ბისოს ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბისოს ციხე-სახლი — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ნაგებია კლდის ქვით. შედგება მიჯრით მდგარი ორი სამსართულიანი ციხე-სახლისგან. ორივე სახლის სართულშუა გადახურვა და ბრტყელი მიწურბანიანი სახურავი ჩაქცეულია.

აღმოსავლეთით მდგარი ციხე-სახლისაგან 6,5-7,3 მეტრის სიმაღლის კედლებია შემორჩენილი. I სართული საქონლის სადგომია, II – საცხოვრებელი, ხოლო III – სათავდაცვო დანიშნულებისა. შესასვლელი I სართულზე სამხრეთიდანაა. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში პატარა ნიშია. დასავლეთ კედელში მოგვიანებით გაჭრილი კარით ეს სართული მომიჯნავე ციხე-სახლთანაა დაკავშირებული. II სართულის აღმოსავლეთ კედელში შესასვლელი და ხუთი სათოფურია. სამხრეთით – ერთი ნიში და ორი სარკმელი, დასავლეთით – სამი ნიში და სათოფური, ხოლო ჩრდილოეთით – ორი ნიში. III სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი კარი და სათოფურია , აღმოსავლეთით - სარკმელი და სამი სათოფური, სამხრეთით - სარკმელი და სათოფური, ხოლო დასავლეთით – დიდი ოთხკუთხა ღიობი და ერთი სათოფური. ამ სახლზე დასავლეთიდან მიდგმული მეორე ციხე-სახლის შემორჩენილი კედლების სიმაღლე 6,75 მეტრს არ აღემატება. I სართულზე სარდაფია, II სართული საცხოვრებელია , ხოლო III – სათავდაცვო. I სართულის აღმოსავლეთ კედელში მომიჯნავე სახლთან დამაკავშირებელი კარია გაჭრილი. დასასვლეთ კედელში ორი ნიშია, აღმოსავლეთით – ერთი; სამხრეთით ერთი სარკმელი. II სართულს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, მიწიდან 2,5 მ სიმაღლეზე. ამავე მხარეს ერთი სათოფურია. დასავლეთით – ორი. III სართულზე სამხრეთ კედელში ერთი სარკმელი და ორმაგი სათოფურია, დასავლეთ კედელში–- სამი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით – თითო სათოფური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]