ბედიის გულანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბედიის გულანიXVII-XVIII საუკუნეების ქართული ხელნაწერი.

ბედიის გულანი XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერია. გადაწერილია ბედიელი მიტროპოლიტის გერმანე ჩხეტიძის დაკვეთით. ხელნაწერის დამზადებაში რამდენიმე კალიგრაფი მონაწილეობდა: ამბროსე კარგარეთელი, სიმონ ევფრატელი, საბა ნაჭოფაძე, ასევე შავშეთიდან საგანგებოდ მოწვეული გაბრიელ ლომსანიძე.

გულანი საღვთისმსახურო წიგნთა კრებულია, რომელშიც თავმოყრილია მთელი წლის საკითხავები. ბედიის გულანში შედის: 1. რიგის სახარება და სამოციქულო; 2. სადღესასწაულო; 3. დასადებელნი აღდგომისანი; 4. თვენი; 5. სვინაქსარი; 6. მარხვანი; 7. განგებაჲ საეკლესიოჲ ბერძულსა წესსა ზედა; 8. ტიპიკონი საბაწმინდის ლავრისა; 9. ზატიკი.

ხელნაწერის ისტორიისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მისი ანდერძი:

ვიკიციტატა
„ბედიელ მიტროპოლიტი მთავარეპისკოპოსი ჩხეტიძე გერმან ადიდენ ღმერთმან, შენ, მართალთა დიდებითა ორთავე შინა ცხორებასა... რომლისა ბრძანებითა წამოველ თემით შავშეთით, დაბით დიობნით, ძირით მთით კარჩხალთაჲთ და ნებითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა მოვიწიე ოდიშს, ბედიის ტაძარსა და საყდარსა ვლაქერნისა ღვთისმშობლისასა და შეწევნითა და წარმართებითა მისითა ვიწყე წერად წმიდათა ამათ სულთა განმანათლებელთა თუჲთა იანვარით ერთითგან ვიდრე აქამომდე, ყოვლითურთ სრულისა და უკლებსა, ვითა უნდოდა. ბევრისა წიგნისაგან ვიზიერ და გავასრულე, რაჲცა უნდოდა და რასაცა დედა ვიშოე, არა დამიკლია რაჲ, ღმრთისა შეწევნითა. ამის მწერალსა ფრიად ცოდვილსა კერძო დიაკონსა გაბრიელს ლომსანიძესა და მისთა დედა-მამათა და ნათესავთა შეუნდვნეს ღმერთმან...“

ხელნაწერი XVIII საუკუნეშიც დაცული იყო ბედიის ტაძარში, რასაც მოწმობს ამ პერიოდის მინაწერების ონომასტიკონი და ბედიის ღვთისმშობლისადმი მიმართული სავედრებლები.

ბედიის გულანის გადაწერის თარიღი სადავოა ქართულ ისტორიოგრაფიაში. თედო ჟორდანია,[1] ა. ხელაია, ლევან მენაბდე,[2] გიორგი ჩუბინაშვილი გერმანეს XVI საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევენ. გიორგი კალანდია გერმანე ჩხეტიძის მოღვაწეობას აღნიშნული გულანის დათარიღების მიხედვით, XVII საუკუნის დასასრულითა და XVIII საუკუნის დასაწყისით, განსაზღვრავს.[3] მის მოსაზრებას იზიარებს ვალერი სილოგავა,[4] ხოლო ლია ახალაძე გერმანე ჩხეტიძის მოღვაწეობას ბედიის კათედრაზე XVII საუკუნის II ნახევარს უკავშირებს.[5][6]

ბეჟან ხორავა ბედიელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგის დადგენისას საგანგებოდ შეეხო გერმანე ჩხეტიძის ქრონოლოგიის საკითხს. მან აფხაზეთსა და ოდიშში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სავსებით სამართლიანად უარყო მოსაზრება რომ იგი XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დამდეგის მოღვაწე იყო და მთელი ერთი საუკუნით გადმოწია მისი მოღვაწეობის პერიოდი, რომელიც XVI საუკუნის დასასრულითა და XVII საუკუნის დასაწყისით განსაზღვრა.[7] XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე შავშეთიდან კალიგრაფის მოწვევა, ფაქტობრივად, წარმოუდგენლი იყო. ამ დროისთვის შავშეთის თემი უკვე კარგა ხანია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო შესული. საეჭვოა, რომ, აღნიშნული პერიოდისთვის, აქ ქართულ კალიგრაფიაში დაოსტატებულ ადამიანებს ეცხოვრათ ან ქართველ მღვდელმთავრებს ჰქონოდათ მათთან ესოდენ მჭიდრო კავშირი და მათი მოწვევის საშუალება. ამასთან, პალეოგრაფიული მონაცემები, ხელნაწერის XVI-XVII სს. მიჯნით დათარიღებას არ ეწინააღმდეგება.

ხელნაწერის მინაწერები ბედიელი გერმანეს გარდა იხსენიებს სხვა ბედიელ ეპისკოპოსსაც:

ვიკიციტატა
„ქ. ეჰა, შენ პირველითგან ღვთისა საყდრად გამორჩეულსა... უბიწოდ მშობელსა ქრისტეს ძისა ღვთისაო, ბედიისა და ვლაქერნისა ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო მარიამ, გევედრები მე ცვა-ფარვათა შენთა მინდობილი ბედიელი მიტროპოლიტი მხეიძე ნიკოლოზ, შემოგწირე კნინი და მცირე ესე შესაწირავი თავს უჟამიში (!) ბუკუჩავა მისი ცოლშვილითა და ყმითა და რისაც მქონებელი იყოს. ამას გარეთ ერთი ბაბუა ფელანგუა, ამას გარეთ ბაბაკოჩი დადალია: ამას გარეთ ერთი კარგი დახატული ჟამნი...“

ნიკოლოზ მხეიძის კოლოფონი დატანილია გერმანეს დაკვეთით უკვე შესრულებულ ხელნაწერზე და ცხადია, იგი გერმანეს შემდგომ ხანებში მოღვაწე მღვდელმთავარია. ხელნაწერი თავ-ბოლო ნაკლულია; შეიცავს 960 ფურცელს; შესრულებულია ქაღალდზე, ნაწერია ორ სვეტად, ნუსხური დამწერლობით, შავი მელნით, ხოლო სათაურები სინგურით. აკინძულია ორ წიგნად. ზომა 45,5 სმ. X 33,5 სმ.

დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, ტ. I, ნაკვ. 2. თბ. 1976.
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ. 1980
  • Жордания Т., Описание рукописей и старопечатных книг Церковного Музея духовенства Грузинской епархий. Т. I, Тф., 1903.
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვ. II, თბ., 1962.
  • არახამია გ., აფხაზეთის ხელნაწერები, კრ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთი, თბ., 2012.
  • ქართველიშვილი თ., აფხაზეთის ხელნაწერი მემკკვიდრეობა, კრ. გივი წულაია - 80; თბ. 2014.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Жордания Т. Описание рукописей и старопечатных книг Церковного Музея духовенства Грузинской епархий. Т. I, Тф., 1903, с.22
  2. მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვ. II, თბ., 1962, გვ. 566
  3. კალანდია გ., ოდიშის საეპისკოპოსოები. თბ., 2004, გვ. 93-95
  4. სილოგავა ვ., სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა. თბ., 2004, გვ. 315
  5. ახალაძე ლ., „...მეოხ ექმენ საყდრის ამშენებელს“, საისტორიო ძიებანი, 3. თბ., 2000, გვ. 52-53
  6. ახალაძე ლ., აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. თბ., 2005, გვ. 46-47
  7. ხორავა ბ., ბედიის საეპისკოპოსო, საისტორიო ძიებანი, 3. თბ., 2000, გვ. 34-36