ბიანკა კაპელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბიანკა კაპელო
Possibly Bianca Capello de'Medici by Alessandro Allori.jpg
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
კორონაცია: 12 ივნისი, 1579
მმართ. დასაწყისი: 12 ივნისი, 1579
მმართ. დასასრული: 20 ოქტომბერი, 1587
წინამორბედი: იოჰანა ავსტრიელი
მემკვიდრე: კრისტინა ლოთარინგიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1548
დაბ. ადგილი: ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა
გარდ. თარიღი: 20 ოქტომბერი, 1587, (38-39 წლის)
გარდ. ადგილი: ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო
მეუღლე: პიეტრო ბონავენტური
ფრანჩესკო I მედიჩი
შვილები: ანტონიო მედიჩი
მამა: ბართოლომეო კაპელო
დედა: პელეგრინა მოროსინი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიანკა კაპელო (იტალ. Bianca Cappello; დ. 1548 — გ. 20 ოქტომბერი, 1587) — იტალიელი დიდგვაროვანი, რომელიც იყო ჯერ საყვარელი, შემდეგში კი უკვე მეორე ცოლი, ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა. მისმა ქმარმა იგი ოფიციალურად გამოაცხადა ტოსკანის კონსორტად, მეტიც, მისი კორონაციაც კი მოაწყო, რაზეც ინგლისელმა მწერალმა ჰორაციო ვალპოლმა პოემაც კი დაწერა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიანკა დაიბადა 1548 წელს ვენეციაში. იგი იყო ვენეციელი დიდგვეროვნის, მეტად პატივსაცემი ბართოლომეო კაპელოსა და მისი მეუღლის, პელეგრინა მოროსინის ასული. დედის ხაზით, იგი გავლენიანი ელიზაბეტა კორნაროს შვილიშვილი და მორისონთა ოჯახის შთამომავალი იყო.

1563 წელს ბიანკამ თავის შეყვარებულ პიეტრო ბონავენტურთან ერთად დატოვა ვენეცია და ფლორენციაში გაიქცა, სადაც პიეტრო სალვიატების ბანკში მოეწყო და სასწრაფოდ იქორწინა მასზე. ასეთი ქორწინების გამო, ბიანკას მშობლები რამდენიმე წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ. როგორც თავად ამბობდა, მართალია მას და პიეტროს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და ღარიბულად ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური არ ყოფილა. ამ პერიოდში მან თავისი პირველი შვილი გააჩინა — ვირჯინია ბონავენტური. სწორედ ამ დროს შეხვდა ბიანკას პირველად ტოსკანის დიდმა ჰერცოგმა ფრანჩესკო I-მა, რომელსაც იმდენად მოეწონა იგი, რომ მისი ფინანსურად უზრუნველყოფა გადაწყვიტა. ამ ამბიდან სულ მალე ბიანკამ რომანი გააბა ცოლ-შვილიან ფრანჩესკო I-თან, რაც მალევე გახდა ხალხისთვის ცნობილი. 1570 წელს მისი ქმარი პიეტრო მევალეებმა მოკლეს, 1574 წელს კი ფრანჩესკო უკვე ოფიციალურად ხდება დიდი ჰერცოგი. ფრანჩესკოს 1565 წლიდან მოყოლებული ცოლად საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ის ნაბოლარა ასული, იოჰანა ავსტრიელი ჰყავდა, რომელთანაც მას მხოლოდ სამი გოგონა შეეძინა, რის გამოც ჰერცოგს მემკვიდრის პრობლემა აწუხებდა.

ბიანკა კაპელო თავის ვაჟთან, ანტონიოსთან ერთად

1576 წელს ბიანკა კაპელომ ფრანჩესკოს ვაჟი გაუჩინა, სახელად ანტონიო. ვინაიდან მისი გაჩენა საიდუმლო გარემოებაში მოხდა და მისი ორსულობაც ეჭვ ქვეშ იყო, გავრცელდა ჭორები იმის თაობაზე, რომ ბიანკას სამი ორსული ქალბატონი ჰყავდა დაქირავებული, ხოლო რომელმაც ვაჟი გააჩინა მას ბავშვი გამოართვა და ჰერცოგს წარუდგინა, თუმცა ეს ისტორიულად დამტკიცებული არ არის. მიუხედავად ამისა, ვაჟის გაჩენით ბიანკამ სამუდამოდ დაატყვევა ფრანჩესკო, რომელსაც ამის შემდეგ მასზე ქორწინება სურდა.

1578 წლის 10 აპრილს იოჰანა ავსტრიელი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჰერცოგმა სასწრაფოდ და სრულიად საჯაროდ დაიწყო ახალი ქორწილისთვის მზადება. 1579 წლის 10 ივნისს, ფრანჩესკო I და ბიანკა კაპელო დაქორწინდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეურიგდნენ ბიანკას მისი მშობლები. 1583 წელს ფრანჩესკომ თავის პირველ მემკვიდრედ ანტონიო გამოაცხადა, ვინაიდან მას თავისი განსვენებული ცოლისგან გოგონების გარდა მხოლოდ ერთი ვაჟი დარჩა, რომელიც სწორედ ამ წელს დაიღუპა. როგორც ჰერცოგინია, ბიანკა კაპელო მეტად აქტიური აღმოჩნდა. იგი კარგად მართავდა სამეფო კარს, ორგანიზებას უწყობდა მნიშვნელოვან ღონისძიებებს და თანამშრომლობდა უცხოელებთან.

1587 წლის 20 ოქტომბერს ბიანკა კაპელო გარდაიცვალა. მისი მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ორი: I. იგი მისმა მაზლმა ფერდინანდომ მოწამლა, რომელსაც სძულდა იგი და II. დიდი ჰერცოგინია მალარიამ შეიწირა. მის დაღუპვამდე სულ ერთი დღით ადრე, 19 ოქტომბერს გარდაიცვალა ფრანჩესკო I, ტახტზე კი არა მათი ვაჟი ანტონიო, არამედ ფრანჩესკოს ძმა, ფერდინანდო I ავიდა, ვინაიდან ხალხი თვლიდა, რომ ანტონიო არ იყო ჰერცოგის ნამდვილი ვაჟი. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ იგი ფერდინანდომ მოწამლა, რადგან ბიანკა ტახტზე თავისი ვაჟის უფლებების დაცვას ცდილობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rosina Wheeler Bulwer-Lytton Lytton (2010) Bianca Cappello: An Historical Romance Nabu Press ISBN 978-1144883667