ბიძინა პირველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიძინა ალექსის ძე პირველი (დ. 1902, სოფ. მესტია, — გ. 11 ოქტომბერი, 1938) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1921-1922 წლებში მოსესტრო დადეშქელიანთან და ნესტორ გარდაფხაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებას სვანეთში. 1923 წლის სექტემბერში საბჭოთა მთავრობას შეურიგდა, მაგრამ 1924 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ის სვანეთ-ლეჩხუმში ახალი აჯანყების მომზადების ხელმძღვანელობაზე დაითანხმა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ბიძინა პირველი მეთაურობდა აჯანყებული სვანების რაზმებს, რომლებმაც აიღეს ბეჩო და ცაგერი. საქართველოს სხვა რეგიონებში აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1924 წლის სექტემბერში პირველმა თავისი რაზმები დაშალა. ერთხანს იფარის ტყეში იმალებოდა, ოქტომბერში კი საბჭოთა მთავრობას ჩაბარდა. 1925 წელს სასამართლომ მას მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასტიკი იზოლაციითა და წინასწარი პატიმრობის ჩათვლით. გათავისუფლების შემდეგ, 1928 წელს გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში და სვანეთში სამეურნეო თანამდებობებზე მუშაობდა. 1930-იან წლებში იყო სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის სახელმწიფო საკავშირო ენგურის ოქროს საბადოს სამმართველო „ენგუროქროს“ დირექტორი. მასობრივი რეპრესიების დროს, 1938 წელს „ანტისაბჭოთა“, „ძირგამომთხრელი“ საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი ბიძინა ალექსანდრეს ძე. სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო. - 2013.