ბათუმის საზავო ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბათუმის ხელშეკრულება 1918)
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ბათუმის ხელშეკრულება.

ბათუმის საზავო ხელშეკრულება — 1918 წლის 4 ივნისს, ბათუმში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის გაფორმებული ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულება.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: ნოე რამიშვილმა, გენერალმა გიორგი ოდიშელიძემ, გიორგი გვაზავამ, გრიგოლ რცხილაძემ, ხოლო ოსმალეთის იმპერიის მხრიდან: ჰალილ-ბეიმ და გენერალ-ლეიტენანტმა ვეჰიბ ფაშამ. ხელშეკრულების ძალით, სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და ოსმალეთს შორის მდინარე ჩოლოქზე, აბასთუმნისა და აწყურის სამხრეთით გადიოდა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, ასევე, სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალეთმა მიიტაცა. საქართველოსთვის თავსმოხვეული ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულებით, გარდა ბათუმ-ყარს-არტაანის ოლქებისა, ოსმალეთის ხელში დამატებით გადადიოდა ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები აბასთუმნის და აწყურის გამოკლებით. ამით საქართველოს ეროვნულ სხეულს სწყდებოდა მთელი სამაჰმადიანო საქართველო, მტკვრის ზემოწელისა და ჭოროხის აუზის ყველა ისტორიული ტერიტორია. იმავე დღეს გაფორმდა ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულების სამი დანართი. პირველი, რომელიც 9 მუხლისგან შედგებოდა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ნავიგაციის საკითხებს ეხებოდა. მეორე დამატება ორივე მხარის მცხოვრებთათვის საზღვრისპირა 10 კილომეტრიან ზოლში განსაკუთრებულ სამიმოსვლო შეღავათებს აწესებდა. მესამე დამატება საქართველოში მაჰმადიანი სასულიერო პირების უფლებამოსილების გაზრდას ეხებოდა. ოსმალები ამით არ დაკმაყოფილდნენ და იმავე 4 ივნისს ბათუმში გაფორმდა, აგრეთვე, დამატებითი ხელშეკრულება, რომლითაც საქართველომ ივალდებულა, ოსმალეთისთვის ჯარების გადასაყვანად და საჭურვლის გადასაზიდად რკინიგზა დაეთმო, ასევე, უნდა უზრუნველეყო სარკინიგზო შემადგენლობების შეუფერხებელი მუშაობა. მთავარ სარკინიგზო სადგურებში მოეწყობო და ოსმალეთის სამხედრო წარმომადგენლობები, რომლებიც ადგილზე შეიძენდნენ სურსათს ჯარის მომარაგებისთვის. დამატებით ხელშეკრულებას ჰქონდა განსაკუთრებული დანართი, რომელიც აწესრიგებდა საქართველოსა და ოსმალეთს შორის ტყვეთა გაცვლას. საამისო პუნქტად მონიშნული იყო ბათუმი, სადაც უნდა შეექმნათ შერეული კომისია. ტყვეთა გაცვლა, ძირითადად, ერთი თვის ვადაში უნდა დაემთავრებინათ. 4 ივნისს, ბათუმში, ოსმალეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ცალკე კონვენციას ბაქო-ბათუმის ნავთსადენის შესახებ. საქართველოს და აზერბაიჯანის მხარეები, შესაბამისი საზღაურის ფასად, ვალდებულებას იღებდნენ, თავიანთ ტერიტორიებზე ნავთსადენის მუდმივი მოქმედება უზრუნველეყოთ. ოსმალეთ-საქართველოს 1918 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებების რატიფიკაცია უნდა მოეხდინათ ერთი თვის ვადაში. ეს არ განხორციელდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, ამ მძიმე პირობების შეცვლისთვის, ზომები მაშინვე მიიღო. 6 ივნისს ქართულმა დიპლომატიურმა მისიამ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადასცა, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ ბათუმის ზავზე ხელმოწერა მოხდა ოსმალური ხიშტების ძალდატანებით და მოითხოვა მისი გადასინჯვა ოთხთა კავშირის და ამიერკავკასიის სახელმწიფოების საგანგებო საზავო კონფერენციაზე. გერმანიის მთავრობამ ახალი საზავო კონფერენციის მოწვევის შესახებ ქართველთა მოთხოვნა გაიზიარა და ოსმალეთის ხელისუფლებაც დაითანხმა. ამის მიუხედავად, ოსმალეთის მთავრობამ მაინც სცადა, ამ კონფერენციისთვის, რომელიც სტამბოლში უნდა გამართულიყო, მისთვის სასურველი ელფერი მიეცა. ამ მიზნით, იქ მიიწვია არა მარტო ამიერკავკასიის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის, ვოლგისპირეთისა და შუა აზიის მაჰმადიანი ხალხების წარმომადგენლებიც. საბოლოოდ, კონფერენციის ჩატარება ვერ მოხერხდა, პირველ მსოფლიო ომში გერმანიის ბლოკის სახელმწიფოების დამარცხების გამო.

1918 წლის ივლისში ოსმალეთის მთავრობამ, ვითომდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ნების გამოსავლენად, რეფერენდუმი ჩაატარა, რომელიც იმხანად მიღებული საერთაშორისო ნორმების დარღვევით, დაშინების, შანტაჟისა და გაძლიერებული ანტიქართული აგიტაციის პირობებში ჩატარდა და გამოაცხადა, რომ, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები ოსმალეთის შემადგენლობასში რჩებოდა. 1918 წლის ივლისში ოსმალები ზაქათალის ოლქში შეიჭრნენ. ამიერკავკასიაში ოსმალეთის ჰეგემონისტურ მისწრაფებებს ზღვარი დაუდო პირველ მსოფლიო ომში მისმა დამარცხებამ. 1918 წლის 30 ოქტომბერს ომში დამარცხებულ ოსმალეთსა და ინგლის-საფრანგეთს შორის მუდროსის დროებითი ზავი დაიდო. ზავის თანახმად, ოსმალებმა ამიერკავკასიაში ოკუპირებული ტერიტორიები დატოვეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 58-59.
  • ნოზაძე ვ., „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, თბ., 1989;
  • სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, ბათუმის ოლქი, 1877-1920, ტომი III, ბათუმის ნ. ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ბათუმი, 2008.