ბარბარა ლოდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბარა ლოდენი

ლოდენი 1975 წელს
დაბადების სახელი ბარბარა ენ ლოდენი
დაბადების თარიღი 8 ივლისი, 1932
ეშვილი, ჩრდილოეთი კაროლინა, ამერიკის შეერთებული შტატები
გარდაცვალების თარიღი 5 სექტემბერი, 1980 (48 წლის)
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1957-1980
მეუღლე(ები)

ლოურენს ჰოაკიმი (1954-?)

ელია კაზანი (1967-1980, ლოდენის სიკვდილამდე)

ბარბარა ენ ლოდენი (ინგლ. Barbara Ann Loden; დ. 8 ივლისი, 1932, ეშვილი, ჩრდილოეთი კაროლინა, ამერიკის შეერთებული შტატები — გ. 5 სექტემბერი, 1980, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მსახიობი და თეატრისა და კინოს რეჟისორი.

ბარბარა ლოდენის სადებიუტო ფილმი, რომელშიც თავად თამაშობს და რომლის სცენარისტიც არის, სახელწოდებით „ვანდა“ (1970) ახალი ამერიკული კინოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება. [1] ფილმმა 1970 წლის ვენეციის კინოფესტივალზე კრიტიკოსების ჯილდო მოიპოვა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა ენ ლოდენი 1932 წლის 8 ივლისს ეშვილში, ჩრდილოეთ კაროლინაში (ამერიკის შეერთებული შტატები) დაიბადა. 16 წლის ასაკში ლოდენი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მოდელად დაიწყო მუშაობა სხვადასხვა ჟურნალებისთვის. ლოდენი ასევე Copacabana-ს ღამის კლუბში მოცეკვავედ მუშაობდა. იგი მალევე სამსახიობო სკოლაში ჩაირიცხა. [2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოდენის სამსახიობო დებიუტი ნიუ-იორკის თეატრში შედგა, სპექტაკლით, „იძულება“.

1950-იანებში იგი შეხვდა ცნობილ ამერიკელ რეჟისორს, ელია კაზანს. ლოდენმა ითამაშა კაზანის ფილმებში, სახელწოდებით „ველური მდინარე“ (1960) და „ბრწყინვალება ბალახში“ (1961), სადაც იგი ჯინის როლს ასრულებს.

„ვანდას“ პოსტერი, 1970 წ.

1970 წელს გამოვიდა ბარბარა ლოდენის სარეჟისორო დებიუტი, „ვანდა“, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. ლოდენი, რეჟისორთან ერთად, „ვანდას“ სცენარისტია. ფილმი ნახევრადავტობიოგრაფიულია. გამოირჩევა მისი იმპროვიზაციული სტილით. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პირველი ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორიც ქალი იყო და რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ის არის ერთადერთი ამერიკული ფილმი, რომელიც 1970 წლის ვენეციის კინოფესტივალზე მიიღეს.[3] 1971 წელს მისი ჩვენება კანის კინოფესტივალზე გაიმართა. „ვანდას“ შესახებ ბარბარა ლოდენი ამბობს: „...ვეცადე, რომ ჩემს ფილმში რაღაცები ზედმეტად არ ამეხსნა, რომ ზედმეტად სწორხაზოვანი, ზედმეტად ვერბალური არ ვყოფილიყავი. ჩემი ძირითადი თემა ის ადამიანებია, რომლებიც გრძნობებს სიტყვებით არ გამოხატავენ და თავიანთი მდგომარეობის შესახებ ბევრი არაფერი იციან. ასეთი მე თვითონაც ვყოფილვარ. მე შორეული სოფლის რაიონიდან მოვდივარ, სადაც ადამიანები რთულად ცხოვრობენ. არ აქვთ დრო იმ ყველაფერზე დასაკვირვებლად, რაც მათ გარშემო ხდება. დღიდან დღემდე ცხოვრების გარდა ბევრი არაფერი აღელვებთ. ისინი სულელები არ არიან, გაუცნობიერებლები არიან. მათ გარშემო ყველაფერი მახინჯია - არქიტექტურა, ქალაქი, ტანსაცმელი, რომელიც აცვიათ. ყველაფერი, რასაც ხედავენ, მახინჯია“.[4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა ლოდენი 1950-იანებში პროდუსერზე, ლარი ჰოაკიმზე დაქორწინდა. მათ ერთად შვილი, მარკო ეყოლათ. ლოდენის ელია კაზანთან რომანის შემდეგ ისინი დაშორდნენ, ხოლო 1966 წელს ლოდენი კაზანზე დაქორწინდა. მათ მალევე ვაჟი, ლეო შეეძინათ.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ბარბარა ლოდენს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ პერიოდში მას კეიტ შოპენის მოთხრობის, „გამოღვიძების“ მიხედვით სრულმეტრაჟიანი ფილმი უნდა გადაეღო, თუმცა დაავადების გამო ვერ მოახერხა.[5] ლოდენი 1980 წლის 5 სექტემბერს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მსახიობი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1960 „ველური მდინარე“ Wild River ბეტი ჯექსონი
1961 „ბრწყინვალება ბალახში“ Splendor in the Grass ჯინი სტემპერი
1968 „გამკვეთრება“ Fade In ჯენი

როგორც რეჟისორი (სრულმეტრაჟიანი ფილმები)

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1970 „ვანდა“ Wanda რეჟისორი, სცენარისტი

როგორც რეჟისორი (მოკლემეტრაჟიანი ფილმები)

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1975 „უახლესი გამოცდილება“ The Frontier Experience რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, პროდიუსერი
1975 „ბიჭი, რომელსაც ირმები მოსწონდა“ The Boy Who Liked Deer რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]