ბელონა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელონა
მშობ. სახელი: ინგლ. Bellona Island

კუნძულ ბელონას რუკა
გეოგრაფია
11°18′S 159°48′E / 11.30° ს. გ. 159.80° ა. გ. / -11.30; 159.80
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 17,16 კმ²
სიგრძე 10 კმ
სიგანე 2,5 კმ
უმაღლესი წერტილი 55 მ
პროვინცია რენელი და ბელონა
დემოგრაფია
მოსახლეობა 1009 (2009)
სიმჭიდროვე 58,8 ად. /კმ²

ბელონა (ინგლ. Bellona Island; ტრადიციული სახელი — მუნგიკი, ინგლ. Mungiki[1]) — კუნძული წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების რენელი და ბელონას პროვინციის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელონას კუნძული წარმოადგენს პატარა კუნძულს, რომლის ფართობი შეადგენს 17,16 კმ²-ს და იყოფა სამ ისტორიულ ნაწილად:

  • სა'აიჰო (დასავლეთი) (2,72 კმ²);
  • გონგაუ (ცენტრი) (10,76 კმ²);
  • მატანგი (აღმოსავლეთი) (3,68 კმ²).

მდებარეობს სოლომონის ზღვაში, რომელიც წყნარი ოკეანის ნაწილია, 24 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით კუნძულ რენელიდან. ბელონას სიგრძე შეადგენს დაახლოებით 10 კმ-ს, ხოლო სიგანე — 2,5 კმ-ს. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 55 მეტრზე.[2] ბელონას, როგორც კუნძულ რენელს, აქვს მარჯნული წარმოშობა და წარმოადგენს ამოწეულ ატოლს (მაკატეა). კუნძული გარშემორტყმულია მაღალი კლდეებით, რომელიც ჩამოყალიბებულია მარჯნული კირქვით.

კუნძულის კლიმატი ტროპიკულია მაღალი ტემპერატურით (22,7 °C-სა და 32,2 °C-ს შორის) და მაღალი სინოტივით. მაისიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ზოგჯერ ხდება გვალვები.[3] ბელონაზე ნაპოვნია ფოსფორიტისა და რკინის მადნის საბადოები.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1000 წელს ბელონას კუნძული დასახლებული იყო ხანმოკლე დროის განმავლობაში ლაპიტას კულტურის წარმომადგენლებით, რომლებიც ასევე ახორციელებდნენ დანარჩენი ოკეანეთის დასახლებას. ადამიანებით შემდეგი დასახლება კუნძულზე გაჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 130 წელს და შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის 1000 წელს. ბელონის თანამედროვე მოსახლეობის წარმოდგენებზე დაყრდნობით, მათი წინაპრები კუნძულზე დასახლდნენ დაახლოებით 26 თაობის წინ, სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვით 1400 წელს, და იყვნენ უოლისი და ფუტუნას კუნძულ უვეადან წამოსულები[3], სადაც, სავარაუდოდ, აღმოჩნდნენ ახალი კალედონიის ლუაიოტეს კუნძულების უვეას კუნძულიდან.[1] კუნძულ ბელონაზე მათი დასახლების დროს იქ უკვე ცხოვრობდნენ ჰიტის ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც მოსულებმა თანდათან გაანადგურეს.[1]

ევროპელების მიერ კუნძულ ბელონას აღმოჩენის ზუსტი დრო უცნობია. ზოგიერთ წყაროებში ამტკიცებენ, რომ კუნძული აღმოაჩინა კაპიტანმა ტომას ბატლერმა გემით «Walpole» 1794 ან 1801 წელს. სხვა წყაროებში პირველი აღმომჩენია გემ «Indispensable»-ს კაპიტანი უილიამ უილკინსონი, რომელმაც თითქოს კუნძული აღმოაჩინა 1790 წელს. მაგრამ ფაქტობრივად ვერც ერთი ამ ზღვაოსნიდან ვერ ჩაითვლება კუნძულის პირველ აღმომჩენად წყაროების არარსებობის გამო, რომლებიც უტყუარად ამტკიცებენ იმ ფაქტს, რომ ზუსტად მათ პირველებმა აღმოაჩინეს კუნძული.[4] მიუხედავად ამისა ცნობილია, რომ პირველი ევროპელი, რომელიც ბელონას აკვირდებოდა (ეს მოხდა 1793 წელს), იყო გემ «Bellona»-ს კაპიტანი მეტიუ ბოიდი, რომელმაც კუნძულს საკუთარი სავაჭრო გემის პატივსაცემად დაარქვა ეს სახელი.[3] შემდგომში კუნძულის არსებობის შესახებ იცოდა ბევრმა ვეშაპების დამჭერმა. ზუსტად ვეშაპების დამჭერები გახდნენ პირველი ევროპელები, რომლებიც 1829 წელს გადავიდნენ ბელონაზე.[5] მიუხედავად ამისა კუნძულელები ხანგრძლივი დროის განმავლობაში შიშით ურთიერთობდნენ უცხოელებთან და იმალებოდნენ უცხო გემების დანახვისას.

პირველი ევროპელები, რომლებმაც დაამყარეს კონტაქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან გახდნენ ქრისტიანი მისიონერები მელანეზიური მისიიდან, რომლებიც რამდენიმეჯერე ესტუმრენ კუნძულს 1856 წლიდან 1863 წლამდე პერიოდში, მაგრამ ბელონას სიშორის გამო კუნძულზე რომელიმე ქრისტიანული მისია ვერ დაფუძნდა.[6] XIX საუკუნის მეორე ნახევარში კუნძულის მოსახლეობის ნაწილი იძულებით წაიყვანეს კუინზლენდში (ავსტრალია) პლანტაციებში შაქრის ლერწამზე სამუშაოდ. ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, 1863 წლიდან 1887 წლამდე პერიოდში კუინზლენდში იძულებით წაიყვანეს 65 კუნძულელი.[6] მაგრამ ამ კუნძულიდან ჩამოყვანილი ხალხის დიდი რაოდენობით სიკვდილიანობის გამო ბელონამ მიიღო ცუდი რეპუტაცია პლანტატორებს შორის, ამიტომ მომავალში ბელონადან ხალხის იძულებით წამოყვანა საკმაოდ შემცირდა არქიპელაგის სხვა კუნძულებთან შედარებით.

1897 წლის 17 ივნისს ბელონას კუნძული ოფიციალურად გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის — სოლომონის კუნძულების ნაწილი. რეზიდენტ-კომისარის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა მხოლოდ 1906 წელს.[7] პარალელურად XX საუკუნის დასაწყისში ბელონაზე დასახლდნენ პირველი ქრისტიანი მისიონერები.[1]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს კუნძულ ბელონას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1009 ადამიანს[8], რომლებიც ცხოვრობენ 10 დასახლებულ პუნქტში. ქვეყნის ბევრი კუნძულისგან განსხვავებით ბელონას კუნძული უპირატესად დასახლებულია პოლინეზიელებით, თუმცა ქვეყანაში ჭარბობენ მელანეზიელები.

კუნძულის ადგილობრივი მოსახლეობის ძირძველი ენაა პოლინეზიური ენარენელ-ბელონა, რომელზე მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობა 1999 წელს შეადგენდა 4390 ადამიანს. ამ ენას, რომელზეც საუბრობენ რენელის და ბელონას კუნძულებზე, აქვს ორი ძირითადი დიალექტი: მუნგავა (რენელის კუნძულზე) და მუნგიკი (ბელონას კუნძულზე).[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 About Bellona Island (Mungiki). History.. Bellona. ციტირების თარიღი: 2010-04-06.[მკვდარი ბმული]
  2. About Bellona Island (Mungiki). Geography. Bellona. ციტირების თარიღი: 2010-04-06.[მკვდარი ბმული]
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 East Rennell, Solomon Islands. Encyclopedia of Earth. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
  4. Rolf Kuschel., Early Contacts between Bellona and Rennell Islands and the Outside World // The Journal of Pacific History, 1988, ტ. 23, № 2.
  5. Rolf Kuschel., Early Contacts between Bellona and Rennell Islands and the Outside World // The Journal of Pacific History, 1988, ტ. 23, № 2.
  6. 6.0 6.1 Rolf Kuschel., Early Contacts between Bellona and Rennell Islands and the Outside World // The Journal of Pacific History, 1988, ტ. 23, № 2.
  7. Rolf Kuschel., Early Contacts between Bellona and Rennell Islands and the Outside World // The Journal of Pacific History, 1988, ტ. 23, № 2.
  8. Cf. Recensement national de 2009 დაარქივებული 2011-12-16 საიტზე Wayback Machine. .
  9. Rennell-Bellona. A language of Solomon Islands. Ethnologue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-06.