ბელგრადის ლიცეუმი

ბელგრადის ლიცეუმი (სერბ. Београдски Лицеј) — ლიცეუმი, რომელიც მოქმედებდა სერბეთის სამთავროში და წარმოადგენდა პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სწავლება სერბულ ენაზე მიმდინარეობდა. იგი დაარსდა 1838 წელს პრინც მილოშ ობრენოვიჩის მიერ ქალაქ კრაგუევაცში. მოგვიანებით ლიცეუმი გადატანილ იქნა ბელგრადში, სადაც 1863 წლამდე მდებარეობდა პრინცესა ლუბიცას სასახლეში, რის შემდეგაც იგი გადაკეთდა უმაღლეს სკოლად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1838 წლის 1 ივლისს მთავარმა მილოშ ობრენოვიჩმა გამოსცა ბრძანება ქალაქ კრაგუევცში ლიცეუმის შექმნის შესახებ, რომლის სწავლების ვადა ოთხიდან ექვს წლამდე იყო განსაზღვრული 17-22 წლის ახალგაზრდებისთვის. თავდაპირველად განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ საგნებს, როგორიცაა ფილოსოფია, ისტორია, მათემატიკა, სტატისტიკა, გერმანული ენა და ხატვა. სექტემბერში მთავარმა შემოთავაზებული სასწავლო გეგმა დაამტკიცა და 1 ოქტომბრიდან დაიწყო ლექციები. ლიცეუმის პირველი ლექტორები იყვენენ პროფესორები პეტარ რადოვანოვიჩი და აფანასი ტოროვიჩი, ხოლო რექტორად დაინიშნა ატანასიე ნიკოლიჩი, რომელმაც ლიცეუმისთვის საკუთარი სახელმძღვანელოები შეადგინა. პირველ ნაკადში ლიცეუმში ჩაირიცხა 21 ადამიანი, მათგან 17-მა მოახერხა სწავლის დასრულება. მეორე სასწავლო წელს პროგრამაში დამატებით შევიდა ფიზიკა, გეომეტრია და ფრანგული ენა. შემდეგ 1840 წელს სავალდებულო საგნად დაემატა მართლმადიდებლური რელიგიის საფუძვლები.
1841 წელს ლიცეუმში ფილოსოფიური ფაკულტეტის გარდა გაჩნდა იურიდიული ფაკულტეტი, და სასწავლო დაწესებულება გადატანილ იქნა ბელგრადში, სადაც იგი თავდაპირველად კერძო სახლში იყო განთავსებული, ხოლო 1844 წლიდან — მთავრის ცოლის ლუბიცას სასახლეში. 1845 წელს პროფესორ ვუკ მარინკოვიჩის ხელშეწყობით ლიცეუმში შეაგროვეს თანამედროვე საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების კომპლექტი ფიზიკის ლექციებისთვის.
1853 წელს ფილოსოფიურ და იურიდიულ ფაკულტეტებს დაემატა ტექნიკური ფაკულტეტი. ამ პერიოდში ლიცეუმში ლექციებს კითხულობდა მრავალი ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი, მათ შორის კონსტანტინ ბრანკოვიჩი, იოვან სტერია-პოპოვიჩი, მატია ბანი, ჯურო დანიჩიჩი, იოსიფ პანჩიჩი, პანტა სრეჩკოვიჩი, ლუბომირ ნენადოვიჩი, მატვეი ნენადოვიჩი და სხვები.[1][2]
ცნობილია, რომ 25 წლის განმავლობაში ლიცეუმის მსმენელი იყო 1216 ადამიანი. თუმცა ყველამ ვერ მოახერხა გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება — ზოგი ჯანმრთელობის პრობლემების გამო იძულებული იყო შეეწყვეტა სწავლა, ზოგს კი ფინანსური მიზეზების გამო გაირიცხნენ ლიცეუმიდან. გამოშვების შემდეგ განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტები იღებდნენ სახელმწიფო სტიპენდიას, რაც მათ საშუალებას აძლევდა გაეგრძელებინათ სწავლა საზღვარგარეთ. 1847-1851 წლების პერიოდში ლიცეუმში მოქმედებდა „სერბი ახალგაზრდობის მეგობრები“, სტუდენტების ნებაყოფლობითი გაერთიანება. ეს ინიციატივა მოგვიანებით აიკრძალა სახელმწიფო საბჭოს მიერ, რადგან შეიცავდა კრიტიკას წესდების დამცველების მისამართით.[3]
1863 წელს ლიცეუმი გადავიდა ახალ შენობაში, რომელიც აშენდა კაპიტან მიშა ანასტასიევიჩის ფინანსური მხარდაჭერით, და რეორგანიზდა უმაღლეს სკოლად, რომელიც 1905 წელს გახდა ბელგრადის უნივერსიტეტის საფუძველი.
ლიცეუმის მასწავლებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოვან სტერია-პოპოვიჩი
- კურო დანიჩიჩი
- მატია ბანი
- იოსეფ პანჩიჩი
- დიმიტრი ნეშიჩი
- ლუბომირ ნენადოვიჩი
- მატფეი ნენადოვიჩი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Оснивање Лицејаdate=2018-05|bot=InternetArchiveBot (სერბული)
- Атанасије Николић — први ректор Лицеја|date=2018-05|bot=InternetArchiveBot (სერბული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ y. Формирање Универизтета у Београду и настанак студија физике и метеорологије. Ff.bg.ac.rs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-22. ციტირების თარიღი: 2011-09-20.
- ↑ Историјат Хемијског факултета. Chem.bg.ac.rs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-14. ციტირების თარიღი: 2011-09-20.
- ↑ Милорад Радевић: Дружина младежи србске (1847-1851), стр. 133-138, Историјски часопис књ. -{XXV-XXVI}-, Београд 1979, -{ISSN}- 0350-0802