შადიმან ბარათაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბარათაშვილი, შადიმან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.

შადიმან ბარათაშვილიქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის I მესამედში.

მეფის სუფრაჯი, ლუარსაბ II-ის მამამძუძუ, დიდ ფეოდალთა დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გიორგი სააკაძის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების (1612) ორგანიზატორი. ირანელთა 1614 შემოსევის დროს შაჰ-აბას I-ის სამსახურში ჩადგა, იმერეთიდან გადმოიყვანა ლუარსაბ II და შაჰს მიჰგვარა, რასაც ლუარსაბის მოწამეობრივი სიკვდილი მოჰყვა. შადიმანობა დღესაც გამოიყენება ტერმინად, რაც ქვეყნის ღალატს აღნიშნავს.

შადიმან ბარათაშვილი მხატვრულ ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკანასკნელ ხანებში ქართველი მწერლები და ისტორიკოსები მის რეაბილიტაციას შეეცადნენ. „მის გაიდეალებას კი არავინ მოითხოვს, მაგრამ ხალხოსნურ–საბჭოურ კლიშეს ადევნებულნი ქვეყნის ორგულადაც ნუღა დავსახავთ“[1].

შადიმან ბარათაშვილის მოღალატური პორტრეტი წარმოისახება კინოფილმში გიორგი სააკაძე, სადაც ის ეროვნული გმირის – გიორგი სააკაძის დაუძინებელი მტერი და ქვეყნის და მეფე ლუარსაბ II–ის ორგულია. ფილმში შადიმან ბარათაშვილი გიორგი სააკაძის დისა და ლუარსაბ მეფის თანამეცხედრეს წამლავს, რაც ისტორიული წყაროებით არ დასტურდება.

შადიმან ბარათაშვილი ასევე შემდეგი ნაწარმოებების პერსონაჟია, სადაც ის, ძირითადად, უარყოფით პერსონაჟად არის გამოყვანილი: ვასილ ბარნოვის „განგების გრკალის“ , სადაც პერსონაჟ შადიმანს სააკაძის სახლ–კარის აკლებისას უნებლიეთ შემოაკვდება მოხუცებული ქალი. ანა ანტონოვსკაიას „დიდი მოურავის“, სადაც ავტორი მას ირანელთა რაზმის ფარულად შემოყვანას მიაწერს ქართლში, რაც ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. სიმონ ქვარიანის „დიდი მოურავის“, ანტონ ფურცელაძის მონოგრაფიისა „გიორგი სააკაძე და მისი დრო“, და პიესისა „დიდი მოურავი“, სანდრო შანშიაშვილის დრამის „უგვირგვინო მეფენი“ და სხვა არაერთის ისტორიკოსის ნაშრომების. შანშიაშვილი და ანტონოვსკაია თავიანთ ნაწარმოებში მას ლუარსაბ II-ის დაღუპვის ცოდვასაც ჰკიდებენ.

ერთადერთი ისტორიული წყარო, რომელიც შადიმანს ქვეყნის მოღალატედ წარმოაჩენს, იოსებ თბილელის დიდმოურავიანია, რომელიც გიორგი სააკაძის ნათესავია.

შადიმანის საპირისპიროდ, მისი მოწინააღმდეგენი ქართლის ცხოვრების ამ ნაწყვეტს იშველიებენ: „მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არ იყო მოურავის მოყუარე, იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა... და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან დაუცადებლად დაუწყო ბეზღობა მოურავსა“[2].

იოსებ სააკაძე გვამცნობს, შადიმანი სააკაძეს მტრად იმიტომ მოეკიდა, რომ მან მეფის აღმზრდელს მამაცობა და ხმლის კვეთება დაუწუნაო: „შადიმან ამად დამქიშვდა, აქვს მამაცობის ზრახვანი, ჰერთხელ ეს ვუთხარ: შენს ხმალსა არ აქვს კვეთა ახვანი“[3].

ლუარსაბ II–ის იმერეთიდან გადმოყვანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ზემოთ აღინიშნა, სანდრო შანშიაშვილი და ანა ანტონოვსკაია ლუარსაბ II-ის დაღუპვის ცოდვას შადიმანს ჰკიდებენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, მეფე ლუარსაბი იმერეთის მეფე გიორგისთანაა თავშეფარებული თეიმურაზ I–თან ერთად და შაჰ აბასი მას კაცს გაუგზავნის და შეუთვლის: „მომეც ეგევე ორნივე მეფენი და აღგავსებ მრავლითა ნიჭითა და საბოძვრითა“. შაჰ აბასი მასთან აგზავნის კათალიკოს მალაქიას, ლევან აბაშიძეს, ამასთან ერთად შადიმან ბარათაშვილს და ერთგულ ხოჯას.მან შადიმანს „მისცა ფიცი საშინელი და საფიცარი და იტირა ბევრი“, რომ ლუარსაბს არ წაახდენდა, ამასთანავე მათ წააყოლა ლუარსაბის დის ლელას წერილი, რომელიც შაჰის მეუღლე იყო, შაჰს ენდე და ჩამოდიო. ლუარსაბი, თეიმურაზისგან განსხვავებით, დათანხმდება და შაჰს ეახლება, რომელიც მას ირანში წაიყვანს, შვიდი წლის შემდეგ კი ლუარსაბს საბლით მოაშთობენ ციხეში. ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით კი ლუარსაბის მოტყუებით ქართლში გადმოყვანა შაჰმა პირად ელჩს სარუ–ხოჯას დაავალა, რასაც მან წარმატებით გაართვა თავი.

იოსებ თბილელი კი გიორგი სააკაძეს ათქმევინებს: „მეფე ლუარსაბ მობრძანდა, აწ სიტყვა არ ეგებისა, ვინც მოიყვანა, ამოდ ზის, ლახვარი არ ეგებისა. შადიმან გადმოიყვანა, ტკბილის სიტყვით და ენითა, მან საჯილდოო იშოვნა, თქვა, თუ ეს კარგა ვჰქენითა! იგ თავის უფლად შეიქმნა, მე ვარ აწ ცრემლთა დენითა, მის წილ ვჰკვდები, შევქმნილვარ ლახვრითა დასაშენითა“. . ვაჟა კიკნაძის თქმით, „ ამ სტრიქონებიდან იოსებ სააკაძე ისეთ სურათს ხატავს, რომ უცოდველ კრავ გიორგი სააკაძეს ცრემლი სდის მეფის უბედურების გამო და თან ლახვართ სობას განიცდის... ნუთუ ნათესავ–მოურავიანის ეს აშკარა სიცრუე დღესაც უკრიტიკოდ უნდა მივიღოთ?!“ მკვლევარი აგრძელებს: „ლუარსაბის დაღუპვას აბსოლუტურად ყველა წყარო გიორგი სააკაძეს მიაწერს. ის იქვე აღნიშნავს, რომ პოემის სხვა ადგილას, იოსებ სააკაძეც კი იძულებულია აღიაროს, რომ მთელი ქვეყანა სააკაძეს სდებს ბრალს ახალგაზრდა მეფის დაღუპვაში. (დიდმოურავიანი, სტრ. 15, 17, 24, 26). მაგალითად, თეიმურაზ I სააკაძეს დიდმოურავიანში შემდგნაირად მიმართავს: ქვეყანამ იცის, შენ იყავ მისის სისხლისა მღვრელია“.

ანტონ კათალიკოსის ცნობით, გიორგი სააკაძე „არა დასცხრებოდა შაჰ–აბასის მიმართ შესმენითა ლუარსაბისათა და ყოვლითურთ მეცადინეობდა მოკვლასა მისსა“. ფარსადან გორგიჯანიძეც გვაუწყებს, რომ შაჰ–აბასს მისი მოკვლა ურჩია: „სინამდისინ მეფე ლუარსაბი ცოცხალიაო, საქართველო არ დაწყნარდებისო. კაცი გაუძახეს, მეფე ლუარსაბი ციხეში დაარჩვეს“. ამასვე იმეორებს პიეტრო დელა ვალეც რომის პაპისადმი წარდგენილ მოხსენებაში.

„ამრიგად, შადიმანი გარევით გარეულია ლუარსაბის გამგზავრებაში შაჰის კარზე, მაგრამ სულაც არ ჩანს, თითქოს პირადი გამორჩენა თუ ანგარება ამოქმედებდეს... ლუარსაბი შაჰის კარზე ჩაყვანისთანავე რომ დაესაჯათ სიკვდილით, იქნებ მისი სისხლის ერთი წვეთი მაინც მისხმოდა შადიმან ბარათაშვილსაც, მაგრამ შაჰს მისი მოკვლა არ ჰქონია განზრახული, ეგ არის ქართლში აღარ უშვებდა და საპატიო ტყვესავით ჰყავდა“, – ამბობს როსტომ ჩხეიძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. როსტომ ჩხეიძე, ზვარაკად შადიმან ბარათაშვილი, „ჩვენი მწერლობა“, № 23, 2003 წ., გვ. 1
  2. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება (პირველი ტექსტი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-02. ციტირების თარიღი: 2011-09-01.
  3. იოსებ თბილელი, დიდმოურავიანი, სტროფი 90