ბათუმის პიაცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბათუმის პიაცა
ბათუმის პიაცა
ბათუმის პიაცა

ბათუმის პიაცა — მოზაიკა ქალაქ ბათუმში, პიაცას მოედანზე. დიამეტრი 106 მ². ეს მოზაიკა ითვლება ევროპაში ყველაზე დიდ ფიგურატულ მარმარილოს მოზაიკად.[1] მოზაიკის ავტორია ქართველ-შვეიცარიელი დიზაინერი ნატალი (ნატალია) დე პიტა-ამირეჯიბი[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოზაიკა შეიქმნა 2010 წელს ნატალი დე პიტა-ამირეჯიბის ორიგინალური ესკიზის მიხედვით. მოზაიკა დამზადდა აბუ-დაბიში, კომპანია „ფანტინი მოზაიჩის“ სახელოსნოში,[3] და შემდეგ გადმოტანილი იქნა ბათუმში. მოზაიკის ცალკეული ნაწილები ერთ მთლიანობად აიწყო უკვე ადგილზე ათ დღეში 2010 წლის აგვისტოში. პროექტს ხელმძღვანელობდა უშუალოდ ნატალი დე პიტა-ამირეჯიბი. ბათუმში მოსამზადებელ სამუშაოებს უზრუნველყოფდა ქართული სამშენებლო კომპანია „მონოლიტი“.

მოზაიკა შეიქმნა 1 კვ. სმ ზომის 88244735 დაჭრილი და დამუშავებული ფილებისაგან, რომლებიც გაერთიანდა 1764895 სეგმენტში. მოზაიკის მასალაა მარმარილო, რომელიც შეგროვდა მსოფლიოს თხუთმეტ ქვეყანაში. ზღვის ქალღმერთის იისფერი კაბა და მეორე ქალღმერთის წითელი კაბის მუქი ნაწილი დამზადებულია კერამიკული მასალისგან.

კონცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოზაიკის კონცეფციაა ზღვის სტიქიის მარადიული მოძრაობის და თანამედროვე საქალაქო სივრცის განუწყვეტელი განვითარების შერწყმა. მოზაიკის კომპოზიცია წარმოადგენს სხვადასხვა დიამეტრის რვა წრეს, რომლებიც უშუალოდ ერთმანეთშია მოთავსებული, რაც მოგვაგონებს წყლის ძაბრს ზღვის წყნარ ზედაპირზე. ყველა წრე მორთულია სხვადასხვა ორნამენტული და ფიგურატული ელემენტებით.

ცენტრალური შიდა წრე წარმოადგენს ფიგურატულ კომპოზიციას, რომელიც შედგება ქალის ხუთი ფიგურისგან. ეს ფიგურები ანსახიერებენ ზღვის ღვთაებების ქალურ სახებას, რომლებსაც აცვიათ სხვადასხვა ფერის სამოსი: წითელი, ცისფერი, იისფერი, ვარდისფერი და მწვანე. ყოველი ფერი შეესაბამება პერსონაჟის ხასიათს.

ცნობილია, რომ კომპოზიციის ცენტრალური ფიგურის — პატარა ქალთევზას პროტოტიპია დიზაინერის ქალიშვილი ხუთი წლის რომინა. მოზაიკა პიაცაზე არის ამ ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ევროპის უდიდესი ფიგურატული მარმარილოს მოზაიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-11. ციტირების თარიღი: 2018-06-03.
  2. ნატალი დე პიტა-ამირეჯიბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-25. ციტირების თარიღი: 2018-06-03.
  3. Maestri del mosaico e del marmo | mosaici artistici - Fantini Mosaici | Marmi. Fantini Mosaici | Marmi. ციტირების თარიღი: 2018-06-03.