ბესტუჟევის ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბესტუჟევის ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლის ერთ-ერთი უძველესი სამამულე ჯიში სახორცე-მერძეული მიმართულებისა. გამოყვანილია XVIII საუკუნის ბოლოს – XIX საუკუნის 1-ლ ნახევარში მესაქონლე ს. პ. ბესტუჟევისა (აქედან სახელწოდება) და მისი მიმდევრების მიერ ციმბირის გუბერნიის სოფელ რეპიოვკაში (ახლანდ. ნოვოსპასკოეს რაიონი, ულიანოვსკის ოლქი, რუსეთი) ადგილობრივი საქონლის რთული კვლავწარმოებითი შეჯვარების მეთოდით შორტჰორნის, ჰოლანდიური, ხოლო მოგვიანებით სიმენტალური, ვილსტერმარშული და ზოგიერთი სხვა ჯიშის კუროებთან. პროდუქტიულობის მიმართულების მიხედვით განირჩევა სხეულის აგებულების ორი ტიპი — სახორცე-მერძეული და სარძევე-მეხორცული. ფერად წითელია (ქერა-წითლიდან ალუბლისფრამდე), ზოგჯერ თავზე, მუცლის ქვედა მხარეს და ჯიქანზე თეთრი ნიშნები აქვს. თანამედროვე საქონელს საშუალო სიმაღლე, წაგრძელებული მასიური ტანი და მაგარი ჩონჩხი აქვს. ჯიქანი საშუალო ზომისაა, მუსკულატურა საკმაოდ განვითარებული. მწარმოებელი კუროს (ბუღას) ცოცხალი მასაა 850 კგ (უდიდესი — 1200 კგ-მდე), სახორცე-მერძეული ფურისა 600—650, სარძევე-მეხორცულისა — 500—550. მონაწველი საშუალოდ 3000–3200 კგ რძეს შეადგენს, საშენ ნახირებში — 4000 კგ-ს (ლაქტაციის 305 დღეზე), მეწინავე მეორნეობებში — 5000 კგ-მდე ადის, რეკორდული მონაწველია 10386 კგ რძე; რძის ცხიმიანობა საშუალოდ 3,8–3,9% (ზოგადად 3,5–5%). ნაყოფიერება — 100% და მეტი. კარგად აკლიმატიზდება და აქვს პროდუქტიულობის მრავალწლოვანების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. მალმწიფადია, კარგად იკიდებს ქონს და სუქდება. ნაკლავის გამოსავალი 60%-მდეა. გამძლეა ძროხის ლეიკემიის ვირუსის (Bovine leukemia virus) მიმართ.[1] სანაშენე სამუშაოები ჩატარდა ჯიშის მონაწველისა და ჯიქნის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. იყენებენ სხვა ჯიშების გასაუმჯობესებლად. 1990-იანი წლებიდან ფართოდ მიმდინარეობს ბესტუჟევის ჯიშის ფურების შეჯვარება ჰოლშტინური ჯიშის წითელ-ჭრელ კუროებთან. გავრცელებულია ბაშკირეთში, თათრეთში, ულიანოვსკისა და სამარის ოლქებში, შეადგენს რუსეთის მერძეული საქონლის მთლიანი რაოდენობის 2%-ს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Красота В. Ф., Лобанов В. Т., Бабушкина В. А., Бестужевский скот, М., 1952;
  • Скотоводство. Крупный рогатый скот, т. 1, М., 1961;
  • Красота В. Ф. Бестужевская порода // Большая советская энциклопедия, т. 3 — М. : Советская энциклопедия, 1970;
  • Лискун Е. Ф. Крупный рогатый скот. М., 1951;
  • Толманов А. А., Катмаков П. С., Гавриленко В. П. Бестужевская порода: эволюция, прогресс, сохранение генофонда. Ульяновск, 2000;
  • Стрекозов Н. И., Сельцов В. И. Бестужевская порода // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 427-428.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rischkowsky, Barbara; Pilling, D. (eds.) (2007) The State of the World's Animal Genetic Resources for Food and Agriculture. Rome: Food and Agriculture Organization of the United Nations, გვ. 107. ISBN 9789251057629. ციტირების თარიღი: 20.5.2020.