ბენქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენქსის "საყვარლები" ვენერიულ დაავადებათა კლინიკის კედელზე ბრისტოლში. საზოგადოების მხარდაჭერით ქალაქის საბჭომ ნახატი კედელზე არ წააშლევინა.

ბენქსი (ინგლ. Banksy; დ. 1974, ბრისტოლი) — ფსევდო-ანონიმური ინგლისელი გრაფიტის მხატვარი. მისი ვინაობა და ბიოგრაფიული დეტალები უცნობია. სავარაუდოდ იგი ბრისტოლელია და წარსულში ხორცის გადამამუშავებელ კომბინატში მუშაობდა, თუმცა გრაფიტით დაინტერესდა ბრისტოლის აეროზოლის დიდი ბუმის პერიოდში — 1980-იანი წლების ბოლოს. მისი ნამუშევრები, ძირითადად, სატირაა პოლიტიკურ, კულტურულ და ეთიკურ თემებზე, გამოირჩევა ტრაფარეტული ტექნიკით და ამით მსგავსია 80-იან წლებში პარიზში მოღვაწე ბლეკ ლე რატის და ლონდონის მეტროში 70-80-იანი წლების მიჯნაზე ანარქო-პანკ ჯგუფ კრასის წევრების მიერ შექმნილი ნამუშევრებისა სტილისა. შემდეგში ბენქსის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოჩნდა.

ბენქსი არ ყიდის ქუჩის გრაფიტის ფოტოსურათებს და არ აწყობს გამოფენებს კომერციულ გალერეებში. ამის მიუხედავად, ხელოვნების აუქციონერებს ბევრჯერ უცდიათ მისი ქუჩის ნამუშევრების გაყიდვა ადგილზე და მისი ადგილიდან მოხსნის პრობლემა მყიდველისთვის მიუნდიათ.

2018 წლის 5 ოქტომბერს ბენქსის ქმნილება "გოგონა წითელი ბუშტით" მოხვდა სოთბის აუქციონზე. აუქციონის მესვეურებს არ გაუხმაურებიათ იმ პიროვნების ვინაობა, ვინც ნამუშევარი გასაყიდად გაიტანა. მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ნახატი ხელმოწერილი იყო და მფლობელმა, სავარაუდოდ, 2006 წელს მოიპოვა თავად მხატვრისაგან. საბოლოო გასაყიდმა ფასმა 1 042 000 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. მყიდველმა ხმა სატელეფონო შეტყობინებით დააფიქსირა და მისი ვინაობა ასევე არ გასაჯაროებულა, თუმცა, იმავე წამს, როცა აუქციონის წამყვანმა ჩაქუჩი დაჰკრა გაყიდვის აღსანიშნავად, მოულოდნელად, ჩარჩოში წინაწარ განთავსებულმა უცნობმა მექანიზმმა ზოლებად დაჭრა და ამგვარად, გაანადგურა ნამუშევარი[1]. მხატვრის მიერ ინსტაგრამის პირად გვერდზე განთავსებულმა განცხადებამ და ვიდეომ ნათელი გახადა, რომ ეს მის მიერ წინასწარვე იყო დაგეგმილი.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://news.sky.com/story/banksy-painting-girl-with-red-balloon-self-destructs-after-1m-sale-at-sothebys-11518809
  2. https://www.bbc.com/news/uk-england-bristol-45770028