ბაქტრიის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაქტრიის ვაკე — მთისპირა ვაკე ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ამუდარიის მარცხენანაპირეთში. სიგრძე დაახლოებით 400 კილომეტრი, სიგანე 140 კილომეტრამდე, სიმაღლე 500 მეტრიდან 250 მეტრამდე. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში, რომელიც ქვიშიან-თიხიანი ნალექებითა და ლიოსებითაა აგებული. სამხრეთ ნაწილი დახრილი პროლუვიური ვაკეა, რომელიც წარმოადგენს მთის მდინარეთა და ხევების შეერთებულ დელტებს. ჩრდილოეთ ნაწილში ბრტყელი დაბალი ტერასებიანი რელიეფია. ჰავა მშრალი და სუბტროპიკულია. ივლისში საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 31°C, ხოლო იანვარში 3°C-ს აღწევს. ნალექები 150-250 მმ წელიწადში, მაქსიმუმი-გაზაფხულზე. ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში გაბატონებულია ქვიშიანი უდაბნოს ლანდშაფტი, სამხრეთში ქვიშიან-თიხიანი უდაბნოებია თაყირებითა და მლაშობებით. მდინარე ამუდარიის გასწვრივ ტუგაის ტიპის შალდამები და მდელოებია. ვაკის სამხრეთ ნაწილში მშრალ დელტებში არის ოაზისების ზოლი, სადაც განლაგებულია ქალაქები: მაზარი-შარიფი, თაშყურღანი, შიბარღანი და სხვა. მოჰყავთ ბამბა, ხორბალი, შაქრის ჭარხალი, ბრინჯი, მისდევენ მეცხვარეობას და მეცხენეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]