შინაარსზე გადასვლა

ბილ უაიმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბილ უაიმენი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი უილიამ ჯორჯ პერკსი
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1936 (1936-10-24) (88 წლის)
დაბ. ადგილი ლუიშემი, ლონდონი, ინგლისი
წარმოშობა ინგლისელი
ჟანრ(ებ)ი როკი, როკ-ენ-როლი, ბლუზ-როკი, სვინგი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ჯაზი, სკიფლი
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ფოტოგრაფი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ბას-გიტარა, კლავიშებიანი საკრავი, ვოკალი
აქტიური 1959–1993 · 1997–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Velvel, Koch Entertainment, Rolling Stones, BMG
წევრობა Bill Wyman's Rhythm Kings
ყოფილი წევრობა როლინგ სტოუნზი,
Willie & the Poor Boys,
The Cliftons
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Mustang Bass
Gibson EB-3
Dallas Tuxedo
Vox Teardrop Hollowbody Bass
Bass Centre Wyman Bass
Framus 51/50 Star Bass De Luxe
Vox Violin Bass
Travis Bean TB2000
Framus 5/150 Star Bass
Dan Armstrong London
Steinberger GL2
Wal MB4 Custom Midi Bass
Staccato Mg Bass[1][2]
საიტი billwyman.com
ბილ უაიმენი ვიკისაწყობში

ბილ უაიმენი (ინგლ. Bill Wyman, ნამდვილი სახელი უილიამ ჯორჯ პერკსი, ინგლ. William George Perks; დ. 24 ოქტომბერი, 1936) — ინგლისელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ლეგენდარული როკ-ჯგუფის, „როლინგ სტოუნზის“ ბასისტი 1962 წლიდან 1993 წლამდე. მისი უნიკალური დაკვრის სტილი და მუსიკალური მგრძნობელობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯგუფის ჟღერადობის ფორმირებაში. 1997 წლიდან გამოდის საკუთარ ჯგუფთან, სახელწოდებით Bill Wyman's Rhythm Kings. 2020 წელს, ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ ბილ უაიმენი ყველა დროის 50 საუკეთესო ბასისტს შორის 23-ე ადგილზე დასახელდა.[3]

დაიბადა შიდა ლონდონის ლუიშემში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით და ადრეულ ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. 1950-იან წლებში, როდესაც როკ-ენ-როლი პოპულარობას იძენდა, ბილმა გიტარაზე დაკვრა ისწავლა, თუმცა მალევე ბას-გიტარაზე გადაერთო, რაც მისი მომავალი კარიერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

1961 წლის 15 იანვარს მან პირველად დაუკრა ჯგუფთან The Squires. იმავე წლის მარტში შეუერთდა ჯგუფს The Cliftons. 1962 წლის სექტემბრისთვის, ჯერ კიდევ უაიმენთან ერთად „კლიფტონები“ საკმაოდ ბევრს უკრავენ სამხრეთ ლონდონის იმავე ადგილებში, სადაც პერიოდულად „როლინგებიც“ გამოდიან — იმ ეტაპზე ბილისა და ჩარლის გარეშე.

„როლინგებთან“ ერთად

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წლის ოქტომბერში დიკ ტეილორმა „როლინგები“ დატოვა, ხოლო დეკემბერში, ჯერ უაიმენი, ხოლო მომდევნო, 1963 წლის 10 იანვარს — ჩარლი უოტსი შეუერთდა ჯგუფს, რომელიც იმ დროს ლონდონის ბლუზურ სცენაზე იკრებდა პოპულარობას.[4]

მისი დაკვრის სტილი იდეალურად ერგებოდა ჯგუფის ბლუზურ და როკ-ენ-როლურ ჟღერადობას. უაიმენის ბასის პარტიები ისეთ კომპოზიციებში, როგორიცაა „Paint It Black“, „Waiting on a Friend“, „Under My Thumb“, „Start Me Up“, „Rocks Off“, „Hot Stuff“, „Honky Tonk Women“, „Too Much Blood“, „Hang Fire“, „Black Limousine“, „19th Nervous Breakdown“ და სხვ. — როკ-მუსიკის კლასიკად იქცა.[5]

მუსიკოსები და მუსიკის კრიტიკოსები, შესრულების მაღალ კლასთან და დახვეწილ გემოვნებასთან ერთად, აღნიშნავენ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფრაზირებისა და სივრცის ინსტინქტური შეგრძნების უნარს, რაც შედარებით თვალსაჩინოდ ვლინდება ისეთ ალბომებში, როგორიცაა Some Girls, Emotional Rescue და Tattoo You.

კით რიჩარდსი სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ბილი მისთვის შეუდარებელი და განსაცვიფრებელი შემსრულებელია, რომ ის ყოველთვის გაოცებული იყო მისი შესრულების სტილით და ამავე დროს, ხაზს უსვამდა უაიმანის, როგორც მუსიკოსისა და ინსტრუმენტალისტის განსაკუთრებულ მგრძნობელობას.[3][6]

უაიმენის დაკვრის სტილი ზუსტი, სტაბილური და ორიგინალური რიტმული შეგრძნებით გამოირჩეოდა. მისი ბასის პარტიები იდეალურად ერწყმოდა ჩარლი უოტსის დრამინგს, რაც „როლინგ სტოუნზის“ მუსიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტად იქცა. მისი დაკვრის მანერა ნაკლებად აგრესიული, მაგრამ ამავე დროს ღრმა და გამოკვეთილი იყო, რაც გიტარებისთვის და ვოკალისთვის აუცილებელ სივრცეს ქმნიდა.[3] უაიმენი ხშირად იყენებდა მინიმალისტურ, მაგრამ ეფექტურ ბასის ხაზებსა და შრეებს, რაც კომპოზიციების უნიკალურ ატმოსფეროს, მათ ემოციურ და ენერგეტიკულ დინამიკას კიდევ უფრო აძლიერებდა.[7][კომ. 1]

„როლინგ სტოუნზის“ ადრეულ წლებში უაიმენმა იყიდა და თავის გემოზე გადააკეთა Framus Star Bass გიტარა, რაც მის დაკვრას მეტად გამოარჩევდა. მისი ბასის ჟღერადობა ხშირად ბგერის სიღრმის და ტონალური კონტროლის იდეალური ნაზავი იყო, რაც აძლიერებდა და ხაზს უსვამდა ჯგუფის ბლუზურ ფესვებს. უაიმენი სხვებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ ხშირად იყენებდა თითით დაკვრის ტექნიკას, განსხვავებით მრავალი ბასისტისგან, რომლებიც მედიატორით უკრავდნენ. ეს მიდგომა მის ბასის პარტიებს უფრო რბილ, თუმცა ამავე დროს ზუსტ და გამოკვეთილ ჟღერადობას სძენდა.[7]

უაიმენი ასევე გამოირჩეოდა კომპოზიტორული ნიჭით. 1967 წლის ალბომში Their Satanic Majesties Request მან დაწერა და შეასრულა სიმღერა „In Another Land“, რომელიც „როლინგ სტოუნზის“ პირველი სინგლი გახდა, რომელშიც წამყვანი ვოკალი მიკ ჯაგერის ნაცვლად ჯგუფის სხვა წევრს ეკუთვნოდა. ეს სიმღერა გამოირჩეოდა ფსიქოდელიური ჟღერადობით, რამაც მისი მრავალმხრივი მუსიკალური ინტერესები და შესაძლებლობები წარმოაჩინა.[7]

1960–70-იან წლებში ბილ უაიმენი, როგორც ჯგუფის ბასისტი, აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფის ფსიქოდელიურ ექსპერიმენტებში. მიუხედავად იმისა, რომ „როლინგები“ ძირითადად ბლუზ-როკისა და კლასიკური როკის შემსრულებელ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, მათ კარიერაში იყო მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ფსიქოდელიური პერიოდი, რაშიც თავისი წვლილი უაიმენმაც შეიტანა.[7]

ჯგუფის ფსიქოდელიური პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966–68 წლები „როლინგებისთვის“ ფსიქოდელიური მუსიკის აღმოჩენის პერიოდი იყო. ეს გავლენა განსაკუთრებით იგრძნობოდა ისეთ ალბომებში, როგორიცაა Between the Buttons და Their Satanic Majesties Request. ამ პერიოდის მუსიკა ექსპერიმენტულობით, მრავალფეროვანი ინსტრუმენტაციითა და ახალი სტუდიური ეფექტების გამოყენებით გამოირჩეოდა.

ფსიქოდელიურ პერიოდში ბას-გიტარას როკ-ენ-როლის სტანდარტული რიტმული საფუძვლის გარდა ემოციური და ატმოსფერული ელემენტების დამატების ფუნქციაც დაეკისრა. უაიმენი ამ ტრანსფორმაციას აქტიურად უწყობდა ხელს. ხშირად იყენებდა ბასის ღრმა, რეზონანტულ ტონებს, რაც ქმნიდა ჰიპნოტურ ფონურ ეფექტს. ექსპერიმენტირებდა ბგერის მოდულაციითა და დისტანციით, რაც ამ პერიოდში სტუდიური ექსპერიმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მაგალითად, „2000 Light Years from Home“ ფსიქოდელიური როკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კომპოზიციად ითვლება, სადაც უაიმენის ბასი კოსმოსური და მისტიკური ჟღერადობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.[8]

„Their Satanic Majesties Request“ და ბასის ინოვაციური როლი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ალბომი „როლინგების“ ყველაზე აშკარად გამოხატული ფსიქოდელიური ნამუშევარია. ბილ უაიმენმა აქ მხოლოდ ბასისტის როლი კი არ შეასრულა, არამედ მისი სიმღერა „In Another Land“ ჯგუფის ისტორიაში უნიკალური მოვლენა გახდა. უაიმენმა არა მხოლოდ დაწერა, არამედ შეასრულა წამყვანი ვოკალის პარტიაც. სიმღერა გამოირჩევა დროის შეფერხების ეფექტებით (delay) და ჰალუცინაციური ატმოსფეროთი, რაც ტრადიციული ბლუზ-როკისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ბასის ხაზები აქ არ არის მხოლოდ რიტმული ინსტრუმენტი — ისინი მელოდიურ და ჰიპნოტურ ტონალურ განზომილებაში გადადიან, რაც ალბომის ექსპერიმენტულ ხასიათს აძლიერებს.

ბილ უაიმენის შესრულების სტილი ჯგუფის ბლუზური ჟღერადობის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად მიიჩნევა. მისმა ბასმა ჩარლი უოტსის დრამინგთან ერთად შექმნა ის უნიკალური რიტმ-სექცია, რომელმაც „როლინგ სტოუნზი“ ათწლეულების განმავლობაში კლასიკური როკის შეუცვლელ ბენდად აქცია. უაიმენის წასვლის შემდეგაც, მისი გავლენა ჯგუფის მუსიკაზე და ზოგადად როკ-ენ-როლის ჟღერადობაზე დღესაც იგრძნობა.

უაიმენის ბასისტური ხელწერა ასევე შესამჩნევია ფსიქოდელიური ეპოქის ისეთ კომპოზიციებში, როგორიცაა:

  • „Citadel“ — უაიმენის ბასი აქ ძლიერი, თითქმის პულსირებადია, რაც სიმღერას მკვეთრ და ენერგიულ ხასიათს სძენს.
  • „Dandelion“ — მელოდიური და მსუბუქი ბასის პარტია ერწყმის სიმღერის ჰარმონიულ და სიზმრისეულ ატმოსფეროს.
  • „Sing This All Together“ — კომპოზიცია, რომელიც ექსპერიმენტირებს მრავალფეროვანი ინსტრუმენტაციითა და ეფექტებით.

„როლინგების“ ფსიქოდელიური ექსპერიმენტები მკვეთრად განსხვავდებოდა The Beatles-ის ან Pink Floyd-ის იმდროინდელი ფსიქოდელიური ნამუშევრებისგან, მაგრამ ბილ უაიმენის ბასის პარტიები მაინც განსაკუთრებულ კავშირს ქმნიდა ამ მიმდინარეობასთან. ფსიქოდელიურ ეპოქაში მისი ბასის ჟღერადობა „როლინგების“ ექსპერიმენტული კომპოზიციების საფუძვლად იქცა. მისი მელოდიური, რეზონანტული და დროდადრო მინიმალისტური დაკვრის სტილი მუსიკას მისტიკურობასა და სიღრმეს სძენდა. მიუხედავად იმისა, რომ „როლინგები“ ფსიქოდელიაში დიდხანს არ გაჩერებულან, უაიმენის წვლილი ამ სტილში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტად დარჩა ჯგუფის ისტორიაში.

სოლო კარიერა და სხვა პროექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლების დასაწყისიდან ბილ უაიმენმა დაიწყო სოლო მასალაზე მუშაობა, რაც „როლინგ სტოუნზის“ მუსიკალური მიმართულებისგან გარკვეულწილად განსხვავდებოდა. მისი სოლო ჩანაწერები შეიცავდა ბლუზის, ფანკის, ჯაზის და ექსპერიმენტული როკის ელემენტებს. უაიმენის მუსიკა უფრო მელოდიური და პერსონალური იყო, მას ნაკლებად ახასიათებდა „როლინგ სტოუნზის“ ტიპური რიფები და დინამიკა. მისი ვოკალური მანერა ზომიერი და ექსპრესიულია, თუმცა ხშირად იყენებდა ეფექტებსა და ხმოვან ექსპერიმენტებს, რაც მის ალბომებს თავისებურ ხასიათს სძენდა.

„როლინგ სტოუნზთან“ თანამშრომლობის პარალელურად, უაიმენი აქტიურად მუშაობდა სოლო პროექტებზე. 1974 წელს გამოვიდა მისი პირველი სოლო ალბომი Monkey Grip, რომელიც სხვადასხვა ჟანრის კომპოზიციებს მოიცავდა და მუსიკალური ექსპერიმენტებისადმი მის ინტერესს მოწმობდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე სოლო ალბომი გამოუშვა, მათ შორის Stone Alone (1976) და Bill Wyman (1982).

Monkey Grip (1974)

უაიმენის სადებიუტო სოლო ალბომი, სახელწოდებით Monkey Grip — პირველი შემთხვევა იყო, როდესაც „როლინგ სტოუნზის“ წევრმა ჯგუფის მიღმა დამოუკიდებელი სტუდიური ალბომი გამოუშვა.[9] ალბომი ჟანრობრივად ბლუზ-როკის, ფანკის, ქანთრისა და რეგის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. მასში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორიცაა Dr. John და ლეონ რასელი. სინგლი Monkey Grip Glue ალბომის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია გახდა. ასევე წარმატება ხვდა კომპოზიციას „What A Blow“,[10] უაიმენის ბასისტური სტილი აქ გაცილებით ექსპერიმენტული და თავისუფალია, რაც ალბომს თბილ და ღრმა ჟღერადობას აძლევს.[11]

Stone Alone (1976)

უაიმენმა მეორე სოლო ალბომი Stone Alone — 1976 წელს გამოუშვა.[12] ალბომში შესამჩნევია სოულისა და ფანკის გავლენა. მასში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორიცაა ვენ მორისონი, რონი ვუდი და ჯო უოლში. ერთ-ერთი გამორჩეული ტრეკია „A Quarter to Three“, რომელიც რიტმულად და ჰარმონიულად უფრო დახვეწილია.[13] ასევე წარმატება ხვდა კომპოზიციას „Apache Woman“,[14][15]

Bill Wyman (1982)

1982 წელს გამოვიდა მისი მესამე სოლო ალბომი, სახელწოდებით — Bill Wyman.[16] რეტროსპექტულ მიმოხილვაში AllMusic-მა ალბომი ხუთიდან ოთხი ვარსკვლავით შეაფასა. ალბომში ყველაზე დიდი წარმატება ხვდა კომპოზიციას „(Si Si) Je Suis un Rock Star“,[17] რომელიც ბრიტანეთის ჩარტების 20-ეულში მოხვდა.[18][19]

ალბომში შეტანილი სხვა სიმღერები, როგორიცაა „Come Back Suzanne“[20] და „A New Fashion“,[21] გამოირჩევიან სინთეზატორების გამოყენებითა და 1980-იანი წლების პოპ-მუსიკის ელემენტებით. Bill Wyman უაიმენის კომერციულად ყველაზე წარმატებული სოლო ნამუშევარი იყო.[22]

Stuff (1992)

უაიმენის მეოთხე სოლო ალბომი, სახელწოდებით Stuff — 1992 წელს გამოვიდა.[23] ეს იყო ერთ-ერთი ბოლო სოლო ნამუშევარი, რომელიც მან „როლინგ სტოუნზის“ დატოვებამდე გამოსცა. მთავარი ტრეკებია „Stuff (Can't Get Enough)“[24] და „Fear of Flying“. თუმცა, კომერციულად, ალბომი წარმატებული ვერ გახდა და უაიმენმა მალევე გადაწყვიტა ახალი ბენდის შექმნა.

„როლინგების“ შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს უაიმენმა ოფიციალურად დატოვა „როლინგ სტოუნზი“, თუმცა მუსიკალური საქმიანობა არ შეუწყვეტია. მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „Bill Wyman's Rhythm Kings“, რომელიც ასრულებდა კომპოზიციებს რიტმ-ენდ-ბლუზისა და ადრეული როკ-ენ-როლის სტილში. ამ პროექტით უაიმენი დაუბრუნდა თავის მუსიკალურ ფესვებს და განაგრძო აქტიური კონცერტები და ჩანაწერები.

უაიმენის დაკვრის სტილი გამოირჩეოდა ზუსტი რიტმით და მელოდიურობით. მისი ბასის პარტიები ხშირად იყო მინიმალისტური, მაგრამ ამავე დროს ეფექტური, რაც ზუსტად ესადაგებოდა „როლინგ სტოუნზის“ კომპოზიციებს. მისი გავლენა იგრძნობა მრავალი თანამედროვე ბასისტის შემოქმედებაში, ხოლო მისი ნამუშევრები რჩება როკ-მუსიკის ისტორიაში, როგორც კლასიკური ნიმუშები.

მუსიკის გარდა, უაიმენი დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და არქეოლოგიით. გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტოწიგნი. როგორც მოყვარული, აქტიურად მონაწილეობს არქეოლოგიურ გათხრებში. მისი მრავალმხრივი ინტერესები აჩვენებს მის შემოქმედებით და ცნობისმოყვარე ბუნებას, რაც აისახება მის მუსიკალურ კარიერაშიც.

სტუდიური
  • Jamming with Edward! (იანვარი 1972)[კომ. 2]
  • Monkey Grip (მაისი 1974)
  • Stone Alone (მარტი 1976)
  • Green Ice (საუნდტრეკი) (1981)
  • Bill Wyman (აპრილი 1982)[25]
  • Willie and The Poor Boys (მაისი 1985)[კომ. 3]
  • Stuff (ოქტომბერი 1992)[26]
  • Back to Basics (ივნისი 2015)[27]
  • Drive My Car (აგვისტო 2024)
  • Struttin' Our Stuff (ოქტომბერი 1997)
  • Anyway the Wind Blows (ოქტომბერი 1998)[28]
  • Groovin' (მაისი 2000)
  • Double Bill (მაისი 2001)
  • Just for a Thrill (მაისი 2004)
  • „In Another Land“ (დეკემბერი 1967)
  • „Monkey Grip Glue“ (ივნისი 1974)
  • „White Lightnin'“ (სექტემბერი 1974)
  • „A Quarter to Three“ (აპრილი 1976)
  • „If You Wanna Be Happy“ (1976)
  • „Apache Woman“ (1976)
  • „(Si Si) Je Suis un Rock Star“ (ივლისი 1981)
  • „Visions“ (1982)
  • „Come Back Suzanne“ (მარტი 1982)
  • „A New Fashion“ (მარტი 1982)
  • „Baby Please Don't Go“ (ივნისი 1985)
  • „What & How & If & When & Why“ (ივნისი 2015)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Wyman has an innate sense of musicality that makes him the ideal bass player for the Rolling Stones. He understands how to lock in with Watts, compliment the rhythm guitar, leave space at the appropriate moments, and support the song with solid root notes, primal energy, and traditional blues patterns. Wyman tends to settle into bass parts as opposed to bass lines; he doesn’t necessarily play a set “groove” or sequence of notes. Instead, he establishes a somewhat loose, yet clearly distinguishable part that unites all of the musical elements of the song. His part is malleable and reactionary, always going with the flow of the band and often developing in complexity as the song progresses. იხ. Bill Wyman — the secret sauce of bass players. billwyman.com.
  2. რაი კუდერთან, ნიკი ჰოპკინსთან, მიკ ჯაგერთან და ჩარლი უოტსთან ერთად.
  3. მიკი გისთან, ენდი ფეირვეზერ-ლოუსთან, გერაინტ უოტკინსთან და ჩარლი უოტსთან ერთად.