სემიუელ ბეკეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბეკეტი, სემიუელ)
სემიუელ ბეკეტი
ბრიტ. ინგლ. Samuel Beckett

დაბადების თარიღი 13 აპრილი, 1906(1906-04-13)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი Foxrock
გარდაცვალების თარიღი 22 დეკემბერი, 1989(1989-12-22)[1] [6] [7] [5] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი 14th arrondissement of Paris[8]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
ფსევდონიმი Andrew Belis
საქმიანობა მწერალი[9] [10] , ენათმეცნიერი, კინორეჟისორი, სცენარისტი, კრიკეტის მოთამაშე, პოეტი[9] , რომანისტი, დრამატურგი[10] , მთარგმნელი, მასწავლებელი, ინტელექტუალი, ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი და video artist[5]
ენა ფრანგული ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა  ირლანდიის რესპუბლიკა
 საფრანგეთი[5]
ალმა-მატერი დუბლინის ტრინიტის კოლეჯი
ჟანრი დრამა
Magnum opus მერფი, მოლოი, მელონი კვდება, უსახელო, გოდოს მოლოდინში, უოტი, თამაშის დასასრული, კრეპის უკანასკნელი ფირი და How It Is
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[11] [12], ფორმენტორის პრემია, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Saoi, honorary doctorate of Trinity College, Dublin, Scholar of Trinity College, Dublin და Obie Award
მეუღლე სუზან დეშევო-დამესნილი[13]
ნათესავ(ებ)ი James Beckett[14]
ხელმოწერა

სემიუელ ბეკეტი (Samuel Beckett, დ. 13 აპრილი, 1906, ფოქსროკი, დუბლინთან ახლოს — გ. 22 დეკემბერი, 1989, პარიზი) — ირლანდიელი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. წერდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

პროზაული და პოეტური ნაშრომების მიუხედავად ბეკეტის სახელი, უპირველეს ყოვლისა, მაინც აბსურდის დრამასთანაა დაკავშირებული. მის სავიზიტო ბარათად ქცეულია 1952 წელს დაწერილი პიესა გოდოს მოლოდინში. ბეკეტის მკაცრი, მინიმალისტური შემოქმედება ძირითადად ადამიანური არსებობის მიმართ პესიმისტური დამოკიდებულებითაა ცნობილი. თუმცა ეს პესიმიზმი მის პიესებში ყოველთვის იუმორს უკავშირდება და საბოლოოდ განქიქების სახეს იღებს. 1969 წელს სემიუელ ბეკეტი ნობელის პრემიას იღებს ლიტერატურაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სემიუელ ბეკეტი დაიბადა 1906 წლის 13 აპრილს, დუბლინის მდიდარ გარეუბანში, ფოქსროკში მდებარე დიდ სახლში, რომელიც მამამისმა, უილიამ ბეკეტმა 1903 წელს ააშენებინა. სემიუელი ჯერ დუბლინის ცენტრში მდებარე Earlsford House School-ში სწავლობს, შემდეგ კი შედის ენისკილენის Portora Royal School-ში, ლიცეუმში, რომელშიც ადრე ოსკარ უაილდი დადიოდა.

1923-1927 წლებში ბეკეტი ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს სწავლობს დუბლინის Trinity College-ში. ხელოვნების ბაკალავრის დიპლომის მიღების შემდეგ ჯერ ბელფასტის კამპბელ კოლეჯში ასწავლის, შემდეგ კი პარიზის პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენის ლექტორი ხდება. სწორედ აქ გაიცნობს იგი ჯეიმზ ჯოისს. ამ შეხვედრამ ბეკეტზე დიდი გავლენა მოახდინა, იგი ჯოისს ეხმარებოდა კვლევით საქმიანობაში.

1929 წელს ბეკეტი აქვეყნებს თავის პირველ ნაწარმოებს, კრიტიკულ ესსეს, დანტე... ბრუნო. ვიკო.... ჯოისი, რომელშიც იცავს ჯოისის წერის სტილს. ორ მწერალს შორის ურთიერთობა გაფუჭდება მას შემდეგ, რაც სემიუელი უარს ეტყვის ჯოისის ქალიშვილის, ლუსიას სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამავე პერიოდში ქვეყნდება ბეკეტის პირველი ნოველა Assumption. შემდეგ წელს კი პოემა Whoroscope გამოდის. ეს უკანასკნელი დეკარტის ბიოგრაფიითაა შთაგონებული.

1930 წელს ბეკეტი ტრინიტი კოლეჯში ლექტორად ბრუნდება. მას მალე ბეზრდება საუნივერსიტეტო ცხოვრება და თავის იმედგაცრუებას ორიგინალური ფორმით გამოხატავს: უნივერსიტეტში კითხულობს თავის სტატიას, რომელშიც აკრიტიკებს დუბლინის Modern Language Society-ს და დასცინის ლიტერატურულ პედანტიზმს. 1934 წელს Dublin Magazine-ში ქვეყნდება მისი ლექსი გნომი, რაც ბეკეტის შემოქმედებაში გარდატეხას მოასწავებს.

ამის შემდეგ ბეკეტი რამდენიმეჯერ მოგზაურობს გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე კი სახლდება პარიზში. თავისი პირველი რომანის, მარფის დაბეჭდვაზე ავტორი 36-ჯერ მიიღებს უარს გამომცემლებისგან, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოები მაინც იხილავს დღის სინათლეს.

ომის დაწყებისას იგი ირლანდიაში იმყოფება, მაგრამ საფრანგეთში გადავა, რადგან, მისივე თქმით, ომში მყოფი საფრანგეთი ურჩევნია მშვიდობიან ირლანდიას. იგი აქტიურად მონაწილეობს ნაცისტების წინააღმდეგ მოძრაობაში. მოძრაობის აღმოჩენის შემდეგ ძლივს გადაურჩება გერმანულ პოლიციას და თავს შეაფარებს ჯერ მწერალ ნატალი საროტთან, შემდეგ კი სამხრეთ საფრანგეთში გაემგზავრება.

1960იანი წლები ბეკეტის როგორც პირად, ასევე მწერლის ცხოვრებაში დიდი ცვლილებების პერიოდია. 1961 წელს ცოლს ირთავს და ინგლისში მოკრძალებულ საქორწილო ცერემონიალს მართავს. მისი პიესები უკვე საქვეყნოდაა ცნობილი, ამის გამო ავტორს ბევრი მოგზაურობა უხდება მთელ მსოფლიოში, ესწრება თავისი პიესების წარმოდგენებს. 1956 წელს BBC სთავაზობს რადიოფონული პიესის გაშვებას, ასე შეიქმნება All That Fall (ყველაფერი, რაც ვარდება). დროდადრო იგი წერს ხოლმე რადიოსთვის, კინოსთვის და ტელევიზიისთვის. ამ დროს იგი ისევ იწყებს ინგლისურად წერას, თუმცა ფრანგულადაც განაგრძობს.

1969 წელს ბეკეტი ნობელის პრემიას იღებს ლიტერატურაში „ნოვატორული ნაწარმოებების ერთობლიობისთვის პროზასა და დრამატურგიაში, სადაც თანამედროვე ადამიანის ტრაგიზმი მის ტრიუმფად იქცევა“. თავის სიტყვაში შვედეთის აკადემიის წარმომადგენელმა კარლ რაგნარ გიროუმ აღნიშნა:

ვიკიციტატა
„ბეკეტის სიღრმისეული პესიმიზმი, ყველაფრის მიუხედავად, შეიცავს კაცობრიობის ისეთ სიყვარულს, რომელიც მხოლოდ იზრდება, რაც უფრო ღრმად მიდის სიმდაბლისა და განწირულობის უფსკრულში, და, როცა უიმედობა გვეჩვენება უსაზღვროდ, აღმოჩნდება, რომ თანაგრძნობას არა აქვს საზღვარი.[15]

თავად მწერალი ამ ფაქტს აღიქვამს, როგორც „კატასტროფას“[16]. რადგან ეს ფაქტი აძლიერებს მისი შემოქმედებისადმი უნივერსიტეტის ყურადღებას, იწყება მისი ნაწარმოებების საუნივერსიტეტო კვლევები, მიიჩნევენ მას როგორც „მეტრს“ - იწყება ყოველივე ის, რასაც ბეკეტი მთელი ცხოვრება გმობდა. ბეკეტი თავად უარს ამბობს პრემიის მიღებაზე, თუმცა მის მაგივრად ამ პრემიას მისივე გამომცემელი, ჟერომ ლენდონი აიღებს.

1989 წლის 17 ივლისს გარდაიცვლება ბეკეტის მეუღლე. თავად მწერალი ამ დროს პარკინსონიზმითაა დაავადებული და მოხუცთა თავშესაფარში მიდის, სადაც გარდაიცვლება კიდეც იმავე წლის 22 დეკემბერს. ცოლ-ქმარი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში. ბეკეტის საფლავი მასიური გლუვი გრანიტის ქვითაა გაწყობილი, რომლის წინ განმარტოებული ხე დგას: ეს არის დეკორაცია მისი ყველაზე ცნობილი პიესიდან, გოდოს მოლოდინში.

შემოქმედების ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეკეტის მთელ შემოქმედებას თან სდევს ადამიანური არსებობის უაზრობის განცდა. ადამიანი დაბადებიდანვე აბსურდისთვისაა განწირული და ეს ქმნის ტრაგიზმს: „თქვენ მიწაზე ხართ და ამას აღარაფერი ეშველება“ - ამბობს პარტიის დასასრულის პროტაგონისტი, ჰამი.

1976 წლის ნოემბერში სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი თეატრში 400 ტუსაღის წინაშე დადგეს სპექტაკლი "გოდოს მოლოდინში". სპექტაკლი სამ საათს გაგრძელდა და პატიმრები, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ წარმოდგენის ჩაშლა სუნთქვაშეკრულნი უყურებდნენ პიესას მთელი ამ დროის განმავლობაში. რთული ინტელექტუალური პიესა, რომელსაც კრიტიკოსები, ლიტერატორები, ხელოვანები დიდი გულმოდგინებით აანალიზებდნენ, პიესის პირველივე სიტყვებიდან გასაგები და ნაცნობი გახდა ადამიანებისთვის, რომელთა ინტელექტი და განათლების დონე, სავარაუდოდ, სახარბიელო არ იყო. 400-მა ტუსაღმა საკუთარი ცხოვრების სპექტაკლი იხილა. ის, რის გაანალიზებასაც ინტელექტუალები დიდი ძალ-ღონით ცდილობდნენ, ამ პატიმრების ცხოვრების ყოველდღიურობა იყო. ისინიც საპყრობილეში იყვნენ ბეკეტის პერსონაჟებივით, აბსურდის სამყაროში დაბმულები, სადაც გზა არსაით მიდის. ბეკეტის სამყაროში დრო არ იძვრის, მისი პერსონაჟები სამყაროში დაკარგულები არიან. უაზრო წარსული, გაუგებარი მომავალი და აწმყო, რომელიც წამიერი და მოსაწყენია- ეს იყო ის, რაც ბეკეტის პერსონაჟებსა და იმ 400 პატიმარს აერთიანებდა. ყველა დღე ერთია, არაფერი ხდება, მეფობს მონოტონურობა და მოწყენილობა, ერთადერთ ნათელ წერტილად კი სიკვდილი მოსჩანს. პატიმრებისგან განსხვავებით, სხვეებს შეუძლიათ გაექცნენ ამ ჭეშმარიტებას, თეატრში, მუსიკაში, სასმელში, სამსახურში. ისინი კი იძულებულები არიან სიმართლეს თვალი გაუსწორონ და მთელი სიმძაფრით აღიქვან ის.

ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებისა და ადამიანური არსებობის ტრაგიზმი მთელი რადიკალურობით წარმოდგება გოდოს მოლოდინში. სცენაზეა ორი მაწანწალა - ვლადიმირი და ესტრაგონი, რომლებიც ერთი ხის ქვეშ , უკაცრიელ ადგილას, თავადაც არ იციან რატომ, ელოდებიან მისტიური პერსონაჟის, ვინმე გოდოს გამოჩენას, რომელიც არც არასოდეს უნახავთ და არც იციან მოვა თუ არა საერთოდ. ეპოქა, ადგილი, ვინაობა პიესაში საერთოდ არ არსებობს, ინტრიგა მხოლოდ მოლოდინია. პერსონაჟებს სიტუაციაზე ზემოქმედება არ შეუძლიათ, ამიტომ მათ მოლოდინს დასასრული არ აქვს. ასე რომ, მოლოდინის მდგომარეობა საყოველთაო აბსურდულობას გადმოსცემს. ნიშანდობლივია ბეკეტის მიერ შერჩეული სახელიც გოდო (godot), რომელიც ღმერთის (god) სახელწოდებიდან მომდინარეობს და კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, სწრედ მის პროტოტიპს გადმოსცემს. ორი მაწანწალა იგონებს გოდოს და ამ გზით საკუთარ სიცოცხლეს საზრისს ანიჭებს, ისინი იჯერებენ მის არსებობას და უმიზნო აბსურდულ ცხოვრებას გარკვეულ იდეას სძენენ, ელოდებიან გოდოს. ბეკეტის პერსონაჟები დაცლილნი არიან ილუზიებით, მათ არაფერი გააჩნიათ, რაც შეძლებდა მათი ცხოვრების აბსურდულობის გადაფარვას, ამიტომ ისინი მთელი ძალით აწყდებიან იმ კედელს, რომელიც ცხოვრების აბსურდსა და არსებობის უაზრობას მთელი სიმკაცრით წარმოაჩენს. ყოველივე ამის გაცნობიერება კი იგივე ძალით უბიძგებს მათ ეძიონ ილუზია, დაივიწყონ რეალობა და გამოიგონონ გოდო, პერსონაჟი, რომელიც მხოლოდ მათი გონების პროდუქტია. პერსონაჟი, რომელსაც მკითხველიც მოუთმენლად ელის, მაგრამ ბეკეტის წიგნებში სასწაულები არ ხდება, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში. მის წიგნებში ყველაფერი იმდენად მართალია, რომ მისგან გაქცევა შეუძლებელია. სამყარო, სადაც პერსონაჟები ხის ტოტსაც ვერ პოულობენ, რომ თავი მოიკლან და დაასრულონ თავისი აბსურდული არსებობა. ის ტოტიც მოიჭრა, დიდი ხნის წინ, გამოსავალი ისევ ილუზიაშია, ტყუილში, როგორც ამას უმეტესობა აკეთებს ან სიმართლის გააზრებით ცხოვრებაში, რაც ხანგრძლივი და მტანჯველი ცხოვრების წინაპირობაა.

მაგრამ ცხოვრების ბოლომდე გავლა მაინც საჭიროა, რადგან, როგორც ჰამი ამბობს პიესის ბოლოს, „უნდა გაგრძელდეს, ყველაფერი უნდა გაგრძელდეს“. აზრი ის არის, რომ ეძებო, ეძებო ყველაფრის მიუხედავად.

ბეკეტის პიესების უმრავლესობაში მეტყველებას დაკარგული აქვს საკომუნიკაციო მნიშვნელობა. აქ მთავარია კონტაქტის შენარჩუნება, თუნდაც უაზრო, მაგრამ ფრაზის დამთავრება. პერსონაჟთა უამრავი რეპლიკა არანაირ ინფორმაციას არ იძლევა, არც დიალოგს ავითარებს. ამით იქმნება ტრაგიზმით სავსე კომიკური სიტუაცია.

მეტყველება ერთდროულად ფუჭია, რადგან აზრს არ ატარებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელობის ილუზიას ქმნის.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სემიუელ ბეკეტის ფრანგულენოვანი გამოცემები ეკუთვნის გამომცემლობა Éditions de Minuit-ს, ხოლო ინგლისურენოვანი გამოცემები - Faber and Faber-ს (პიესები) და John Calder Publishers-ს (რომანები).

ფრანგულ ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისურ ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1930 : Whoroscope (პოემა)
  • 1934 : More Pricks than Kicks (ზღაპრების კრებული)
  • 1935 : Echo's Bones and Other Precipitates (ლექსები)
  • 1938 : Murphy (რომანი)
  • 1953 : Watt (რომანი)
  • 1957 : ყველაფერი რაც ცვივა
  • 1957 : მიტოვებული სამუშაოდან
  • 1958 : კრეპის უკანასკნელი ფირი (პიესა)
  • 1959 : Embers
  • 1961 : მშვენიერი დღეები (პიესა)
  • 1962 : სიტყვები და მუსიკა
  • 1963 : პიესა (პიესა)
  • 1967 : ე ჯო (სატელევიზიო პიესა)
  • 1969 : სუნთქვა (პიესა)
  • 1973 : მე არა (პიესა)
  • 1976 : ამჯერად (პიესა)
  • 1976 : Footfalls (პიესა)
  • 1976 : ტრიო მოჩვენება (სატელევიზიო პიესა)
  • 1977 : ...მაგრამ ღრუბლები... (სატელევიზიო პიესა)
  • 1982 : მონოლოგის ნაწილი (პიესა)
  • 1981 : Ohio Impromptu
  • 1981 : იავნანა (პიესა)
  • 1983 : Worstward Ho
  • 1984 : Quad (პიესა)
  • 1984 : Nacht und Traüme (პიესა)
  • 1984 : რა სად (პიესა)

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bruno Clément, L'œuvre sans qualité. Rhétorique de Samuel Beckett, Seuil, 1994.
  • Didier Anzieu : "Samuel Beckett" Ed.: Folio-Gallimard, 1999, ISBN 2-07-040776-4
  • Charles Juliet. Rencontre avec Samuel Beckett, P.O.L.
  • Nathalie Léger. Les Vies silencieuses de Samuel Beckett. Allia, 2006.
  • Gérard Piacentini. Samuel Beckett mis à nu par ses auteurs, même. Nizet, 2006.
  • Anne Atik. Comment c'était. Seuil, Points, 2006.
  • James Knowlson. Samuel Beckett, Actes Sud, 1999.
  • Deirdre Bair. Samuel Beckett, Fayard, 1990.
  • Anthony Cronin, Samuel Beckett : The Last Modernist, New York, Da Capo Press, 1997.
  • Christopher Ricks, Beckett's Dying Words, Oxford University Press, 1995.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Nationalencyklopedin — 1999.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  4. Dictionary of Irish BiographyRIA.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 https://rkd.nl/nl/explore/artists/485290
  6. Find a Grave — 1996.
  7. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. https://deces.matchid.io/id/ncZXboIxtJEm
  9. 9.0 9.1 Archivio Storico Ricordi — 1808.
  10. 10.0 10.1 The Fine Art Archive — 2003.
  11. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1969/
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  13. (not translated to mul), (not translated to mul) ვიკიპედია / — 2001.
  14. Olympedia – Jim Beckett — 2006.
  15. კარლ რაგნარ გიროუ — „დაჯილდოების ცერემონიის სიტყვა“ (ინგლ.)
  16. Knowlson, James, Damned to Fame: The Life of Samuel Beckett, New York, Grove Press, 1996, p.505 .