კიმ ბესინგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბესინჯერი, კიმ)
კიმ ბესინგერი

კიმ ბესინგერი 1990 წელს
დაბადების სახელი კამილა ენ ბესინგერი
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1953 (1953-12-08) (70 წლის)
ათენი, აშშ
აქტიური 1976-დღემდე
მეუღლე(ები) ალეკ ბოლდუინი (1993-2002)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1997 — ლოს-ანჯელესის საიდუმლოება
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1997 — ლოს-ანჯელესის საიდუმლოება

კამილა ენ „კიმ“ ბესინგერი (ინგლ. Kimila Ann "Kim" Basinger [ˈbeɪsɪŋɡəɹ], დ. 8 დეკემბერი, 1953, ათენი, ჯორჯია, აშშ) — ოსკაროსანი მსახიობი და ყოფილი მოდელი. მის გვარს ხშირად ამახინჯებენ და ბესინერს [ˈbæsɪndʒəɹ] წარმოთვქვამენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამამისი დონ ბესინგერი ორკესტრის მუსიკოსი იყო. დედამისი ანი კი მოდელი, მსახიობი და მოცურავე, რომელიც ესთერ უილიამსის რამდენიმე ფილმში გამოჩნდა. კიმს ორი ძმა, მიქი და სქიფი და ორი და, ეშლი და ბარბარა ჰყავს. ბესინგერს შვედურ-გერმანული წარმოშობა აქვს და მეთოდისტური ეკლესიის მრევლად მიიჩნევა. 16 წლის ასაკში მან თავის პატარა ქალაქ ათენში სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და ფორდის სააგენტოში მოდელის კარიერა დაიწყო, რისთვისაც ნიუ-იორკში მოუხდა ჩასვლა. იმხანად კიმმა მოდელობისთვის სიმღერისა და მსახიობის კარიერაზე თქვა უარი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოდიუმზე გასვლიდან მოკლე ხანში ბესინგერის ფოტოები წამყვანი ჟურნალების გარეკანზე ჩნდება. გასული საუკუნის 70-იან წლებში მისი ფოტოები ასეულობით ჟურნალს ამშვენებდა. ტოპ-მოდელის სტატუსი კიმს 20 წლის ასაკში მიენიჭა, რამაც მას დღიურად 1000 დოლარის შემოსავალი მოუტანა. ამასობაში მან პრესტიჟულ სამსახიობო სკოლა Neighborhood Playhouse-ში დაიწყო სიარული მსახიობის ოსტატობის შესასწავლად. 1976 წელს გარეკანის ვარსკვლავმა სამოდელო კარიერის გვერდზე გადადება გადაწყვიტა და ლოს-ანჯელესში ჩავიდა მსახიობის კარიერის დასაწყებად. თავდაპირველად კიმი სატელევიზიო ფილმების ეპიზოდებში ჩნდება: „მაკმილანი და ცოლი“ და „ჩარლის ანგელოზები". მისი პირველი სერიოზული როლი შედგა ფილმში Portrait of a Centerfold (1978), სადაც ის ქეთის თამაშობდა. სცენარის მიხედვით, ქეთი სოფლელი გოგონაა, რომელიც ჰოლივუდის დასაპყრობად მიემგზავრება, პირველივე წარმატების შემდეგ კი ის მამაკაცების ჟურნალების გარეკანზე ხვდება. 1983 წელს მან შონ კონერისთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ფილმში „აღარასოდეს თქვა არასოდეს“. 1984 წელს რობერტ რედფორდთან ერთად გასახიერებული როლისთვის ფილმში „ბუნებრივი" კიმმა ოქროს გლობუსის ნომინაცია მიიღო. ფილმის რეჟისორი ბარი ლევინსონია. კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელმა რეჟისორმა რობერტ ბერტონმა ბესინგერი 1987 წელს ფილმ „ნადინში" მიიწვია. ბესინგერის კარიერა კიდევ რამდენიმე კინოსურათს მოიცავს, თუმცა, არც თუ ისე თვალშისაცემს. კიმის იმხანად ყველაზე კაშკაშა კინოსახეებად შეიძლება დასახელდეს 1986 წელს „9½ კვირასა" და 1989 წელს „ბეტმენში" განსახიერებული ქალის მთავარი პერსონაჟები. შემდგომ პერიოდებში ბესინგერს აქტიურად იღებენ თრილერებში, თუმცა, კინოკრიტიკოსთა სიმპათიას ვერ იმსახურებს. 1997 წელს კი ბესინგერი კვლავ აღმოჩენაა ფილმით „ლოს-ანჯელესის საიდუმლოება", ფილმში ვარსკვლავი მთავარ როლს ასრულებს, რისთვისაც ოქროს გლობუსსა და ოსკარს იმსახურებს.

უნდა ითქვას, რომ ბესინგერს მემკვიდრებით არა მხოლოდ სამსახიობო ნიჭი, რამედ, ვოკალური მონაცემებიც გამოჰყვა. 1992 წელს ის საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს მუსიკალურ ნომერში , სადაც ოზი ოსბორნთან ერთად დაადო ხმა. კომპოზოციამ ბრიტანულ ჩარტებში მოწინავე ადგილი დაიკავა და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბესინგერი ალეკ ბოლდუინთან ერთად
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1983 აღარასოდეს თქვა არასოდეს Never Say Never Again დომინო პეტაჩი
1983 კაცი, რომელსაც ქალი უყვარდა The Man Who Loved Women ლუიზ კარი
1984 ბუნებრივი The Natural მემო პარისი
1985 სიყვარულით სავსე Fool for Love მეი
1986 9½ კვირა 9½ Weeks ელიზაბეთი
1987 ბრმა შეხვედრა Blind Date ნადია გეიტსი
1987 ნადინი Nadine ნადინ ჰაითაუერი
1988 ჩემი დედინაცვალი უცხოპლანეტელია My Stepmother Is an Alien სელესტ მარტინი
1989 ბეტმენი Batman ვიკი ვეილი
1991 ქორწინების ჩვეულება The Marrying Man ვიკი ანდერსონი
1992 დასკვნითი ანალიზი Final Analysis ჰიზერ ადამსი
1993 ნამდვილი მაკკოი The Real McCoy კარენ მაკკოი
1993 უეინის სამყარო 2 Final Analysis ჰანი ჰორნი
1994 გაქცევა The Getaway კეროლ მაკკოი
1994 მზა ტანსაცმელი Prêt-à-Porter კიტი პოერტერი
1997 ლოს-ანჯელესის საიდუმლოება L.A. Confidential ლინ ბრაკენი
2000 აფრიკაზე ნაოცნებარი I Dreamed of Africa კუკი გალმანი
2002 8 მილი 8 Mile სტეფანი
2002 ხალხო მე ვიცი People I Know ვიქტორია გრეი
2004 კარი იატაკში The Door in the Floor მარიონ ქოული
2004 ელვისმა შენობა დატოვა Elvis Has Left the Building ჰარმონი ჯონსი
2004 ქსელური Cellular ჯესიკა მარტინი
2006 ქალთევზას სავარძელი The Mermaid Chair ჯესიკა სალივანი
2006 ფულიც კი Even Money კეროლ კარვერი
2008 როცა ის შინ არ იყო While She Was Out დელა მეიერსი
2008 ინფორმატორები The Informers ლორა სლონი
2008 ალმოდებული დაბლობი The Burning Plain ჯინა
2010 ჩარლი სენ-კლაუდი Charlie St. Cloud კლერ სენ-კლაუდი

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბესინგერი ვიზაჟისტ რონ შნაიდერ-ბრითონს გაჰყვა ცოლად 1980 წელს. ისინი ფილმ Hard Country-ის გადაღებებზე შეხვდნენ ერთმანეთს . მათი ერთობლივი ცხოვრება 1988 წელს განქორწინებით დასრულდა. შნაიდერ-ბრითონი მოგვიანებით ყოფილი ცოლის შესახებ დაწერს მემურაებში „სამუდამოზე მეტხანს“ (Longer than Forever) სადაც აღწერილია კიმისა და მსახიობ რიჩარდ გირის ურთიერთობა ფილმ No Mercy-ზე (1986) და „დასკვნით ანალიზზე" (1992) მუშაობისას. კიმმა შემდგომ პრინცთან დაიჭირა კავშირი, რაც ერთი წელიც არ გაგრძელებულა. სულ მალე კიმმა თავისი მომავალი მეუღლე ალეკ ბოლდუინი გაიცნო რომანტიკულ კომედია „ქორწინების ჩვეულებაში“ (1991) გადაღებისას. ალექი და კიმი 1993 წლის 19 აგვისტოს დაქორწინდნენ და ერთი წლის თავზე მორიგ ეკრანულ წყვილად მოგვევლინნენ ფილმში „გაქცევა“. მათ 1998 წელს „სიმფსონების“ ერთ-ერთ ეპიზოდში საკუთარი თავი განასახიერეს, სადაც კიმმა თავისი გვარი შეუსწორა ჰომერ სიმფსონს და აუხსნა, რომ ბესინ"გ"ერი გამოითქმის და არა ბესინ"ჯ"ერი. კიმსა და ალეკს ერთი ქალიშვილი აირლანდ ელის ბოლდუინი ჰყავთ, რომელიც 1995 წელს დაიბადა. წყვილი ერთმანეთს 2000 წელს დასცილდა, 2002 წელს კი ოფიციალურად განქორწინდნენ.

ბესინგერს აგორაფობია აწუხებს, რასაც ჰოლივუდში თავისი კარიერის დასაწყისს მიაწერს, როდესაც ფოტო და კინოკამერების წინაშე ბიკინიში გამოჩენას სთხოვდნენ. ასეთი საღამოების შემდეგ კიმი შინ მიდიოდა, პიანინოზე უკრავდა და ხმამაღლა გაჰკიოდა თავი დამანებეთო.

კიმმა ოჯახის წევრების რჩევით 1989 წელს დაბა ბრეიზელთონი შეიძინა 20 მილიონ დოლარად, სადაც კინოქალაქის აშენებას და ფესტივალების გამართვას აპირებდა, თუმცა, ფინანსურ კრიზისში ჩავარდა და 1993 წელს შენაძენი გაყიდა. დაბას ახლა დეველოპერი უეინ მეისონი ფლობს. 1998 წელს ბარბარა უოლთერსთან ინტერვიუსას კიმმა დასძინა, რომ „კარგი არაფერი გამოვიდა ამ წამოწყებიდან და ამიტომაც შევეშვიო". რამდენიმე წლის წინ კიმ ბესინგერს ფინანსური კრიზისი დაუდგა სადავო ფილმ Boxing Helena-ს გამო, სტუდიამ სასამართლოში უჩივლა მსახიობს და კომპენსაციის სახით 8 მილიონი დოლარის გადახდა მოსთხოვა, სწორედ იმდროს კიმმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა და ჯარიმის მცირე ოდენობაზე მოარიგა მხარეები.

ბესინგერი ვეგეტერიანელია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კიმ ბესინგერი