ბანთარეულის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბანთარეულის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 250 მეტრზე, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას. დაზიანდა გაზსადენის მშენებლობისას. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ძეგლი 1985-86 წლებში გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ნამოსახლარზე გამოვლინდა სამი სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი და ორი საწნახელი. ნაგებობათა შემორჩენილი კედლები ნაშენია მოზრდილი ბრტყელი ქვითა და დუღაბით. ერთ-ერთი ნაგებობის იატაკზე მოფენილია ქვის ფილები. საწნახლები ნამოსახლარის სამხრეთ ნაწილშია, ნაგებია ნატეხი ქვის ორპირა წყობითა და დუღაბით. ორივე საწნახლის ფსკერზე (თავსა და ბოლოში) ლასტის დასაგებად ჩამაგრებულია თითო ბრტყელი ქვა. ერთ-ერთი საწნახლის ფსკერი დაღარულია თევზისფხურად და შიგნით შელესილია. აქვს ტკბილის გასასვლელი ხვრელი. ერთ საწნახელს აქვს თაღარი. გამოვლინდა მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის სასმისების, ქოთნების, ჩაფების, ჯამების, დერგების ნატეხები. ნამოსახლარიდან აღმოსავლეთით, 250 მეტრზე, გადათხრილია ერთი სწოკუთხა სათავსი, რომლის ერთ-ერთ კედელთან მოწყობილია ნატეხი ქვით ნაგები საწნახელი. საწნახელს აქვს ტკბილის გასასვლელი ხვრელი, რომელიც ჩადის თაღარში. იქვე, სათავსის დასავლეთ კედელთან, შემორჩენილია მეორე საწნახლის ფსკერი. სათავსთან ახლოს, სამხრეთით, სწორკუთხა კოშკის ნანგრევებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]