ბარბარა კარინსკა
| ბარბარა კარინსკა | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 3 ოქტომბერი, 1886[1] [2] [3] [4] |
| დაბადების ადგილი | ხარკივი[4] |
| გარდაიცვალა | 18 ოქტომბერი, 1983[1] [3] [4] (97 წლის) ან 19 ოქტომბერი, 1983[5] (97 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი[4] |
ვარვარა კარინსკაია (ბარბარა კარინსკა) (ინგლ. Barbara Karinska ; დ. 3 ოქტომბერი 1886, ხარკოვი — გ. 18 ოქტომბერი 1983 ან 19 ოქტომბერი 1983, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი კოსტიუმების დიზაინერი, რომელიც მუშაობდა მუსიკალურ თეატრსა და კინოში. დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა ქორეოგრაფ ჯორჯ ბალანჩინთან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მისი ნიუ-იორკის საბალეტო დასის კოსტიუმების ესთეტიკაზე.
1949 წელს ფილმისთვის „ჟანა დ'არკი“ გახდა პრემია ოსკარის ლაურეატი საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის, ხოლო 1953 წელს ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე ასევე საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის ფილმ-ბალეტისთვის „ჰანს ქრისტიან ანდერსენი.“
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის იმპერიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ხარკოველი ვაჭარი-მილიონერის ანდრეი ჟმუდსკის ოჯახში (მისი 10 შვილიდან მესამე, უფროსი ქალიშვილი). ბავშვობიდან გატაცებული იყო ქარგვით. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.
1908 წელს ცოლად გაჰყვა ხარკოვის მდიდარი მრეწველის ვაჟს — ლექსანდრე მოისენკოს. წყვილს შეეძინა ქალიშვილი ირინა, თუმცა 1909 წელს შვილის დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა მეუღლე. 1910 წელს მოიგო სასამართლო პროცესი მისი უფროსი ძმის, ანატოლის (გაზეთ „უტროს“ მფლობელი) წინააღმდეგ, რის შედეგადაც მიიღო მეურვეობა ძმის ორი წლის ვაჟ ვლადიმერზე.
მალე ვარვარა ხელახლა დაქორწინდა ადვოკატ ნიკოლაი კარინსკიზე (1873-1948). მეუღლის იურიდიული პრაქტიკის წარმატებით განვითარების შემდეგ ოჯახი 1915 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ვარვარამ ბინა იყიდა. იგი გახდა სალონის დიასახლისი და ყოველ საღამოს თეატრის და საბალეტო სპექტაკლების შემდეგ ღებულობდა ინტელიგენციას. მან განავითარა საკუთარი მხატვრული ტექნიკა, იყენებდა ფერადი აბრეშუმის მარლის ნაჭრების კომბინაციას ფოტოებიდან და ნახატებიდან. მისი პირველი ნამუშევრების თემა იყო ბალეტი. თვითგანვითარების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მან თავისი 12 ნამუშევარი გამოფინა მოსკოვის პოპულარულ გალერეაში.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნიკოლაი კარინსკი დაინიშნა პეტროგრადის სასამართლო პალატის პროკურორად. 1919-1920 წლებში ეკავა მაღალი თანამდებობები მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ამ პერიოდში ვარვარა და მისი შვილები მოძრაობდნენ ხარკოვსა და სიმფეროპოლს შორის. მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა ყირიმი აიღეს, ოჯახი იძულებული გახდა დაშორებულიყო: ნიკოლაი კარინსკი ემიგრაციაში წავიდა, ვარვარა და მისი შვილები დარჩნენ საბჭოთა რუსეთში. ის მალევე დაუსწრებლად დაშორდა „ თეთრგვარდიელ“ მეუღლეს.
1921 წელს კარინსკაია დაბრუნდა მოსკოვში, სადაც მალე დაქორწინდა ვლადიმერ მამონტოვზე, მოსკოვის ერთ-ერთი მდიდარი რევოლუციამდელი მრეწველის შვილზე. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კარინსკაიამ კვლავ გახსნა სალონი, სადაც იკრიბებოდნენ მხატვრები, ინტელექტუალები და ოფიციალური პირები. მან გახსნა ტანსაცმლისა და ქუდების სამკერვალო მოდის სტუდია, ანტიკვარული მაღაზია და ქარგვის სკოლა, რომლის ნაციონალიზაცია მალევე მოახდინა საბჭოთა მთავრობამ.
ემიგრაციაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წელს, რსფსრ განათლების სახალხო კომისრის ა. ლუნაჩარსკის მხარდაჭერით, ვარვარამ ოჯახთან ერთად დატოვა სსრკ ევროპის ქვეყნებში მისი სტუდენტების ნამუშევრების გამოფენის მოწყობის საფარქვეშ. ბერლინსა და ბრიუსელში ხანმოკლე ყოფნის შემდეგ იგი პარიზში აღმოჩნდა და 1939 წელს ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
იგი მუშაობდა სალვადორ დალისთან , მარკ შაგალთან [6] და სხვა მხატვრებთან. ქმნიდა კოსტუმებს «Ballet Russe de Monte Carlo»-ის და სხვა საბალეტო კომპანიებისთვის.
1940-1970-იან წლებში მან თითქმის ყველა კოსტიუმი დაამზადა ჯორჯ ბალანჩინის სპექტაკლებისთვის, ჯერ მხატვრების ჩანახატებზე დაყრდნობით, შემდეგ უკვე დამოუკიდებლად. ნიუ-იორკის ბალეტთან მუშაობის გარდა, შექმნა სასცენო კოსტიუმები სხვადასხვა საცეკვაო კომპანიებისთვის, ბროდვეის მიუზიკლებისთვის და ჰოლივუდის ფილმებისთვის. დაახლოებით 50 ბალეტისთვის შექმნა კოსტიუმები.
1949 წელს დოროთი ჯეკინსთან ერთად გახდა პრემია ოსკარის ლაურეატი საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის ფერადი ფილმისთვის („ჟანა დ'არკი,“ 1948 წელი). 1953 წელს იმავე კატეგორიაში მერი უილსთან და ანტონი კლავესთან ერთად იყო ნომინირებული ოსკარის ჯილდოზე ფილმ-ბალეტისთვის „ჰანს ქრისტიან ანდერსენი.“
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2003 — ხარკოვში საზოგადო აქტივისტებმა ჩამოაყალიბეს ვარვარა კარინსკაიას ფონდი
- 2004 წელს დაფუძნდა ბარბარა კარინსკის სახელობის მოდისა და თეატრალური კოსტიუმების საერთაშორისო ფესტივალი.
- 2005 — ხარკოვში, ჟმუდსკის ოჯახის ყოფილ სახლში ( გრიგორი სკოვოროდის ქ. 31), დამონტაჟდა მემორიალური დაფა ვარვარა კარინსკაიას (მოქანდაკე ს. იასტრებოვი) პატივსაცემად.
- 2015 წელი — ხარკოვში, ქალაქ კიევსკის რაიონში მდებარე ქუჩას (ყოფილი მარსელ კაჩინის ქუჩა) ვარვარა კარინსკაიას სახელი ეწოდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #11929690X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- 1 2 filmportal.de — 2005.
- 1 2 3 4 Barbara Karinska dies at 97; City Ballet Costume Designer // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1983. — ISSN 0362-4331
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ „Inside the Fantastical Costume World of Marc Chagall“. Pointe (ინგლისური). 2017-10-20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-22. ციტირების თარიღი: 2018-06-05.