ბარბარე ამირეჯიბი
ბარბარე ამირეჯიბი (დ. 11.08.1873. (ძვ.სტ.), 24.08. 1873. (ახ. სტ.), თბილისი — გ. 03.04.1939., თბილისი) — საქართველოში პირველი ქალი უმაღლესი პროფესიული განათლებით მუსიკის სფეროში, კომპოზიტორი, პიანისტი, კონცერტმაისტერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების - გორის განყოფილების წევრი, ქართული ფილარმონიული საზოგადოების წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამა - მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირეჯიბი, სამხედრო პირი, კავალერიის გენერალი;
- დედა - სოფიო არღუთინსკი-დოლგორუკოვი-ამირეჯიბისა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი;
- ძმა - კონსტანტინე (კოსტა) მიხეილის ძე ამირეჯიბი, პროფესორი, მეცნიერი, ქიმიკოსი, დამსახ. მოღვაწე, ქველმოქმედი, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის სამეცნიერო ინსტიტუტის დამაარსებელი (ინსტიტუტი ატარებს მის სახელს);
- და - ანასტასია მიხეილის ასული ამირეჯიბი, მხატვარი (ვ. სეროვის მოსწავლე);
- ძმის შთამომავლები: ქეთევან, თამარ და ირინე ამირეჯიბები;
- ბარბარე ამირეჯიბი არ ყოფილა დაქორწინებული[1]
შემოქმედებითი გზა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარბარე მიხეილის ასული ამირეჯიბი (ამირაჯიბი) ცხოვრობდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ფეხს იდგამდა პროფესიული მუსიკა. ამ წლებში გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების ზ. ფალიაშვილის, მ. ბალანჩივაძის, დ. არაყიშვილის, ნ. სულხანიშვილის, ვ. დოლიძის და სხვათა გვერდით იდგნენ ქართველი მუსიკოსი ქალები ბარბარე ამირეჯიბი, ნინო მესხიშვილი, მილიტინა უნდილოვა-სარაჯიშვილისა, ანასტასია ვირსალაძე, ანა თულაშვილი და სხვები.
ბარბარე ამირეჯიბი თავდაპირველად რუსული სამუსიკო საზოგადოების («Росийское Музыкальное Общество») თბილისის განყოფილების სასწავლებელში ეზიარა პროფესიის საფუძვლებს. აქ იგი სწავლობდა 1893 წლამდე, პედაგოგ ისააკ მატკოვსკისთან. თბილისის მუსიკალური სასწავლებლის 1888 – 1889 სასწავლო წლის საანგარიშო მოხსენების მიხედვით, ბარბარე ამირეჯიბი ჰარმონიის კურსს ცნობილ კომპოზიტორ მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვთან გადიოდა.
ბარბარე ამირეჯიბმა 1896 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ვერცხლის მედალზე. ეს მედალი მას გადაეცა კონსერვატორიის სამხატვრო პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით (წესდების 75-ე პარაგრაფის საფუძველზე). იგი „თავისუფალი ხელოვანის“ დიპლომით დაბრუნდა სამშობლოში და მას შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე, არ შეუწყვეტია პროფესიული საქმიანობა. როგორც პიანისტი-შემსრულებელი იგი მონაწილეობდა საქველმოქმედო კონცერტებში, დიდძალ დროს ანდომებდა მოზარდი თაობის მუსიკალურ აღზრდას, წერდა მუსიკას - მისი ნაწარმოებები სრულდებოდა სხვადასხვა საღამოებსა და კონცერტებზე. რუსულენოვან საზოგადოებაში იგი ცნობილი იყო როგორც ვარვარა ამირაჯიბი, ხოლო ახლობლები მოფერებით „ვარიუშა“-ს უწოდებდნენ.
1908 წ. ზ. ფალიაშვილმა ის მიიწვია ქართული ფილარმონიული საზოგადოების ახლად დაარსებულ სამუსიკო სკოლაში და ბ. ამირეჯიბი ერთ-ერთი პირველია სკოლის საფორტეპიანო კლასის პედაგოგებს შორის. შემდეგ თბილისის I სახ. კონსერვატორიის პედაგოგია, მოგვიანებით მუშაობს რეორგანიზებულ კონსერვატორიასა და „ვერის ტექნიკუმში“. ერთ დროს ბ. ამირეჯიბი კონცერტმაისტრად მუშაობდა მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო კლასში მ. იპოლიტოვ-ივანოვთან და ბ. ზარუდნაიასთან. პედაგოგიური მოღვაწეობის ყველაზე ხანგრძლივი დრო ბ. ამირეჯიბმა გაატარა I სამუსიკო ტექნიკუმში, სადაც მრავალ ახალგაზრდას მისცა მუსიკალური განათლება. მისი კლასის მოსწავლეებს შორის აღსანიშნავია კომპოზიტორი პეტრე ნალბანდიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, თბილისის სახ. კონსერვატორიის მხატვრული აკომპანემენტის კათედრის გამგე ელენე ძიძაძე, დ. არაყიშვილის სახ. I სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი მარგარიტა თვალაძე, რესპუბლიკის დამსახ. არტისტი ი. ალექსიძე, ნ. დოლაბერიძე, ვ. სურგულაძე, ნ. მოდებაძე, მ. ბერიძე, ა. მესხი, ე. მაყაშვილი, თ. კვაიჭაძე, ნ. კამალოვა, ქ. ნემსიწვერიძე, ბ. დანდუროვა, ე. ამირეჯიბი, ე. ფოტინოვა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი სესილია კალანდაძე…“. [2]
ბარბარე ამირეჯიბის შემოქმედების დიდ ნაწილს შეადგენს ბავშვებისათვის დაწერილი მუსიკა. ბ. ამირეჯიბის ნაწარმოებებს შორისაა: პატარა გავოტი ფორტეპიანოსთვის, გალია, სალამური, აღმოსავლური ელეგია, ქართული მელოდია და მრავალი სხვ.[3]
ბარბარე ამირეჯიბი გარდაიცვალა 66 წლის ასაკში. იგი დაკრძლულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
იხილე აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]https://georgianwomencomposers.ge/ge/composers/1/ ბარბარე მიხეილის ასული ამირეჯიბი (ამირაჯიბი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://georgianwomencomposers.ge/ge/composers/1/ ბარბარე მიხეილის ასული ამირეჯიბი (ამირაჯიბი)
- ↑ https://georgianwomencomposers.ge/ge/biography/1/ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები
- ↑ https://georgianwomencomposers.ge/ge/composition/1/