შინაარსზე გადასვლა

ბილი აიდოლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უილიამ მაიკლ ალბერტ ბროუდი (დ. 30 ნოემბერი, 1955) — ინგლისელი როკ-მომღერალი, პროფესიონალურად ცნობილი როგორც ბილი აიდოლი (Billy Idol). პოპულარობა 1970-იან წლებში, ლონდონის პანკ-როკ სცენაზე მოიპოვა, როგორც ჯგუფ Generation X-ის სოლისტმა. მოგვიანებით სოლო კარიერა დაიწყო, რამაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა და MTV-ის მიერ სტიმულირებული ამერიკული "მეორე ბრიტანული შემოჭრის" (Second British Invasion) ერთ-ერთ წამყვან არტისტად აქცია.

აიდოლმა მუსიკალური კარიერა 1976 წელს დაიწყო, როგორც გიტარისტმა პანკ-როკ ჯგუფში Chelsea, თუმცა რამდენიმე კვირაში დატოვა კოლექტივი და Chelsea-ს ყოფილ წევრთან, ტონი ჯეიმსთან ერთად ჩამოაყალიბა Generation X. აიდოლის სოლისტობით ჯგუფმა დიდ წარმატებას მიაღწია გაერთიანებულ სამეფოში და Chrysalis Records-ზე სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა, რის შემდეგაც დაიშალა.

1981 წელს აიდოლი ნიუ-იორკში გადავიდა სოლო კარიერის დასაწყებად, სადაც გიტარისტ სტივ სტივენსთან დაიწყო თანამშრომლობა. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Billy Idol (1982) კომერციულად წარმატებული გამოდგა და აიდოლი მაშინდელი ახალი ტელეარხის, MTV-ის, ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა სინგლების — "Dancing with Myself" და "White Wedding" — მუსიკალური ვიდეოების წყალობით.

აიდოლის მეორე სტუდიური ალბომი Rebel Yell (1983) უდიდესი კომერციული წარმატება იყო, ისეთი ჰიტ-სინგლების წყალობით, როგორიცაა "Rebel Yell" და "Eyes Without a Face". ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) ალბომს ორმაგი პლატინის სერტიფიკატი მიანიჭა აშშ-ში 2 მილიონი ასლის გაყიდვისთვის, რის შემდეგაც მან Whiplash Smile (1986) გამოუშვა.

მოგვიანებით მან გამოსცა საუკეთესო ჰიტების ალბომი Idol Songs: 11 of the Best (1988), რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში პლატინის სტატუსი მიიღო, შემდეგ კი გამოუშვა Charmed Life (1990) და კონცეპტუალური ალბომი Cyberpunk (1993).

1990-იანი წლების მეორე ნახევარი აიდოლმა საზოგადოების ყურადღების მიღმა გაატარა და პირადი ცხოვრების მოწესრიგებაზე გაამახვილა ყურადღება. 1990 წელს მან მოტოციკლის ავარიაში ფეხი მოიტეხა, მოგვიანებით კი თავის ბიოგრაფიულ წიგნში "Dancing With Myself" (2014) აღნიშნა: „როდესაც მოტოციკლის ავარია მოხდა, [მე] უკვე ვცხოვრობდი პრინციპით: 'იცხოვრე ყოველი დღით ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა, და ერთ დღესაც აუცილებლად მართალი აღმოჩნდები'“.[1] მან მუსიკალური დაბრუნება ალბომ "Devil's Playground"-ით (2005) მოახდინა, მოგვიანებით კი გამოუშვა "Kings & Queens of the Underground" (2014) და "Dream Into It" (2025).

აიდოლი სამგზის არის ნომინირებული გრემის ჯილდოზე, როკის საუკეთესო მამაკაცი ვოკალისტის (Best Male Rock Vocal Performance) ამჟამად უკვე გაუქმებულ კატეგორიაში. 2023 წელს მან ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გახსნა.[2] ბილი აიდოლი და სტივ სტივენსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2026 წელს შეიყვანეს.[3]

უილიამ მაიკლ ალბერტ ბროუდი დაიბადა სტენმორში, 1955 წლის 30 ნოემბერს,[4] ირლანდიელი დიასახლისის, ჯოანის (ქალიშვილობის გვარით ო'სალივანი)[5] და ინგლისელი კომივოიაჟერის, უილიამ ალფრედ ბროუდის ოჯახში.[5] დედამისი კორკიდან იყო, ხოლო მამა — ბირმინგემიდან.[6][7] მისი მშობლები რეგულარულად ესწრებოდნენ ინგლისის ეკლესიის ღვთისმსახურებას. 1958 წელს, ორი წლის ასაკში, იგი მშობლებთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და დასახლდა პატჩოგში, ნიუ-იორკში; ისინი ასევე ცხოვრობდნენ როკვილ-ცენტრში, ნიუ-იორკში. ამ პერიოდში დაიბადა მისი უმცროსი და, ჯეინი. ოჯახი ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა ინგლისში და დორკინგში დასახლდა.[8]

1971 წელს, როდესაც აიდოლი 15 წლის იყო, ოჯახი ბრომლიში გადავიდა, სადაც იგი რეივენსბორნის ვაჟთა სკოლაში (Ravensbourne School for Boys) სწავლობდა. მოგვიანებით მისი ოჯახი გორინგ-ბაი-სიში გადავიდა, სადაც მან უორთინგის ვაჟთა უმაღლეს სკოლაში (Worthing High School for Boys) გააგრძელა სწავლა.[9] 1975 წლის ოქტომბერში მან სასექსის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა ფილოსოფიისა და ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა 1976 წელს, პირველივე კურსის დასრულების შემდეგ, მიატოვა სასწავლებელი. მოგვიანებით იგი შეუერთდა „ბრომლის კონტინგენტს“ (Bromley Contingent) — Sex Pistols-ის ფანების თავისუფლად ორგანიზებულ დაჯგუფებას, რომლებიც ყველგან თან დაჰყვებოდნენ ჯგუფს, სადაც კი ისინი უკრავდნენ.[10][11]

1976–1981: Generation X

სასცენო ფსევდონიმი „ბილი აიდოლი“ (Billy Idol) მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქიმიის მასწავლებელმა, ბილ პრაისმა, სასკოლო ნიშნების ფურცელში აიდოლი შეაფასა როგორც „ზარმაცი“ (სიტყვების თამაში: ინგლისური idle [ზარმაცი] და idol [კერპი] ერთნაირად გამოითქმის).[12] აიდოლს აღნიშნული აქვს, რომ მას სძულდა ქიმია და ამ საგანში დაბალი მოსწრება ჰქონდა.[13][14] 1983 წლის ინტერვიუში მან ამ სახელის შესახებ თქვა: „ეს ცოტა არ იყოს ხუმრობა იყო, მაგრამ როკის ძველი ინგლისური სკოლის სტილში. ეს იყო 'ორმაგი აზრის' მქონე რამ და არა მხოლოდ სუპერვარსკვლავური ამბიციების მქონე ხალხის გაშაყირავება... უბრალოდ გასართობი იყო, გესმით?“[14][15] კიდევ ერთ ინტერვიუში, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში გადაცემა BBC Breakfast-ს მისცა, მან აღნიშნა, რომ თავიდან სახელის „Billy Idle“ გამოყენება სურდა, თუმცა იფიქრა, რომ ეს სახელი დაკავებული იქნებოდა Monty Python-ის ვარსკვლავ ერიკ აიდლთან (Eric Idle) მსგავსების გამო, და ამიტომ არჩევანი Billy Idol-ზე შეაჩერა.[16]

1976 წლის ბოლოს აიდოლი გიტარისტის სტატუსით შეუერთდა დასავლეთ ლონდონში ახლად ჩამოყალიბებულ 1960-იანი წლების რეტრო-როკ ჯგუფ Chelsea-ს.[17] კოლექტივის ვოკალისტმა და ფრონტმენმა, ჯინ ოქტომბერმა, იზრუნა აიდოლის იმიჯზე: მას ურჩია, ახლომხედველობის გამო სათვალის ნაცვლად კონტაქტური ლინზები გამოეყენებინა, თმა კი ქერად შეეღება და მოკლედ შეეჭრა (crew cut) 1950-იანი წლების რეტრო-როკერის სტილში. Chelsea-ში რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოსვლის შემდეგ, აიდოლმა და ჯგუფის ბას-გიტარისტმა, ტონი ჯეიმსმა, კოლექტივი დატოვეს და ერთად დააფუძნეს Generation X, სადაც აიდოლმა გიტარისტის პოზიციიდან ვოკალისტისა და ფრონტმენის როლზე გადაინაცვლა.

Generation X გახდა ერთ-ერთი პირველი პანკ-ჯგუფი, რომელიც BBC Television-ის მუსიკალურ პროგრამაში Top of the Pops გამოჩნდა.[18] მიუხედავად იმისა, რომ ისინი პანკ-როკს უკრავდნენ, მათი შთაგონების წყაროს 1960-იანი წლების შუა პერიოდის ბრიტანული პოპ-მუსიკა წარმოადგენდა, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა მათ უფრო მებრძოლ თანამედროვეებთან. აიდოლი იხსენებდა: „ჩვენ Clash-ისა და Pistols-ის საპირისპირო რამეს ვამბობდით. ისინი მღეროდნენ 'არავითარი ელვისი, ბითლზი ან როლინგ სტოუნზი', ჩვენ კი გულწრფელები ვიყავით იმის მიმართ, რაც მოგვწონდა. სიმართლე ის იყო, რომ ჩვენ ყველანი ჩვენს მუსიკას ბითლზსა და სტოუნზზე ვაშენებდით“.[10]

1977 წელს აიდოლმა შეასრულა სიმღერა "Your Generation" სატელევიზიო შოუში Marc. Generation X-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს Chrysalis Records-თან, გამოუშვა სამი სტუდიური ალბომი, მონაწილეობა მიიღო 1980 წლის დოკუმენტურ ფილმში D.O.A.: A Rite of Passage, რის შემდეგაც ჯგუფი დაიშალა.[19]

1981–1985: სოლო კარიერა და გარღვევა

აიდოლი ნიუ-იორკში 1981 წელს გადავიდა და სოლო შემსრულებელი გახდა, რისთვისაც Kiss-ის ყოფილ მენეჯერთან, ბილ ოკოინთან დაიწყო თანამშრომლობა. აიდოლის პანკური იმიჯი შესანიშნავად შეეხამა მისი ახალი პარტნიორის, გიტარისტ სტივ სტივენსის გლემ-როკ სტილს.[20] მათთან ერთად ასევე მუშაობდნენ ბას-გიტარისტი ფილ ფეიტი და დრამერი გრეგ გერსონი. აიდოლის სოლო კარიერა 1981 წელს დაიწყო Chrysalis Records-ზე გამოშვებული EP ალბომით (მინი-ალბომი) სახელწოდებით Don't Stop, რომელიც მოიცავდა Generation X-ის სიმღერას "Dancing with Myself" (თავდაპირველად ჩაწერილი მათი უკანასკნელი ალბომისთვის Kiss Me Deadly) და Tommy James and the Shondells-ის სიმღერის "Mony Mony" ქავერ-ვერსიას. აიდოლის სადებიუტო სოლო ალბომი Billy Idol 1982 წლის ივლისში გამოიცა.[21] ალბომის დებიუტი Billboard 200-ის ჩარტში 45-ე ადგილზე შედგა, ხოლო ახალ ზელანდიაში მე-5 პოზიციას მიაღწია.[22]

1982 წელს აშშ-ში MTV-ის მიერ სტიმულირებული „მეორე ბრიტანული შემოჭრის“ ფარგლებში, აიდოლი ტელეარხის ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა სიმღერებით "White Wedding" და "Dancing with Myself". "White Wedding"-ის მუსიკალური ვიდეო ბრიტანელმა რეჟისორმა დევიდ მალეტმა გადაიღო და ის ხშირად ტრიალებდა MTV-ის ეთერში. ილეთი, სადაც მოტოციკლი ეკლესიის ფანჯარას ამსხვრევს, ლონდონელმა მოტო-კურიერმა ჯონ უილსონმა შეასრულა. 1983 წელს აიდოლის ლეიბლმა აშშ-ში "Dancing with Myself" გამოსცა ტოუბ ჰუპერის მიერ გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად, რომელიც MTV-ის ეთერში ექვსი თვის განმავლობაში გადაიცემოდა.

Rebel Yell (1983), აიდოლის მეორე სტუდიური ალბომი, უდიდესი წარმატება აღმოჩნდა[23] — მან მე-2 ადგილს მიაღწია როგორც გერმანიაში, ისე ახალ ზელანდიაში, და ამასთანავე, დაამკვიდრა აიდოლის პოზიციები აშშ-ში ისეთი ჰიტებით, როგორიცაა "Rebel Yell", "Eyes Without a Face" და "Flesh for Fantasy". "Eyes Without a Face" მეოთხე ადგილზე გავიდა აშშ-ის Billboard Hot 100-ში, ხოლო "Rebel Yell"-მა მეექვსე ადგილს მიაღწია ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.[24][25] სიმღერამ “Rebel Yell” აიდოლს გრემის პირველი ნომინაციაც მოუტანა როკის საუკეთესო მამაკაცი ვოკალისტის კატეგორიაში გრემის 27-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე.[26] მას შემდეგ ალბომს პლატინის სერტიფიკატი მიანიჭეს RIAA-მ, RMNZ-მ, Music Canada-მ და Pro-Música Brasil-მა.[27][28][29]

1986–1992: Whiplash Smile და Charmed Life

აიდოლმა 1986 წელს გამოუშვა ალბომი Whiplash Smile, რომელიც კარგად გაიყიდა და 9 ქვეყნის საუკეთესო ათეულში მოხვდა, ხოლო ყველაზე მაღალ — მე-3 ადგილს ფინეთში მიაღწია.[23][30] ალბომში შევიდა ისეთი ჰიტები, როგორიცაა "To Be a Lover", "Don't Need a Gun" და "Sweet Sixteen". სიმღერა "Sweet Sixteen"-ისთვის აიდოლმა კლიპი ფლორიდის „მარჯნის ციხესიმაგრეში“ (Coral Castle) გადაიღო.[31] “To Be a Lover” მე-6 ადგილზე გავიდა Billboard Hot 100-ში, მე-3 პოზიცია დაიკავა ავსტრალიასა და ფინეთში, ხოლო მე-2 ადგილს მიაღწია ახალ ზელანდიაში.[32][33] ამ სიმღერამ მას კიდევ ერთი ნომინაცია მოუტანა როკის საუკეთესო მამაკაცი ვოკალისტის კატეგორიაში გრემის 29-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე.[26] მას შემდეგ ალბომს პლატინის სერტიფიკატი მიენიჭა აშშ-ში, კანადასა და ახალ ზელანდიაში.[28][29]

1987 წელს გამოიცა რემიქსების ალბომი სახელწოდებით Vital Idol. ალბომში შევიდა ტომი ჯეიმსის სიმღერის "Mony Mony" ქავერ-ვერსიის ცოცხალი შესრულება. 1987 წელს ამ სინგლმა პირველი ადგილი დაიკავა აშშ-ის ჩარტებში, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში მე-7 პოზიციას მიაღწია.[23][25] მომდევნო, 1988 წელს, გამოიცა კრებული სახელწოდებით Idol Songs: 11 of the Best, რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე ისლანდიაში, ხოლო ფინეთში პირველ ადგილზე გავიდა. მას შემდეგ მან პლატინის სტატუსი რამდენიმე ქვეყანაში მოიპოვა.[34][35]

1990 წლის 6 თებერვალს ჰოლივუდში აიდოლი მოტოციკლით მძიმე ავარიაში მოყვა, რის გამოც თითქმის დაკარგა ფეხი.[36] მას მანქანა დაეჯახა, როდესაც ერთ ღამეს სტუდიიდან სახლში ბრუნდებოდა და გაჩერების ნიშანი (Stop sign) ვერ შეამჩნია, რის გამოც ფეხში ლითონის ღერძის ჩადგმა დასჭირდა.[37] საავადმყოფოში ყოფნისას მან პირობა დადო, რომ აღარასოდეს ჩაიცვამდა კონფედერაციის დროშის გამოსახულებიან ტანსაცმელს, მას შემდეგ, რაც მისმა მომვლელმა შავკანიანმა თანამშრომელმა აუხსნა, თუ რას გრძნობდა ამ სიმბოლოს მიმართ.[38][39]

ავარიამდე კინორეჟისორ ოლივერ სტოუნს აიდოლი შერჩეული ჰყავდა ჯიმ მორისონის მეგობრისა და თანამეინახის, კეტის (Cat) როლზე თავის ფილმში The Doors (1991), თუმცა ტრავმამ მას ხელი შეუშალა სრულფასოვან მონაწილეობაში და აიდოლის როლი მცირე ეპიზოდამდე შემცირდა.[40] იგი ასევე ჯეიმზ კამერონის პირველი არჩევანი იყო ბოროტმოქმედი T-1000-ის როლზე ფილმში Terminator 2: Judgment Day (1991); ავარიის შედეგად ეს როლი სხვა მსახიობს გადაეცა.[41]

1990 წელს გამოიცა ალბომი Charmed Life, რომელმაც წინა ალბომების კომერციული წარმატება გააგრძელა — ცხრა ქვეყნის საუკეთესო ათეულში მოხვდა და ფინეთის ჩარტების სათავეში მოექცა. ალბომის პირველმა სინგლმა "Cradle of Love" მე-2 ადგილს მიაღწია Billboard Hot 100-ში და გაჟღერდა ენდრიუ დაის კლეის ფილმში The Adventures of Ford Fairlane. სინგლისთვის მუსიკალური ვიდეოც მომზადდა, თუმცა რადგან აიდოლს მოტოციკლის ავარიის დროს მიღებული ტრავმების გამო სიარული არ შეეძლო,[42] რეჟისორმა დეივიდ ფინჩერმა იგი მხოლოდ წელს ზემოთ გადაიღო. ვიდეოში ნაჩვენები იყო დიდი ჩარჩოები, სადაც აიდოლი მღეროდა ბინის სხვადასხვა ნაწილში, სანამ ახალგაზრდა ქალი (რომელსაც ბეტსი ლინ ჯორჯი თამაშობდა) ბიზნესმენის შეცდენას ცდილობდა. კლიპი აქტიურ როტაციაში ჩაეშვა MTV-ზე და გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ვიდეო ფილმიდან“ 1990 წლის MTV Video Music Awards-ზე. სიმღერამ "Cradle of Love" აიდოლს გრემის მესამე ნომინაციაც მოუტანა როკის საუკეთესო მამაკაცი ვოკალისტის კატეგორიაში.[43] მას შემდეგ ალბომს პლატინის სერტიფიკატი მიენიჭა აშშ-სა და კანადაში.[28][29] ამის შემდეგ აიდოლი ალბომის მხარდასაჭერ ტურნეში გაემგზავრა ჯგუფ Faith No More-თან ერთად.[44]

1993–2004: Cyberpunk, დაღმავალი პერიოდი და აღორძინება

1993 წელს აიდოლმა გამოუშვა ალბომი Cyberpunk.[45] ეს ექსპერიმენტული ნამუშევარი ჩაწერილი იქნა საშინაო სტუდიაში Macintosh-ის კომპიუტერის გამოყენებით. ალბომის ჩასაწერად აიდოლმა გამოიყენა პროგრამები Studiovision და Pro Tools. ალბომის შექმნას ათი თვე დასჭირდა. ჩანაწერს აშშ-ში კარგი შედეგები არ ჰქონია და მისმა მთავარმა სინგლმა "Shock to the System" Billboard Hot 100-ის ჩარტში მოხვედრაც კი ვერ შეძლო (შედარებისთვის, აიდოლის წინა ალბომის მთავარმა სინგლმა "Cradle of Love" მე-2 ადგილს მიაღწია). ევროპაში ალბომს შედარებით უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა: მან ზომიერ წარმატებას მიაღწია ჩარტებში, მოხვდა 7 ქვეყნის საუკეთესო ოცეულში, ხოლო ავსტრიასა და ფინეთში საუკეთესო ათეულშიც შევიდა. 1993 წელს აიდოლი ტურნეთი ეწვია ევროპას და ასევე გამართა Generation X-ის გაერთიანების შოუ.[46]

1994 წელს მან ჩაწერა და გამოუშვა სინგლი "Speed"; ეს სიმღერა ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკების ალბომის პირველი ტრეკი გახდა. 1996 წელს აიდოლმა მონაწილეობა მიიღო ჯგუფ The Who-ს როკ-ოპერის, Quadrophenia-ს ცოცხალ შესრულებაში.[47] მან ასევე ითამაშა ლი ტერნერის როლი 1996 წლის ფილმში Mad Dog Time, ხოლო 1998 წელს ეპიზოდური როლი (კამეო) შეასრულა საკუთარი თავის სახით ადამ სენდლერის ფილმში The Wedding Singer (მომღერალი ქორწილში), სადაც აიდოლის პერსონაჟმა სიუჟეტში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ფილმის საუნდტრეკში შევიდა მისი ჰიტი "White Wedding".[48] 2000 წელს იგი მიწვეული იქნა სტუმარი ვოკალისტის სტატუსით ტონი აიომის სადებიუტო სოლო ალბომზე. მან მონაწილეობა მიიღო სიმღერაში "Into the Night", რომლის თანაავტორიც თავად იყო. იმავე წელს მან გაახმოვანა ოდინი — იდუმალი უცხოპლანეტელი პერსონაჟი უფროსებისთვის განკუთვნილ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ანიმაციურ ფილმში Heavy Metal 2000, და ასევე ჩაწერა სიმღერა ფილმის საუნდტრეკისთვის.

2001 წლის 16 აპრილს ტელეარხ VH1-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი Billy Idol – Behind the Music. სამი დღის შემდეგ აიდოლმა და სტივენსმა მონაწილეობა მიიღეს შოუში VH1 Storytellers. VH1-ის ამ სპეციალური გამოშვების ჩაწერამდე, კვლავ გაერთიანებულმა დუეტმა აკუსტიკური კონცერტებისა და ისტორიების თხრობის სერია გამართა. 2001 წელსვე გამოიცა საუკეთესო ჰიტების კიდევ ერთი კომპილაციური CD, რომელშიც შევიდა კით ფორსისა და Simple Minds-ის სიმღერის "Don't You (Forget About Me)" ქავერი. ამ ალბომში ასევე შევიდა სიმღერა "Rebel Yell"-ის ცოცხალი აკუსტიკური ვერსია, რომელიც ჩაწერილი იყო ლოს-ანჯელესის რადიოსადგურ KROQ-ის 1993 წლის კონცერტზე Acoustic Christmas. საუკეთესო ჰიტების ამ ალბომის 1 მილიონი ასლი გაიყიდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში.[49]

2002 წელს სიდნეიში გამართულ NRL-ის (რაგბის ეროვნული ლიგა) გრანდ ფინალზე, მატჩის შესვენებისას, აიდოლი მოედანზე გასართობი პროგრამისთვის ჰოვერკრაფტით (საჰაერო ბალიშიანი გემი) შემოვიდა სიმღერა "White Wedding"-ის შესავლის ფონზე. თუმცა, მან სიმღერის მხოლოდ ორი სიტყვის შესრულება მოასწრო, რადგან ელექტროენერგიის გათიშვამ მისი გამოსვლა შეაწყვეტინა.[50]

2005–2009: Devil's Playground

Devil's Playground, რომელიც 2005 წლის მარტში გამოიცა, თითქმის 12 წლის განმავლობაში აიდოლის პირველი ახალი სტუდიური ალბომი იყო. ალბომმა 46-ე ადგილს მიაღწია Billboard 200-ის ჩარტში, ხოლო ყველაზე მაღალ — მე-15 პოზიციაზე გერმანიაში გავიდა. ჩანაწერში შევიდა სიმღერა "Plastic Jesus"-ის ქავერ-ვერსია. 2005 წელს აიდოლმა რამდენიმე კონცერტი გამართა ტურნეზე Warped Tour, ასევე გამოვიდა ფესტივალებზე: Download Festival (დონინგტონ პარკში), Voodoo Music Experience (ნიუ-ორლეანში) და Rock am Ring.[51] ჟურნალ Classic Rock-ის პირველ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე (Classic Rock Roll of Honour Awards) აიდოლს წლის საუკეთესო დაბრუნების (Comeback of the Year) ჯილდო გადაეცა.

2006 წელს აიდოლმა გამოუშვა საშობაო ალბომი სახელწოდებით Happy Holidays, რომელიც მოიცავდა მრავალი ტრადიციული საშობაო სიმღერის ვერსიას და ორ ორიგინალურ კომპოზიციას.[52]

2008 წელს "Rebel Yell" გამოჩნდა როგორც დაკვრადი ტრეკი ვიდეოთამაშში Guitar Hero World Tour, ხოლო "White Wedding" — თამაშში Rock Band 2. მოგვიანებით Rock Band 2-ის პლატფორმაზე ჩამოსატვირთი ტრეკების სახით "Mony Mony" და "Rebel Yell"-იც დაემატა. 2008 წლის 24 ივნისს აიდოლმა გამოსცა საუკეთესო ჰიტების ალბომი The Very Best of Billy Idol: Idolize Yourself. მან მსოფლიო ტური დაიწყო, სადაც კონცერტებს ჯგუფ Def Leppard-თან ერთად ერთობლივად უძღვებოდა (co-headlining).[53]

2006 წლის ივნისში აიდოლი ჩიკაგოს კონგრესის თეატრში (Congress Theater) გამოვიდა ამერიკული სატელევიზიო სერიისთვის Soundstage. ეს გამოსვლა ჩაიწერა და მოგვიანებით, 2009 წლის 17 ნოემბერს, DVD/Blu-ray ფორმატში გამოიცა სახელწოდებით In Super Overdrive Live.[54][55]

2010–2021: Kings & Queens of the Underground

2010 წლის 16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აიდოლი ერთ-ერთი შემსრულებელი იქნებოდა, რომელიც ინგლისში, დონინგტონ პარკში გასამართ Download Festival-ზე გამოვიდოდა. მან განაცხადა: „იმის გათვალისწინებით, რომ წელს Download-ზე ამდენი მძიმეწონიანი და მაგარი ჯგუფი უკრავს, მე მომიწევს ჩემი პანკ-როკ განწყობით, სტივ სტივენსით, ჩემი ყველა კლასიკური სიმღერითა და რამდენიმე უცნაური ქავერით შეიარაღებული მოვიდე. მაგარი გასართობი უნდა იყოს!“[56] 2010 წლის მარტში აიდოლმა თავის საგასტროლო შემადგენლობას Camp Freddy-ს გიტარისტი ბილი მორისონი[57] და დრამერი ჯერემი კოლსონი დაამატა.

2013 წელს აიდოლი გამოჩნდა BBC Four-ის სერიალის How the Brits Rocked America მესამე ეპიზოდში.[58] მან ასევე გაახმოვანა პერსონაჟი Spikey Hair Bot ტელეარხ Disney XD-ის ანიმაციური სერიალის Randy Cunningham: 9th Grade Ninja ეპიზოდში "McSatchle".[59][60]

2014 წლის ოქტომბერში აიდოლმა გამოსცა თავისი მერვე სტუდიური ალბომი Kings & Queens of the Underground. მისი დებიუტი Billboard 200-ის ჩარტში 34-ე ადგილზე შედგა, ხოლო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საუკეთესო ათეულებში მოხვდა, მათ შორის მე-8 პოზიცია დაიკავა გერმანიაში. ალბომის ჩაწერისას, რაც 2010-დან 2014 წლამდე პერიოდს მოიცავდა, იგი თანამშრომლობდა პროდიუსერ ტრევორ ჰორნთან, ჰორნის ყოფილ თანაჯგუფელთან Buggles-იდან და Yes-იდან — ჯეფ დაუნსთან[61] და გრეგ კერსტინთან. აიდოლის ავტობიოგრაფიული წიგნი Dancing with Myself გამოიცა 2014 წლის 7 ოქტომბერს და New York Times-ის ბესტსელერი გახდა.[62]

ახალი ალბომის მხარდასაჭერად აიდოლი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა. ტურნე დაიწყო 2014 წლის 5 ნოემბერს და დასრულდა 2015 წლის 4 აპრილს. 40-კონცერტიანი ტურნეს ფარგლებში აიდოლმა და მისმა ბენდმა გამოსვლები გამართეს ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში.[63] მან ჩრდილოეთ ამერიკაში გასტროლები 2016 და 2017 წლებშიც გააგრძელა.[64]

2018 წლის 30 ოქტომბერს Generation X-ის ყოფილი წევრები — აიდოლი და ტონი ჯეიმსი — შეუერთდნენ სტივ ჯონსსა და პოლ კუკს, კიდევ ერთი პირველი ტალღის ინგლისური პანკ-როკ ჯგუფის, Sex Pistols-ის ყოფილ წევრებს. მათ გამართეს უფასო კონცერტი ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის კლუბ Roxy-ში, სახელით Generation Sex და შეასრულეს ორივე ჯგუფის რეპერტუარისგან შემდგარი გაერთიანებული პროგრამა.[65]

2019 წელს აიდოლი ერთობლივ საგასტროლო ტურნეში გაემგზავრა ბრაიან ადამსთან ერთად.[66]

2020 წლის თებერვლის ბოლოს აიდოლმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის პოლიციის საზოგადოებრივ კამპანიაში სახელწოდებით „ბილი არასოდეს მუშაობს უქმად“ (Billy Never Idles; სიტყვების თამაში მისი ფსევდონიმით). კამპანიის მიზანი იყო ნიუ-იორკში ავტომობილების ძრავების უქმად მუშაობის აღკვეთა ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. აიდოლმა ნიუ-იორკის მერ ბილ დე ბლაზიოსთან ერთად გახსნა ეს კამპანია, რომლის სარეკლამო რგოლებშიც ის ამბობს: „თუ არ მართავ, გამორთე შენი წყეული ძრავი!“ და სხვა მკაცრ რჩევებს იძლევა.[67] იგი ასევე იყო მოწვეული ვოკალისტი მაილი საირუსის ალბომის (Plastic Hearts, გამოვიდა 2020 წლის ნოემბერში) სიმღერაში "Night Crawling".[68] მანამდე, 2016 წელს, აიდოლმა და საირუსმა ერთად შეასრულეს "Rebel Yell" ლას-ვეგასში გამართულ iHeartRadio-ს ფესტივალზე.[69]

2021 წლის 12 აგვისტოს იუთუბზე აიტვირთა აიდოლის მუსიკალური ვიდეო "Bitter Taste", რომელიც რეჟისორმა სტეფენ სებრინგმა გადაიღო. პარალელურად აიდოლმა დააანონსა ახალი EP (მინი-ალბომი) The Roadside, რომელიც იმავე წლის 17 სექტემბერს გამოიცა.[70]

2022–დღემდე: Dream Into It

2022 წლის მარტში აიდოლს მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA) დაუდგინდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ჯგუფ Journey-სთან ერთად დაგეგმილი ერთობლივი ტურნი გაეუქმებინა.[71] იმავე წლის სექტემბერში მან დაიწყო მანამდე გადადებული ტურნე „Roadside Tour“, სადაც ოქტომბერში, გაერთიანებულ სამეფოში გამართულ კონცერტებზე, მის მხარდამჭერ შემსრულებლებად (opening acts) Killing Joke და ტოია წარდგნენ. ტურნეს ევროპულ ნაწილში (EU leg) კი კონცერტებს ამერიკული როკ-ჯგუფი თი ფოქსისი (The Foxies) ხსნიდა.[72][73]

კიდევ ერთი EP (მინი-ალბომი) სახელწოდებით The Cage 2022 წლის 23 სექტემბერს გამოიცა. ალბომის ამავე სახელწოდების წამყვანი სინგლის მუსიკალური ვიდეო, რომელიც კვლავ სტეფენ სებრინგმა გადაიღო, იუთუბზე 17 აგვისტოს გამოვიდა.

2023 წლის 6 იანვარს აიდოლს პატივი მიაგეს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავის გახსნით.[74] 24 იანვარს მან ჩრდილოეთ ამერიკის ტურნე დააანონსა, რომელიც მარტის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე უნდა გამართულიყო: ტურნე 30 მარტს სკოტსდეილში იწყებოდა და 20 მაისს, პასადენაში, ფესტივალზე „Cruel World Festival“ დაგეგმილი კონცერტით სრულდებოდა.[75] იმავე წლის აპრილში აიდოლმა ისტორიაში პირველი კონცერტი გამართა ჰუვერის კაშხალზე.[76] აიდოლი ასევე არის ჯგუფ Generation Sex-ის წევრი, რომელიც ამჟამად ტურნეში იმყოფება და რომელმაც 2023 წელს გლასტონბერის ფესტივალზეც გამართა გამოსვლა.[77]

2025 წელს აიდოლი პირველად იქნა ნომინირებული როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესაყვანად.[78] აიდოლმა განაცხადა, რომ სტივ სტივენსი მასთან ერთად იყო ნომინირებული და აიდოლის არჩევის შემთხვევაში, დიდების დარბაზში ორივე მათგანს შეიყვანდნენ.[79] 26 თებერვალს აიდოლმა დააანონსა თავისი პირველი სტუდიური ალბომი თითქმის 11 წლის განმავლობაში — Dream Into It, მის პირველ სინგლთან, "Still Dancing"-თან ერთად.[80] ალბომმა მე-5 ადგილი დაიკავა ავსტრიაში, მე-3 შვეიცარიაში, ხოლო მე-2 ადგილს გერმანიაში მიაღწია. ჩანაწერში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ ავრილ ლავინი, ელისონ მოსჰარტი და ჯოან ჯეტი, და მან ზოგადად პოზიტიური შეფასებები მიიღო.[81] 2025 წლის აპრილში აიდოლმა დაიწყო ჩრდილოეთ ამერიკის ტურნე „It's a Nice Day to Tour again“ ჯოან ჯეტთან და ჯგუფთან The Blackhearts ერთად. ტურნეს ევროპულ ნაწილში მან ისეთ მოედნებზე გამართა კონცერტები, როგორიცაა კენიგსპლაცი (Königsplatz),[63] სადაც მის მხარდამჭერ ბენდად New Model Army წარდგა.

2025 წლის ივნისში ნიუ-იორკში, ტრაიბეკას კინოფესტივალზე (Tribeca Festival), შედგა აიდოლის შესახებ გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა.[82] ფილმი, სახელწოდებით „ბილი აიდოლი მკვდარი უნდა იყოს“ (Billy Idol Should Be Dead), ქრონოლოგიურად ასახავს აიდოლის გზას პოპულარობისკენ Chelsea-სა და Generation X-ში გატარებული ადრეული დღეებიდან, მის ბრძოლას ნარკოდამოკიდებულებასთან და მის ოჯახურ ცხოვრებას ბავშვობიდან დღემდე.[83]

2025 წლის ნოემბერში, თავისი ლათინოამერიკული ტურნეს დასასრულს, აიდოლმა მეხიკოში 70 წლის იუბილე აღნიშნა. სცენაზე ერთობლივი შესრულებისთვის — სიმღერაზე "Dancing With Myself" — მიწვეული იქნა დენი ვილიარეალი (ჯგუფიდან The Warning), მოგვიანებით კი აიდოლს მარიაჩის ბენდიც შეუერთდა, რომლებმაც საიუბილეო სიმღერები, "Las Mañanitas" და "Happy Birthday" შეასრულეს.[84] 2026 წლის 1 მარტს გამოცხადდა, რომ აიდოლმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესაყვანად თავისი მეორე ნომინაცია მიიღო.[85]

მუსიკალური სტილი და იმიჯი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილი აიდოლმა სახელი 1970-იანი წლების მიწურულის ლონდონურ პანკ-სცენაზე გაითქვა, როგორც ჯგუფ Generation X-ის ფრონტმენმა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ ზედმეტად „პოპური“ ჟღერადობის გამო.[86] AllMusic-ის კრიტიკოსმა გრეგ ადამსმა მათ სადებიუტო ალბომს „ბაბლგამ პანკი“ (bubblegum punk) უწოდა,[87] ხოლო მათ მეორე ალბომს, Valley of the Dolls, ახასიათებდა გლემ-პანკის ჟღერადობა,[88] რომელზეც გავლენა მოახდინა პროგრესულმა როკმა და ბრიუს სპრინგსტინის 1970-იანი წლების შუა პერიოდის შემოქმედებამ.[89] მას შემდეგ, რაც სახელი Gen X-ით შეიცვალეს და მესამე ალბომში, Kiss Me Deadly, უფრო მეტად ნიუ-უეივის (ახალი ტალღის) მიმართულებით წავიდნენ, ჯგუფმა გამოუშვა სინგლი "Dancing with Myself". ეს სიმღერა ადრეული მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ აერთიანებდა აიდოლი საცეკვაო და პოპ-მუსიკას თავის შემოქმედებაში. სინგლი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა და ჯგუფი მალევე დაიშალა.[90]

აიდოლის სოლო კარიერის მუსიკალური სტილი პოპ-მელოდიების (hooks), პანკური განწყობისა და საცეკვაო რიტმების ნაზავია. მას სხვადასხვანაირად ახასიათებდნენ: დენს-პანკი,[91] დენს-როკი,[92] გლემ-პანკი,[93] გლემ-როკი,[94] ჰარდ-როკი,[95] ნიუ-უეივი,[96][97] პოპ-პანკი,[98] პოპ-როკი,[86] პოსტ-პანკი[95] და პაუერ-პოპი.[99] ჟურნალ Rolling Stone-ის კრიტიკოსმა ჯონათან ტეილორმა მის სადებიუტო მინი-ალბომსა (EP) და სოლო რელიზს, Don't Stop, დენს-როკი უწოდა, თუმცა თავის სადებიუტო ალბომში (Billy Idol) მომღერალი გადავიდა „მეინსტრიმულ პაუერ-როკზე“, სადაც ვოკალი ბრიუს სპრინგსტინს, ლუ რიდსა და დეივ კლარკს მოგვაგონებდა.[100] მისი მეორე ალბომი, Rebel Yell, ჰარდ-როკის, ნიუ-უეივისა და პოპის ნაზავია,[101] რამაც AllMusic-ის კრიტიკოს მეტ კოლარის შეფასებით, აიდოლი „პანკ-პოპ ვარსკვლავად“ დაამკვიდრა.[98] მან ეს ჟღერადობა 1990-იანი წლების დასაწყისამდე შეინარჩუნა, თუმცა სხვა ჟანრებთანაც ატარებდა ექსპერიმენტებს, მაგალითად სინთპოპთან სიმღერაში "Eyes Without a Face" (1984)[102] და ჯაზთან კომპოზიციაში "Endless Sleep" (1990).[103]

აიდოლის ჟღერადობაში ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა ალბომში Cyberpunk — ეს იყო ტექნო-როკ ალბომი, რომელიც დაეფუძნა 1980-იანი წლების მიწურულისა და 1990-იანი წლების დასაწყისის კიბერდელიკურ სუბკულტურას.[104] მასში გამოყენებული იყო სინთეზირებული ვოკალი, ელექტრონული და ინდუსტრიული ელემენტები, ლუპირებული (დაციკლული) ბითები და კლავიშების რიფები.[105] Devil's Playground, მისი პირველი ალბომი 12 წლის განმავლობაში, უფრო მეტად ჰარდ-როკზე ორიენტირებული სტილით გამოირჩეოდა, რითაც ფეხს უწყობდა ისეთ პოპ-პანკ ჯგუფებს, როგორებიცაა Green Day და Sum 41.[106] მას შემდეგ იგი დაუბრუნდა ჟღერადობას, რომელიც უფრო მეტად მოგვაგონებს მის 1980-იანი წლების შემოქმედებას, და გააერთიანა ნიუ-უეივი და ჰარდ-როკი თავის ორ უახლეს ალბომში — Kings & Queens of the Underground და Dream Into It.[107] ეს უკანასკნელი მისი მეორე კონცეპტუალური ალბომია და მასში სოფტ-როკისა[108] და გრანჟის[109] ელემენტებიც იგრძნობა.

აიდოლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.[110] მას არასოდეს უქორწინია, თუმცა წარსულში ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ინგლისელ მომღერალსა და მოცეკვავე პერი ლისტერთან. მათ ჰყავთ ვაჟი, უილიამი (დაბადებული 1988 წელს),[111] რომელიც როკ-ჯგუფ FIM-ის წევრი იყო.[112] ისინი 1989 წელს დაშორდნენ.[113] აიდოლს ასევე ჰყავს ქალიშვილი, ბონი, სხვა ურთიერთობიდან.[114][115] 2026 წლის მონაცემებით, მას ოთხი შვილიშვილი გოგონა ჰყავს.[116] აიდოლმა თავისი მემუარები, Dancing with Myself, 2014 წელს გამოსცა.[117] მას განსაკუთრებით უყვარს მოტოციკლები, კონკრეტულად კი Harley-Davidson-ის მარკის; მან 2003 წელს კომპანიის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საკონცერტო ღონისძიებაზეც კი მიიღო მონაწილეობა.[118]

2023 წელს აიდოლმა გაამხილა, რომ მას კიდევ ერთი ვაჟი, ბრანტ ბროუდი ჰყავდა, მას შემდეგ, რაც ბონიმ „23andMe“-ის დნმ-ის ტესტი გაიკეთა და შეიტყო, რომ ნახევარძმა ჰყავდა. აიდოლმა ბროუდი საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, როგორც თავისი ვაჟი, იმავე წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე.[119]

აიდოლი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლიზმსა და ნარკოდამოკიდებულებას, მათ შორის ჰეროინსა და კოკაინზე დამოკიდებულებას.[120] თავის 2014 წლის მემუარებში ის აღნიშნავს, რომ არაერთხელ გაუღვიძია საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ღამის კლუბში გონება დაუკარგავს.[121] 1994 წელს იგი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ღამის კლუბის გარეთ გამა-ჰიდროქსიბუტირატის (GHB) ზედოზირების გამო დაეცა.[122][123] ამ ინციდენტის შემდეგ მან ნარკოტიკების მოხმარება შეწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ შვილები მას არასოდეს აპატიებდნენ ზედოზირებით გარდაცვალებას.[124] ამის შემდეგ აიდოლმა ვარჯიში დაიწყო, რეგულარულად დადიოდა სპორტულ დარბაზში და ამას დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დახმარებას მიაწერდა. 2025 წლის ინტერვიუში მან განაცხადა: „ვარჯიში ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გახდა. ეს დამეხმარა ნარკოდამოკიდებულების გადალახვაში“.[125] 2014 წელს მან აღნიშნა, რომ 2003 წლის შემდეგ მძიმე ნარკოტიკები აღარ მიუღია, თუმცა დასძინა, რომ რეგულარულად ეწეოდა კანაფს და ხანდახან ალკოჰოლსაც სვამდა.[120] ბრიტანეთის მოქალაქეობის გარდა, აიდოლმა 2018 წელს ამერიკის მოქალაქეობაც მიიღო.[110][126]

აიდოლის ინტერესს ვესტერნების, ამერიკის სამოქალაქო ომის ისტორიისა და სხვა ამერიკული კულტურული მემკვიდრეობის (Americana) მიმართ იზიარებდა ოზი ოზბორნიც, რომელსაც აიდოლი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლაში დაეხმარა.[127]

საკონცერტო ბენდის შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე შემადგენლობა

  • ბილი აიდოლი (Billy Idol) – წამყვანი ვოკალი (1981–დღემდე)
  • სტივ სტივენსი (Steve Stevens) – წამყვანი და რიტმ-გიტარა, კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ბეკ-ვოკალი (1981–1987, 1993–1995, 1999–დღემდე)
  • სტივენ მაკგრათი (Stephen McGrath) – ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი (2001–დღემდე)
  • ბილი მორისონი (Billy Morrison) – რიტმ- და წამყვანი გიტარა, ბეკ-ვოკალი (2010–დღემდე)
  • ერიკ ელდენიუსი (Erik Eldenius) – დრამი (2012–დღემდე)
  • პოლ ტრუდელი (Paul Trudeau) – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ბეკ-ვოკალი (2014–დღემდე)

ყოფილი წევრები

  • ფილ ფეიტი (Phil Feit) – ბას-გიტარა (1981–1983)
  • სტივ მისისა (Steve Missal) – დრამი (1981–1982)
  • გრეგ გერსონი (Gregg Gerson) – დრამი (1982–1983)
  • ჯუდი დოზიერი (Judi Dozier) – კლავიშებიანი ინსტრუმენტები (1982–1985)
  • სტივ ვებსტერი (Steve Webster) – ბას-გიტარა (1983–1985)
  • ტომი პრაისი (Thommy Price) – დრამი (1983–1987)
  • კენი აარონსონი (Kenny Aaronson) – ბას-გიტარა (1986–1987)
  • სუზი დევისი (Susie Davis) – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ბეკ-ვოკალი (1986–1987)
  • მარკ იანგერ-სმიტი (Mark Younger-Smith) – გიტარები, კლავიშებიანი ინსტრუმენტები (1988–1993)
  • ფილ სუსანი (Phil Soussan) – ბას-გიტარა (1988–1990)
  • ლარი სეიმური (Larry Seymour) – ბას-გიტარა (1990–1996)
  • ტალ ბერგმანი (Tal Bergman) – დრამი (1990–1993)
  • ბონი ჰეისი (Bonnie Hayes) – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ბეკ-ვოკალი (1990–1991)
  • ჯენიფერ ბლეიკმენი (Jennifer Blakeman) – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ბეკ-ვოკალი (1993)
  • ჯული გრო (Julie Greaux) – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ბეკ-ვოკალი (1993)
  • დენი სადოვნიკი (Danny Sadownik) – დრამი (1993)
  • მარკ შულმანი (Mark Schulman) – დრამი (1993–2001)
  • საშა კრივცოვი (Sasha Krivtsov) – ბას-გიტარა (2000)
  • ბრაიან ტიჩი (Brian Tichy) – დრამი (2001–2009)
  • ჯერემი კოლსონი (Jeremy Colson) – დრამი (2010–2012)
  • დერეკ შერინიანი (Derek Sherinian) – კლავიშებიანი ინსტრუმენტები (2002–2014)
  • Don't Stop (1981)
  • Billy Idol (1982)
  • Rebel Yell (1983)
  • Whiplash Smile (1986)
  • Charmed Life (1990)
  • Cyberpunk (1993)
  • Devil's Playground (2005)
  • Happy Holidays (2006)
  • Kings & Queens of the Underground (2014)
  • The Roadside (2021)
  • The Cage (2022)
  • Dream Into It (2025)
  1. ↑ Vrchoticky, Nick. (29 September 2020) The Truth About Billy Idol's Horrific Motorcycle Accident. ციტირების თარიღი: 16 February 2025
  2. ↑ „Billy Idol Honored with a Star on the Hollywood Walk of Fame: 'It's Just Incredible'“. People.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-06-12. ციტირების თარიღი: 2026-04-07.
  3. ↑ 2026 Rock & Roll Hall of Fame Inductees en. ციტირების თარიღი: 14 April 2026
  4. ↑ თარგი:Cite instagram
  5. 1 2 Lifton, Dave. (30 August 2014) BILLY IDOL'S FATHER, WILLIAM BROAD, DIES. Ultimate Classic Rock. ციტირების თარიღი: 8 May 2025
  6. ↑ Dermody, Joe. (18 June 2015) Live at the Marquee: Billy's still an Idol in Rebel County. Irish Examiner. ციტირების თარიღი: 5 January 2024
  7. ↑ Idol, Billy [BillyIdol]. (30 July 2012) Just to show u where my heart lies......My mum's Maiden name was O'Sullivan. Half English half Irish alright! say.ly/wlP3S87. ციტირების თარიღი: 23 July 2022
  8. ↑ Film Reference biography. Filmreference.com. ციტირების თარიღი: 11 October 2011
  9. ↑ Idol, Billy (2015). Dancing with Myself. Simon & Schuster. ISBN 9781451628517. თარგი:Page needed
  10. 1 2 „Billy Idol: the return of Billy the kid“. The Daily Telegraph. London. 24 July 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2022. ციტირების თარიღი: 9 April 2014.
  11. ↑ Marko, Paul (2007) The Roxy London WC2: A Punk History. ISBN 9780955658303. თარგი:Page needed
  12. ↑ Trakin, Roy. (2023-01-05) Billy Idol on Getting the Mark of a True Idol: a Star on Hollywood Walk of Fame en-US. ციტირების თარიღი: 2025-06-27
  13. ↑ Edmunds, Ben, untitled essay in Greatest Hits (2001)
  14. 1 2 Radio with Pictures. Television New Zealand. April 1984. Event occurs at 04:30s. https://www.nzonscreen.com/title/radio-with-pictures-billy-idol-1984.
  15. ↑ ConcertVault interview 21 November 1983
  16. ↑ "BBC Breakfast Billy Idol Interview (27 October 2014)" YouTube-ზე. BBC. Retrieved 28 October 2014
  17. ↑ Chelsea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 January 2016. ციტირების თარიღი: 31 May 2021
  18. ↑ Biography by Greg Prato. AllMusic. ციტირების თარიღი: 30 November 2011
  19. ↑ Gold & Platinum en-US. ციტირების თარიღი: 5 November 2021
  20. ↑ „Anglomania: The Second British Invasion“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 29 April 2019.
  21. ↑ Vernon Reid – Guitar World interview (part 3) Cult of Personality. The Biography Channel (15 February 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 December 2011. ციტირების თარიღი: 30 August 2012
  22. ↑ William Ruhlmann. Billy Idol - Billy Idol | Songs, Reviews, Credits, Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 9 April 2014
  23. 1 2 3 „Billy Idol Music News & Info“. Billboard. ციტირების თარიღი: 23 August 2012.
  24. ↑ Whitburn, Joel (2006). The Billboard Book of Top 40 Hits. Billboard Books
  25. 1 2 Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London, England: Guinness World Records Limited, გვ. 266. ISBN 1-904994-10-5. 
  26. 1 2 Billy Idol | Artist | GRAMMY.com. ციტირების თარიღი: 2025-10-07
  27. ↑ Certificados.
  28. 1 2 3 Gold & Platinum.
  29. 1 2 3 Gold & Platinum - Music Canada.
  30. ↑ BILLY IDOL en (1982-09-11). ციტირების თარიღი: 2025-10-07
  31. ↑ FAQs- Coral Castle Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2021. ციტირების თარიღი: 5 November 2021
  32. ↑ australian-charts.com - Discography Billy Idol.
  33. ↑ charts.org.nz - Discography Billy Idol.
  34. ↑ Pennanen, Timo (2006). (Sisältää hitin – levyt ja esittäjät Suomen musiikkilistoilla vuodesta 1972 (in Finnish) (1st ed.). Helsinki. Otava. ISBN 978-951-1-21053-5. 
  35. ↑ Háskólabókasafn, Landsbókasafn Íslands-. Tímarit.is is. ციტირების თარიღი: 2025-10-07
  36. ↑ Marilyn Monroe Died Here – More Locations of America's Pop Culture Landmarks by Chris Epting, p. 185
  37. ↑
  38. ↑ Idol, Billy [BillyIdol]. (23 June 2015) A black man washed my hair in hospital '90 & explained his feelings on seeing the Confederate flag, I promised him I would never wear it.. ციტირების თარიღი: 5 January 2024
  39. ↑ Idol, Billy [BillyIdol]. (23 June 2015) I never wear the Confederate battle flag ever since 1990 as I realized it symbolizes oppression to certain Americans.... ციტირების თარიღი: 5 January 2024
  40. ↑ Kilday, Gregg (8 March 1991). „Faces in the Crowd“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 October 2014. ციტირების თარიღი: 9 April 2014.
  41. ↑ Billy Idol Almost Played the T-1000 in 'Terminator 2,' Robert Patrick Says (17 August 2017).
  42. ↑ Billy Idol's Motorcycle Accident. grunge.com (29 September 2020). ციტირების თარიღი: 29 September 2020
  43. ↑ Billy Idol. Rock on the Net. ციტირების თარიღი: 9 April 2014
  44. ↑ Branniganpublished, Paul. (2023-11-20) On Halloween 1990, Billy Idol played the final show of his Charmed Life tour in Seattle. The night would feature Faith No More dancing naked, 600 dead fish, five miniature pigs, a goat, and a visit from the Seattle police department en. ციტირების თარიღი: 2025-10-07
  45. ↑ 20 Years Ago: Billy Idol's 'Cyberpunk' Album Released. Ultimate Classic Rock (29 June 2013).
  46. ↑ Billy Idol wants Generation X reunion. 3news.co.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 November 2014. ციტირების თარიღი: 7 November 2014
  47. ↑ Dave White. About Classic Rock - Review Who "Tommy/Quadrophenia" DVD. About.com Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 July 2014. ციტირების თარიღი: 7 November 2014
  48. ↑ The Wedding Singer (1998) - IMDb, http://www.imdb.com/title/tt0120888/soundtrack/. წაკითხვის თარიღი: 27 October 2021
  49. ↑ Gold & Platinum.
  50. ↑ Idol idle: rebel's yell silenced. The Age (7 October 2002). ციტირების თარიღი: 9 April 2014
  51. ↑ Rock am Ring 2005. ringrocker.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2011. ციტირების თარიღი: 11 October 2011
  52. ↑ Happy Holidays: A Very Special Christmas Album... | AllMusic, https://www.allmusic.com/album/happy-holidays-a-very-special-christmas-album-mw0000546883. წაკითხვის თარიღი: 2025-10-07
  53. ↑ Concert Week: Def Leppard and Billy Idol Live en-US. ციტირების თარიღი: 2025-10-07
  54. ↑ Billy Idol · Super Overdrive Live DVD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2009. ციტირების თარიღი: 21 October 2009
  55. ↑ 06/28/2006: Billy Idol @ Congress Theater | Concert Archives. ციტირების თარიღი: 5 November 2021
  56. ↑ Billy Idol announced to play Download 2010. Downloadfestival.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 November 2012. ციტირების თარიღი: 9 April 2014
  57. ↑ Billy Morrison: MORRISON WITH IDOL 2010 (11 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 May 2011.
  58. ↑ BBC Four - How the Brits Rocked America: Go West. BBC (18 October 2013). ციტირების თარიღი: 9 April 2014
  59. ↑ Wolfe, Jennifer. (12 September 2013) 'Randy Cunningham 9th Grade Ninja' Returns for Second Series en. ციტირების თარიღი: 30 September 2021
  60. ↑ Ungerman, Alex. (25 October 2013) Billy Idol is a Punk Robot on 'Randy Cunningham' en-US. ციტირების თარიღი: 30 September 2021
  61. ↑ Album of the Week: Stream 'Zang Tuum Tumb,' a 27-Track History of ZTT Records. Spin (8 October 2013). ციტირების თარიღი: 9 April 2014
  62. ↑ Billy Idol to Release First New Album in Nearly a Decade. The Hollywood Reporter (17 June 2014). ციტირების თარიღი: 18 October 2014
  63. 1 2 Billy Idol en-US. ციტირების თარიღი: 2025-10-07
  64. ↑ Billy Idol Concert Map by year: 2017 | setlist.fm. ციტირების თარიღი: 2025-10-07
  65. ↑ „Generation Sex: King Rockers and Silly Things at the Roxy“. LA Weekly. ციტირების თარიღი: 1 January 2019.
  66. ↑ Price, Jason. (2019-04-29) Bryan Adams and Billy Idol To Embark On First-Ever Co-Headlining 2019 Tour en-US. ციტირების თარიღი: 2025-10-07
  67. ↑ Judy Kurtz. (28 February 2020) Billy Idol, de Blasio launch anti-car idling campaign in New York: 'Billy never idles'. ციტირების თარიღი: 9 March 2020
  68. ↑ Kreps, Daniel (20 November 2020). „Miley Cyrus Talks Working With Billy Idol on New Song 'Night Crawling' - Rolling Stone“. Rolling Stone.
  69. ↑ Carter, Simone. "From Def Leppard to Elton John, Here Are Miley Cyrus' Most Powerful Collabs". Newsweek, 30 September 2022. Retrieved 21 October 2022
  70. ↑ The Roadside – brand new 4-song EP (11 August 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 12 August 2021
  71. ↑ Billy Idol is Still Battling Dangerous Staph Infection (14 March 2022).
  72. ↑ Killing Joke joins Billy Idol Roadside Tour after illness forces Television to pull out (6 October 2022).
  73. ↑ Billy Idol. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2026-05-16. ციტირების თარიღი: 2026-06-20
  74. ↑ BILLY IDOL TO BE HONORED WITH FIRST HOLLYWOOD FAME STAR OF 2023 (6 January 2023).
  75. ↑ „Rebel on the Road: Billy Idol Plots 2023 North American Tour Dates“. Rolling Stone. 23 January 2023.
  76. ↑ Duran, Anagricel. (19 April 2023) Billy Idol makes history by playing first ever concert at the Hoover Dam en-GB. ციტირების თარიღი: 22 April 2023
  77. ↑ „Generation Sex – Acts – Glastonbury“. BBC.
  78. ↑ Lynch, Joe (12 February 2025). „The Rock & Roll Hall of Fame Unveils 2025 Nominees: See the Complete List“. Billboard. ციტირების თარიღი: 15 February 2025.
  79. ↑ Ivie, Devon. Billy Idol Was 'Knocked Down' by His Rock Hall Nomination en (13 February 2025). ციტირების თარიღი: 14 February 2025
  80. ↑ Billy Idol Announces 'Dream Into It,' First New Album In 11 Years: Hear "Still Dancing" en (2025-02-26). ციტირების თარიღი: 2025-02-27
  81. ↑ Dream Into It by Billy Idol, https://www.metacritic.com/music/dream-into-it/billy-idol. წაკითხვის თარიღი: 2025-10-07
  82. ↑ Arnold, Chuck. „Billy Idol reveals he nearly died from a heroin overdose — and more bombshells from his new doc“. New York Post. ციტირების თარიღი: 11 June 2025.
  83. ↑ Hughes, Kat. Film Festivals'Billy Idol Should Be Dead' review: Dir. Jonas Åkerlund [TriBeCa 2025]. The Hollywood News (11 June 2025).
  84. ↑ Salvador, Cinthia. Billy Idol celebrated his birthday in Mexico City and Daniela Villarreal from The Warning sang "Las Mañanitas" to him with a mariachi band ES. ციტირების თარიღი: 31 January 2026
  85. ↑ Billy Idol | Rock & Roll Hall of Fame en. ციტირების თარიღი: 2026-03-03
  86. 1 2 Prato, Greg. Billy Idol Biography. AllMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 17, 2022. ციტირების თარიღი: March 8, 2025
  87. ↑ Adams, Greg. Generation X – Generation X. AllMusic. ციტირების თარიღი: 27 March 2016
  88. ↑ Ogg, Alex. Valley of the Dolls Generation X. AllMusic. ციტირების თარიღი: 28 March 2016
  89. ↑ 'Dancing with Myself' by Billy Idol (Pub. Simon & Schuster, 2014).
  90. ↑ Breihan, Tom. (March 26, 2021) The Number Ones: Billy Idol's "Mony Mony. ციტირების თარიღი: November 8, 2023
  91. ↑ '80s bad boy Billy Idol returns with concert at Tower Theater, new music and a book (September 24, 2021). ციტირების თარიღი: March 30, 2025
  92. ↑ DANCING WITH MYSELF IS RELEASED! (7 October 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2025. ციტირების თარიღი: 8 March 2025
  93. ↑ Sullivan, Caroline (November 10, 2014). „Billy Idol proves he's still the prince of 80s glam-punk“. The Guardian. ციტირების თარიღი: March 30, 2025.
  94. ↑ Osterberg, Christopher (29 June 2022). „A survivor of rock'n'roll's extreme lifestyle“. The Budapest Times. ციტირების თარიღი: 20 September 2022.
  95. 1 2 Ruhlmann, William. Don't Stop - Billy Idol. AllMusic. ციტირების თარიღი: 15 August 2020
  96. ↑ Harrington, Jim. (5 March 2019) What is New Wave icon Billy Idol up to now? You might not guess. ციტირების თარიღი: March 8, 2025
  97. ↑ Rubén de Haro. (2020-05-01) Billy Idol - Charmed Life: 30 años de la cuna del amor más famosa del rock es. ციტირების თარიღი: 23 April 2025
  98. 1 2 Collar, Matt. Billy Idol Biography en. ციტირების თარიღი: 2025-06-01
  99. ↑ Rubén de Haro. (1 May 2020) Billy Idol - Charmed Life: 30 años de la cuna del amor más famosa del rock es. ციტირების თარიღი: 23 April 2025
  100. ↑ Taylor, Jonathan (1982-09-02). „Billy Idol“. Rolling Stone (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-06-01.
  101. ↑ Chiu, David. Billy Idol Talks 'Rebel Yell' On The Classic Album's 40th Anniversary en. ციტირების თარიღი: 2025-06-01
  102. ↑ Heller, Jason. (19 August 2013) New wave in the front, heavy metal in the back. The A.V. Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 May 2016. ციტირების თარიღი: 3 May 2016
  103. ↑ Peacock, Tim. (4 September 2024) 'Charmed Life': Billy Idol's Death-Defying Fourth Album. uDiscoverMusic. ციტირების თარიღი: 15 March 2025
  104. ↑ Stephen Thomas Erlewine. (2005-03-22) Devil's Playground – Billy Idol | Songs, Reviews, Credits, Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 10 April 2021
  105. ↑ Peak, Tony. (December 1, 2023) Billy Idol's Cyberpunk. Medium. ციტირების თარიღი: March 30, 2025
  106. ↑ Rivadavia, Eduardo. (September 9, 2016) Billy Idol Albums Ranked Worst to Best. ციტირების თარიღი: March 30, 2025
  107. ↑ Rud, Keld. (October 19, 2014) Billy Idol: Kings And Queens Of The Underground da. ციტირების თარიღი: 2025-04-25
  108. ↑ Muggs, Joe. Album: Billy Idol - Dream Into It (23 April 2025). ციტირების თარიღი: 25 April 2025
  109. ↑ O'Mahony, Isobel. (2025-04-25) GLAM ROCK GOES GRUNGE: BILLY IDOL RELEASES SLOW-BURNING NEW RECORD 'DREAM INTO IT' en-GB. ციტირების თარიღი: 2025-04-26
  110. 1 2 Folley, Aris. (17 November 2018) Billy Idol becomes a US citizen.
  111. ↑ .Hochman, Steve (1999). Popular Musicians: The Doobie Brothers-Paul McCartney. Salem Press. p.512
  112. ↑ Amica magazine. Milan, Italy: RCS Mediagroup S.p.A. #1 January 2012
  113. ↑ Billy Idol biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 July 2009. ციტირების თარიღი: 19 June 2021
  114. ↑ Billy Idol (5 October 2014). ციტირების თარიღი: 19 June 2021
  115. ↑ Roura, Phil. (11 September 2010) Wild at heart: Billy Idol may be a proud dad, but there's no taming the rocker.
  116. ↑ Irvin, Jack (8 July 2024). „Billy Idol Pays Tribute to Late Father William Broad on What Would've Been His 100th Birthday“. People. ციტირების თარიღი: 8 May 2025.
  117. ↑ Muller, Michael (25 September 2014). „Preview Billy Idol's Candid Memoir "Dancing with Myself"“. Rolling Stone.
  118. ↑ Harley-Davidson Celebrates 100 Years With Concerts, Exhibits en-US (2002-07-09). ციტირების თარიღი: 2025-10-07
  119. ↑ DeSantis, Rachel. Billy Idol's Daughter Reveals How a 23andMe Test Helped Lead Family to Singer's Long-Lost Son Brant. People Magazine (10 June 2025).
  120. 1 2 McClurg, Jocelyn. Billy Idol is as 'candid as possible' in new memoir.
  121. ↑ „Billy Idol: Sex, Drugs, 'Charmed Life,' and the Crash That Nearly Killed Me“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 September 2021. ციტირების თარიღი: 15 September 2021.
  122. ↑ Rock Idol Leaves Hospital After Treatment for Overdose (8 August 1994).
  123. ↑ Both Billy Idol and his friend John Diaz discuss this incident/drug in MTV BTM interview 2001 MTV Behind the Music (5 December 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 December 2021. ციტირების თარიღი: 15 June 2014
  124. ↑ Meisfjord, Tom. (28 July 2020) You probably wouldn't want to meet Billy Idol in real life. Here's why.
  125. ↑ Jakusz, Nick. (2025-04-22) Billy Idol: 'I Gave Up Booze, Found the Gym, and I'm Still a Badass' en-US. ციტირების თარიღი: 2025-10-07
  126. ↑ Trakin, Roy. (5 January 2023) Billy Idol on Getting the Mark of a True Idol: a Star on Hollywood Walk of Fame. ციტირების თარიღი: 14 January 2024
  127. ↑ Ryzik, Melena. (2026-02-19) Billy Idol Had It All, and Then He 'Lit It With Butane'. ციტირების თარიღი: 2026-02-22