ბაკურციხის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაკურციხის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტიის, სოფელი ბაკურციხის დასავლეთ ნაწილში. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კედლები შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. შენობის გარეთა კედლები აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობითაა ნაწყობი, ქვებს შორის დარჩენილი არეები ამოვსებულია კირის ხსნარით, რომელიც მათი ზედაპირის უმეტეს ნაწილს ფარავს. შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი განიერი და მაღალია, გადახურულია ისრული თაღით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რაიონშიც შეისრული თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით ერთი შეისრულთაღოვანი და ერთი სწორკუთხა ნიშაა, ხოლო სამხრეთით- ერთი შეისრულთაღოვანი ნიშა. შეისრულია აფსიდის თაღიც და კამარაც, რომელიც აფსიდის თავის გარდა,კიდევ სამ, ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაცილებულ, საბჯენ თაღს ეყრდნობა. მათგან ერთი დასავლეთ კედელთანაა, ხოლო ორი დარბაზის შუაში.თაღები გადაყვანილია პილასტრებზე, რომელთა შორის კედელი საფეხურითაა შეღრმავებული და დასრულებულია შეისრული თაღით. საკურთხევლის სარკმლის გარდა, ინტერიერს კიდევ ოთხი შეისრულთაღოვანი სარკმელი აშუქებს. მათგან ორი ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი, თითო-თითოდ დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. ეკლესიის ფასადები დანაწევრებულია აგურით ნაწყობი განიერი პილასტრებით. აღმოსავლეთ ფასადზე სამი პილასტრია თითო-თითო ფასადის კედლებში და ერთი შუაში. განაპირა პილასტრები ორსაფეხურიანია კაპიტელებითა დასრულებული, ხოლო შუა, რომლისაც ფასადის ღერძი უჭირავს და კედელს თითქმის მთელ სიმაღლეზე აუყვება, ორსაფეხურიანი ლავგარდნით შემოფარგლული ფრონტონით. შუა პილასტრის ქვედა ნაწილში საკურთხევლის სარკმლის ღიობი გამოდის. სარკმლის ზემოთ, საკუთრივ პილასტრესზე, გამოსახულია მაღალი, რელიეფური ჯვარი, ხოლო გვერდებზე-საფეხურებიან ბაზისზე დადგმული თითო ჩაღრმავებული ჯვარი. ფასადის ფრონტონის არეში ორი მრგვალი სარკმელია, რომლებიც კონქის თავზე არსებულ სივრცეს აშუქებენ.

დასავლეთის ფასადზე, შესასვლელის ორივე მხარეს, ფრონტონით დასრულებული თითო პილასტრია, რომლებიც ფასადს სამ ნაწილად ყოფენ. თითო პილასტრი ფასადის კიდეებშია. ისინი, ისევე როგორც აღმოსავლეთ ფასადის განაპირა პილასტრები, ორსაფეხურიანი კაპიტელით არის დასრულებული. ფასადის შუა ნაწილში, სარკმლის ზემოთ, გამოსახულია საკმაოდ დიდი რელიეფური ჯვარი, გვერდის ნაწილებში კი-თითო ბოლოებმომრგვალებული ტოლმკლავა ჯვარი, რომელსაც გარს უვლის აგურით გამოყვანილი ორსაფეხურიანი ჩარჩო. გრძივი ფასადები განივი ფასადებისგან განსხვავებით, მოურთველია. თითოეული მათგანი, ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაცილებული და ორსაფეხურიანი კაპიტელით დაგვირგვინებული სამ-სამი პილასტრით დაყოფილია ოთხ-ოთხ არედ. ფასადები დასრულებულია აგურის ოთხაფეხურიანი ლავგარდანით. ეკლესია გადახურულია თუნუქის სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]