ბიბი კვაჭაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიბი კვაჭაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 16 ივლისი, 1962(1962-07-16) (61 წლის)

ბიბი კვაჭაძე (დ. 16 ივლისი, 1962) — ქართველი მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკოსი, სიმღერების და ტექსტების ავტორი, რადიო და ტელე წამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბი კვაჭაძე დაიბადა 1962 წლის 16 ივლისს, თბილისში. 1979 წელს დაამთავრა 29-ე საშუალო სკოლა. 1980 წელს ჩააბარა უცხო ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ინგლისური ენის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ავტოავარიის შედეგად მიღებული უმძიმესი ტრავმების გამო, მან 1 წელი ე.წ. „აკადემიური“ აიღო, რის გამოც ინსტიტუტი 1985 წლის მაგივრად, 1986 წელს დაამთავრა. მძიმე ფიზიკური ტრამვების გამო, ბიბი გათავისუფლებული იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან.

1986 წელს დაოჯახდა და თავისი პროფესიით, მთარგმნელად დაიწყო მუშაობა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1987 წელს პირველი შვილი, ნინო შეეძინა. 1989 წელს მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მეორე მდივანის თანამდებობაზე. მუშაობდა პროტოკოლის განყოფილებაში, კულტურის და ეკონომიკის დეპარტამენტებში, მიიღო ატაშეს დიპლომატიური რანგი. 1990 წელს მეორე შვილი, ალექსანდრე შეეძინა. 1990 წელს ბიბი გააგზავნეს რუსეთში, ქალაქ მოსკოვში, საერთაშორისო ბიზნესის სკოლაში, სადაც მან 1990-1991 წლების განმავლობაში ისწავლა.

1992-1993 წლებში ჰოლანდიაში, ქალაქ ჰააგაში სწავლობდა და დაამთავრა აღმოსავლეთ ევროპის დიპლომატიური კორპუსისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსები. დაბრუნდა თბილისში და დაინიშნა პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ. 1993 წლის აგვისტოში, საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

ჰოლანდიაში სწავლის გარდა, იგი ასევე აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში და მუსიკალურ შეკრებებში, გაიცნო უამრავი საინტერესო მუსიკოსი, მუსიკალური პროდიუსერი და ამიტომ 1993 წლის ნოემბერში ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც დიდი ხნის ოცნება აისრულა. ბიბიმ ჰოლანდიაში ორი წელი იმუშავა როგორც record producer-მა და სესიურმა მუსიკოსმა. თანამშრომლობდა ევროპის სხვადასხვა ხმისჩამწერ სტუდიებთან, ჯგუფებთან, ბევრ კონცერტებზე გამოდიოდა და საპატიო ადგილიც დაიმკვიდრა შოუ-ბიზნესში. მას ყოველთვის დიდი პატივისცემით იწვევდნენ როგორც სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებზე, ასევე ადგილობრივ Jam-Session-ებზე. მიუხედავად მისი წარმატებული მუსიკალური კარიერისა, ბიბიმ ოჯახთან სიშორეს ვერ გაუძლო და 1994 წელს თბილისში დაბრუნდა.

საქართველოში დაბრუნებული, სხვადასხვა პატარა კომპანიაში იწყებს (კვლავ) თარჯიმნად მუშაობას. 1996 წელს რადიო წამყვანად მიიწვიეს FM „რადიო 96„-ში, სადაც პოპულარული რადიო დიჯეი გახდა. რადიო 96 მალე დაიხურა, მაგრამ მან მუშაობა განაგრძო რადიო „აუდიენცია"-ში (ახლანდელი რადიო იმედი - FM 105.9), სადაც რადიომსმენელს გამორჩეულად საინტერესო მუსიკალურ წამყვანად მოევლინა. ცოტა ხანში ბიბი ძალიან პოპულარული რადიო დიჯეი გახდა, მას რამდენიმე რადიო შოუ მიჰყავდა, ერთ-ერთი ამერიკული ტოპ 40 იყო (Rick Dees Weekly Top 40), რომელზეც რადიო აუდიენციას ჰქონდა ექსკლუზივი. 1996 წელს ბიბი აგრეთვე მიიწვიეს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ინგლისური ენის მასწავლებლის და ინსტრუქტორის თანამდებობაზე. იმავე წელს გამოჩენილმა რეჟისორმა. გიორგი ებრალიძემ ბიბი მუსიკალურ რედაქტორად მიიწვია ტელე-სტუდია „მაესტრო"-ში, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამდა. ბიბიმ სტუდიის მუსიკალური გაფორმების საქმე ითავა და დაიწყო სატელევიზიო გასართობი და მუსიკალური გადაცემებისთვის მუსიკის წერა და არანჟირება. ამ პერიოდში ბიბი ერთდროულად ოთხ ადგილზე მუშაობდა.

პროდიუსერული კარიერის პარალელურად ბიბი თბილისში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა. 2002 წელს, საელჩოდან წამოსვლის შემდეგ ამჯერად „საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში", (სწაპი) კვლავ თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. აშშ სპეციალური დანიშნულების რაზმის, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარისა და ბრიტანული სამხედრო შენაერთების დახმარებით, პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობისა და ქართული ჯარის მაღალ დონეზე მომზადებას. კრწანისის სამხედრო ბაზაზე, „სწაპი"-ს განხორციელებას ამერიკულ კომპანია KBR უზრუნველყოფდა.[1][2]

სამხედრო ბაზაზე ბიბიმ თარჯიმნად 2 წელი იმუშავა, ხოლო შემდეგ მიღებული იქნა კომპანიის მუდმივ შტატში, ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსად. ამ ხნის განმავლობაში იგი სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებს ხელმძღვანელობდა და

2007 წელს, ბიბი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საბავშვო მუსიკალური ტელეპროექტ „ანა-ბანა"-ს წამყვანად მიიწვიეს. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. 2007 წელს ბიბიმ KBR-იდან წამოსვლა გადაწყვიტა, რადგან შანსი მიეცა, თავისი დიდი ხნის ოცნება აესრულებინა. რუსთავი 2-ის პარალელურად, ბიბიმ ხმისჩამწერ სტუდია „სანო სტუდია"-ში, ხმის რეჟისორად და არანჟირების სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. აქ მან 2010 წლამდე იმუშავა.

2010 წელს ბიბი სამუშაოდ მიიწვიეს ხმისჩამწერ სტუდია Bravo Records-ში, მუსიკალური პროდიუსერის თანამდებობაზე, სადაც მან 2013 წლამდე იმუშავა. მუსიკოსმა პროფესიონალური მუსიკალური კარიერა ნიუ იორკში გააგრძელა. იგი მეგობრების რეკომენდაციით მოხვდა ქალაქის წამყვან ხმისჩამწერ კომპანიაში Purfek Storm Group. ბრუკლინში მან დააარსა საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია და ლეიბლი „Bibi's Freedom Productions Studio“ და ინტენსიურად თანამშრომლობდა ამერიკელ მუსიკოსებთან სხვადასხვა პროექტებზე.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროდიუსერი და ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბის დაწერილი აქვს ორიგინალური მუსიკა მხატვრული და ანიმაციური ფილმებისთვის. დაწერილი და ჩაწერილი აქვს 200-მდე საკუთარი სიმღერა, და 300-ზე მეტი ინგლისურ ენოვანი ტექსტი სხვადასხვა შემსრულებლისთვის. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჯგუფებთან და დუეტებთან, რომელთა შორის არიან ბლიცი, The Dreamers, Funkateers, GDEmpire, ბიბი და სერგი და სხვები.

ბიბი არის მრავალი მუსიკალური ალბომის პროდიუსერი და თანაპროდიუსერი. მის მიერ პროდიუსირებული შემსრულებლებლებია: თამთა ცხვიტავა, გოგი დოლიძე (სიმღერის ქავერ-ვერსია), დათო არჩვაძე, ქართული საგალობლები – კარბელაანთ კილო, ტრიო „სიმი", სოფო ხალვაში, ბიბი და სერგი, სტეფანე და 3G, ქართული ხმები, „ერისიონი", ნანი ბრეგვაძე, სოფო ნიჟარაძე (დუეტი დეჟა გომესთან) და მრავალი სხვები.

ამჟამად ბიბი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სადაც ხმისჩამწერ კომპანია PurfekStorm Group-ში მუსიკალურ კარიერას აგრძელებს.

პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბი და სერგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს სერგი გვარჯალაძე ჩამოვიდა გერმანიიდან და მათ სტუდია „Jazz Spirit“-ში დუეტ „ბიბი და სერგის“ სახით ჩაწერეს პირველი სიმღერა „Fish is My Friend“, რასაც მუსიკოსი და ხმის რეჟისორი პავკა კვაჭაძე ხელმძღვანელობდა. სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაიღეს გიორგი კიკალიშვილმა და ნიკა ლომიძემ. 1998 წელს დუეტმა ჩაწერა სიმღერა „ჩურჩხელა Unlimited“. 1998 წელს ბიბის ამერიკის საელჩოში, კერძოდ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში თარჯიმნად მუშაობა შესთავაზეს. იმის გამო, რომ ამერიკის საელჩოს მუდმივი სამსახური დიდ დროს და ენერგიას საჭიროებდა, ბიბი რადიო „აუდიენცია"-დან და ტელე-სტუდია მაესტროდან 1999 წელს თავისი ნებით წამოვიდა. პარალელურად მან თანამშრომლობა განაგრძო სერგისთან და დუეტმა თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში ჩაწერა სიმღერა „Satellite“, რომელიც წარადგინა გადაცემაში „ტერმინალი 72“.

ბიბი და სერგის დუეტის შემდეგი სიმღერა იყო „გაგივლის“, რომელიც ბიბიმ 1999 წელს დაწერა და სერგის მოასმენინა. სიმღერა ყოველგვარი დაფინანსების გარეშე იქნა ჩაწერილი. მათ სიმღერის ჩაწერაში მთელი „სანო სტუდია“ დაეხმარა, მერაბ სანოძისა (სტუდიის ხელმძღვანელი) და ავთო ჩიხრაძის (სტუდიის მუსიკალური პროდიუსერი) ხელმძღვანელობით. ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ნუგზარ ფანცულაია, ქართული ხმები - კახა გრიგალაშვილი და დათო კიკაბიძე, რევაზ ჭკადუა (ანსამბლი „ფაზისი); დათო ოძელაშვილი (ფლეიტა). 2003 წელს ჩაწერილი იქნა სიმღერის ახალი ვერსია, რასაც ახლდა მასზე მუსიკალური ვიდეოს შექმნაც. ბიბის და სერგის ბოლო ნამუშევარი იყო სერგის სიმღერა სახელად „Johnny The Milkman“, რომელიც ალტერნატიულ-ექსპერიმენტალური მუსიკის ჟანრის არის.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]