ბირმული სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიპური ბირმული სუფრა

ბირმული სამზარეულო (ბირმ. မြန်မာ့ အစားအစာ) — ტრადიციული ბირმული კერძების ერთობლიობა, რომელშიც გაერთიანებულია მიანმარის ერთობ განსხვავებული რეგიონების გასტრონომიები. მასზე განსაკუთრებულად დიდი გავლენა აქვს ჩინურ, ინდურ და ტაილანდურ სამზარეულოებს.

ჭამის ჩვეულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუჩის კაფე იანგონში

ტრადიციულად, ბირმელები საკვებს დაბალ მაგიდასთან მიირთმევენ, ხალიჩაზე ჯდომისას. ჭამის დაწყებისას ყველა კერძი უკვე მაგიდასთან უნდა იყოს. ჩვეულებრივ რაციონში შედის ორთქლზე მოხარშული ბრინჯი, რომელსაც ახლავს მთავარი და თანმხლები კერძები. მთავარ კერძად ხშირად ამზადებენ მკტნარ წყალში დაჭერილ თევზებს, რომელთაც წვავენ, ან ამარილებენ და აშრობენ. სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს შემწვარი ხორცი ან რომელიმე ფრინველისაგან მომზადებული კერძი, მას მოსდევს მსუბუქი წვნიანი ჰინ-გიო. აგრეთვე გავრცელებულია დამჟავებული, ან ახლად მოხარშული, მარილიანი ბოსტნეული, რომელიც, ჩვეულებისამებრ, მთავარ კერძს ახლავს ხოლმე. მიანმარის სამხრეთ რეგიონებში პოპულარულია დამწნილებული თევზი სპეციალური სოუსით.

ბირმული სუფრა ყველა კომპონენტით: მოხარშული ბრინჯი, წვნიანი, მთავარი კერძები

სხვა აღმოსავლური ქვეყნების მსგავსად, მიანმარშიც დიდი ყურადღება ეთმობა უფროს-უმცროსობის ტრადიციას, რაც მათი ჭამის წეს-ჩვეულებებშიც ჩანს. პატივისცემის ნიშნად, სუფრაზე პირველად უხუცესებს ემსახურებიან, სხვა დანარჩენებს კი მხოლოდ მათს შემდეგ შემდეგ. მაშინაც კი, თუ ოჯახის უხუცესი ტრაპეზს არ ესწრება, მათდამი პატივისცემისა და მოწიწების ნიშნად მიანმარელები მათ ჩვეულ ადგილას მაინც დებენ მოხარშული ბრინჯით სავსე ქოთანს.

ბირმელები ძირითადად ხელით ჭამენ. ისინი მოხარშულ ბრინჯს თითებით ამრგვალებენ, შემდეგ თითის წვერებით მასზე სხვა კერძის ნაწილებს ათავსებენ და ასე მიირთმევენ. ამასთან ერთად, ლაფშასა და მსგავს კერძებს ჩინური ჯოხებით ჭამენ, დროის სვლასთან ერთად კი სულ უფრო პოპულარული ხდება ჩანგლისა და კოვზის გამოყენებაც. დანა-ჩანგალი სახლში, ოჯახურ გარემოში იშვიათად გამოიყენება, თუმცა რესტორნებსა და კაფეებში ყოველთვის ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია ისიც, რომ აქაურები ჭამისას სასმელს არ მიირთმევენ, ვინაიდან თხევადი კომპონენტი სუფრაზე ისედაცაა წარმოდგენილი ბულიონისა და სუპის სახით. უკვე ტრაპეზის შემდეგ, ბირმელები მწვანე ჩაისა და სხვა სასმელებს მიირთმევენ.

რელიგიური და უცხოური გავლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული მეშეი ბულიონით, სოუსითა და ბოსტნეულით

ბირმაში მრავალი რელიგიისა და ეთნოსის მქონე ხალხი ცხოვრობს, რაც მის გასტონომიაზეც აისახება, რადგან, მაგალითად ბუდისტები, თავს არიდებენ ძროხის ხორცს, მუსლიმები კი ღორისას არ ჭამენ. მორწმუნე ბუდისტები ძროხის ხორცს უწმინდურად თვლიან, რადგან ძროხას ისინი ტვირთის გადასაადგილებლად იყენებენ. ბუდისტური მარხვის, სამთვიანი წვიმებისა და უპოსატას დღეებში ისინი მხოლოდ ვეგეტარიანელური კერძებს მიირთმევენ. ამ დროს ბუდისტი ბირმელები დღეში მხოლოდ ორჯერ ჭამენ (საუზმე და სადილი) და საერთოდ არ მიირთმევენ ხორცს. წლის დანარჩენ დროს ისინი მაინც ცდილობენ შეინარჩუნონ ვეგეტარიანული რაციონი, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან თითქმის ყველა ტრადიციულ ბირმულ კერძში ხორცი და თევზია გამოყენებული. აქ გამოყოფენ შანის ხალხის სამზარეულოს, რომელიც თავიდან ბოლომდე ვეგეტარიანულია.

ბირმულ სამზარეულოზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენენ მისი მოსაზღვრე ქვეყნების: ინდოეთის, ჩინეთისა და ტაილანდის სამზარეულოები. ინდური გავლენა იმაში გამოიხატება, რომ მიანმარში ერთობ პოპულარულია ისეთი ინდური კერძები, როგორებიცაა: ლაფშა, კარური, ბირანი, სამოსა, ნაანი, პარატა და ასევე არაერთი სანელებელიც. მიანმარის ქალაქებში განსაკუთრებით აქტუალურია სამხრეთინდური, კონკრეტულად კი ჩეტიარული სამზარეულო. ჩინური გავლენა კი არა უშუალოდ კერძებით, არამედ უბრალოდ მათი ინგრედიენტებისა და პროდუქტების გამოყენებაში გამოიხატება. მეზობელი ტაილანდისა და ლაოსის მსგავსად, ნაწილობრივ ბირმაშიც პოპულარულია შემწვარი მწერების ჭამა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Naomi Duguid (2012). Burma: Rivers of Flavor. Artisan. p. 12. ISBN 978-1-5796-5413-9.
  • Tan, Desmond, 1966- (2017). Burma Superstar : addictive recipes from the crossroads of Southeast Asia. Leahy, Kate,, Lee, John, 1971- (First ed.). Berkeley. ISBN 9781607749509.
  • Saw Myat Yin (2011). Culture Shock! Myanmar: A Survival Guide to Customs and Etiquette. Marshall Cavendish Corporation. ISBN 9780761458722.
  • Saw Myat Yin (2007). Culture Shock!: Myanmar. Singapore: Marshall Cavendish Inc. p. 133. ISBN 978-0-7614-5410-6.
  • Meyer, Arthur L.; Jon M. Vann (2003). The Appetizer Atlas: A World of Small Bites. John Wiley and Sons. p. 276. ISBN 978-0-471-41102-4.
  • Burmese Classic Team, . "Kitchen Corner." Burmese Classic: The Best Myanmar Website. Burmese Classic Inc., n.d. Web. 22 March 2013.