ბლანკა ანჟუელი
ბლანკა ანჟუელი | |
---|---|
![]() | |
არაგონის დედოფალი | |
მმართ. წლები: | 1295-1310 |
კორონაცია: | 1295, სარაგოსა |
წინამორბედი: | ისაბელ კასტილიელი |
მემკვიდრე: | მარი დე ლუზინიანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1280 |
გარდ. თარიღი: | 14 ოქტომბერი, 1310 (29-30 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბარსელონა, ესპანეთი |
მეუღლე: | ხაიმე II, არაგონის მეფე |
შვილები: |
ალფონსო IV, არაგონის მეფე ისაბელა, გერმანიის დედოფალი |
დინასტია: | ანჟუელები |
მამა: | კარლო II, ნეაპოლის მეფე |
დედა: | მარია უნგრელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბლანკა ანჟუელი (ესპ. Blanca de Anjou; დ. 1280 – გ. 14 ოქტომბერი, 1310, ბარსელონა, ესპანეთი) — ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე კარლო II-ის ასული. არაგონის მეფე ხაიმე II-ის მეორე ცოლი. მეფე ალფონსო IV-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლანკა 1280 წელს დაიბადა და იყო ნეაპოლის მეფე კარლო II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია უნგრელის ასული. 1290 წელს მამამისმა ბლანკა მონფერატის მარკიზ ჯოვანი I-ზე დანიშნა. მეფე კარლო მას მტრებისაგან დაცვას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი ჯოვანისაგან ვასლობას ელოდებოდა. საბოლოოდ ნიშნობა ჩაიშალა და 1305 წელს ჯოვანი უშვილოდ გარდაიცვალა.
1294 წელს რომის პაპად ბონიფაციუს VIII იქნა არჩეული, რომელიც, კარლო II-ის თხოვნით შუამავლობდა ნეაპოლისა და არაგონის სამეფოებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის. მისი თაოსნობით ხელი მოეწერა ანანის ხელშეკრულებას, რითაც ნეაპოლის სამეფო და დამატებით სიცილიაც კარლოს დარჩა,სარდინია და კორსიკა კი - არაგონს. თუმცა ამას თავად სიცილიელთა მხრიდან წინააღმდეგობა მოგყვა, რის გამოც ბლანკას მამა სიცილიაში ვერ გამეფდა. ამის მიუხედავად, 1295 წელს ქალაქ ვილაბელტრანში, ამ ერთობის ნიშნად კარლომ პრინცესა ბლანკა არაგონის მეფე ხაიმე II-ს მიათხოვა. იმავე წელს სარაგოსას კათედრალში ბლანკას არაგონის დედოფლად კურთხევაც შედგა.
მიუხედავად დედოფლობისა, ბლანკას პოლიტიკური გავლენები არ ჰქონია და მის შესახებ ცნობებიც მწირია. 15 წლიანი დედოფლობის განმავლობაში დედოფალმა ბლანკამ 10-ჯერ იმშობიარა და საბოლოოდ 1310 წლის 14 ოქტომბერს იგი ბარსელონაში მეათე მშობიარობას გადაჰყვა. დედოფალი ბლანკა სანტეს კრეუსში დაკრძალეს, რის შემდეგაც მეფე ხაიმე კიდევ ორჯერ დაქორწინდა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაიმე (1296-1334), უარი თქვა მემკვიდრეობაზე და ბერად აღიკვეცა;
- ალფონსო IV (1299-1336), არაგონის მეფე. ცოლად შეირთო ტერეზა დ'ენტენცა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი უფროსი ძმის ყოფილი საცოლე, ლეონორ კასტილიელი. მეფე პედრო IV-ის მამა;
- მარია (1299-1316), ცოლად გაჰყვა კასტილიის მეფე სანჩო IV-ის ვაჟ პედრო კასტილიელს, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მონაზვნად აღიკვეცა;
- კონსტანსია (1300-1327), ცოლად გაჰყვა კასტილიის მეფე ალფონსო X-ის ძმისწულ ხუან მანუელს;
- ისაბელა (1302-1330), ცოლად გაჰყვა გერმანიის მეფე ფრიდრიხ I-ს;
- ხუანი (1304-1334), ტოლედოსა და ტარაგონას ეპისკოპოსი, მოგვიანებით ალექსანდრიის კათოლიკე პატრიარქი;
- პედრო (1305-1381), რიბაგორცასა და პრადესის გრაფი, ცოლად შეირთო ჟანა დე ფუა;
- ბლანკა (1307-1348), სიჩენას აბატისა;
- რამონ ბერენგარი (1308-1366), ემპურიესისა და ეხერიკას გრაფი, ცოლად შეირთო ბლანკა ტარანტოელი;
- იოლანდა (1310-1353), ცოლად გაჰყვა რუმინეთის დესპოტ ფილიპე ტარანტოელს;
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Theresa Earenfight: The King's Other Body: Maria of Castile and the Crown of Aragon, 2010
- Bernard F. Reilly, The Medieval Spains, (Cambridge University Press, 1993), 168.
- Monks and Politics in Thirteenth Century Wales and Catalonia, Karen Stober, Thirteenth Century England XIV: Proceedings of the Aberystwyth and Lampeter , ed. Janet Burton, Phillipp Schofield and Bjö Weiler, (The Boydell Press, 2013), 93-94.
- Steven Runciman, The Sicilian Vespers: A History of the Mediterranean World in the Later Thirteenth Century, (Cambridge University Press, 2000), 270.
|