ბექა ოპიზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბექა (მრავალმნიშვნელოვანი).

ბექა ოპიზარიXII საუკუნის II ნახევრის — XIII საუკუნის დასაწყისის ქართველი ოქრომქანდაკებელი. წარმოშობით ან შემოქმედებითი მოღვაწეობით ოპიზასთან (კლარჯეთი) უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. თავისი დროისათვის და შემდეგაც სახელგანთქმული ხელოვანი. ჩვენს დრომდე მოაღწია ბექა ოპიზარის მხოლოდ ორმა ნამუშევარმა — ანჩის ხატის ჩარჩოსა და წყაროსთავის სახარების გარეკანის მოჭედილობამ. წყაროსთავის სახარების გარეკანის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), „ვედრების“ კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე — „ჯვარცმისა“. გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია („... წერით და მოჭედით:“) ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: „ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი“. ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195, გარეკანის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს.

სახელგანთქმული ანჩის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელის რკინაელის შეკვეთით შესრულდა. ხატის წარწერაში ნათქვამია: „ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაითა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ჴელვზავ საშინელისა, ამის ხატისა პატივით მოჭედად მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე“. ხატის ჩარჩო (145 სმ x 71 სმ) შემკულია „ვედრების“ კომპოზიციით მარჯვნივ და მარცხნივ შვეული არშიების შუაში მოთავსებულია მაღალი რელიეფით შესრულებული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ დაგრძელებული ფიგურები, ორი ზემოთა კუთხე მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უჭირავთ, ხოლო მათ შორის, ცენტრში, ე.წ. „საყდრის“ ალეგორიული გამოსახულებაა — სამეფო ტახტი ზედ ამართული ჯვრით. ქვემო არშიის შესაბამის ადგილებზე პეტრე და პავლე მოციქულებისა (კუთხეებში) და იოანე მახარებლის გამოსახულებებია.

ბექა ოპიზარს შეუსრულებია აგრეთვე ანჩის სახარების გარეკანის მოჭედილობაც, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1895, როდესაც ეს სახარება ე. თაყაიშვილმა პირველად ნახა წალკის რაიონის სოფელ წინწყაროში, მას მხოლოდ ხის ყდა ჰქონდა. ხელნაწერის ბოლოს დართულ ანდერძში ნათქვამია, რომ სოფრომ მწიგნობარმა წიგნის ყდა მოაჭედინა „... ღმრთისა მიერ კურთხეულსა ღირსსა ოქროჲსმქანდაკებელსა ბექასა“.

ბექა ოპიზრის ვირტუოზულად შესრულებული ჩუქურთმები, მაღალმხატვრულად დამუშავებული ფიგურები მოწმოს პროფესიული დახელოვნების მაღალ დონეს. ბექა ოპიზარის ნამუშევრები დამახასიათებელია ქართული ოქრომჭედლობის განვითარების იმ ეტაპისათვის, როდესაც დეკორატიულმა ტენდეციებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]