ბელოგრადჩიკის ობსერვატორია
| ბელოგრადჩიკის ობსერვატორია | |
|---|---|
|
| |
| 43°37′22″ ჩ. გ. 22°40′30″ ა. გ. / 43.62278° ჩ. გ. 22.67500° ა. გ. | |
| ქვეყანა |
|
| დაარსდა | წ. |
| ოფიციალური საიტი | http://www.astro.bas.bg/~aobel/ |
![]() | |
ბელოგრადჩიკის ობსერვატორია — ასტრონომიული ობსერვატორია,[1] რომელსაც ფლობს და მართავს ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიის ინსტიტუტი. მდებარეობს ქალაქ ბელოგრადჩიკთან, ჩრდილო-დასავლეთ ბულგარეთში, დასავლეთ ბალკანეთის მთების ძირში.კიდევ ერთი ობსერვატორია, რომელსაც იგივე ინსტიტუტი განაგებს, არის როჟენის ობსერვატორია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელოგრადჩიკის ობსერვატორია აშენდა 1961 წელს ასტრონომიის მოყვარულთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი და მოგვიანებით სოფიის უნივერსიტეტის მთავარი ასისტენტ პროფესორი ჰრისტო კოსტოვი (1932-1982).
ბელოგრადჩიკის ობსერვატორია ბულგარეთის ისტორიაში იყო პირველი სასკოლო ობსერვატორია. გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა 1965 წლის 21 ივნისს, გახსნა ობსერვატორიის პირველმა დირექტორმა დოქტორ ალექსანდრე ტომოვმა (1930-2009 წწ.) და მას ესწრებოდა ბულგარელი ასტრონომების დიდი ნაწილი - აკადემიკოსი ნიკოლა ბონევი (1898-1979), პროფესორი მალინა პოპოვა (1922-2011), პროფესორი ცვეტან ბონჩევი, ასოცირებული პროფესორი ბოგომილ კოვაჩევი და მთავარი ასისტენტ პროფესორი ჰრისტო კოსტოვი.
1964 წლიდან 1974 წლამდე, კოსმოსური რბოლის ეპოქაში, ობსერვატორია გამოიყენებოდა როგორც დამხმარე სადამკვირვებლო ბაზა საბჭოთა თანამგზავრების თვალყურის დევნებისთვის. 1960-იანი წლების მიწურულს ლექცია-დარბაზისა და გუმბათის მიმდებარედ აშენდა დამატებითი სამუშაო კვლევითი ცენტრები. დირექტორად მუშაობის დროს (1964-1988 წწ.) დოქტორ ტომოვმა საბჭოთა გამოცდილება ობსერვატორიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყენა და საბჭოთა ასტრონომიული სკოლის მეთოდების უმეტესი ნაწილი დანერგა. 1976 წელს მუშაობის პროცესის მეთვალყურეობა თავის თავზე აიღო ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიამ. მას შემდეგ ობსერვატორია მთლიანად გამოიყენებოდა სამეცნიერო კვლევებისთვის, სოფიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის ასტრონომებთან და უცხოური ინსტიტუტების წევრებთან თანამშრომლობით. იმ დროისთვის, როდესაც ასტრონომიის ინსტიტუტი გახდა აკადემიის ცალკე სტრუქტურა, 1995 წელს, ობსერვატორიის განვითარების დონემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
1990-იან და 2000-იან წლებში ასოცირებულმა პროფესორმა დოქტორ ალექსანდრე ანტოვმა, ობსერვატორიის მეორე გრძელვადიანმა დირექტორმა, მოახდინა შენობის საცხოვრებელი და სამეცნიერო ობიექტების მოდერნიზება. 1994 წელს უფრო მცირე გუმბათი დაემატა.
ობსერვატორიის ამჟამინდელი დირექტორია ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ანტონ სტრიგაჩოვი. 2015 წლის ივლისში ბულგარეთის ასტრონომიული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე ობსერვატორიამ თავისი ფუნქციონირების 50 წელი აღნიშნა.
აღჭურვილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ობსერვატორიამ მუშაობა დაიწყო 15 სმ-იანი კასეგრინის ტელესკოპით. 1969 წლის აგვისტოში იგი შეიცვალა 60 სმ კასეგრინის ტელესკოპით, რომელიც დამონტაჟებულია წინა ტელესკოპის 5 მეტრიან გუმბათში. ძირითადი ფოკუსური მანძილი არის 2400 მმ, ხოლო კასეგრინის ფოკუსში ფოკუსური მანძილი 7500 მმ-ია, ფარდობითი დიაფრაგმით f/12.5. კასეგრინის ფოკუსში ხედვის ველი არის 20'. მთავარ ინსტრუმენტში ასევე მოთავსებულია უფრო მცირე, 110 მმ რეფრაქტორის საპოვნელი, რომლის ფოკუსური სიგრძეა 750 მმ და ხედვის ველი 2 გრადუსია.
1969-დან 1980 წლამდე ბელოგრადჩიკის ობსერვატორიას ეკუთვნოდა ბალკანეთის უდიდესი ტელესკოპი, რომელიც შემდგომში დაიჩრდილა როჟენის ობსერვატორიის 2 მეტრიანი RCC ტელესკოპით. როჟენის ობსერვატორია ითვლებოდა საუკეთესოდ 2007 წლამდე. ტელესკოპის შეძენა ღირდა 200 000 ლევი, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი ღირებულებას წარმოადგენდა. ორივე ინსტრუმენტი დამზადებული იყო გერმანული Carl Zeiss AG-ის მიერ. მოგვიანებით მწარმოებელთან დამყარებულმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო როჟენის ობსერვატორიისთვის ინსტრუმენტების შეძენას და მის აღჭურვას. ამჟამად მას ასევე აქვს 60 სმ-იანი კასეგრინის ორმაგი ტელესკოპი. ამ ეტაპზე 15 სმ-იანი ტელესკოპი გამოიყენება მხოლოდ ვიზიტორების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. 1994 წელს ობსერვატორიას კიდევ ერთი კატადიოპტრიკული ტელესკოპი დაემატა, რომელიც ცალკე, უფრო პატარა გუმბათში მოათავსეს - 14 დიუმიანი (36 სმ) შმიდტ-კასეგრინის მოდელი.
ინსტრუმენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1973 წელს აშენდა პირველი ბულგარული ერთარხიანი ელექტროფოტომეტრი და დამონტაჟდა მთავარ ინსტრუმენტზე, რომელიც მუშაობდა ფოტონების დათვლისთვის, ფილტრების UBV ფოტომეტრული სისტემის და ხუთი დიაფრაგმის (0,5–5 მმ) გამოყენებით. იგი განახლდა რამდენიმე წლის შემდეგ EMI-9789 QA ფოტომულტიპლიკატორით. 1997 წელს ფოტომეტრის წინასწარი გამაძლიერებელი-დისკრიმინატორის მოდელი შეიცვალა უკრაინაში აშენებული ახალი მოდელით. მას ჯერ კიდევ იყენებენ კაშკაშა ვარსკვლავებისთვის. ST-8 CCD კამერა გამოიყენებოდა 1997 წლიდან 2008 წლამდე. 2008 წლიდან მთავარი, 60 სმ-იანი ტელესკოპი აღჭურვილია CCD კამერით FLI PL-9000, დამზადებული Finger Lakes Instrumentation (აშშ). ის იყენებს KAF-09000 ჩიპს 3056 x 3056 პიქსელის გარჩევადობის და 16-ბიტიან ADC-ს. პიქსელის ზომა არის 12 მკმ, რაც გვაძლევს ტელესკოპის მასშტაბს 0,330 რ/წმ/პქს-ს და 1,0 რ/წმ/პქს-ს 3 x 3-ით. ხედვის ველი არის 17' x 17'. გამოიყენება BVRcIc Johnson-Cousins-ის სტანდარტული ფილტრები.
დაკვირვებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ობსერვატორია გამოიყენებოდა თანამგზავრული ასტრომეტრიისთვის (1960-1970-იანი წლები). 1964-1974 წლებში დაფიქსირდა 1000-ზე მეტი საბჭოთა თანამგზავრი და მონაცემები ორბიტის კორექტირებისთვის გაიგზავნა მოსკოვში, მისიის კონტროლის ცენტრში. მოგვიანებით, 1970-იან და 1980-იან წლებში ჩატარდა 200-ზე მეტი კატალოგური, ორმაგი და მრავალჯერადი გალაქტიკის ფოტო-ელექტრული კვლევები (1970-1980-იანი წლები). ჰოლმბერგის ეფექტი გამოიყენებოდა ფიზიკური და ვიზუალური სისტემების დასადასტურებლად ან გამოსარიცხად (ორობითი და მრავლობითი). შესამჩნევი შედეგები შეტანილ იქნა „ფოტოელექტრული მაგნიტუდებისა და ფერების ზოგად კატალოგში 3578 გალაქტიკის UBV სისტემაში - უფრო კაშკაშა ვიდრე მე-16 V სიდიდის მაგნიტუდა (1936-1982)“ (G. Longo, Antoinette de Vaucouleurs და H.G. Corwin).
1990-იან წლებში, გარდა ცვალებადი ვარსკვლავების სწრაფი ვარსკვლავური ელექტროფოტომეტრიისა, მიმდინარეობდა ზედმიწევნითი დაკვირვება მზის სისტემის მცირე სხეულებზე, მათ შორის ყველაზე ცნობილია 1994 წლის ივლისის დაკვირვება: შომეკერ-ლევის 9 კომეტა იუპიტერთან. ბოლო წლებში ობსერვატორიის პროექტებზე ბულგარელებთან ერთად იმუშავეს რუმინელმა ასტრონომებმა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო Gaia-ს პროგრამა, რომელიც ჩაეშვა 2013 წლის დეკემბერში. სწორედ ამ დროისთვის ავტომატური სეისმოგრაფი დამონტაჟდა მიმდებარე იზოლირებულ განყოფილებაში, სადაც ის ემსახურება როგორც რუმინელ, ასევე ბულგარელ სეისმოლოგებს. კვლევის ამჟამინდელი სფერო მოიცავს CCD დაკვირვებებს ძირითადად ცვალებადი ვარსკვლავების ტიპების დიდ დიაპაზონზე, ისევე როგორც აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებზე (AGN) - კერძოდ, ბლაზარებზე.
ბელოგრადჩიკის ობსერვატორიაში დაკვირვებებს ახორციელებენ რამდენიმე ჯგუფის მკვლევარები, შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების ფარგლებში. ობსერვატორია წლების განმავლობაში თანამშრომლობდა და ატარებდა ერთდროულ დაკვირვებებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან თუ დაწესებულებასთან ერთად, მაგალითად, როგორიცაა „ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორია“ უკრაინაში, „ტერსკოლის ობსერვატორია“ რუსეთში, „ბიურაკანის ობსერვატორია“ სომხეთში, „სკინაკასის ობსერვატორია“ საბერძნეთში, კრეტაზე, „ჩელმოსის ობსერვატორია“ სერბეთში, „ონდჟეოვის ობსერატორია“ ჩეხეთში, „ტორუნის ობსერვატორია“ პოლონეთში, ასევე გერმანიის, სლოვაკეთის, საფრანგეთისა და ინდოეთის ობსერვატორიები. რეგულარულად ტარდება ერთდროული დაკვირვებები როჟენის ობსერვატორიასთან თანამშრომლობით. დაკვირვების პერიოდს/დროს ანაწილებს და მართავს ინსტიტუტის დროის განაწილების სპეციალური კომიტეტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური გვერდი
- ასტრონომიის ობსერვატორიის გვერდი
- როჟენის ობსერვატორიის გვერდი
- Alexander Tomov's history as a director (in Bulgarian)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Astronomical Observatory. ციტირების თარიღი: 2024-02-05
