შინაარსზე გადასვლა

ბიტუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიფორნიაში ბუნებრივი გზით მიწიდან გამოდენილი ბუნებრივი ბიტუმი
ნავთობისგან მიღებული ტექნიკური ბიტუმი

ბიტუმი (ლათ. bitumen — „ფისი“) — მყარი ან თხევადი კონსისტენციის ორგანული ნივთიერებები, რომლებიც მრავალრიცხოვან ორგანულ ნაერთთა ნაირგვარ ნარევებს წარმოადგენს. ბიტუმის უმრავლესობა გოგირდნახშირბადში იხსნება. ბუნებაში გვხვდება ბუდობების სახით, აგრეთვე გაფანტული ქანებში. ბიტუმი ორი სახისაა ბუნებრივი და ტექნიკური.

ბუნებრივი ბიტუმები იყოფა ნაფტიდებად და ნაფტოიდებად. ნაფტიდებს მიეკუთვნება ნავთობი და მისი ბუნებრივი პროდუქტები: მალტები, ასფალტები, ასფალტიტები, კერიტები, ოზოკერიტები და სხვა. ნაფტოიდები ორგანულ ნივთიერების ბუნებრივი აქროლების ნაფტიდის მსგავსი პროდუქტებია.

ტექნიკურ ბიტუმებს იღებენ ნავთობის ნარჩენებისა და წიალისეული ნახშირების გადამუშავების პროდუქტებისაგან მათ ჩვეულებრივ მყარი ან ბლანტი კონსისტენცია აქვთ. ნავთობისაგან მიღებული ბიტუმების მთავარი კომპონენტებია: ასფალტენები (განაპირობებს ბიტუმის სიმაგრეს), ფისები (უზრუნველყოფს ცემენტაცის და ელასტიკურობას) და ნავთობის ზეთები (ასფალტენებისა და ფისების გამათხიერებელი გარემო). ტექნიკურ ბიტუმებს უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლებია: დუქტილობა — უნარი, გაჭიმვის დროს წარმოქმნას გარკვეული სიგრძის ძაფი (განისაზღვრება იმ ძაფის სისქით, რომელიც წარმოიქმნება ბიტუმის სტანდარტული ნიმუშის გაწყვეტამდე გაჭიმვის შედეგად), პენეტრაცია — ახასიათებს ბიტუმის სიბლანტეს [განისაზღვრება ბიტუმის ფენაში ფოლადის ნემსის შეღწევის სიღრმით 5 წამის განმავლობაში, როდესაც დატვირთვა 1 ნ (0.1 კგძ) ტოლია]. ბიტუმის დასახასიათებლად მნიშვნელობა აქვს აგრეთვე დარბილებისა და აალების ტემპერატურას და სიმკვრივეს.

მრეწველობა ამზადებს მყარ, ნახევრად მყარსა და თხევად ბიტუმებს. ნავთობის მყარ ბიტუმებს იყენებენ სახურავი მასალის რუბეროიდის და ბიტუმის მასტიკის მისაღებად; ნახევრად მყარს ჰიდროიზოლაციური მასალის (ჰიდროიზოლი, ბორულინი, ბიტუმირებული ქსოვილი და სხვა), საგოზის, საშენი ასფალტის ხსნარების, ასფალტის, ბიტუმის პლასტიკებისა და სხვათა წარმოებაში, თხევადს — საგზაო მშენებლობაში.

მრეწველობის სხვადასხვა დარგში გამოყენებული ბიტუმების საერთო რაოდენობიდან 90%-ზე მეტი მოდის ხელოვნურ ბიტუმებზე, რომლებსაც ნავთობიდან იღებენ; მათი მსოფლიო წარმოება ათობით მლნ. ტონას შეადგენს.

ტორფიდან და მურა ნახშირიდან ორგანული გამხსნელებით გამოყოფილ პროდუქტებს ეწოდება მყარი სათბობის ბიტუმები. მათ იყენებენ სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში: სამსხმელო საქმეში როგორც მოდელური შედგენილობის კომპონენტს პრეციზიული ჩამოსხმის დროს (ჩამოსხმა გამომდნარი მოდელების მიხედვით), ელექტროტექნიკურ მრეწველობაში ელექტროიზოლაციურ მასალად, აგრეთვე ტყავის, ხის, ქაღალდისა და სხვა ნაკეთობათა მოსაპირკეთებლად.

ბიტუმს ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროში იყენებდა. ცნობილია ნაგებობები მესოპოტამიასა და ეგვიპტეში, რომელთა მშენებლობის დროს, ძვ. წ. III ათასწლეულში, გამოყენებულია ბიტუმი; ბიტუმით ფარავდნენ წყალსაცავებსა და მარცვლეულის საცავებს, ამაგრებდნენ კედლისა და იატაკის ფილებს სასახლეებში და ტაძრებში, ბიტუმი გამოუყენებიათ იმ გვირაბის ჰიდროიზოლაციისათვის, რომელიც აგებულია მდინარე ევფრატის ქვეშ ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში.