შინაარსზე გადასვლა

ბერნულის კანონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამონარიდი დანიელ ბერნულის წიგნიდან "ჰიდროდინამიკა".[1]

ბერნულის კანონი (ასევე ცნობილი, როგორც ბერნულის განტოლება, ან ბერნულის პრინციპი) — სითხისა და აირის დინების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც იდეალური, უწყვეტი და სტაციონარული დინების შემთხვევაში სითხის ნაკადის გასწვრივ წნევის, დინების სიჩქარისა და სიმაღლის მნიშვნელობები მკაცრი ფორმულირებით უკავშირდებიან ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ბერნულიმ დაასკვნა, რომ წნევა მცირდება ნაკადის სიჩქარის მატებისას, ჩვეულებრივი ფორმით აღნიშნული ფორმულის გამოყვანა ლეონარდ ეილერს მიეწერება.[2][3]

ბერნულის პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს ნიუტონის მეორე კანონიდან. როდესაც სითხის მცირე მოცულობა ჰორიზონტალურად მიედინება მაღალი წნევის რეგიონიდან დაბალი წნევის რეგიონისკენ, უკნიდან მას უფრო მეტი წნევა აწვება, ვიდრე წინიდან. ეს ერთეულ მოცულობაზე ქმნის ძალთა ტოლქმედს, რაც მას ნაკადის ხაზის გასწვრივ აჩქარებს. თუ წნევა ნაკადის წირის გასწვრივ მცირდება, სითხე აჩქარებულია და სიჩქარე იზრდება. ამრიგად, წნევის შემცირება უფრო მაღალი სიჩქარის მიზეზია. ანალოგიურად, თუ წნევა იზრდება, სიჩქარე მცირდება.

ბერნულის პრინციპის თანახმად, იდეალური სითხის დინებისას, როდესაც არ მოქმედებს ხახუნის ძალა და სხვა ენერგიის დანაკარგები, ნაკადის ერთეულ მასაზე სრული მექანიკური ენერგია მუდმივია. შესაბამისად, სითხის დინების სიჩქარის ზრდას, როგორც წესი, თან ახლავს სტატიკური წნევის შემცირება, ხოლო სიჩქარის შემცირებას ‒ წნევის ზრდა (თუ სიმაღლის ცვლილება უმნიშვნელოა).

უკუმშვადი სითხის განტოლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვიხილოთ სითხის სტაციონარული მოძრაობა და ავიღოთ რომელიმე დენის წირი. ამოვარჩიოთ სითხის მასის ერთეული, რომელიც გადადის სითხის ერთი ნაწილიდან მეორეში. ამ დენის წირის გასწვრივ აღვნიშნოთ de-თი მისი შინაგანი ენერგიის ნაზრდი, dq- თი კი ‒ მიღებული სითბოს რაოდენობა. კინეტიკური ენერგიის ცვლილება იქნება d(v22). თუ სითხე გარეშე ველში იმყოფება, მისი გადანაცვლება გამოიწვევს პოტენციური ენერგიის გაზრდას და, რადგანაც ელემენტის მასა მიღებულია ერთეულად, ეს ნაზრდი იქნება dV.

ვთქვათ, გადასვლამდე ელემენტის მოცულობა იყო v, წნევა კი p. აღნიშნული გადასვლა შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ელემენტის მოცულობის შემცირება v-დან 0-მდე p წნევის დროს და შემდგომი გაფართოება 0-დან v+dv-მდე p+dp წნევის დროს. პირველი პროცესის დროს გარეშე ძალები შეასრულებენ pv მუშაობას, მეორე პროცესის დროს კი თვით ელემენტი შეასრულებს (v+dv)(p+dp) მუშაობას. საერთო მუშაობისთვის, რომელიც ამ რეგიონში სრულდება, მივიღებთ,

(p+dp)(v+dv)−pv=pdv+vdp

შევნიშნოთ, რომ dpdv≈0. ენერგიის მუდმივობის კანონის თანახმად გვექნება:

dq=de+pdv+vdp+d(v22)+dV

მეორე მხრივ, თერმოდინამიკის პირველი კანონიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ

dq=de+pdv

მაშასადამე, ზემოხსენებული და v=1ρ პირობის ძალით გვექნევა, რომ

dpρ+d(v22)+dV=0

ცხადია, რომ dpρ გამოხატავს მუშაობას, რომელსაც ასრულებს ელემენტი, როდესაც იგი უცვლელი მუშაობის პირობებში dp-თი მეტი წნევის ადგილზე გადადის. ინტეგრაციით დენის წირის გასწვრივ მივიღებთ განტოლებას:

∫dpρ+v22+V=const

იმ კერძო შემთხვევაში, როდესაც სითხე განიხილება, როგორც უკუმშვადი (ანუ, როდესაც სითხე წნევის ცვლილების მიუხედავად ინარჩუნებს სიმკვრივეს), მაშასადამე ρ მუდმივია, განტოლება მიიღებს შემდეგ სახეს

pρ+v22+V=const

ხოლო ვინაიდან გარეშე ველი არის დედამიწის მიზიდულობის ველი, გვექნება, რომ V=gz და საბოლოოდ ვიღებთ,

p+ρgz+ρv22=const
ტორიჩელის კანონის ილუსტრაცია, რომელიც პირდაპირ ბერნულის კანონიდან კერძო შემთხვევას წარმოადგენს.

განვიხილოთ ჭურჭელში ჩასხმული სითხე და მის გვერდითა კედელში გამავალი ვიწრო ხვრელი. ვთქვათ საწყისი წერტილია A, ხოლო გამომავალი წერტილი B. ვინაიდან, როგორც A, ისე B წერტილში სითხე გარეშე ატმოსფეროს ეხება, მისი წნევა ამ ორივე წერტილში იქნება ატმოსფერული წნევის ტოლი. ამიტომ, ბერნულის პრინციპის თანახმად, მივიღებთ

p0+ρgzA+ρvA22=p0+ρgzB+ρvB22

მეორე მხრივ, მასის მუდმივობის კანონის თანახმად, ჭურჭელში სითხის მასის შემცირებაჭურჭლიდან გამოდენილი სითხის მასის ტოლი უნდა იყოს. თუ თავისუფალი ზედაპირის ფართობი არის S, მაშინ დროის ერთეულში სითხის მასის ნაკლი SρvA. იმავე დროის ერთეულში გამოდინებული სითხის მასა იქნება sρvB, სადაც s გვერდით კედელში არსებული ნახვრეტის განიკვეთის ფართობია. შედეგად მივიღებთ, რომ

SρvA=sρvB⟹vA=sSvB

მიღებული შედეგის წინა განტოლებაში ჩასმა და მცირე გარდაქმნა მოგვცემს

vB2=2g(zA−zB)+s2S2vB

საიდანაც

vB=11−s2S22g(zA−zB)

თუ ნახვრეტის განიკვეთი s საკმარისად მცირეა სითხის თავისუფალ ზედაპირთან შედარებით, მაშინ s2S2 შეფარდება შეიძლება უგულებელვყოთ, რაც მოგვცემს უფრო მარტივ ფორმულას

vB=2g(zA−zB)=2gh

აღნიშნული ფორმულა ევანჯელისტა ტორიჩელის სახელს ატარებს. მისი გამოყენება დაშვებულია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა სითხეში სიბლანტით გამოწვეული ეფექტები უგულებელყოფილია.

თანამედროვე ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალი მოვლენა არსებობს, რომელთა ახსნაც ბერნულის პრინციპის გამოყენებით არის შესაძლებელი. ამასთან, რეალური სითხე სრულად უხახუნო არასოდეს არის და მცირე სიბლანტესაც კი ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია დინების ხასიათზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა.[4][5]

  • ბერნულის პრინციპი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფრთის ამწევი ძალის განსაზღვრისათვის, თუ ცნობილია ფრთის გარშემო სითხის დინების ხასიათი. მაგალითად, თუ თვითმფრინავის ფრთის ზედა ზედაპირზე მოძრავი ჰაერის სიჩქარე აღემატება ქვედა ზედაპირზე მოძრავი ჰაერის სიჩქარეს, ბერნულის პრინციპის თანახმად, ფრთის ზედა ზედაპირზე წნევა ქვედა ზედაპირთან შედარებით ნაკლები იქნება.[6] წნევათა ეს სხვაობა წარმოქმნის ზემოთ მიმართულ ამწევ ძალას. ფრთის ზედა და ქვედა ზედაპირებთან ჰაერის სიჩქარის განაწილების ცოდნის შემთხვევაში ამწევი ძალის გამოთვლა შესაძლებელია, კარგი მიახლოებით, ბერნულის განტოლების გამოყენებით. ბერნულიმ ეს განტოლება ფრენისათვის პირველი ხელოვნური ფრთების გამოყენებამდე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე ჩამოაყალიბა.
  • ბერნულის პრინციპი გამოიყენება აგრეთვე მრავალ დგუშიან ძრავში გამოყენებული კარბურატორის მუშაობის ასახსნელად. კარბურატორის ჰაერის არხში არსებობს შევიწროებული უბანი, სადაც ჰაერის სიჩქარე იზრდება და, შესაბამისად, სტატიკური წნევა მცირდება. წარმოქმნილი დაბალი წნევა ხელს უწყობს საწვავის შეწოვას კარბურატორში და მის შერევას შემომავალ ჰაერთან. კარბურატორის კონსტრუქციის მიხედვით, საწვავის მოძრაობის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წნევათა სხვაობა შევიწროებულ უბანსა და ადგილობრივ ატმოსფერულ წნევას შორის, აგრეთვე შევიწროებულ უბანსა და სხვა საცნობარო წერტილში გაზომილ წნევას შორის.
  • თვითმფრინავებში პიტოს მილი და სტატიკური წნევის შესასვლელი გამოიყენება ფრენის ჰაერის სიჩქარის განსაზღვრისათვის. ეს მოწყობილობები დაკავშირებულია სიჩქარის ინდიკატორთან, რომელიც თვითმფრინავის გარშემო ჰაერის დინების დინამიკური წნევის მიხედვით განსაზღვრავს მითითებულ ჰაერის სიჩქარეს. სიჩქარის ინდიკატორის დაკალიბრება ეფუძნება ბერნულის პრინციპს.
  • ლავალის საქშენი ბერნულის პრინციპთან დაკავშირებული მექანიზმის გამოყენებით საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილ წნევის ენერგიას დინების კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნის. გაზების მაღალი სიჩქარით გამოდინება, ნიუტონის მესამე კანონის შესაბამისად, წარმოქმნის რეაქტიულ ბიძგს.
  • რეზერვუარიდან სითხის მაქსიმალური შესაძლო გადინების სიჩქარე, როდესაც რეზერვუარის ქვედა ნაწილში ხვრელი ან ონკანია განთავსებული, შეიძლება უშუალოდ ბერნულის განტოლებიდან განისაზღვროს. იგი სითხის რეზერვუარში სიმაღლის კვადრატული ფესვის პროპორციულია. ეს დამოკიდებულება წარმოადგენს ტორიჩელის კანონს, რომელიც ბერნულის პრინციპთან თავსებადია. სითხის სიბლანტის ზრდა ამცირებს გადინების სიჩქარეს; ეს აისახება ნახარჯში, რომელიც დამოკიდებულია რეინოლდსის რიცხვსა და ხვრელის ფორმაზე.[7]

თუ იდეალური აირის ნაკადში არის ადიაბატურობა კმაყოფილდება, ანუ

p=p0ρ0γργ,ρ=ρ0p01/γp1/γ,𝒫=−γγ−1p0ρ0[1−(pp0)(γ−1)/γ],მაშინ ბერნულის განტოლება იღებს შემდეგ სახეს
v22−γγ−1p0ρ0[1−(pp0)(γ−1)/γ]=const

სადაც

  • γ=CpCV— აირის ადიაბატურობის კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს, შესაბამისად, მუდმივი წნევისა და მოცულობის პირობებში არსებულ სითბოტევადობათა შეფარდებას,
  • p,ρ — აირის წნევა და სიმკვრივე,
  • p0,ρ0 — წნევისა და სიმკვრივის პირობითად შერჩეული მუდმივი მნიშვნელობები.

მიღებული ფორმულიდან გამომდინარე ადვილად შესაძლებელია გამოვიანგარიშოთ მაღალი წნევის მქონე ჭურჭლიდან მცირე ნახვრეტიდან გამომავალი აირის სიჩქარე. მოსახერხებელია ჭურჭლის შიგნითა არეში არსებული წნევა და სიმკვრივე შესაბამისად აღვნიშნოთ p0-ითა და ρ0-ით. მაშინ, სენ-ვენანის კანონის თანახმად, ნახვრეტიდან გამომავალი აირის სიჩქარე იქნება

v=2γγ−1p0ρ0[1−(pp0)(γ−1)/γ]
  1. ↑ Hydrodynamica. Britannica Online Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2008-10-30
  2. ↑ Anderson, J.D. (2016), „Some reflections on the history of fluid dynamics“, Johnson, R.W., Handbook of fluid dynamics (2nd რედ.), CRC Press, ISBN 9781439849576, https://books.google.com/books?id=TQfYCwAAQBAJ
  3. ↑ Darrigol, O.; Frisch, U. (2008), "From Newton's mechanics to Euler's equations", Physica D: Nonlinear Phenomena 237 (14–17): 1855–1869,
  4. ↑ Mykhailyshyn, R.; Savkiv, V.; Majewicz Fey, A.; Xiao, J. (2023). „Gripping device for textile materials“. IEEE Transactions on Automation Science and Engineering. 20 (4): 2397–2408. Bibcode:2023ITASE..20.2397M. doi:10.1109/TASE.2022.3208796.
  5. ↑ Mykhailyshyn, R.; Romancik, J.; Harada, K.; Majewicz Fey, A. (2025) „Vibration Vanquished: Enhancing Grasping of Deformable Objects with Jet Gripper Technology“, 2025 IEEE 21st International Conference on Automation Science and Engineering (CASE). Los Angeles, CA, USA, გვ. 2874–2880. DOI:10.1109/CASE58245.2025.11164006. ISBN 979-8-3315-2246-9. 
  6. ↑ Resnick, R.; Halliday, D. (1960) Physics. New York: John Wiley & Sons. „Streamlines are closer together above the wing than they are below so that Bernoulli's principle predicts the observed upward dynamic lift.“ 
  7. ↑ Mechanical Engineering Reference Manual, 9th.