ბალთაზარ ვორსტერი
| ბალთაზარ ვორსტერი | |
|---|---|
| აფრ. Balthazar Johannes Vorster | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 13 დეკემბერი, 1915[1] [2] [3] [4] |
| დაბადების ადგილი | Uitenhage |
| გარდაცვალების თარიღი | 10 სექტემბერი, 1983[1] [2] [3] [5] [4] (67 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | კეიპტაუნი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | Stellenbosch University |
| ჯილდოები | Order of Good Hope |
ბალთაზარ იოჰანეს ვორსტერი (დ. 13 დეკემბერი, 1915 — გ. 10 სექტემბერი, 1983), უფრო მეტად ცნობილი როგორც ჯონ ვორსტერი — სამხრეთ აფრიკის პოლიტიკოსი, რომელიც 1966-დან 1978 წლამდე სამხრეთ აფრიკის პრემიერ-მინისტრის, ხოლო 1978-დან 1979 წლამდე ქვეყნის მეოთხე სახელმწიფო პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. კარიერის უდიდეს ნაწილში იგი ცნობილი იყო როგორც ბ. ჯ. ვორსტერი, თუმცა 1970-იანი წლებიდან უპირატესობას სახელის ანგლიზირებულ ფორმას, ჯონს ანიჭებდა.[7] 1942 წელს სამხრეთ აფრიკის მთავრობამ იგი პრონაცისტურ ორგანიზაცია „Ossewabrandwag“-ში მონაწილეობისთვის დააპატიმრა,[8] თუმცა თავად ფორსტერი ამას უარყოფდა და აცხადებდა, რომ დაკავების ოფიციალურ მიზეზად მისი „ანტიბრიტანული“ განწყობები დასახელდა.[9]
ფორსტერი მტკიცედ უჭერდა მხარს ქვეყანაში აპართეიდის პოლიტიკას. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა რივონიის პროცესს, რომლის შედეგადაც ნელსონ მანდელას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა დივერსიული საქმიანობისთვის. პრემიერ-მინისტრის რანგში მისი მმართველობა უკავშირდება ტერორიზმის შესახებ აქტს, არათეთრკანიანი მოსახლეობის პოლიტიკური წარმომადგენლობის სრულ გაუქმებას, სოუეტოს ამბოხებასა და სტივ ბიკოს კრიზისს. თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, იგი უფრო პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ცდილობდა ურთიერთობების გაუმჯობესებას თეთრკანიანი უმცირესობის მთავრობასა და სამხრეთ აფრიკის მეზობელ ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დაშლის შემდეგ. 1978 წელს როდეზიაში მიღწეული შიდა შეთანხმების შემდეგ, რომელშიც მან გადამწყვეტი როლი ითამაშა, ფორსტერი გაეხვა „მალდერგეიტის“ სკანდალში. იგი გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და დაიკავა სახელმწიფო პრეზიდენტის ცერემონიული თანამდებობა, საიდანაც რვა თვის შემდეგ კვლავ აიძულეს გადამდგარიყო.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფორსტერი დაიბადა 1915 წელს სამხრეთ აფრიკის კავშირის კაპის პროვინციის ქალაქ ჯეიმსთაუნში. იგი იყო წარმატებული მეცხვარე ფერმერის, ვილემ კარელ ფორსტერისა და მისი მეუღლის, ელისაბედ სოფია ფორსტერის (დაბადებით ვაგენაარი) მეთხუთმეტე შვილი.[10] დაწყებითი განათლება მან იქვე მიიღო. სტელენბოსის უნივერსიტეტში სწავლისას იგი აქტიურად ჩაება სტუდენტურ პოლიტიკაში: გახდა სადებატო საზოგადოების თავმჯდომარე, სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ეროვნული პარტიის (National Party) ახალგაზრდული ფრთის ლიდერი.[11]
1938 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ფორსტერმა მუშაობა დაიწყო სამხრეთ აფრიკის უზენაესი სასამართლოს კაპის პროვინციული განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწედ (მოსამართლის მდივნად).[11] თუმცა, ამ თანამდებობაზე დიდხანს არ დარჩენილა; მან მალევე გახსნა თავისი პირველი საადვოკატო ბიურო პორტ-ელისაბედში, ხოლო მეორე ვიტვატერსრანდის ქალაქ ბრაკპანში.[10][11]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსევაბრანდვაგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1939 წლიდან ვორსტერმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო იმით, რომ მკაცრად დაუპირისპირდა მეორე მსოფლიო ომში სამხრეთ აფრიკის ჩაბმას მოკავშირეებისა და მათი ყოფილი მტრის, დიდი ბრიტანეთის მხარეს.[10]
ფორსტერმა თავი მიუძღვნა ანტიბრიტანულ, პრონაცისტურ ორგანიზაციას, სახელწოდებით „ოსევაბრანდვაგი“ (ხარების შებმული ურმის გუშაგები), რომელიც 1938 წელს, „Great Trek“-ის ასი წლისთავის აღსანიშნავად დაარსდა. იოჰანეს ვან რენსბურგის ხელმძღვანელობით, „ოსევაბრანდვაგი“ მეორე მსოფლიო ომის დროს სამხრეთ აფრიკაში მრავალ დივერსიულ აქტს ახორციელებდა ქვეყნის სამხედრო ძალისხმევის შესასუსტებლად. ვორსტერი თავისი საქმიანობისთვის დააპატიმრეს, რაც სხვა ქმედებებთან ერთად, მანამდე დაკავებული გაქცეული პირების დახმარებასაც გულისხმობდა. თავად ვორსტერი ამტკიცებდა, რომ უშუალო მონაწილეობა არ მიუღია იმ საბრძოლო მოქმედებებში, რომლებიც ამ ჯგუფს მიეწერებოდა.[11][12] იგი საკუთარ თავს ანტიბრიტანულად განწყობილს უწოდებდა და არა პრონაცისტს. მისი თქმით, მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი ანტიბრიტანული აგიტაცია იყო.[13]
ვორსტერი სწრაფად დაწინაურდა „ოსევაბრანდვაგის“ რიგებში და მისი გასამხედროებული ფრთის გენერალი გახდა.[10] 1942 წელს მან განაცხადა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქრისტიანულ ნაციონალიზმს, რომელიც ნაციონალ-სოციალიზმის მოკავშირეა. თუ გნებავთ, შეგიძლიათ ამ ანტიდემოკრატიულ პრინციპს დიქტატურა უწოდოთ. იტალიაში მას „ფაშიზმს“ ეძახიან, გერმანიაში „გერმანულ ნაციონალ-სოციალიზმს“, ხოლო სამხრეთ აფრიკაში — „ქრისტიანულ ნაციონალიზმს“.[14][15]
ამ ჯგუფთან კავშირის გამო, 1942 წელს იგი კოფეფონტეინში დააპატიმრეს.[11] 1944 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფორსტერი გაწევრიანდა „ეროვნულ პარტიაში“ (National Party), რომელმაც 1948 წლიდან აპართეიდის პოლიტიკის გატარება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თეთრკანიანთა სასარგებლოდ რასობრივი დისკრიმინაცია დიდი ხნის განმავლობაში იყო სამხრეთ აფრიკის პოლიტიკისა და საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, ფორმალური შეზღუდვები მანამდე შედარებით შერბილებული იყო. „ეროვნულმა პარტიამ“ კი რასიზმის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა სრულიად ახალი გზითა და მასშტაბით, თავისი აპართეიდის კანონმდებლობის მეშვეობით.
ასამბლეის პალატა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1953 წელს ფორსტერი აირჩიეს ასამბლეის პალატის წევრად ნაიჯელის ოლქიდან, ტრანსვაალში. 1958 წელს იგი მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.[10] იგი პარლამენტის წევრი იყო პრემიერ-მინისტრების — დ.ფ. მალანის, ჯ.გ. სტრეიდომისა და ჰენდრიკ ფერვორდის მმართველობის პერიოდში. ომისდროინდელი ანტიბრიტანული საქმიანობა ვორსტერს კვლავ შეახსენეს და ეს თემა მისთვის ერთგვარ აჩრდილად იქცა.[16] კრიტიკოსებს ვორსტერმა უპასუხა, რომ მან უკვე „იწამა“ საპარლამენტო სისტემის.
როგორც „ეროვნული პარტიის“ მემარჯვენე ფრთის ლიდერი, იგი 1961 წელს იუსტიციის მინისტრად დანიშნა პრემიერ-მინისტრმა ფერვორდმა, რომელიც ვორსტერის დაუფარავი მენტორი და კერპი იყო. 1966 წელს მან ეს თანამდებობა პოლიციისა და ციხეების მინისტრის თანამდებობას შეუთავსა.[10]

1966 წელს, ფერვორდის მკვლელობის შემდეგ, „ეროვნულმა პარტიამ“ მის მემკვიდრედ ვორსტერი აირჩია. მან განაგრძო ფერვორდის მიერ დაწყებული აპართეიდის კანონმდებლობის იმპლემენტაცია, მათ შორის, 1968 წელს იმ უკანასკნელი ოთხი საპარლამენტო ადგილის გაუქმება, რომლებიც განკუთვნილი იყო ფერადკანიანი ამომრჩევლების თეთრკანიანი წარმომადგენლებისთვის (ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ 1970 წელს აღსრულდა). მიუხედავად ამისა, ვორსტერის მმართველობის პერიოდში რამდენიმე სხვა მსგავსი კანონპროექტი უარყვეს. ასევე, გაუქმდა კანონმდებლობა, რომელიც კრძალავდა მრავალრასობრივ სპორტულ გუნდებს, რათა სამხრეთ აფრიკას 1968 წლის მეხიკოს საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მიეღო. ვორსტერის მცდელობის მიუხედავად, აფრიკული ქვეყნების მრავალრიცხოვანი პროტესტის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამხრეთ აფრიკის გუნდს შეჯიბრებაზე დაშვებაზე უარი უთხრა.
როგორც პიროვნება, ვორსტერი „ხორცშესხმულ ადამიანად“ იყო დახასიათებული „პროგრესული პარტიის“ დეპუტატის, ჰელენ სუზმანის მიერ, რაც მკვეთრად კონტრასტული იყო „ეშმაკეულ“ და „საზარელ“ ფერვორდთან. მხარდამჭერებს იგი ძალიან უყვარდათ თავისი ექსცენტრიულობის გამო. ამის მაგალითი იყო შემთხვევები, როდესაც ის ოპოზიციას თავის პირად კაბინეტში ხვდებოდა, აძლევდა უფლებას გადაეღოთ მისი ფოტოები ხშირად უხერხულ სიტუაციებში და შემდეგ საჯაროდ გაევრცელებინათ, ასევე უცხოელებს, მისივე სიტყვებით, „მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ პოლიციურ სახელმწიფოში“ ეპატიჟებოდა. სამხრეთ აფრიკის ხელმძღვანელობის ამ ახალ მიდგომას „billikheid“ ანუ „ტკბილი გონიერება“ შეარქვეს.[17] მან გაუცხოება გამოიწვია თავისივე „ეროვნული პარტიის“ ექსტრემისტულ ფრაქციაში, როდესაც 1970 წელს სამხრეთ აფრიკაში ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტურნეს დროს მაორელი მოთამაშეებისა და მაყურებლების დასწრება დაუშვა.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვორსტერი თავის წინამორბედებზე უფრო პრაგმატული იყო. მან გააუმჯობესა ურთიერთობები აფრიკის სხვა ქვეყნებთან, რისთვისაც შემოიღო პოლიტიკა, რომელიც შავკანიან აფრიკელ დიპლომატებს სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანთა უბნებში ცხოვრების უფლებას აძლევდა. ის არაოფიციალურად მხარს უჭერდა მეზობელ სახელმწიფოს, როდეზიას, რომლის უპირატესად თეთრკანიანი უმცირესობის მთავრობამ 1965 წელს ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა ოფიციალურ აღიარებაზე უარს ამბობდა. ვორსტერი მიჰყვებოდა სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანი მოსახლეობის აზრს და საჯაროდ მხარს უჭერდა როდეზიას, მაგრამ არ სურდა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოკავშირეების გაუცხოება, როგორიც აშშ იყო, რის გამოც როდეზიის დიპლომატიურ აღიარებას ერიდებოდა.
1975 წელს ანგოლასა და მოზამბიკში პორტუგალიის მმართველობის დამხობამ სამხრეთ აფრიკა და როდეზია კონტინენტზე თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობის უკანასკნელ ბასტიონებად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ვორსტერი არ აპირებდა საკუთარი ქვეყნის უმრავლესობისთვის რაიმე სახის დათმობაზე წასვლას, მან მალევე გააცნობიერა, რომ თეთრკანიანთა მმართველობის შენარჩუნება იმ ქვეყანაში, სადაც შავკანიანთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა თეთრკანიანებს, შეუძლებელი იქნებოდა.[18]
1976 წლის სექტემბერში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის ზეწოლით, მან აიძულა როდეზიის პრემიერ-მინისტრი იან სმიტი, პრინციპულად დათანხმებოდა იმას, რომ თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობა განუსაზღვრელი ვადით ვერ გაგრძელდებოდა. 1978 წლის მარტში სმიტმა და ზომიერმა შავკანიანმა ნაციონალისტმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს „შიდა შეთანხმებას“, ხოლო 1979 წლის ივნისში, მრავალრასობრივი არჩევნების შემდეგ, როდეზია შავკანიანი უმრავლესობის მმართველობის ქვეშ გარდაიქმნა ზიმბაბვე-როდეზიად, რომელსაც, ამ ფორმითაც, საერთაშორისო აღიარება არ ჰქონია.
ინფორმაციული სკანდალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1976 წლის სოუეტოს აჯანყების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის რანგში მყოფმა ვორსტერმა წააქეზა ინფორმაციის დეპარტამენტი, დაეწყო ფარული საქმიანობა სამხრეთ აფრიკაში და მის ფარგლებს გარეთ. ვორსტერს ამ აქტივობების შესახებ კაბინეტის წევრებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია და მათ თავდაცვის საიდუმლო ანგარიშიდან აფინანსებდა. როდესაც გენერალურმა აუდიტორმა კრიტიკული ანგარიში მოამზადა, ატყდა სკანდალი, რამაც საბოლოოდ ვორსტერის გადადგომა გამოიწვია. ეს სკანდალი ზოგიერთისთვის საუბარში ცნობილი იყო, როგორც „სამხრეთ აფრიკის უოტერგეიტი“.[19]
სახელმწიფო პრეზიდენტობა და პენსიაზე გასვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თორმეტწლიანი მმართველობის შემდეგ, 1978 წელს ვორსტერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მისი მემკვიდრე გახდა პ. ვ. ბოტა, ხისტი პოლიტიკოსი, რომელმაც, მიუხედავად ამისა, დაიწყო პირველი რეფორმები აპართეიდის სისტემის შესამსუბუქებლად. პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, ვორსტერი აირჩიეს სახელმწიფო პრეზიდენტის მეტწილად საპატიო (ცერემონიულ) თანამდებობაზე. თუმცა, მისი მოღვაწეობა ამ თანამდებობაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. ეგრეთ წოდებულ „მალდერგეიტის სკანდალში“, გამოაშკარავდა ვორსტერის კავშირი საიდუმლო ფონდების გამოყენებასთან. ეს თანხები მოხმარდა გაზეთ The Citizen-ის დაარსებას, რომელიც იყო ერთადერთი მსხვილი ინგლისურენოვანი გამოცემა, რომელიც „ეროვნული პარტიის“ მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩეოდა. 1979 წლის შუა პერიოდში საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ ვორსტერმა ყველაფერი იცოდა ამ კორუფციის შესახებ და მას ხელს აფარებდა. მან შერცხვენილმა დატოვა სახელმწიფო პრეზიდენტის თანამდებობა. 1982 წელს ჯონ ვორსტერმა მხარი დაუჭირა ანდრის ტროერნიხტის „კონსერვატიულ პარტიას“ მისი დაფუძნების ყრილობაზე. იგი გარდაიცვალა 1983 წელს, 67 წლის ასაკში.
მემკვიდრეობა აპართეიდის პერიოდში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ჯგუფური არეალების აქტის“ (Group Areas Act) გამოყენებით, სტელენბოსის უნივერსიტეტმა ცენტრალური სტელენბოსის ფერადკანიან მაცხოვრებლებს მიწები ჩამოართვა უნივერსიტეტის გაფართოების მიზნით. იქ აშენებულ შენობას მათ ბ.ჯ. ვორსტერის სახელი უწოდეს, რომელიც ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და კანცლერი იყო. შენობას სახელი 1990-იან წლებში შეუცვალეს.[20]
იოჰანესბურგის პოლიციის ცენტრალურ სამმართველოს ადრე „ჯონ ვორსტერის მოედანი“ ერქვა. აპართეიდის ეპოქაში იქ განთავსებული იყო სამხრეთ აფრიკის პოლიციის სპეციალური განყოფილება.[21]
ცნობილი ანეკდოტი ვორსტერის შესახებ უკავშირდება კრიკეტისტ დონ ბრედმანის ვიზიტს სამხრეთ აფრიკაში 1971 წლის ივნისში, სადაც განიხილებოდა სამხრეთ აფრიკის კრიკეტის გუნდის ტურნე ავსტრალიაში. საუბარი ასე წარიმართა:
- ბრედმანი: „რატომ არ აჰყავთ შავკანიანები გუნდში? მინდა ვიცოდე“.
- ვორსტერი: „შავკანიანებს ესმით რაგბი, მაგრამ მათ არ ესმით კრიკეტის სინატიფეები. [ისინი] ამას ვერ გაართმევენ თავს“.
- ბრედმანი: „გარი სობერსის შესახებ თუ გსმენიათ რამე?“
მონეტებზე გამოსახვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვორსტერი გამოსახულია სამხრეთ აფრიკული რანდის შემდეგი მონეტების წინა მხარეს:
1982 წლის გამოშვება: 1/2 ცენტიდან 1 რანდამდე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Vorster, Balthazar Johannes (1976). რედ. O. Geyser: Geredigeerde toesprake van die sewende Eerste Minister van Suid-Afrika: 1953-1974 (af). Bloemfontein: Instituut vir Eietydse Geskiedenis, UOVS. ISBN 9780868860053.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- B. J. Vorster: Selected speeches
- The Rise of the South African Reich – Chapter 6, Brian Bunting, 1969
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Discogs — 2000.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 GeneaStar
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Bethke F. S. Database of Cabinet Politics in Sub-Sahara Africa
- ↑ Hawthorne, Peter. (4 October 1976) 'A Cool Man on a Lion Hunt,' South Africa's John Vorster Tries to Head Off a Race War. People. ციტირების თარიღი: 2018-05-28
- ↑ McGreal, Chris (2006-02-07). „Brothers in arms - Israel's secret pact with Pretoria“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2025-05-17.
- ↑ Firing Line with William F. Buckley Jr.: The Question of South Africa. 2017-02-09. https://www.youtube.com/watch?v=VVWh01yCoIQ.
- 1 2 3 4 5 6 Balthazar Johannes Vorster. South African History Online. ციტირების თარიღი: 5 January 2011
- 1 2 3 4 5 Bookrags.com. Balthazar Johannes Vorster Biography.
- ↑ Dickens, Peter. (2024-01-02) Hitler's Spies and the Ossewabrandwag en. ციტირების თარიღი: 2024-06-10
- ↑ Firing Line with William F. Buckley, Jr. (2017-02-09), Firing Line with William F. Buckley Jr.: The Question of South Africa, https://www.youtube.com/watch?v=VVWh01yCoIQ&t=3m37s. წაკითხვის თარიღი: 2017-04-02
- ↑ McGreal, Chris. How the roots of the 'PayPal mafia' extend to apartheid South Africa (26 January 2025). ციტირების თარიღი: 28 January 2025
- ↑ Dickens, Peter. Christian Nationalism en.
- ↑ Müller, André (September 2000). „The economic history of the Port Elizabeth-Uitenhage region“. South African Journal of Economic History. 15 (1–2): 20–47. doi:10.1080/10113430009511123. ISSN 1011-3436. S2CID 155003223.
- ↑ „South Africa: A Touch of Sweet Reasonableness“. Time. 31 March 1967. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 December 2008.
- ↑ APF newsletter, "Appraisal of Rhodesia in 1975".
- ↑ Crapanzano, Vincent (1985). Waiting: the Whites of South Africa. New York: Random House, გვ. 105.
- ↑ Grundlingh, Albert. Die Vlakte.
- ↑ Johannesburg Central Police Station en. ციტირების თარიღი: 2021-06-04