბერი, 1962, ბერვინი, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი. მისი ყველაზე ცნობილი სამსახიობო როლია სოლ გუდმენი ამერიკულ დეტექტიურ ტერესერიალში, სახელწოდებით „Breaking Bad“ (2008-2013).

მიუღია მონაწილეობა ფილმებსა და ტელესერიალებში: „ნებრასკა“ (2013, რეჟ. ალეგზანდერ პეინი), „ფარგო“ (2014, რეჟ. ნოა ჰოული), „ვაშინგტონ პოსტი: საიდუმლო მასალები“ (2017, რეჟ. სტივენ სპილბერგი) და სხვ.

რობერტ ჯონ ოდენკირკი ბერვინში, ილინოისში დაიბადა. იგი ნეპერვილში იზრდებოდა. ოდენკირკი 7 დედმამიშვილიდან ერთ-ერთია. იგი ჩრდილოეთ ნეპერვილის სკოლაში სწავლობდა. მისი უმცროსი ძმა, ბილ ოდენკირკი, სცენარისტია.

სწავლობდა სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში (კარბონდეილი, ილინოისი).

ოდენკირკმა Chicago Reader-ს უთხრა, რომ მასზე, როგორც კომიკოსზე, დიდი გავლენა მოახდინა მონტი პაითონის ჯგუფის მიერ გადაღებულმა 1969 წლის ფილმმა, სახელწოდებით „მონტი პაითონის მფრინავი ცირკი“.[1]

1987 წლიდან 1991 წლამდე ოდენკირკი Saturday Night Live-ში მუშაობდა რობერტ სმიგელთან და კონან ო'ბრაიენთან ერთად.

1992 წელს იგი „ბენ შტილერის შოუში“ სცენარისტად და მსახიობად მუშაობდა. შოუმ „ემის ჯილდო“ მოიპოვა საუკეთესო სცენარისათვის.

1995 წელს ოდენკირკმა, დევიდ ქროსთან ერთად, კომედიური სკეტჩი-სერიალი, „Mr. Show“ შექმნა. სერიალი ოთხ სეზონს მოიცავს. მათში მოწვეულ სტუმრებად მონაწილეობა მიუღიათ ისეთ კომიკოსებს, როგორებიც არიან სარა სილვერმენი, პოლ ფ. ტომპკინსი, ჯეკ ბლექი, ტომ კენი, ბრაიან პოსენი და სხვ.

2003 წელს ოდენკირკმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „მალვინი ვახშამზე მიდის“, სადაც იგი კიტის როლს თამაშობს. ფილმმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ოდენკირკი 2013 წელს

2006 წელს გამოვიდა ოდენკირკის ფილმი „მოდი, ციხეში წავიდეთ“. ფილმის სცენარის ავტორები ტომას ლენონი და რობერტ ბენ გარანტი არიან. ფილმში უილ არნეტი, დაქს შეფერდი და ჩი მაკბრაიდი მონაწილეობენ. ოდენკირკმა 2007 წელს გადაიღო „ძმები სოლომონები“. მისი სცენარის ავტორი უილ ფორტეა.

2009 წელს ოდენკირკი AMC-ს დეტექტიური ტელესერიალის, „Breaking Bad“-ის სამსახიობო გუნდს შეუერთდა. იგი სერიალში ადვოკატი სოლ გუდმენის როლს ასრულებს.

ოდენკირკი კომედიური შოუს, „The Birthday Boys“-ის აღმასრულებელი პროდუსერია.

2015 წელს გამოვიდა „Breaking Bad“-ის მიხედვით გადაღებული სერიალი, სახელწოდებით, „სჯობს, დაურეკოთ სოლს“. ბობ ოდენკირკი მასში მთავარ როლს ასრულებს. იგი ასევე ტელესერიალის პროდუსერია. ოდენკირკი 2017 წელს გამოსული Netflix-ის ფილმის, სახელწოდებით, „შეყვარებულის დღე“, თანასცენარისტი და პროდუსერია. იგი ასევე მცირე როლს თამაშობს ფილმში. ფილმის რეჟისორი მაიკლ სტივენსონია.[2]

„Breaking Bad“-ში როლის შესრულების შემდეგ, ოდენკირკი უფრო მასშტაბურ პროექტებში ჩაერთო, როგორებიცაა: „მომნუსხველი წამი“ (2013, რეჟ. ჯეიმზ პონსოლდტი), „ვაშინგტონ პოსტი: საიდუმლო მასალები“ (2017, რეჟ. სტივენ სპილბერგი), „პატარა ქალები“ (2019, რეჟ. გრეტა გერვიგი) და სხვ.

როგორც რეჟისორი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2003 „მალვინი ვახშამზე მიდის“ Malvin Goes to Dinner კიტი; რეჟისორი
2006 „მოდი, ციხეში წავიდეთ“ Let's Go To Prison დუენი; რეჟისორი
2007 „ძმები სოლომონები“ The Brothers Solomon ჯიმ ტრეჩერი; რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბობ_ოდენკირკი“-დან