ბირგიტ იურგენსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბირგიტ იურგენსენი
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1949
ვენა, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 23 სექტემბერი,2003
ვენა, ავსტრია
საქმიანობა ფოტოგრაფი
საიტი http://birgitjuergenssen.com

ბირგიტ იურგენსენი (გერმ. Birgit Jürgenssen; დ. 10 აპრილი, 1949 — გ. 25 სექტემბერი, 2003) — ავსტრიელი ფოტოგრაფი, მხატვარი, გრაფიკული ხელოვანი, კურატორი და მასწავლებელი, რომელიც ძირითადად ქალების ბოდი არტზე მუშაობდა და სწავლობდა ქალურობას, იყენებდა საკუთარ სხეულს, როგორც კულტურული კოდების კრიტიკულ პროექციას . ბირგიტი ფოტოსერიებში აღწერდა საზოგადოებაში არსებულ ქალების მჩაგვრელ მექანიზმებსა და ქალების სოციალურად ნაკარნახევ ყოველდღიურ ცხოვრებას, რასაც ხშირად სიურეალისტურად და ირონიული მანერით გამოსახავდა.[1]. ის ასწავლიდა ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში და ვენის ხელოვნების აკადემიაში.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირგიტ იურგენსენი დაიბადა 1949 წლის 10 აპრილს,ცნობილი ექიმის ოჯახში.[2]

8 წლის ასაკში დაიწყო პაბლო პიკასოს ნამუშევრების გადახატვა და ხელს აწერდა როგორც "ბიკასო იურგენსენი", რაც გენიალური ესპანელი მხატვრის და მისი ბავშვობის დროინდელი ზედმეტსახელის - "ბის" გაერთიანებაა. 14 წლის ასაკში მან საჩუქრად მიიღო პირველი ფოტოაპარატი. ბირგიტი თავიდან მხოლოდ საკუთარი ხელით შექმნილი პატარა ნივთების ფოტოებს იღებდა. ამ პერიოდში ის გატაცებული იყო ბალეტით და აღფრთოვანებული იყო საბჭოთა ბალერონით —რუდოლფ ნურიევით.

ვიკიციტატა
„რამდენადაც მახსოვს ისტორიების დახატვა დავიწყე 8-9 წლის ასაკში და ჩემი ძმის სავარჯიშო რვეულის ცარიელ ფურცლებს ვიყენებდი. მშობლების სამეგობრო წრეში ბევრი ხელოვანი იყო და გვიყვებოდნენ ისტორიებს პიკასოს გამოფენასა და პაულ კლეეს წიგნზე. ამ ისტორიებით შთაგონებული კი ათასგვარ თემატიკაზე ვხატავდი. 14 წლის რომ ვიყავი, პირველი ფოტოაპარატი მაჩუქეს. თავიდან ჩემს ხელნაკეთ ნივთებს ვუღებდი ფოტოებს, რომლებიც ძირითადად ერთ ტონალობაში იყო “

1967 წლის 30 მაისს ბირგიტმა საშუალო სკოლა დაამთავრა.

პარიზში ყოფნის რამდენიმე თვემ უდიდესი გავლენა მოახდინა ბირგიტზე. ის გაეცნო ფრანგულ ლიტერატურას ანტონენ არტოს თეატრს და სიურეალისტურ პოეზიას. ის ღრმად ეცნობა ფსიქოანალიზმს, სტრუქტურალიზმს, კლოდ ლევი შტრაუსის ეთნოლოგიასა და მისი თაობის სხვა სოციო-კრიტიკულ დისკურსებს. მისი ხელოვნება ამ გამოცდილებას დაეფუძნა.

1971 წლის 30 მაისს ბირგიტმა აიღო დიპლომი თეზისით „zipfeln", რომელმაც ავსტრიის განათლების სამინისტროსა და ვოლფგანგ ჰუტერის პრიზი მიიღო. აკადემიის დამთავრების შემდეგ ბირგიტმა სხვადასხვა ადგილას გააგზავნა მოთხოვნები დაფინანსებაზე - მას საზღვარგარეთ სურდა სწავლის გაგრძელება.

ვიკიციტატა
„აკადემიის დამთავრების შემდეგ შევავსე ნიუ-იორკის , ბერლინისა და ლონდონის ხელოვნების აკადემიებში სასწავლებლად დაფინანასებაზე მოთხოვნა. ისინი იღებდნენ მხოლოდ მეცნიერებს, ლონდონისთვის კი ერთი წლით ახალგაზრდა ვიყავი. სამწუხაროდ, საზღვარგარეთ წასვლას ვერ ვახერხებდი “

1972 წლის 11 ივლისს ბირგიტი ქორწინდება სკულპტორ ბერნდ ჰანს კლინგერზე. ასევე ეწერება ფრანც ჰერბერტის გრაფიკულ კურსზე და იწყებს შავ-თეთრი ფოტოების გადაღებას.

1974 წლის 1 აპრილს ბირგიტი დიუმონის გამომცემლობას თხოვს გამოაქვეყნონ ქალი არტისტების კრებული.

ვიკიციტატა
„ხშირად ქალები ხელოვნებაში ობიექტები არიან და იშვიათად ეძლევათ შესაძლებლობა ილაპარაკონ ან საკუთარი ხედვა გამოაქვეყნონ. ერთხელ მაინც მინდა, რომ მქონდეს შესაძლებლობა საკუთარი ნამუშევრები ვიხილო სხვა ქალი არტისტების ნამუშევრების გვერდზე და მათ შევადარო“

მის მოთხოვნაზე უარი განაცხადეს. მეორე წერილი, რომელიც 1979 წელს გაიგზავნა, ასევე უარით გაისტუმრეს.

1975 წლის 7 მარტიდან 5 აპრილამდე მოეწყო გამოფენა "მაგნა- ფემინიზმი: ხელოვნება და კრეატიულობა", რომელსაც ხელმძღვანელობდა ვალი ექსპორტი.

საერთაშორისო ქალთა წლის ფარგლებში ჩატარდა ქალური ხელოვნების გამოფენა ავსტრიის ფოლკლორის მუზეუმში. ჟიური მხოლოდ კაცებისგან შედგებოდა, რაც არტისტებმა გააპროტესტეს. მათ შორის იყვნენ ბირგიტ იურგენსენი, დორის რაიტერი, მინა შელანდერი, ვალი ექსპორტი. პროტესტს ყურადღება არავინ მიაქცია და შედეგად 46 მონაწილემ უკან გამოიხმო საკუთარ ნამუშევარი.

80-იანი წლებიდან ბირგიტმა დაიწყო სწავლება ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში და ვენის ხელოვნების აკადემიაში.

1988 წელს ჩამოყალიბდა არტისტ ქალთა გაერთიანება „Die Damen“. მისი წევრები იყვნენ ბირგიტ იურგენსენი, ონა ბ, ეველინ ეგერერი, ინგებორგ შტრობლი. ჯგუფი 1996 წლამდე არსებობდა. ამის შემდეგ ბირგიტი მარტო აწყობდა და ხელმძღვანელობდა გამოფენებს.[2]

2003 წლის 25 სექტემბერის ბირგიტ იურგენსენი ვენაში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-03. ციტირების თარიღი: 2017-04-04.
  2. 2.0 2.1 2.2 http://birgitjuergenssen.com/en/biography