ბალებიანის ეკლესია და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალებიანის ეკლესია და სამაროვანი — არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალიდან ჩრდილო-დასავლეთით, 0,7 კილომეტრზე, მდინარეების მთიულეთის არაგვისა და ფშავის არაგვის შესართავთან, ადგილ ბალებიანში. ამჟამად დაფარულია წყლით. 1979-1984 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხარა სამაროვანი, 1983-1984 წლებში - ეკლესია.

ეკლესია განეკუთვნებოდა XII-XIII საუკუნეებს. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და დუღაბით. თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2 მეტრს არ აღემატებოდა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდი ორი საფეხურით იყო შემაღლებული. აფსიდში ორი სწორკუთხა ნიში იყო მოწყობილი. ეკლესიის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს მაღლი საფეხური გასდევდა. ეკლესია გადახურული იყო ფიქლით.

ეკლესიის ირგვლივ გათხარეს 29 ქრისტიანული სამარხი, 27 ქვის სამარხი, 1 ორმოსამარხი, 1 ამოშენებულკედლებიანი სამარხი. სამარხებში აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამების ფრაგმენტები. ეკლესიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 მეტრზე, გათხრილია IV-VII საუკუნეების სამაროვანი. აქ დადასტურდა ორი ტიპის სამარხი: ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ბანურსახურავიანი ქვისსამარხები. სამარხეული ინვენტარის ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ნაწილი - აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]