ბერლინის შერიგების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეკლესიის ფოტო 1899 წლის კატალოგში
ეკლესიის წინ 1961 წელს ბერლინის კედელი ააშენეს
ახალი შერიგების კაპელა, რომელიც დანგრეული ტაძრის ადგილზე აშენდა

შერიგების ეკლესია (გერმ. Versöhnungskirche) იყო ბერლინის ცენტრში, მიტეს რაიონში, ბერნაუს ქუჩაზე მდგარი ლუთერანული ტაძარი, რომელიც 1892 წელს აშენდა. 1985 წელს იგი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ააფეთქეს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია წითელი აგურით ნაშენებ ნეოგოთიკური სტილის ნაგებობას წარმოადგენდა. გერმანული ტრადიციისამებრ მიშენებული სამრეკლო სიმაღლით 75 მეტრს აღწევდა; მისი საფუძველი კვადრატული ფორმისა, მაღალი სახურავი კი რვაკუთხედის ფორმისა იყო. ტაძრის ნავი, რომლის საფუძველიც ასევე რვაკუთხედს წარმოადგენდა, გამოირჩეოდა ყოველგვარი საყრდენის გარეშე გამოყვანილი ერთიანი თაღით; ამის გამო იქმნებოდა ერთიანი სივრცე და ტაძარში მოსული 1000 მნახველი ყოველი კუთხიდან კარგად ხედავდა საკურთხეველს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერიგების ეკლესიის მშენებლობა 1892 წელს გერმანელი არქიტექტორის გოტჰილფ ლუდვიგ მეკელის გეგმის მიხედვით დაიწყო. ტაძარი დედოფალ ავგუსტა ვიქტორიას მიეძღვნა. აკურთხეს 1984 წლის 28 აგვისტოს. 1920-იან წლების ბოლოს ტაძრის მრევლი 20 000 კაცს შეადგენდა სამი წინამძღოლით.

ეკლესია მნიშვნელოვნად დაზარალდა მეორე მსოფლიო ომში. ომის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ მხარეთა მიერ საოკუპაციო ზონების გადანაწილების შემდეგ შერიგების ეკლესია ზუსტად საბჭოთა და ფრანგული ზონის საზღვარზე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, 1950 წელს აღადგინეს და 1961 წლამდე მასში ღვთისმსახურება აღესრულებოდა. მრევლის რაოდენობა ეკლესიის საზრვარზე მდებარეობის გამო 20 000-იდან სამჯერ შემცირდა.

საზღვრის გამო არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა ბერლინის კედლის მშენებლობის შემდეგ (1961 წლის 13 აგვისტო). 20 აგვისტოს ტაძრის კარიბჭის წინ ათ მეტრში ოთხი მეტრის სიმაღლის ბერლინის კედელმა გაიარა. მრევლის იმ ნაწილს, რომელიც დასავლეთ ბერლინში ცხოვრობდა, აღარ ჰქონდა საშუალება ტაძარში მისულიყო, რადგან ეკლესია მთლიანად აღმოსავლეთ ბერლინში აღმოჩნდა. 23 აგვისტოდან ტაძარში მისვლა უკვე აღარავის შეეძლო. ეკლესია აკრძალულ ტერიტორიაზე მდებარეობდა და, შესაბამისად, დაიხურა. მოგვიანებით გდრ-ის სასაზღვრო პოლიცია ეკლესიის სამრეკლოს საგუშაგო კოშკის დანიშნულებით იყენებდა. 1985 წლის 22 იანვარს გდრ-ის მთავრობის მოთხოვნით ეკლესიის ძირითადი ნაგებობა ააფეთქეს, სამრეკლო კი მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ დაანგრიეს.

გერმანიის გაერთიანების შემდეგ შერიგების ეკლესიის ყოფილმა მრევლმა დაიბრუნა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ტაძარი მდებარეობდა. მათ ძველი ეკლესიის საძირკველზე ახალი შერიგების კაპელა ააგეს, რომელიც 2000 წლის 9 ნოემბერს აკურთხეს და მას შემდეგ ღვთისმსახურება დღემდე მიმდინარეობს. აღმოჩენილი ძველი ზარები ახალი ტაძრის წინ არის განთავსებული. შერიგების კაპელაში თავისი ადგილი აქვს მიჩენილი ასევე ძველი ეკლესიის ძლიერ დაზიანებულ საკურთხეველსა და სამრეკლოს ჯვარს.

შერიგების ეკლესიიდან შემორჩენილი ქრისტეს ქანდაკება დღეს ბერლინის გეთსემანიის ეკლესიის წინ დგას.

შერიგების ეკლესიის ფუნდამენტი და საძირკვლის ნაშთები დღეს გერმანიის დაცულ ძეგლთა სიაშია შეყვანილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]