ბეშქენ I ჯაყელი
ბეშქენ I ჯაყელი — სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი XI საუკუნის შუა წლებში. წყაროებში მოხსენებული პირველი ჯაყელი. თუხარისის (ციხე-ქალაქი ტაოში) ერისთავი, ჯაყის (ციხე სამცხეში) მემამულე. სავარაუდოა, რომ მასვე ეკუთვნოდა სამცხის უძველესი ადმინისტრაციული ცენტრი - ციხე-ქალაქი ოძრხე.
ჯაყელმა ფარსმან თმოგველთან ერთად მხარი დაუჭირა ლიპარიტ IV ბაღვაშს საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის (1027-1072) წინააღმდეგ ბრძოლაში. სამცხის მეორე დიდმა ფეოდალმა სულა კალმახის ერისთავმა კი (სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალებთან ერთად) მეფეს უერთგულა და შეპყრობილი ლიპარიტი მიჰგვარა. ჯილდოდ ბაგრატ IV-მ მას უწყალობა ოძრხე და ციხისჯვარი. ამის შემდეგ ციხისჯვარელთა საგვარეულო ეცილება ჯაყელებს პირველობას სამცხეში. მიუხედავად ამისა, ჯაყელებმა, როგორც ჩანს, ამის შემდეგაც შეინარჩუნეს თავიანთი წარჩინებული მდგომარეობა და ჯაყის მფლობელობა XII საუკუნის 80-იან წლებამდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 547.