მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაკი ბობოხიძე (დ. 14 სექტემბერი , 1964 , ქვედა გორდი , ამჟამად ხონის მუნიციპალიტეტი , საქართველოს სსრ , სსრკ ) — ქართველი მათემატიკოსი, პოლიტიკოსი , საქართველოს შვიდი მოწვევის პარლამენტის (1990 , 1992 , 1999 , 2004 , 2008 , 2012 , 2016 ) წევრი. იმერეთის მხარის ორგზის (2005, 2006-2008) გუბერნატორი. ამჟამად არის „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი.
საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. 1981 წელს დაამთავრა ჭომის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის სპეციალობით. 1986-1987 წლებში მუშაობდა წულუკიძის დაუსწრებელ საშუალო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელად. 1988-1990 წლებში მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტში მათემატიკის კათედრაზე.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992 წელს მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოში . 1992 -1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“.
1998-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. 2001 წელს შუალედური არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხონის მაჟორიტარი). 2004 -2005 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2005 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე იყო სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში . 2006 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე იყო ეროვნული გვარდიის დეოპარტამენტის უფროსი. 2006 წლის ნოემბერში კვლავ დაინიშნა იმერეთის მხარის გუბერნატორად. ამ თანამდებობაზე იყო 2008 წლამდე.
2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012 -2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (წყალტუბოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. მე-8 მოწვევის პარლამენტში ბობოხიძე გახდა ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე. 2016 -2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წლის 27 მაისს გახდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2021 წლის 10 აპრილს აირჩიეს „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივნად.[ 1]