ბერნარდინ ევარისტო
ბერნარდინ ევარისტო | |
---|---|
ინგლ. Bernardine Evaristo | |
ბერნარდინ ევარისტო 2018 წელს | |
დაბადების თარიღი | 1959 (64–65 წლის) |
დაბადების ადგილი | ლონდონი, ინგლისი |
საქმიანობა |
|
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯი, როუზ ბრაფორდის კოლეჯი და ელთამ ჰილის სკოლა |
ჯილდოები | ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი, Fellow of the English Association, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, ბუკერის პრემია[1] [2] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი[3] , Jerwood Fiction Uncovered Prize[4] და Freedom of the Royal Borough of Greenwich[5] |
საიტი | bevaristo.com |
ბერნარდინ ევარისტო (ინგლ. Bernardine Evaristo; დ. 28 მაისი, 1959) — ბრიტანელი მწერალი. მისმა რომანმა „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ 2019 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა, რითაც ავტორი ამ ჯილდოს მფლობელი პირველი შავკანიანი ქალი და პირველი ბრიტანელი შავკანიანი გახდა. რომანი ბარაკ ობამამ 2019 წლის თავის 19 საყვარელ წიგნს შორის დაასახელა.[6] დღემდე „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ 35 ენაზე ითარგმნა. რომანების გარდა ევარისტოს შემოქმედება პიესებს, ლექსებსა და ესეებს მოიცამს. მისი პოემის „იმპერატორის შვილი“ (2001) და ნოველის „გამარჯობა, დედა“ (2010) მიხედვით BBC Radio 4-მა რადიოპიესები შექმნა.
ევარისტო მრავალი წარმატებული პროექტის ავტორია, რომელიც შავკანიან მწერალთა და ხელოვანთა ჩართულობის გაზრდას ემსახურება. 2012 წელს მან აფრიკულ პოეზიაში ბრუნელის საერთაშორისო პრემია დააარსა.[7] ევარისტო მწერალთა განვითარების სააგენტოს გაავრცელე სიტყვა ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.[8] 1982 წელს მან პოლეტ რენდელთან და პატრისია ჰილერთან ერთად ბრიტანეთში შავკანიან ქალთა პირველი თეატრალური კომპანია ჩამოაყალიბა.[9] 1990-იან წლებში მწერალმა ორგანიზება გაუწია ბრიტანეთში შავკანიანთა პირველ ლიტერატურულ კონფერენციას, რომელიც ლონდონის მუზეუმში ჩატარდა და აგრეთვე შავკანიანთა თეატრის პირველ მასშტაბურ კონფერენციას, რომელიც სამეფო ფესტივალის დარბაზში ჩატარდა.
ევარისტო ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის პროფესორია. მწერალი ლიტერატურის სამეფო საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარე იყო, 2020 წლიდან კი ვიცე-პრეზიდენტია. ევარისტო როუზ ბრაფორდის კოლეჯის, ბრიტანეთის ერთ-ერთი მთავარი დრამის სკოლის, პრეზიდენტია.
ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ევარისტო 2009 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, ხოლო 2020 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი გახდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევარისტო ლონდონში, ელთამის რაიონში, დაიბადა, ხოლო გაიზარდა ვულვიჩის რაიონში. იგი ოჯახში რვიდან მეოთხე შვილი იყო. მას თეთრკანიანი დედა ჰყავდა, რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო. მისი მამა, იულიუს ევარისტო, ნიგერიელი იყო. იგი ნიგერიაში გაიზარდა და ბრიტანეთში 1949 წელს ემიგრიდა, სადაც მშრომელთა პარტიიდან გრინვიჩის ოლქის საბჭოს პირველი შავკანიანი წევრი გახდა.[10]
ევარისტომ განათლება გრინვიჩის ახალგაზრდულ თეატრში, ელთამ ჰილის გოგონათა სკოლაში და როუზ ბრაფორდის კოლეჯში მიიღო. 2013 წელს მან ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯი შემოქმედებითი წერის დოქტორის ხარისხით დაამთავრა.[11]
მწერლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევარისტოს შემოქმედება, რომელიც მხატვრულ ნაწარმოებებს, მათ შორის პოემებს მოიცავს, აფრიკული დიასპორის ცხოვრების ასპექტებს იკვლევს.[12] მწერლისათვის დამახასიათებელია თხრობის ფორმისა და ნარატიული პერსპექტივის ექსპერიმენტირება.[12] იგი ხშირად ერთმანეთში ურევს წარსულსა და აწმყოს, პროზასა და პოეზიას, ფაქტობრივსა და თეორიულს, რეალობასა და ალტერნატიულ რეალობას.[13]
ევარისტოს პოემა „იმპერატორის შვილი“, რომელშიც მოქმედება რომაული პერიოდის ლონდონში ხდება, შავკანიანი მოზარდი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომლის მშობლები ნუბიელები არიან. პოემამ ინგლისის ხელოვნების საბჭოს მწერალთა ჯილდო მოიპოვა, ხოლო 2010 წელსს ჟურნალ The Times მიერ დეკადის 100 საუკეთესო წიგნს შორის დასახელდა.[14] 2013 წელს პოემის მიხედვით BBC Radio 4-მა რადიოპიესა შექმნა.[15]
ევარისტოს 2008 წლის რომანი „თეთრი ფესვები“ სატირაა, რომელშიც მონათა ვაჭრობის ისტორიის შებრუნებულ ასახვას ვხვდებით. მწერალმა შექმნა სამყარო, სადაც აფრიკელები ბატონები, ხოლო ევროპელები მათი მონები არიან.[16] რომანმა დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის, ორანჯის პრემიისა და ართურ კლარკის პრემიის ნომინაციები მოიპოვა.
ევარისტოს 1997 წლის პოემამ „ლარა“, რომელიც 2009 წელს განახლებული სახით გამოიცა, 1998 წელს საუკეთესო რომანის კატეგორიაში EMMA-ის ჯილდო მოიპოვა.[17] რომანი ნახევრად-ავტობიოგრაფიულია და მასში მწერალი საკუთარი შვიდი თაობის წინაპრების ფესვებს იკვლევს.[18]
ევარისტოს 2014 წლის რომანი „მისტერ საყვარელი“ 74 წლის ანტიგუელი ლონდონელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ფარული ჰომოსექსუალია და 50-წლიანი ქორწინების შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილებების გააზრებას იწყებს.[19][20] რომანმა ლგბტ პროზისთვის ფერო-გრამლის ჯილდო და ჯერვუდის პრემია მოიპოვა.[21]
მწერლის 2019 წლის რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ სხვადასხვა კულტურული ფონის, სოციალური ფენის, სექსუალობისა და წარმოშობის 19-დან 93 წლამდე ასაკის 12 შავკანიანი ბრიტანელი ქალის შესახებ მოგვითხრობს. რომანი პერსონაჟების იმედებს, პრობლემებსა და მათი ცხოვრებების გადაკვეთას ასახავს. 2019 წლის ივლისში „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ ბუკერის პრემიის ნომინანტთა გრძელ სიაში,[22] ხოლო სექტემბერში ფინალისტთა სიაში დასახელდა[23] და ნოემბრის თვეში მარგარეტ ეტვუდის რომანთან „აღთქმები“ ერთად ბუკერის პრემია მოიპოვა,[24] რითაც ევარისტო პრემიის ლაურეატი პირველი შავკანიანი ქალი ავტორი გახდა.[24] რომანი აგრეთვე წარდგენილი იყო ქალთა პრემიაზე პროზისთვის.[25]
სამწერლო მოღვაწეობისთვის ევარისტო ყოველწლიური სიის Powerlist 2021 წლის გამოცემაში, როგორც აფრო-ამერიკული წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი, მოხვდა.[26]
სწავლება და ტურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წლიდან ევარისტო შემოქმედებით წერას ასწავლის. მას არაერთი სასწავლებლის სტიპენდია მოუპოვებია, მათ შორისაა დართმაუზის კოლეჯი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტი.
2012-2015 წლებში აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში იგი უძღვებოდა The Guardian-ის კურსს „როგორ მოვყვეთ ამბავი“.[27][28]
ევარისტო ბრიტანეთის საბჭოს ბერლინის 32-ე და 33-ე ლიტერატურული სემინარების თავმჯდომარე იყო.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევარისტო დაქორწინებულია მწერალ დევიდ შენონზე.[29]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website
- "Bernardine Evaristo", Contemporary Writers, British Council.
- Bernardine Evaristo, Diaspora Writers UK.
- "Never Forgetting The Source — Bernardine Evaristo makes productive use of history" (interview), Quarterly Literary Review Singapore, 2004.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://thebookerprizes.com/fiction/backlist/2019
- ↑ https://www.bbc.co.uk/news/entertainment-arts-50014906
- ↑ The London Gazette — 2020. — გამ. 63135. — გვ. B12.
- ↑ https://fictionuncovered.co.uk/2014list/
- ↑ https://www.royalgreenwich.gov.uk/info/200164/about_the_royal_borough/320/freedom_of_the_borough
- ↑ Wood, Heloise (2019), "Obama hails Girl, Woman, Other and Normal People as favourite books of 2019", The Bookseller.
- ↑ Brunel International African Poetry Prize website.
- ↑ "About Us", Spread the Word.
- ↑ "Theatre of Black Women", Unfinished Histories: Recording the History of Alternative Theatre.
- ↑ "Bio", Author's website.
- ↑ Bernardine Evaristo, Goldsmiths College. Goldsmiths University of London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-20. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
- ↑ 12.0 12.1 "Bernardine Evaristo, Professor of Creative Writing", Brunel University London.
- ↑ Merritt, Stephanie (2008), "When slavery isn't such a black-and-white issue", The Observer.
- ↑ "The 100 Best Books of the Decade", The Times, 2009.
- ↑ The Emperor's Babe, BBC Radio 4, 2013.
- ↑ Charles, Ron (2009), "Race Reversal", The Washington Post.
- ↑ Bernardine Evaristo biography, British Council, Literature.
- ↑ Bernardine Evaristo, Lara at Bloodaxe Books.
- ↑ Gee, Maggie (2013), "Mr Loverman by Bernardine Evaristo – review", The Guardian.
- ↑ Osman, Diriye ( 2014), "The Dazzling Story of an Older, Gay, Caribbean Dandy", HuffPost Queer Voices.
- ↑ The Jerwood Fiction Uncovered Prize დაარქივებული 2016-04-27 საიტზე Wayback Machine. , Jerwood Charitable Foundation.
- ↑ „Atwood and Rushdie on Booker Prize shortlist“. BBC News. r 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ "The 2019 shortlist has been announced", The Booker Prizes, 2019.
- ↑ 24.0 24.1 Flood, Alison (2019language=en-GB). „Margaret Atwood and Bernardine Evaristo share Booker prize 2019“. The Guardian. ISSN 0261-3077. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Women's Prize for Fiction shortlist announced en-AU (2020-04-22).
- ↑ Lavender, Jane (2020). „Lewis Hamilton ends incredible year top of influential Black Powerlist 2021“. mirror (ინგლისური).
- ↑ "UEA-GUARDIAN MASTERCLASSES", News, Bernardine Evaristo, 2012.
- ↑ "#PotW Literary London annual lecture 23 July: Bernardine Evaristo: 'London, Londinium, Londolo: The Endless Possibilities of Re-Imagining London'" დაარქივებული 2015-10-12 საიტზე Wayback Machine. , Talking Humanities, School of Advanced Study, University of London,2014.
- ↑ „Bernardine Evaristo: Husband surprises Booker winner… with a book“. BBC News. 2021.