შინაარსზე გადასვლა

ბაქოს მუსიკალური კოლეჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქოს მუსიკალური კოლეჯი
დაარსდა: 1916
ტიპი: საშუალო პროფესიული განათლების საგანმანათლებლო დაწესებულება (კოლეჯი)
მოსწავლე: 1400

ბაქოს მუსიკალური კოლეჯი — სახელმწიფო საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ბაქოში. იგი წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან მუსიკალურ სკოლას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული მუსიკოსების მომზადებაში.

ბაქოს მუსიკალური კოლეჯი ოთხწლიანი სპეციალიზებული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სწავლობს დაახლოებით 1400 სტუდენტი და მუშაობს 400-ზე მეტი პედაგოგი. კოლეჯის არსებობის პერიოდში მომზადებულია 8000-ზე მეტი პროფესიონალი მუსიკოსი. კოლეჯს ხელმძღვანელობს აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი, პროფესორი ნაზიმ კაზიმოვი.

დაწესებულების საფუძველი 1885 წელს ჩაეყარა, როდესაც მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა ანტონინა ერმოლაევამ, თავისი დების — ელიზავეტასა და ევგენიას მხარდაჭერით, ბაქოში კერძო მუსიკალური სკოლა გახსნა. სკოლის დირექტორი თავად ანტონინა ერმოლაევა გახდა.

1901-ლ წელს ერმოლაევას სკოლაში რუსეთის მუსიკალური საზოგადოების ბაქოს ფილიალის დაქვემდებარებით გაიხსნა მუსიკალური კლასები, რომელთა ხელმძღვანელობასაც აგრძელებდა ერმოლაევა. აღნიშნულ კლასებში სწავლება უკვე უფრო პროფესიონალურ საფუძველზე მიმდინარეობდა.

1916 წელს მუსიკალური კურსები გადაკეთდა სრულფასოვან მუსიკალურ სკოლად. მისი პედაგოგიური პერსონალი ძირითადად რუსეთის კონსერვატორიების კურსდამთავრებულებისგან შედგებოდა. სასწავლო პროგრამა ეფუძნებოდა იმავე სასწავლო მასალებს, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის მუსიკალურ სასწავლებლებში გამოიყენებოდა.

1922 წელს სკოლა გამოჩენილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის, უზეირ ჰაჯიბეკოვის ხელმძღვანელობაში გადავიდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში (1922–1926; 1939–1941) სკოლაში გაიხსნა ახალი განყოფილებები, სადაც ევროპულ ინსტრუმენტებთან ერთად ისწავლებოდა აღმოსავლური ინსტრუმენტების თეორიისა და შესრულების საფუძვლები.

1953 წელს დაწესებულებას მიენიჭა აზერბაიჯანელი კომპოზიტორისა და პედაგოგის, ასაფ ზეინალის სახელი, რომელიც დღემდე ატარებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]