შინაარსზე გადასვლა

ბეატრის სავოიელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეატრის სავოიელი
ფრანგ. Béatrice de Savoie
დაბ. თარიღი 1198[1]
დაბ. ადგილი უცნობი[1]
გარდ. თარიღი არაუადრეს 1265 და არაუგვიანეს 1267
გარდ. ადგილი უცნობი
დასაფლავებულია ჰოტეკომბის სააბატო
საქმიანობა არისტოკრატი
მეუღლე რამონ ბერენგარი IV, პროვანსის გრაფი[2]
მამა თომას I, სავოის გრაფი.
დედა მარგარეტ ჟენეველი.
შვილ(ებ)ი ელეანორ პროვანსელი[2] , ბეატრის პროვანსელი[2] , მარგარიტა პროვანსელი[2] და სანჩია პროვანსელი[3] [2]

ბეატრის სავოიელი (ფრანგ. Béatrice de Savoie; დაახლ. 1198 – დაახლ. 1267) — პროვანსის გრაფინია-კონსორტი, პროვანსის გრაფის, ბერენგარ V-ის ცოლი. იგი რეგენტი გახდა სავოიაში, ძმის არყოფნის პერიოდში 1264 წელს.

ბეატრისი იყო ტომას I სავოიელის და მარგარიტა ჟენეველის ქალიშვილი. მშობლების თოთხმეტი შვილიდან მეათეა.[4][5]

ვილიამ I ჟენეველის შთამომავლობა

პროვანსის გრაფინია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრისი 1220 წლის დეკემბერში დაქორწინდა რაიმონ ბერენგარ V-ზე, პროვანსის გრაფზე. იგი გონიერი და პოლიტიკურად გაწონასწორებული ქალი იყო, რომლის სილამაზეც მეთიუ პარიზმა მეორე ნიობეს შეადარა.

რაიმონ ბერენგარსა და ბეატრის სავოიელს ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ, რომლებმაც სრულწლოვან ასაკს მიაღწიეს და სხვადასხვა მეფეებს გაჰყვნენ ცოლად. მათი ერთადერთი ვაჟი, რაიმონდი, ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.

1242 წელს ბეატრისის ძმა, პეტრე, ინგლისის მეფე ჰენრი III-მ პროვანსში გააგზავნა, რათა სანქიასა და რიჩარდ კორნუელს, ჰენრი III-ის ძმას შორის ქორწინების მოლაპარაკება ეწარმოებინა. ბეატრისის მეორე ძმა, ფილიპე, ბეატრისსა და სანქიას ინგლისის სამეფო კარზე გააცილა. ისინი 1243 წლის მაისში გასკონიაში ჩავიდნენ, სადაც შეუერთდნენ ჰენრის, ელეონორასა და მათ მცირეწლოვან ქალიშვილს, ბეატრის ინგლისელს. ჰენრი ამ შეხვედრით განსაკუთრებით გახარებული იყო და ოჯახის წევრებს მრავალი საჩუქარი გადასცა.[6]

1243 წლის ნოემბერში ბეატრისი და სანქია ინგლისში გაემგზავრნენ ქორწილისთვის.[7] აღნიშნულმა ქორწინებამ მნიშვნელოვნად გაამყარა რიჩარდსა და ჰენრი III-ს შორის არსებული კავშირი. რიჩარდმა მეფის მმართველობის განმავლობაში რამდენჯერმე გამოხატა უკმაყოფილება შესაძლო აჯანყების გამო. იგი განსაკუთრებით აღელვებული იყო ინგლისის სამეფო კარზე სავოიელთა გავლენით — განსაკუთრებით პეტრე სავოიელით, რადგან გრძნობდა, რომ სამეფო კარზე მას უფუნქციო მმართველად აქცევდნენ. თუმცა, საბოლოოდ სანქიასთან, დედოფლის დასთან ქორწინებამ მისი უკმაყოფილება გააქარწყლა და დაძაბულობა მასსა და ჰენრის შორის გააქრო.

ბეატრისმა ასევე განამტკიცა ინგლისის სამეფო ოჯახის ერთიანობა — მან დაარწმუნა ჰენრი III, დახმარებოდა თავისი დის, ელეონორას და მისი მეუღლის, საიმონ დე მონფორის ვალების გადახდაში, რომლებიც ხშირად მეფესთან კონფლიქტში იმყოფებოდნენ.

1244 წლის იანვარში ბეატრისმა მეუღლის სახელით ჰენრი III-ისგან ოთხი ათასი მარკის ოდენობის სესხი მოითხოვა, სანაცვლოდ კი მეფეს ხუთი პროვანსული ციხესიმაგრე შესთავაზა.[8]

ბეატრის სავოიელის ქანდაკება Les Échelles-ში (სავოია, საფრანგეთი)
ბეატრის სავოიელი საფლავი ჰეტაკომბის სააბატოში

რაიმონ ბერენგარის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც 1245 წლის 19 აგვისტოს მოხდა, მან პროვანსი თავის უმცროს ქალიშვილს დაუტოვა, ხოლო ქვრივ მეუღლეს — ბეატრისს — პროვანსის საგრაფოს უზუფრუქტი სიცოცხლის ბოლომდე გადასცა. ბეატრისის ქალიშვილი და მისი მემკვიდრე სწრაფად იქცა შუასაუკუნეების ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მემკვიდრედ.საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ II მას ხელის სათხოვნელად ფლოტით მოადგა, ხოლო ჯეიმს I-მა არაგონელმა არმია გააგზავნა მის დასაკავებლად. ამ პირობებში, ბეატრისმა თავშესაფარი ქალიშვილთან ერთად აიქსის დაცულ ციხესიმაგრეში იპოვა, მოიპოვა ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და შემდეგ დახმარებისთვის პაპს მიმართა. იმავე პერიოდში, ფრიდრიხის სამხედრო სვლები საფრანგეთში, პაპსაც უქმნიდა საფრთხეს.

1245 წლის დეკემბერში, კლიუნიში გაიმართა საიდუმლო შეხვედრა ინოკენტი IV-ის, ლუი IX-ის, მისი დედის ბლანკა კასტილიელის და მისი ძმის, ანჟუს შარლის მონაწილეობით. შეთანხმდნენ, რომ ლუი IX-ის მიერ პაპის სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ, პაპი მისცემდა თანხმობას, ანჟუს შარლსა და ბეატრისის პროვანსელს, ქორწინებაზე. დედა და ქალიშვილი ამ არჩევანით კმაყოფილნი დარჩნენ.[9]

თუმცა, პროვანსის საგრაფო არ უნდა გადასულიყო უშუალოდ საფრანგეთის მეფობის ქვეშ შარლის მეშვეობით. შეთანხმების მიხედვით, თუკი შარლსა და ბეატრისს შვილები ეყოლებოდათ, საგრაფო მათ გადაეცემოდათ; შვილების არარსებობის შემთხვევაში, საგრაფო სანქია პროვანსელს უნდა მიეღო. ხოლო, თუ სანქია უშვილოდ გარდაიცვლებოდა, პროვანსი არაგონის მეფის ხელში გადავიდოდა.

მეფე ჰენრი III-მ გააპროტესტა ეს ქორწინება, აღნიშნა, რომ მის ცოლ ელეონორას სარძლოს საჩუქარი ჯერ კიდევ სრულად არ ჰქონდა მიღებული, ისევე როგორც მის ძმას — სანქიასთვის. ასევე, ჰენრი კვლავ ფლობდა პროვანსის ციხესიმაგრეებს იმ სესხის უზრუნველყოფად, რომელიც ყოფილ გრაფს ჰქონდა მისგან მიღებული.[10]

როდესაც შარლმა 1246 წელს პროვანსის მმართველობა ჩაიბარა, მან ბეატრისის უფლებები არ მისცა სამეფო კარზე. ამის საპასუხოდ, ბეატრისმა დახმარება ითხოვა ბარალ დე ბოსისგან და პაპისგან, რათა თავისი უფლებები საგრაფოში დაეცვა.მარსელის, ავინიონის და არლის მოქალაქეები შეუერთდნენ ამ წინააღმდეგობას კაპეტინგების მმართველობის წინააღმდეგ. 1248 წელს შარლმა მშვიდობიან მოლაპარაკებას მიმართა, რათა შეძლებოდა მონაწილეობის მიღება, მისი ძმის ჯვაროსნულ ლაშქრობაში. ამ მიზნით დროებითი ზავი გაფორმდა.[11]

1248 წელს ბეატრისი თავის ძმასთან, თომა სავოიელთან ერთად ინგლისში დაბრუნდა, რათა იქ მცხოვრები ოჯახის წევრები მოენახულებინა.[12]

1254 წელს, როდესაც ლუი IX იერუსალიმის ჯვაროსნული ლაშქრობიდან პროვანსის გავლით ბრუნდებოდა, ბეატრისმა მას შარლთან არსებული დავის უფრო მტკიცედ გადაჭრა სთხოვა. პეტიციას შეუერთდა საფრანგეთის დედოფალი მარგარიტაც, რომელიც მიუთითებდა, რომ შარლს მისი მზითვიც არ ჰქონია სრულად მიღებული. ბეატრისი მათთან ერთად პარიზში გაემგზავრა. იმავე წელს, ჰენრი III და მისი მეუღლე მოწვეულნი იყვნენ პარიზში სტუმრად. საბოლოოდ, ოთხივე ქალიშვილი შეუერთდა დედას და შობას ერთად აღნიშნეს.[13]

საერთოდ, ოთხ დასს შორის არსებული კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ინგლისისა და საფრანგეთის სამეფო კარებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამან საბოლოოდ განაპირობა 1259 წლის პარიზის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც უთანხმოებების გადაჭრას ისახავდა მიზნად.[14] მოლაპარაკებებში ბეატრისი და მისი ოთხივე ქალიშვილი აქტიურად მონაწილეობდნენ.[15]

ოჯახის შეკრების დროს ლუი IX-მ საბოლოოდ დაარწმუნა ბეატრისი, უარი ეთქვა პროვანსში კონტროლისა და პრეტენზიების შენარჩუნებაზე, სანაცვლოდ კი მიიღებდა ღირსეულ პენსიას. შარლმა ასევე დააბრუნა ჰენრი III-ის მიერ ყოფილი გრაფისთვის გაცემული სესხი, რითაც გაანთავისუფლა პროვანსზე ჰენრის ყველა ქონებრივი პრეტენზია.[16]

1262 წელს ბეატრისი მონაწილეობდა ოჯახის მიერ დაგეგმილ მოლაპარაკებებში, რომლის მიზანი ჰენრი III-სა და საიმონ დე მონფორს შორის მორიგების მიღწევა იყო.[17] როდესაც 1264 წელს ჰენრი III ტყვედ ჩავარდა, ბეატრისის ძმა პეტრე ჯარით შეუერთდა მის გათავისუფლებას მიმართულ ძალისხმევას და ამ პერიოდში ბეატრისი დატოვა სათავეში სავოიის სამთავროს მართვისთვის.[18]

ბეატრისს, ძალიან მალე გარდაეცვალა თავისი მესამე ქალიშვილი სანქია და სიცოცხლის ბოლოს, თავისი უმცროსი ქალიშვილიც — ბეატრისიც. უფროსი ბეატრისი გარდაიცვალა იანვარში, ხოლო უმცროსი ბეატრისი რამდენიმე თვის შემდეგ, სექტემბერში.

ხოლო თავად ბეატრის სავოიელი, გარდაიცვალა 1265 წელს[19] ან 1266–1267 წლებში.[20][21]

  • Cox, Eugene L. (1974). The Eagles of Savoy. Princeton: Princeton University Press. ISBN 0691052166.
  • Hilton, Lisa (2008). Queens Consort: England's Medieval Queens. Weidenfeld & Nicolson, Great Britain, გვ. 206–207. ISBN 978-0-7538-2611-9.
  • Pollock, M.A. (2015). Scotland, England and France after the Loss of Normandy, 1204–1296: 'Auld Amitie'. The Boydell Press.
  • Sanders, I.J. (1951). "The Texts of the Peace of Paris, 1259". The English Historical Review, ტ. 66, № 258, Oxford University Press, გვ. 81–97. DOI:10.1093/ehr/lxvi.cclviii.81
  • Howell, Margaret (2001). Eleanor of Provence: Queenship in Thirteenth-Century England. Blackwell Publishers.
  1. 1.0 1.1 http://www.persee.fr/doc/bude_0004-5527_1963_num_1_2_4029
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Kindred Britain
  3. Lundy D. R. The Peerage
  4. Davin, Emmanuel (1963). „Béatrice de Savoie, Comtesse de Provence, mère de quatre reines (1198–1267)“. Bulletin de l'Association Guillaume Budé (French). 1 (2): 176–189. doi:10.3406/bude.1963.4029.
  5. [1]
  6. [2]
  7. [3]
  8. [4]
  9. [5]
  10. [6]
  11. [7]
  12. [8]
  13. [9]
  14. [10]
  15. [11]
  16. [12]
  17. [13]
  18. [14]
  19. [15]
  20. Michel Germain, Personnages illustres des Savoie, Autre Vue, 2007, 619 გვ. (ISBN 978-2-9156-8815-3), გვ. 507.
  21. Marie José of Belgium, La Maison de Savoie: les origines, le comte vert, le comte rouge, ტ. 1, Paris, A. Michel, 1956, 425 გვ., გვ. 40.
  22. [16]
  23. [16]
  24. [1]
  25. [1]
  26. [1]
  27. [1]