ბაკურციხის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაკურციხის საცხოვრებელი სახლი — მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ბაკურციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკუთვნოდა საზოგადო მოღვაწეს, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელ, დავით სარაჯიშვილს (1848-1911)

სახლი ერთსართულიანია, ნაგებია ძირითადად აგურით. შიგნიდან და გარედან შელესილია. ძლიერ დაზიანებულია: მონგრეულია გარე კუთხეები, ჩამონგრეულია სახურავის დიდი ნაწილი, ოთახებში აყრილია იატაკი, მორყეულია ხის აივნის საყრდენი კედლები, აივანს მთლიანად აქვს შემოცლილი მოაჯირი, ჭვირული სახეებით შემკული თაღებიდან კი ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.

შენობაში ხუთი ოთახია, რომლებიც კედლებითაა გამიჯნული და ერთმანეთს თითო თაღოვანი კარით უკავშირდება. მათგან ოთხი ერთი ზომისაა, ხოლო მეხუთე (შუა) - სხვებზე დიდი. მის დასავლეთ კედელში ერთი მაღალი და ფართო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. შუა ოთახის კარი და განაპირა ოთახების კარ-ფანჯარა ხის გადახურულ აივანზე გამოდის, რითაც სახლს ეზოს მხარეს (აღმოსავლეთით) აქვს მოწყობილი. აივნის ნაწილი შენობის გეგმის სწორკუთხედის ფარგლებშია მოქცეული, ნაწილი კი მის გარეთაა. ამ უკანასკნელს შუაში მოწყობილი აქვს საჩეხის მაგვარი კვადრატული შვერილი, რითაც უჟანგავი ლითონის ფურცლებით შემოსილი ბოლქვისებრი სახურავითაა გადახურული. აივნის ჭერი ხის ათ სვეტს ეყრდნობა, სვეტებს შორის ჭვირული სახეებით შემკული თაღებია.

აივნის გვერდით ნაწილები ერთნაირადაა დამუშვებული. ფასადის შუა ნაწილი უჭირავს განიერ სამფრთიან სარკმელს. იგი ჩასმულია ოდნავ შვერილ სადა საპირეში, რითაც დაგვირგვინებულია მუზარადისებრი თაღით. სარკმლის ზემოთ ფრონტონით დასრულებული არეა. კედლის ზედა ნაწილში კი (მთელ სიგანეზე), აგურის წყობით გამოყვანილია სვეტისებრი შვერილები, რომლებზეც დაყრდნობილია რთული პროფილის ლავგარდანი.

2012 წელს ბიზნესმენ კალანდაძის მიერ შენობა ნაწილობროვ გარემონტდა და იგი კრამიტით გადახურეს.

სახლის ჩრდილოეთით 30 მეტრზე, რიყის ქვითა და აგურით ნაგები მარანია. მარანი ორსართულიანია. შესასვლელი აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. პირველ სართულზე განლაგებულია ორმწკრივად ჩადგმული 30 დიდი და 10 საშუალო სიდიდის ქვევრი. იატაკი მოლესილია. აღმოსავლეთ კედელში კარის გარდა ორი სწორკუთხა სარკმელია. მარნის ჭერი ხის 6 ბოძზეა დაყრდნობილი.

მეორე სართული თივისა და ჭირნახულის შესანახად გამოიყენებოდა. ნაგებობის დასავლეთ მხარე ყრუა, აგურით ამოშენებული აღმოსავლეთ მხარე კი ღია. სართულები ერთმანეთს რკინის კიბით უკავშირდება.

მარანს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან გვიანდელი ხანის ორი მინაშენი აქვს ერთ-ერთი მინაშენი ორსართულიანია, მეორე ერთსართულიანი.

მარნის დასავლეთით 5 მეტრზე ფერდობში შეჭრილი ნაგებობაა (საყინულე), რომელიც ღვინის შესანახად გამოიყენებოდა. შესასვლელი მას აღმოსავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. ნაგებობა შედგება სამი ოთახისაგან რომელთაგან ერთს ბრტყელი ჭერი აქვს, დანარჩენი ორი ნახევარწრიული სხმული კამარითაა გადახურული. ოთახებში თითო სავენტილაციო ხვრელია მოწყობილი.

აღმოსავლეთ ფასადზე შესასვლელის თავზე ქვის ჯვარია ჩასმული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]