ვასილი ბლიუხერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბლიუხერი, ვასილი)
Jump to navigation Jump to search
ვასილი ბლიუხერი

ვასილი კონსტანტინეს ძე ბლიუხერი (რუს. Васи́лий Константи́нович Блю́хер; დ. 19 ნოემბერი, [ძვ. სტ. 1 დეკემბერი], 1890, სოფ. ბარშჩინკა, იაროსლავის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 9 ნოემბერი, 1938, მოსკოვი, სსრკ) — სამხედრო და პარტიული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (1935). სკკპ წევრი 1916 წლიდან. დაიბადა გლეხის ოჯახში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლის ნოემბერში იყო სამარის სამედრო-რევოლუციური კომიტეტის წევრი; ნოემბრის ბოლოდან ჩელიაბინსკის რევკომის, ხოლო 1918 წლის მარტიდან საბჭოს თავმჯდომარე. ჩეხოსლოვაკიელთა კორპუსის აჯანყების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ორენბურგის რაიონში გარშემორტყმულ საბჭოთა ჯარებს და განახორციელა 1500 კმ-იანი გადასვლა მე-3 წითელ არმიასთან შესაერთებლად. მონაწილეობდა კოლჩაკის განადგურებაში, ხოლო 1920 წლის აგვისტო-ნოემბერში — კახოვკის პლაცდარმის დაცვასა და პერეკოპის შტურმში. 1921–1922 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი, სახალხო-რევოლუციური არმიის მთავარსარდალი და სამხედრო საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა არმიის რეორგანიზაციას და ვოლოჩაევკასთან თეთრგვარდიელთა განადგურებას. 1924–1927 წლებში გუანჯოუში (კანტონი) ჩინეთის რევოლუციური მთავრობის მთავარი სამხედრო მრჩეველი იყო და მონაწილეობდა ჩრდილოეთის დიდი ლაშქრობის განხორციელებაში. 1929–1938 წლებში სარდლობდა შორეული აღმოსავლეთის განსაკუთრებულ წითელდროშოვან არმიას. ხელძღვანელობდა ჩინეთის მილიტარისტების განადგურებას ჩინეთ-საბჭოთა კავშირის კონფლიქტის დროს (1929) და შორეულ აღმოსავლეთში მძლავრი თავდაცვის შექმნას. 1934 წელს პარტიის XVII ყრილობაზე ვასილი ბლიუხერი აირჩიეს სკკპ () ცკ-ის წევრობის კანდიდატად. იყო სსრკ I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 6 სხვა ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]