ბერკეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერკეტი

ბერკეტი — მცირე ძალის მეშვეობით დიდი ძალის გასაწონასწორებელი უმარტივესი მექანიზმი. ბერკეტი მყარი სხეულია, რომელიც ბრუნავს ღერძის გარშემო, ამ ღერძის მართობ სიბრტყეში მდებარე ძალების მოქმედებით. ბერკეტის წონასწორობის პირობა ზოგადად ის არის, რომ ამ სიბრტყესთან ბრუნვის ღერძის გადაკვეთის წერტილის მიმართ ძალთა მომენტების ალგებრული ჯამი ნულის ტოლია. თუ ბერკეტზე მოქმედებს ორი ძალა (მამოძრავებელი P და წინააღმდეგობის Q), მაშინ ბერკეტის წონასწორობის პირობაა: Pa=Qb, სადაც a და b - ბერკეტის მხრებია. მაშასადამე, მამოძრავებელი ძალა იმდენჯერ ნაკლები იქნება წინააღმდეგობის ძალაზე, რამდენჯერაც a მხარი მეტია b მხარზე; მაგრამ ამვე დროს რამდენჯერაც a მხარი მეტია b მხარზე, იმდენჯერ A წერტილის გადაადგილება მეტია B წერტილის გადაადგილებაზე. ე. ი. რამდენჯერაც ვიგებთ ძალაში, იმდენჯერ ვაგებთ გადაადგილებაში (მექანიკის „ოქროს წესი“).

ბერკეტის წონასწორობის პირობა, როდესაც მასზე სიმძიმის ძალა მოქმედებს, მოგვცა არქიმედემ (ძვ. წ. III საუკუნე); წონასწორობის ზოგადი პირობა ძალთა მომენტების საშუალებით ფრანგმა მათემატიკოსმა პ. ვარინიონმა მიიღო (1687). ბერკეტს, როგორც უმარტივეს იარაღს, უხსოვარი დროიდან იყენებენ. ამჟამადაც ტექნიკაში იგი მრავალი მექანიზმისა და მანქანის შემადგენელი ნაწილია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]