ბეუშათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბეიშართი)

ბეუშათი, ბეუშართი, ბეიშართი (არაბ. ბაი შარტ - გაყიდვა თუ დაგირავება პირობით), გირავნობის სახეობა გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. მისთვის დამახასიათებელი იყო მტკიცედ განსაზღვრული და მეტწილად მოკლე ვადა (რამდენიმე დღეც კი); გირაოს ღირებულებასთან შედარებით მცირე გასესხებული თანხა; გირაოს გადაცემა მოგირავნის მფლობელობა-სარგებლობაში სარგებლის აღუნიშვნელად და, რაც მთავარია, საგანგებო წერილობითი პირობა, რომ ვადაზე დაუხსნელი გირაო უშუალოდ მოგირავნის საკუთრება გახდებოდა. ბეუშათი დაკავშირებული იყო უმთავრესად სამომხმარებლო კრედიტთან და მევახშური ექსპლოატაციის იარაღს წარმოადგენდა. „საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთა დროთა შემოღებულნი სჯულნის“ მიხედვი, ბეუშათი „საქართველოსა შინა შეუწყნარებელი იყო და არც უსაქმია“. სინამდვილეში კი მას, XVIII საუკუნეში მაინც, არც ისე იშვიათად მიმართავდნენ. ბეუშათი ენათესავება ნასყიდობას უკანვე გამოსყიდვის უფლების დათქმით. იყენებდნენ ნასყიდობის შესანიღბავადაც.

ანალოგიური გარიგება სხვადასხვა სახელწოდებით ცნობილია დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის სამართლეებრივ ისტორიაშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]