ბაჰრეინის ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰრეინის ეროვნული მუზეუმი
26.2415°00′00″ ჩ. გ. 50.5975°00′00″ ა. გ. / 26.24150° ჩ. გ. 50.59750° ა. გ. / 26.24150; 50.59750
დაარსდა 15 დეკემბერი, 1988
ქვეყანა ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
მდებარეობა მანამა
დირექტორი ხალიფა ბინ აჰმედ ალ ხალიფა
ოფიციალური საიტი [[1] [2]]

ბაჰრეინის ეროვნული მუზეუმი (არაბ. متحف البحرين الوطني) — ბაჰრეინის უდიდესი და უძველესი საჯარო მუზეუმი მანამაში. ის ბაჰრეინის დედაქალაქში ბაჰრეინის ეროვნული თეატრის მიმდებარედ მდებარეობს. ის 1988 წლის 15 დეკემბერს გაიხსნა ბაჰრეინის ემირის, ისა იბნ სალმან ალ ხალიფას მიერ. მუზეუმის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შენობა 27 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ბაჰრეინში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა.[1][2] ბაჰრეინის ეროვნული მუზეუმი რეგიონში (სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის) პირველ თანამედროვე მუზეუმად მიიჩნევა.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ექსტერიერი

.

ასურული თიხის კუბო, ძვ.წ. VI საუკუნე
მუზეუმში დაცული ზეთის ლამპრები

1957 წელს ბაჰრეინში მოეწყო არქეოლოგიური ობიექტების პირველი გამოფენა, კონკრეტულად კი მუჰარაქში, ჰიდაიას ვაჟთა სკოლაში. ეს გამოფენა კალათ-ალ-ბაჰრეინში მომუშავე დანიური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელშეწყობით მოეწყო. დროებითი გამოფენა რამდენიმე დღე გაგრძელდა და საერთო ჯამში, ბაჰრეინელი საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. 1967 წელს გაფორმდა კულტურული ხელშეკრულება იუნესკოსა და ბაჰრეინის მთავრობას შორის, რამაც შემდგომში ბაჰრეინის ეროვნული მუზეუმის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ეროვნული მუზეუმი პირველად სამთავრობო სახლში, მანამაში გაიხსნა 1970 წლის 4 მარტს, მაშინდელი სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის, ხალიფა ბინ სალმან ალ ხალიფას მიერ.[4]

თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი შეიქმნა დანიელი არქიტექტორების, კრონისა და ჰართვიგ რასმუნსენების მიერ და ოფიციალურად 1988 წლის დეკემბერში გაიხსნა. ნაგებობა აშენდა ხელოვნურ ნახევარკუნძულზე, რომელიც ქალაქ მუჰარაქს გადაჰყურებს.[1] მუზეუმი შედგება ორი შენობისგან, რომელთა საერთო ფართობი 20 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.[1] კომპლექსი მოიცავს ექვს მუდმივ გამოფენას, საგანმანათლებლო დარბაზს, საჩუქრების მაღაზიასა და კაფეტერიას, ადმინისტრაციულ ოფისებს, ასევე ლაბორატორიებსა და საწყობებს, საპარკინგე სივრცეებს. მუზეუმმა გახსნიდან 23 წლის იუბილე 2013 წელს იზეიმა, რასაც დილმუნის ყორღანების დარბაზის განახლება მოჰყვა. ღონისძიებაზე მუზეუმის განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაც მოეწყო.[5]

მუზეუმი დამთვალიერებლებისათვის ღიაა 10 საათიდან 18 საათამდე. დაწესებულება არ მუშაობს სამშაბათობით.[6] მუზეუმი ვიზიტორებს ასევე სთავაზობს ნავის ტურებს მუჰარაქზე მდებარე აბუ-მაჰერის ციხესიმაგრემდე და ბაჰრეინის მარგალიტების ბილიკამდე.[2]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმს ეკუთვნის ბაჰრეინის უძველესი არქეფაქტების კოლექცია, რომელიც 1988 წლიდან გროვდებოდა და ბაჰრეინის ისტორიის 5000 წელს მოიცავს. კომპლექსი მოიცავს სამ დარბაზს, რომლებიც დათმობილია არქეოლოგიისა და დილმუნის უძველესი ცივილიზაციებისათვის. მუზეუმში არსებობს ორი დარბაზი, რომლებიც ბაჰრეინის უახლესი პრეინდუსტრიულ კულტურასა და ცხოვრების წესს ასახავენ. 1993 წელს გაიხსნა კიდევ ერთი დარბაზი, ბუნებრივი ისტორიის დარბაზი, რომელიც ბაჰრეინის ბუნებრივ რესურსებსა და ბუნებრივ გარემოს ეძღვნება. ამ დარბაზში წარმოდგენილია ბაჰრეინის ფლორისა და ფაუნის ნიმუშები.

დილმუნის დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დილმიუნის გამოფენა კონცენტრირებულია არტეფაქტებზე და დილმუნების ცივილიზაციის ისტორიაზე ძვ.წ. 5000-დან ძვ.წ. 400 წლამდე. არტეფაქტებს შორისაა დილმიუნის ცივილიზაციასა და შუამდინარეთს, ასევე მდინარე ინდის ცივილიზაციებთან ვაჭრობის ნიმუშები. გამოფენილია დილმიუნის ბეჭდები, ბარბარისა და სარის ტაძრების არტეფაქტები, ასევე დილმუნის თიხის ნაკეთობები.[7] აღსანიშნავია დურანდის ქვა, გრძელი შავი ბაზალტისაგან შექმნილი ქანდაკება, რომელიც ბაბილონეთის პერიოდით თარიღდება. ასევე დაცულია „ცოცხალი სურათი“, რომელიც გილგამეშის ეპოსს ასახავს (რომელზედაც ბაჰრეინი მითითებულია როგორც დილმუნის სამოთხე).

დილმუნის ყორღანების დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დილმუნის ყორღანების გამოფენა კონცენტრირებულია დილმუნის ცივილიზაციაში დაკრძალვის ტრადიციებზე. მუზეუმში დაცულია რეალური სამარხი, რომელიც თავდაპირველი ადგილიდან, აალიდან ბაჰრეინის ეროვნულ მუზეუმში გადაიტანეს.[5] დარბაზი 2013 წელს დაიხურა განახლების საჭიროების გამო. ის საზოგადოებისათვის ხელმეორედ 2018 წლის 26 ივნისს გახდა ხელმისაწვდომი. დარბაზის განახლებულ დიზაინზე იმუშავა ფრანგმა არქიტექტორმა, დიდიერ ბლინმა. განახლებულ დარბაზში წარმოდგენილია უახლესი არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები.[8] 2019 წელს დილმუნის ყორღანები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა შორის დაასახელა.[9]

დილმუნის ყორღანების დარბაზის პანორამა
დილმუნის ყორღანების დარბაზის პანორამა

ტილოსისა და ისლამის დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტილოსისა და ისლამის დარბაზი მოიცავს ელინური გავლენის მქონე ბაჰრეინის ისტორიას ძვ.წ. II საუკუნიდან, ასევე სელევკიდების სახელმწიფოსა და ხარაკენას სამეფოს დროინდელ არტეფაქტებს. გამოფენილია მოჭიქული ჭურჭელი და ჭიქები, ალებასტრის კონტეინერები, ასევე ამ პერიოდის ძვრიფასეულობა. გამოფენის ისლამური ნაწილი ბაჰრეინში VII საუკუნეში ისლამის მიღებიდან XVIII საუკუნემდე პერიოდს მოიცავს. ბაჰრეინის ეროვნულ მუზეუმში დაცულია ხამის მეჩეთის, ბაჰრეინის უძველესი მეჩეთის არტეფაქტები, ასევე ქუფის ხელნაწერები, კერამიკისა და შუშის ნაკეთობები.[10]

დოკუმენტებისა და ხელნაწერების დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრეინის ეროვნული მუზეუმის ამ ნაწილში დაცულია მე-13 და მე-14 საუკუნეებით დათარიღებული ყურანის იშვიათი ხელნაწერები, ასტრონომიული და ისტორიული დოკუმენტები, ასევე ალ ხალიფას ოჯახის წერილები.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 About Bahrain National Museum. ციტირების თარიღი: 13 September 2019
  2. 2.0 2.1 Bahrain National Museum. Lonely Planet. ციტირების თარიღი: 13 September 2019
  3. „Bahrain National Museum“. Time Out Bahrain (ინგლისური). 27 November 2013. ციტირების თარიღი: 27 September 2019.
  4. Inc, IBP (2007) Bahrain Diplomatic Handbook Volume 1 Strategic Information and Developments (en). ISBN 9781433003806. 
  5. 5.0 5.1 Bahrain National Museum en (27 November 2013). ციტირების თარიღი: 28 September 2019
  6. Working Hours. Bahrain Authority for Culture and Antiquities - Kingdom of Bahrain. ციტირების თარიღი: 27 September 2019
  7. Hall of Dilmun. Bahrain Authority for Culture and Antiquities - Kingdom of Bahrain. ციტირების თარიღი: 27 September 2019
  8. Hall of Dilmun Graves. Bahrain Authority for Culture and Antiquities - Kingdom of Bahrain. ციტირების თარიღი: 27 September 2019
  9. Dilmun Burial Mounds en. ციტირების თარიღი: 27 September 2019
  10. Hall of Tylos and Islam. Bahrain Authority for Culture and Antiquities - Kingdom of Bahrain. ციტირების თარიღი: 27 September 2019
  11. Hall of Documents and Manuscripts. Bahrain Authority for Culture and Antiquities - Kingdom of Bahrain. ციტირების თარიღი: 27 September 2019