ბიპოლარული აშლილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბიპოლარული აფექტური აშლილობა)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბიპოლარული აშლილობა — აფექტური (გუნება-განწყობის) ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს დეპრესიისა და უჩვეულოდ ამაღლებული განწყობის — მანიის (ან ჰიპომანიის) — ეპიზოდები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება და რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ დეპრესიისა და მანიის სიმპტომები ერთდროულად ვლინდება (მაგ., აღშფოთებასთან ერთად მოწყენილობა, შენელებული ეიფორია — ე.წ. არაპროდუქციული მანია — და სხვა).

ეს მდგომარეობები, რომლებსაც ფაზებს ან ეპიზოდებს უწოდებენ, პერიოდულად ცვლიან ერთმანეთს უშუალოდ „ნათელი“ ფსიქიკური ჯანმრთელობის (ინტერმისიები, რომლებსაც ინტერფაზებსაც უწოდებენ) შუალედის მეშვეობით, რომლის დროსაც არ ფიქსირდება ფსიქიკის ფუნქციონირების აქტივობის დაქვეითება დიდი რაოდენობის დაავადებებისა და ფაზების გადატანის შემთხვევაშიც კი. ინტერმისიებში ავადმყოფის ფსიქიკა და პიროვნული მახასიათებლები მთლიანად აღდგენას ექვემდებარება. ამასთან, ღირს აღვნიშნოთ, რომ ხშირად, პაციენტებს, რომლებსაც ბიპოლარუილი აშლილობა აღენიშნებათ, სხვა ფსიქიკური დაავადებებიც შეიძლება გააჩნდეთ.

პაციენტის სიმპტომების მიხედვით გამოყოფენ ბიპოლარული აშლილობის სამ ძირითად ტიპს: ბიპოლარული I, ბიპოლარული II და ციკლოთიმია. თუმცა, ზოგ ადამიანს განწყობის ცვლილების განსხვავებული სიმპტომები აქვთ, რომლებიც ჰგავს, მაგრამ ბოლომდე არ ემთხვევა ბიპოლარული აშლილობის ჩამოთვლილი სამი ტიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, რა შემთხვევაში დიაგნოზი შეიძლება იყოს სხვა განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ბიპოლარული ან მასთან დაკავშირებული აშლილობა.

ბიპოლარული აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემაა, რომელიც არ იკურნება, თუმცა არსებობს მისი სიმპტომების მართვის რამდენიმე ეფექტური გზა, მათ შორის: მედიკამენტები, ფსიქოთერაპია (კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია, ფსიქოგანათლება, ინტერპერსონალური და სოციალური რიტმის თერაპია), პროცედურული თერაპიები (ელექტროკონვულსიური თერაპია) და სხვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ბიპოლარული აშლილობა 1854 წელს თითქმის ერთდროულად აღწერეს ორმა მკვლევარმა — ჟ. პ. ფალრემ და ჟ. გ. ფ. ბაიარჟემ. თუმცა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამ აშლილობის არსებობას არ აღიარებდა იმ დროის ფსიქიატრია და იგი მოგვიანებით გამოყო ცალკე აშლილობად ემილ კრეპელინმა (1896). კრეპელინმა მას უწოდა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, რომელიც დიდი დროის განმავლობაში იყო ზოგადად მიღებული სახელწოდება, თუმცა მოგვიანებით შემოღებული ზოგადი კლასიფიკაციის გამო ეს არაკორექტულ სახელწოდებად აღიარეს, ვინაიდან ამ დაავადებას ყოველთვის თან არ ერთვის ფსიქოტური დარღვევები და ყოველთვის ორივე ტიპის ფაზა (მანიაც და დეპრესიაც) არ ფიქსირდება.

ამასთან, ტერმინი „მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი“ გარკვეული თვალსაზრისით დაავადებულებთან ურთიერთობაში სტიგმატიზირებულად ითვლება. დღესდღეობით უფრო კორექტულ და მეცნიერულ სახელწოდებად „ბიპოლარული აფექტური აშლილობა“ აღიარეს. ეს სახელწოდებაც არაა სრულიად კორექტური და მივყავართ, მაგალითად, ისეთ ტერმინოლოგიასთან, როგორიცა „ბიპოლარული აშლილობის მონოპოლარული ფორმა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]