ბესტსელერი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესტსელერი
Bestseller posteri.jpg
ავტორი ბექა ადამაშვილი
ილუსტრატორი თამარ თათელაძე, ია მახათაძე, თინათინ ბერბერაშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ლიტერატურა
ჟანრი სატირა, ფარსი, დეტექტივი, ფენტეზი
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2014
მედია თხელი ყდა
გვერდი 163
ISBN 9789941232442

ბესტსელერიბექა ადამაშვილის 2014 წლის სატირული რომანი. ნაწარმოებში მოქმედება ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ვითარდება. ადგილი, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათ წიგნები ტანჯავდნენ მკითხველებს; სადაც დიდი ძმის ტელევიზიას (BBC - BIg Brother's Channel) ორუელი განაგებს და შექსპირის სასტუმროს (ჰოტელო) - იორიკის თავის ქალა; სადაც ეგზიუპერი ანონიმ თვითმკვლელთა კლუბის გამორჩეული წევრია; სადაც მთელი გარემო ლიტერატურული ატმოსფეროთია გაჟღენთილი.[1]

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტორის თქმით ბესტსელერი - სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის რომანია ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ - ნერვებს. ეს არის წიგნი ადგილზე, რომელიც მწერლებისათვის ჯოჯოხეთია, მაგრამ მკითხველებისათვის ნამდვილი სამოთხე უნდა აღმოჩნდეს. და კიდევ უფრო სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი, რომელიც თავს თუ არა, დროს ნამდვილად არ დაგაკარგვინებთ.[2] ავტორმა ეს წიგნი მიუძღვნა ხეებს იმ მცირე ზიანის საკომპენსანციოდ, რომელიც მათ მიძღვნისთვის განკუთვნილმა ფურცელმა მიაყენა.

რომანის სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის დასაწყისში მოქმედება პარიზში ვითარდება. პიერ სონაჟი 33 წლის მწერალია, რომელიც ყველანაირად ცდილობს გახდეს პოპულარული. თუმცა უშედეგოდ. ამიტომ გადაწყვეტს 33–ე დაბადების დღეზე თავი მოიკლას და ამით მაინც მოიპოვოს ნანატრი მკითხველი. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვეტს, რომ ყველაზე ორიგინალური სიკვდილი მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობიდან გადმოხტომაა. და გადმოხტება ბურჯ-ხალიფადან. პიერ სონაჟი ათეისტია და ძალიან გაუკვირდება, როდესაც ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ამოყოფს თავს. ჯოჯოხეთის კარიბჭე დიდი იყო, ტრიუმფალურ თაღში ჩასმული. გარს კი შავი ობელისკების უზარმაზარი გალავანი მიუყვებოდა. ჯოჯოხეთის შესასვლელს ცერბერის, ნაცვლად ბასკერვილების ძაღლი იცავდა. იქვე კი დანტე ალიგიერი იდგა, რომელმაც გაუკვლია მწერალს გზა ლიტერატურულ ჯოჯოხეთში. მისგან გაიგო პიერმა, რომ აქ მწერლები თავიანთი მკითხველის გატანჯვისთვის ხვდებოდნენ.

სიუჟეტი პარალელურად მარსელშიც ვითარდებოდა, სადაც მწერლის 12 მკითხველიდან ერთ–ერთი გამორჩეული, ლუსი, მის გაცნობას ცდილობდა. პიერის მეზობელ კლოდს (რომელსაც ასევე მწერლობა სურდა) კი ძალიან მოსწონდა ლუსი. ამიტომ მწერალს დახმარება სთხოვა. პიერმა ისეთი წერილები მისწერა გოგონას, რომლითაც დააჯერა, რომ კლოდი მანიაკი იყო. საბოლოოდ ეს წყვილი ერთმანეთს კაფეში შეხვდა, თუმცა ლუსიმ უთხრა, რომ მათ შორის არაფერი გამოვიდოდა და თანაც საცხოვრებლად პარიზში გადადიოდა. კლოდი გულდაწყვეტილი დარჩა და გადაწყვიტა ლიტერატურული კარიერისთვის მიეხედა.

დანტემ პიერი ჯოჯოხეთში სასტუმრო ჰოტელოში დააბინავა, თვითონ კი წავიდა. მწერალი სულმოუთქმელად ელოდა თავის სასჯელს. აქ მან წაიკითხა დეკანონი, ანუ ლიტერატურული ჯოჯოხეთის 10 მცნება, რომელიც კრძალავდა პლაგიატობას და ჯაფარის მოკვლას. პიერმა დაშიფრული წერილიც მიიღო, თუმცა ვერანაირად ამოხსნა. ამიტომ საქმეში სერ ართურ იგნატიუს კონან დოილი ჩაერთო. მათ დაიწყეს შიფრის გახსნა. მოინახულეს სხვა მწერლები: ვიქტორ ჰიუგო, რომელიც აქაც მაღალფარდოვნად საუბრობს, ჰერბერტ უელსი,რომელსაც კვლავ ფანტასტიკური იდეები აწუხებს, ჯეიმზ ჯოისი, რომელიც თავისი ნაწარმოებების ლექსიკონებზე მუშაობს, მაინ რიდი, რომელსაც აქაც უთავო მხედარი ელანდება, ჯონ მილტონი, რომელსაც ბიბლიური იდეები არ ასვენებს, სემიუელ ბეკეტი, რომელიც გოდოს ელოდება და ჯორჯ ორუელი, რომელიც დიდი ძმის ტელევიზიას – BBC - BIg Brother's Channel – თავად განაგებს.

ლიტერატურული ჯოჯოხეთის რუკა

პიერ სონაჟი შეხვდება ანონიმ თვითმკვლელთა კლუბის წევრებს, რომლებმაც თავი შეგნებულად მოიკლეს სხვადასხვა მიზეზით. მისი გამორჩეული წევრია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, რომელმაც ქვეყანად ყოფნისას დანახული უსამართლობა ვერ მოითმინა და ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ყოფნა ამჯობინა. ამ კლუბის წევრები იყვნენ: ალექსანდრე პუშკინი, რომელმაც წინასწარ დაგეგმა დუელი. მისი თქმით, როცა ახალგაზრდა კვდები, მით უფრო გაფასებენ. ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება; აგათა კრისტი, რომელსაც დაავიწყდა რატომ მოიკლა თავი; ჯერომ სელინჯერი, რომელმაც მოწყენილობისგან მოიკლა თავი და ხალხმა მაშინ გაიგო, რომ ცოცხალი იყო. ერთ–ერთი წევრი მწერალი საერთოდ არ ყოფილა, უბრალოდ ისეთი გამოსათხოვარი წერილი დაწერა სიკვდილის წინ, რომ აქ მოახვედრეს. პიერ სონაჟიც ფორმალურად ამ კლუბს შეუერთდა. თვითკვლელმა პიერმა კლუბის მონახულების შემდეგ დოილთან ერთად საქმე გააგრძელა, ხოლო როცა პასუხამდე ახლოს იყო მის უკან მდგომმა მწერალმა თავში ჩაარტყა. როცა გამოიღვიძა დაბმული იყო და ერთი წუთი ჰქონდა მოსაფიქრებლად. რაღაც ძალით გონება გაუნათდა და პასუხს მიაგნო – პიერ სონაჟი.

აღმოჩნდა, რომ ედგარ ალან პოს, რომელსაც სასჯელების მოფიქრება ევალებოდა პიერის კლონი შეუქმნია. ახლა ისინი ორნი იყვნენ და ერთად გააგრძელებდნენ წერას. შემდეგ მათ იდეებს მუზების გზით დედამიწამდე ჩაიტანდნენ და სხვა მწერლებს ჩააგონებდნენ. თუმცა ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა. პიერი მაშინ მოვიდა აზრზე, როცა ხალიფას ლიფტში იყო. მას სიცოცხლის სურვილი დაუბრუნდა და გადაწყვიტა ამ სიზმარზე ბესტსელერი დაეწერა. ეს რიგით მეხუთე რომანი იქნებოდა, რომელიც წარმატებით გაიყიდებოდა.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია თითოეული თავის ირონიული სათაური.

  • „წინასიტყვაობის მაგიერ“-ის მაგიერ
  • პიარ-ნაბიჯი ანუ ჰოპლა ჯოჯოხეთში
  • ჯოჯოხეთური პოპულარობა
  • ლუსი და სხვ.
  • სხვ. და ლუსი
  • შიფრი შიფრისა წილ
  • სერიული მკვლელი
  • კონანის კანონი
  • ეძიებდე და პო-ებდე
  • ანონიმ თვითმკვლელთა კლუბი
  • ლიტერატურული ჯოჯოხეთის რუკა
  • P. S: პოს(ტ)მოდერნიზმი
  • კვანძის გახსნა
  • S = π r2
  • ბესტსელერი
  • ეპილოგი

დეკანონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეკანონში ირონიულად იგულისხმება დეკამერონი – (იტალ. Decamerone; დაახ. 1350–დან დაახ. 1353–მდე) — მწერალი ჯოვანი ბოკაჩოს მოთხრობათა კრებული, რომელიც შედგება 101 ნოველისგან. კრებულს თანამედროვეებმა „ადამიანური კომედია“ უწოდეს. დეკანონი არის ლიტერატურული ჯოჯოხეთის 10 მცნება.

  • არ დაწერო სქელტანიანი წიგნი, დაწერე მხოლოდ იმდენი – რამდენიც ერთ ღამეში წაიკითხება.
  • არ გახდე მხოლოდ ერთი წიგნის მწერალი.
  • ისწავლე წერტილის დროული დასმა
  • იკითხე ბევრი – წერე ცოტა – თორემ ბევრს დაწერ და ცოტა წაიკითხავს
  • პატივი ეცი შენს მკითხველს. ნუ მოაჩვენებ თავს ყოვლის-მცოდნედ.
  • არ გამოიყენო მრავალწერტილი ყველგან… – უსაფუძვლოდ სენტიმენტალურია
  • არა ჯაფარა-ჰკლა.
  • არა იპლაგიატო.
  • – დაწერე წინადადებები ტირეთი – მკითხველს მუდამ უხარია დიალოგების დანახვა
  • დაემორჩილე წინა ცხრა კანონს უსიტყვოდ

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანები საფრანგეთიდან
  • პიერ სონაჟი - 33 წლის მწერალი. 4 წიგნის ავტორი, რომელიც თვითმკვლელობას გადაწყვეტს პოპულარობის მოპოვების მიზნით და ლიტერატურულ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება.
  • ლუსი - პიერის ერთ–ერთი თაყვანისმცემელი თორმეტიდან. მას წერილობითი კონტაქტი აქვს ავტორთან.
  • კლოდი - ბიჭი, რომელიც მწერლობას აპირებს და თან ლუსი მოსწონს. პიერს რჩევას კითხავს თუ როგორ შეხვდეს გოგონას.
მწერლები ლიტერატურული ჯოჯოხეთიდან
ანონიმ თვითმკვლელთა კლუბის წევრები
  • ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - მწერალი, რომელმაც ქვეყანად ყოფნისას დანახული უსამართლობა ვერ მოითმინა და ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ყოფნა ამჯობინა.
  • ალექსანდრე პუშკინი - რომელმაც წინასწარ დაგეგმა დუელი. მისი თქმით, როცა ახალგაზრდა კვდები, მით უფრო გაფასებენ. ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
  • აგათა კრისტი - მწერალი, რომელსაც დაავიწყდა რატომ მოიკლა თავი.
  • ჯერომ სელინჯერი - მწერალი, რომელმაც მოწყენილობისგან მოიკლა თავი და ხალხმა მაშინ გაიგო, რომ ცოცხალი იყო.
სხვა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]