ბართანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბართანგი

ბართანგი
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ტერიტორიული ერთეულები ბადახშანის პროვინცია
მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი
სათავე პამირი
38°19′14″ ჩ. გ. 72°27′23″ ა. გ. / 38.32056° ჩ. გ. 72.45639° ა. გ. / 38.32056; 72.45639
სათავის მდებარეობა ჩაქმაქთინის ტბა
სათავის სიმაღლე 2595 მ
შესართავი ფანჯი
37°55′21″ ჩ. გ. 71°35′24″ ა. გ. / 37.92250° ჩ. გ. 71.59000° ა. გ. / 37.92250; 71.59000
სიგრძე 528 კმ
აუზის ფართობი 24 700 კმ²
წყლის ხარჯი (მინ.) 103 მ³/წმ
წყლის ხარჯი (საშ.) 131 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 156 მ³/წმ
ბართანგი — ტაჯიკეთი
ბართანგი
ბართანგი
— სათავე, — შესართავი

ბართანგი — მდინარე ავღანეთსა და ტაჯიკეთში. მიედინება ავღანეთის ბადახშანის პროვინციასა და ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. მდინარე ფანჯის მარჯვენა შენაკადი.[1]

სიგრძე — 528 კმ, აუზის ფართობი 24 700 კმ². ტიპური მთის მდინარეა. ზემოთში კვეთს პამირის მთებს ძლიერ დაკლაკნილი ხეობითა და ფართო დაჭაობებული ფსკერით, რომლის სიგანე 3-5 კილომეტრია. შუა და ქვემო დინებაში ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ბართანგი გამოედინება ჩაქმაქთინის ტბიდან, რომელიც მდებარეობს ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბადახშანის პროვინციაში, სადაც 30 კმ მანძილზე გაედინება.[2]

ბართანგი სათავეს იღებს მცირე პამირში, ვახანში, ზღვის დონიდან 2595 მ სიმაღლეზე. აქ იგი აქსუდ იწოდება. შემდეგ მიედინება აღმოსავლეთისაკენ და კვეთს ტაჯიკეთის ტერიტორიას, ხოლო შემდეგ უხვევს ჩრდილოეთისაკენ, სადაც მის ნაპირზე გაშენებულია დაბა მურღაბი. ქვემო დინებაში კი მდინარეს მურღაბს უწოდებენ, რომლის ქვემოთ, რამდენიმე მილის დაშორებით მდებარეობს სარეზის ტბა, რომელიც წარმოიქმნა 1911 წლის მიწისძვრის შედეგად, რომელმაც აგრეთვე წარმოქმნა მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ბუნებრივი კაშხალი — უსოის კაშხალი.

სარეზის ტბის ქვემოთ მდინარე ბართანგი იერთებს მდინარე ღუდარას. აქედან მდინარე ცნობილია ბართანგის სახელწოდებით. მდინარის დიდი ნაწილი მოქცეულია პამირის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. იგი ერთადერთი მდინარეა, რომელიც მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქს კვეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.

უმეტესწილად იკვებება მყინვარული და თოვლის ნადნობი წყლით. წყლის საშუალო ხარჯი 131 მ³/წმ, მაქსიმალური — 156 მ³/წმ, ხოლო მინიმალური — 103 მ³/წმ. ზემო დინებაში ოქსუ ან აქსუ ეწოდება, შუა დინებაში — მურღაბი. შეწონილი ნატანის საშუალო ხარჯი უდრის 130 კგ/წმ-ში. წყლის მინერალიზაცია 130-310 მგ/ლ, წყალმცირობისას — 360 მგ/ლ-მდე. ზემოთში ცხელი მინერალური წყაროებია. მდინარის წყლები გამოიყენება სარწყავად.[2]

საბჭოთა დროს მდინარეზე აშენებული იყო შუჯანდის ჰიდროელექტროსადგური. ბართანგის წყალშემკრები აუზის ფარგლებში არც თუ ისე ბევრია სარწყავი მიწა. სარწყავი მიწათმოქმედების მცირე კერები განლაგებულია მდინარის შუა დინებაში, მისი მარცხენა შენაკადის — მდინარე რავმედარის შესართავის რიაონში. ოქსუს ზემოთებში არის სარწყავი მიწათმოქმედების ერთი მცირე მასივი და ვრცელი ფართობები. ბართანგის, მურღაბისა და ოქსუს ყველა შენაკადის ხეობებში არის ფართობები, რომლებიც ხელსაყრელია მთის მეცხოველეობის განვითარებისათვის.[3]

ბართანგის წყალშემკრები აუზის ფარგლებში დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოები, მათ შორის: ნახშირი, ვოლფრამის მადანი, ვერცხლისწყალი, ოქრო, ქვის მარილი და სხვა.[3]

სახელწოდება „ოქსუ“, რომელიც თურქული აქსუსაგან მომდინარეობს „თეთრ წყალს“ ნიშნავს, ხოლო მურღაბი — „მდელოს მდინარეს“. საკუთრივ ბართანგი მოიაზრება როგორც „ვიწრობში გამდინარე“ მდინარე.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]