ბალყარელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალყარელებიყარაჩაელების მონათესავე თურქულენოვანი ხალხია, რომლებიც კავკასიის ჩრდილოეთის ქედის ცენტრალური ნაწილის მთიან მონაკვეთში მკვიდრობენ. მკვლევრები თვლიან, რომ ბალყარელები და ყარაჩაელები ერთ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ყივჩაღურ ჯგუფში შედის. ყარაჩაელებს ბალყარელებისაგან იალბუზის მთა ყოფს. დასავლეთი ნაწილი ყარაჩაელებს უკავიათ, აღმოსავლეთ მხარეს კი ბალყარელები ცხოვრობენ. 1980-იან წლებში ყაბარდო-ბალყარეთში 59,7 ათასი ბალყარელი მკვიდრობდა, მთელ საბჭოთა კავშირში კი 66 ათასი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაჩაი-ბალყარულ ენაზე დამწერლობა 1924 წელს შეიქმნა (თავდაპირველად ლათინურ, შემდეგ — რუსულ გრაფიკზე დაყრდნობით). ბალყარული ლიტერატურული ენის საფუძველს ბაქსანურ-ჩეგემური დიალექტი წარმოადგენს.

რუსულ წყაროებში ბალყარელები (ბოლხარები) პირველად XVII საუკუნეში არიან მოხსენიებულნი. თუმცა სახელწოდება ბალყარელები მხოლოდ მდ. ჩერეკზე მცხოვრებ მოსახლეობას აღნიშნავდა. ბალყარელები დასახელებული არიან 1768 წლის დოკუმენტშიც. ბალყარელები პირველად დასავლეთევროპულ წყაროებში XVIII საუკუნის დასაწყისში არიან დაფიქსირებულნი. 1718 წელს გოტლიბ შ ობერი ბალყარელ თათრებს მოიხსენიებს. გიულდენშტედტი და პალასი ბალყარის და ყარაჩაის ოკრუგებს ახსენებენ.

ბალყარეთის ყველა სოფლის მცხოვრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდა მეზობელ ხალხებთან: ყაბარდოელებთან, ყარაჩაელებთან, ქართველ მთიელებთან (სვანებთან, რაჭველებთან). XIX საუკუნის პირველ მესამედში ბალყარული საზოგადოებები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ.

ბალყარელები ძველისძველი მეცხოველეები არიან. მესაქონლეობა ბალყარელების მეურნეობის წამყვანი ტრადიციული დარგი იყო. მისდევდნენ მეცხვარეობას, მსხვილფეხარქოსანი საქონლის მოშენებას, მეცხენეობას; ჰყავდათ თხები. XVIII საუკუნის ბოლომდე მისდევდნენ მეღორეობასაც. მეღორეობა ისლამის გავრცელებასთან ერთად გაქრა. მაისიდან ოქტომბრამდე საქონელს მთის საზაფხულო საძოვრებზე აბალახებდნენ. გვიან შემოდგომაზე კი ყაბარდოს ველის საზამთრო საძოვრებზე მიერეკებოდნენ. ბალყარელებს მსხვილფეხარქოსანი საქონლის ნაწილი ბაგურ კვებაზე ჰყავდათ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია ბალყარული ცხენების ამტანობის, გამძლეობის შესახებ. პატარა ბალყარული ცხენები მთის პირობებში შეუცვლელი იყვნენ.

მესაქონლეობასთან ერთად ბალყარელები მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ, რომელსაც აქ დამხმარე ხასიათი ჰქონდა. სახვნელი ნაკვეთები ტერასებზე ჰქონდათ მოწყობილი. თესავდნენ ქერს, ხორბალს, შვრიას. ხნავდნენ ხის სახვნელით, რომელსაც რკინის სახნისი ჰქონდა. მკიდნენ ნამგლით. მარცვლის გალეწვას საქონლის ფეხით ახდენდნენ. ბალყარელები არა მხოლოდ სახვნელ მინდვრებს, არამედ სათიბებსაც რწყავდნენ. სახვნელ ნაკვეთებს 2-3 წელიწადში ერთხელ ნაკელით ანოყიერებდნენ. ბალყარელთა შინამრეწველობიდან და ხელოსნობიდან აღსანიშნავია ქეჩების, ნაბდების წარმოება, ტყავისა და ხის დამუშავება (ამზადებდნენ ავეჯსა და ჭურჭელს). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მონადირეობასა და მეფუტკრეობას. მოპოვებულ მელიის, მგლის, კვერნის ბეწვს ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებსა და დასავლეთ საქართველოში ჰყიდნენ. ვაჭრობდნენ თაფლითა და ცვილით. ფუტკარი მსუბუქ დაწნულ სკებში ჰყავდათ. ბალყარელები ძირითადად ვაჭრობდნენ ყაბარდოელებთან და დასავლეთ საქართველოს მთიანეთის — სვანეთისა და რაჭის მოსახლეობასთან. ონში გასაყიდად ნაბდები, თექა, ყაბალახები გადმოჰქონდათ, რასაც თამბაქოზე, სპილენძის ქვაბებზე, ჭურჭელსა და სხვა საგნებზე ცვლიდნენ. ბალყარელებმა XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ვაჭრობა რუსეთთან გააცხოველეს. კავკასიის ხაზზე და შავიზღვისპირეთში ბალყარელები ძირითადად მარილს იძენდნენ.

რეფორმის პერიოდში განავითარეს სარძევე მრეწველობა. თავადმა ურუსბაევებმა ბაქსანის მარცხენა ნაპირზე ააშენეს ყველის ქარხანა, სადაც შვეიცარულ ყველს ამზადებდნენ.

ბალყარელები XX საუკუნემდე ერთმანეთს და სხვა მეზობელ ხალხებს ვიწრო და ციცაბო ბილიკებით უკავშირდებოდნენ. მათზე მხოლოდ ფეხით ან ცხენით თუ გადაადგილდებოდნენ. ბორბლიან ტრანსპორტს ბალყარელები არ იცნობდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]