ბათუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბათუმის მუნიციპალიტეტი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბათუმი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბათუმი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ტერმინს „ბათუმი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბათუმი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ბათუმი

ბათუმი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
კოორდინატები 41°38′45″ ჩ. გ. 41°38′30″ ა. გ. / 41.64583° ჩ. გ. 41.64167° ა. გ. / 41.64583; 41.64167
მერი არჩილ ჩიქოვანი
ამჟამინდელი სტატუსი 1878
ფართობი 64,9[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 152 839[2] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 2355,0 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 93,4 %
სომხები 3 %
რუსები 1,9 %
უკრაინელები 0,4 %
ბერძნები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 6000–6099[3]
ოფიციალური საიტი http://batumi.ge
ბათუმი — საქართველო
ბათუმი
ბათუმი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ბათუმი

ბათუმიქალაქი და მუნიციპალიტეტი[5] საქართველოში, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. ბათუმი არის მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი საქართველოში, მსხვილი საერთაშორისო ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული და ტურისტული ცენტრი საქართველოში.

ბათუმი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით). 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 152 839 ადამიანი[2].

ეტიმოლოგია

ქალაქის სახელწოდება „ბათუმი“ მოდის სიტყვიდან (ბერძ. Bathus) — „ბათუსი“, რაც ღრმას ნიშნავს. პირველად ის მოხსენიებული აქვს რომაელ მწერალ ილინიას (23-79), რომელიც კოლხეთის მდინარეების ჩამოთვლისას ასახელებს მდინარე — „Bathys“. შემდგომში ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე თავის ნაწარმოებში „Periplus Euxinus“ წერს:

ვიკიციტატა
„Apsarus-ის შემდეგ ჩვენ ღამით გადავკვეთეთ მდინარე Acamsis, რომელიც Apsarus-საგან დაშორებულია 15 სტადიონით; ხოლო მდინარე Bathys მდინარე Acamsis-გან დაშორებულია 75 სტადიონით.“

ფლავიუს არიანეს მიერ ნახსენები მდინარე სახელად Bathys ესაა, მდინარე ბარცხანასა და მდინარე ყოროლისწყალს შორის არსებული პატარა მდინარე (მდ. კუბა-წყალი ან მდ. ჩულ-კუბა). აღსანიშნავია ისიც, რომ ტექსტში მდინარე Bathys-ის მახლობლად არსად არ არის ნახსენები არანაირი ნამოსახლარი.

ცნობილია რომ XV საუკუნის შუა წლებში მდინარე ბათუსის წყალზე არსებობდა დასახლება სახელად Bathys ან Bathy. როდესაც აღნიშნული ტერიტორია ერისთავების ხელში გადავიდა ის მოიხსენიებოდა როგორც „პატონი“ (ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით) ან „ბატონი“ (Hrisantos Hierotolymites თავის ნაშრომში — „Sintagmation peri offikion“, ვენეციური გამოცემა 1778 წ, გვ. 92): „ყურისკენ მიმავალი გზა იბერიულ ენაზე წარმოითქმის როგორც ბატონი და მდებარეობს მდინარე ფაზისსა და ბოას შორის“ („Fygades“ Triantafillides, გვ. 28).

იბერიული სახელწოდება „პატომი“ თურქების დროს ტრანსფორმირდა და წარმოიქმნა ფორმა „პატუმ“, რომლითაც მოიხსენიებენ ისინი დღესაც.

თავად მდინარე Bathys-ის სახელწოდება მომდინარეობს ყურის სახელწოდებიდან — ბერძ. Bathys limen — ღრმა ყურე. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ) და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს.

გეოგრაფია

ბათუმის სანაპირო
ზვიად ავალიანის ფოტო

ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კილომეტრზე. ქალაქის ფართობი შეადგენს 6494,31 ჰექტარს. ფართობის მიხედვით ბათუმი საქართველოში მესამე ქალაქია.[6] ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკეზე ის, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ მდებარეობს, ბათუმის ტერიტორია ასევე გრძელდება მდინარე ჭოროხის სამხრეთით.

ბათუმის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვარში — 7,1 °C, აგვისტოში — 23,2 °C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81 %. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.

ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმპარკის ნაწილია. ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი. მცენარეულობის სიმდიდრითა და სიმრავლით გამოირჩევა ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7 °C-ია. სამკურნალო ფაქტორია კლიმატოთერაპია და ზღვაში ბანაობა. ზღვის წყალი გამოირჩევა მაღალი მინერალიზაციით. სამედიცინო ჩვენება: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი, ჰიპერტონიული დაავადება, ლიმფადენიტი, სისხლნაკლებობა. სეზონი გრძელდება მთელ წელს, ბანაობის სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე. ქალაქის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი საკურორტო ადგილებია მახინჯაური, მწვანე კონცხი, გონიო, კვარიათი.

ჰავის მონაცემები — ბათუმი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 25.2 27.4 32.2 38.3 37.2 39.9 40.6 39.5 38.1 35.4 30.1 28.3 40.6
საშუალო მაღალი °C 10.3 11.2 12.5 16.2 20.1 24.3 26.2 26.5 23.5 20.3 15.8 12.7 18.3
საშუალო დღიური °C 6.6 6.7 8.8 12.3 16.0 20.2 22.6 23.1 19.9 16.4 11.9 9.0 14.5
საშუალო დაბალი °C 4.1 3.8 5.5 9.3 13.1 17.3 19.9 20.3 16.9 13.4 9.1 6.4 11.6
რეკორდულად დაბალი °C −7.7 −8.2 −6.7 −2.5 3.4 8.1 12.9 12.6 7.5 2.0 −3.9 −4.2 −8.2
საშუალო ნალექი (მმ) 238 189 153 113 108 142 168 205 262 277 312 268 2 435
საშუალო თვიური მზიანი საათები 99 105 126 148 199 235 214 223 201 176 125 107 1 958
წყარო 1: Climate data[7]
წყარო 2: Meteoweb[8]

ისტორია

წარმოშობა

ბათუმსა და მის მიდამოებში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე. ადრინდელ ანტიკურ ხანაში ბათუმის მიდამოები კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. ამ პუნქტს ძველი ბერძნები მოიხსენიებდნენ ბათუსის სახელით. II საუკუნეში რომის იმპერატორ ადრიანეს დროს დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო.

მოგვიანებით ის ეგრისის სამეფოს ნაწილი გახდა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში, სხვა ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბათუმი დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისში. VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა აქ ლოსორიონის ციხე (ძვ. ბერძნ. Λοσόριον, მოგვიანებით ცნობილი, როგორც „თამარის ციხე“) ააგო,[9] რომელიც მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეგრისის დიდ ომებში სასაზღვრო პუნქტების გამაგრებაში. VIII საუკუნის ბოლოს ის აფხაზთა სამეფოს ნაწილი გახდა, 1008 წლიდან კი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი).

გურიის სამთავროში

გურიის სამთავრო XV-XIX საუკუნეებში

XIII საუკუნის ბოლოდან XIV საუკუნის დასაწყისამდე ბათუმი ოდიშის საერისთავოში შედიოდა, საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ კი მას გურიელები დაეპატრონენ.[10] 1372 წელს ტრაპიზონელი ისტორიკოსის მიქაელ პანარეტოსის ცნობით ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი III ბათუმში შეხვდა გურიელს, რომელმაც პატივი მიაგო იმპერატორს.[11] XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიის სამთავროს შემადგენლობაშია. 1546 წელს ბათუმი ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. იმავე წელს როსტომ გურიელმა ქალაქი დაიბრუნა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ბათუმი ისევ ოსმალთა ხელში გადავიდა. ოსმალებმა ქალაქი აქციეს ბათუმის სანჯაყის, ანუ ლივანის ადმინისტრაციულ ცენტრად და სხვა სანჯაყებთან, ტრაპიზონსა და გონიოსთან, ერთად ტრაპიზონის ფაშას დაუქვემდებარეს. 1609 წელს მამია II გურიელმა გაანადგურა ბათუმში მყოფი ოსმალთა გარნიზონი. მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ქალაქს. 1614 წლის 3 დეკემბერს ბათუმში დაიდო გურია-ოსმალეთის შეთანხმება, ზავის შედეგად გურიის სამთავრომ დაკარგა ბათუმი, რომელიც 1648 წლამდე ოსმალეთის ხელში იყო. XVII საუკუნეში ბათუმი სტრატეგიულ პუნქტს არ წამრმოადგენდა და გონიოზე ნაკლები მნიშნელობა ჰქონდა.[12]XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას. თავდგირიძეებს ბათუმი გურიელმა მალევე ჩამოართვა, რაც თავადების ურჩობის გამო უნდა მომხდარიყო. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ თავდგირიძეთა სახლის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა ბათუმს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.[13] გიორგი IV გურიელი ცდილობდა ბათუმისა და ჩაქვის დაბრუნებას, მაგრამ ვერ მოახერხა.

ოსმალეთის იმპერიაში

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVIII საუკუნეში ბათუმი მცირე ქალაქი იყო, რომელსაც საუცხოო ციტადელი ჰქონდა. 1784 წელს სოლომონ I-მა ქვემო გურიის ოსმალეთისგან გათავისუფლების მიზნით დალაშქრა ჩაქვი და ბათუმის მიმდებარე სოფლები, მაგრამ სასტიკად დამარცხდა ნაჭიშკრევის ბრძოლაში. 1786 წელს ოსმალეთის იმპერიამ შავიზღვისპირეთში მისი პოზიციების გასამტკიცებლად დამატებითი ზარბაზნებითა გემებით გაამაგრა ფოთისა და ბათუმის ციხეები.

1807 წელს ბათუმი მოინახულა ადრიან დიუპრემ. ამ დროს ბათუმში 2000-მდე მცხოვრები იყო, მაგრამ სოფელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალაქს, მას არ იცავდა არავითარი სიმაგრე, ერთადერთი ხის კოშკი, უქვემეხო, თხრილშემოვლებული აღმართული ქვის საძირკველზე იდგა ბაზართან. XIX საუკუენში ბათუმი ლაზისტანის სანჯაყი დედაქალაქი იყო. სანჯაყი 11 კაზას მოიცავდა: ბათუმი, ჩურუქ-სუ, ზემო აჭარა, ქვემო აჭარა, მაჭახელი, ლივანა, გონიო, ხოფა, არჰავი, ემშინა და ათინა. სანჯაყს მართავდა მუთასარიფი, ანუ გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა პორტას, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას. ბათუმის კაზა მოიცავდა ტერიტორიას მდინარე ჭოროხიდან ჩაქვამდე. ბათუმში იყო მეჯლისი, ანუ საგუბერნიო საბჭო, სასამართლო, თურქული და ბერძნული სკოლები, სამი მეჩეთი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია.

ბათუმის ყურე, XIX ს.

1828 წელს, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია ჭოროხამდე (ძველად აკამფსისის), რომელიც შეერთვის შავ ზღვას ბათუმის იქით, დასავლეთით. ამ დათმობის მიხედვით, ბათუმი უკვე 1828 წელს უნდა შეერთებოდა რუსეთს, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან, რომელიც შეედინება ზღვას ბათუმის აქეთ, ჩრდილო-დასავლეთით. ამ ხაზის მიხედვით, ბათუმი დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შემჩნეულ იქნა ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა და ამ შეცდომის შედეგად ბათუმი ოსმალეთს შერჩა.[14]

1865 წელს ბათუმის კაზაში შედიოდა 48 სოფელი, ცხოვრობდა 6651 ადამიანი, აქედან 3324 მუჰაჯირი, 3037 მუსლიმი გურული, 186 მართლმადიდებელი ბერძენი, 93 სომეხი და 11 კათოლიკე. გავრცელებული იყო სიმინდის და ფეტვის მოყვანა, თევზჭერა, სამშენებლო ხე-ტყის დამზადება.[15]

რუსეთის იმპერიაში

ბათუმი რუსეთის იმპერიამ შეიერთა ოსმალეთთან 1877-78 წლების ომის შემდეგ, ბერლინის ხელშეკრულებით. 1878 წლის 20 სექტემბერს მეფისნაცვალმა დაამტკიცა ბათუმის მმართველობის წესდება, რომელიც 15 მუხლისგან შედგებოდა. 1878 წლის ბერლინის კონგრესის მიხედვით ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (უცხოური საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად), რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას.

ვიკიციტატა
„ბათუმი მათ, ვინც იქ არ ყოფილა, წარმოუდგენიათ ელდორადოს სახით საოცრად იაფი თამბაქოთი, სასმელითა და სხვადასხვა საზღვარგარეთული საქონლით. იგი, როგორც ვთქვით, მდებარეობს ბათუმის უბის დასავლეთ მხარეს. თურქული ქალაქის პირობაზე, რომელიც აღმოცენდა რაღაც 20-23 წლის წინ, ბათუმი კარგი სანახავია. მთავარი, რაც მას განასხვავებს ნამდვილი თურქული ქალაქისაგან, არის უსწორმასწორო, ყრუ ქუჩებისა და ქუჩაბანდების უქონლობა. სანაპიროზე ჩამწკრივებულია ქვის სახლები მაღაზიებით, ყავახანებით და სასტუმროებით. შემდეგ სანაპიროს პარალელურად მიემართება ორი-სამი ქუჩა, რომელთან უმეტესი ნაწილი ბაზარს უკავია. აქ არის პატარა, ღია ხის დუქნები. საცხოვრებელი ნაგებობები, მგონი ყოფილი ჩვენი კონსულის – ჯუდიჩის ერთადერთი ქვის სახლის გარდა, აგებულია ხის ჩარჩოებით, რომელთა შუალედი ამოშენებულია ერთი რიგი აგურით. მათ შორის ორსართულიანი ნაგებობებიცაა. ჯერჯერობით ქალაქს რაღაცნაირი გაპარტახებული იერსახე აქვს. თუმცა სახლები ენერგიულად რემონტდება, მაგრამ მშენებლობა საშენი მასალის უკმარისობის გამო ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც სასურველია.

ქალაქში რამდენიმე მეჩეთი და ერთი საკმაოდ დიდი, ქვის ბერძნული ეკლესიაა. მღვდლების თქმით ეკლესიის მშენებლობა 15 წლის წინ დაწყებულა და 8 წლის წინ დამთავრებულა, თუმცა აქამდე მთლად გაწყობილი არ არის. შენების დაწყებამდე მოიმარაგეს სულთნის ფირმანები, მაგრამ ბათუმის მუსლიმებმა ოჯერ გააჩერეს მუშაობა იმ მიზეზით, ბერძნები ეკლესიის ნაცვლად ციხესიმაგრეს აშენებენო. ეკლესიასთან არსებობს სკოლა და ბერძნები უკვე ფიქრობენ სკოლისათვის რუსი მასწავლებლების მოწვევას. ბათუმში 200-მდე ბერძნული ოჯახია და ეკლესია სწორედ მათი შეწირულობით, ნაწილობრივ ნასესხები ფულითაა აშენებული. რუსების ბათუმში შესვლის დროიდან ეკლესიის შემოსავალი თითქმის ორჯერ გაიზარდა. ჩვენი ჯარის გამოჩენის პირველივე დღეს ბერძნებმა დაკიდეს ზარი და დაიწყეს რეკვა, რისი უფლებაც თურქული მთავრობის დროს არ ჰქონდათ. [...]

[ერთ-ერთი] მიზეზი ქალაქში მშენებლობის ნელი და თითქმის შეუმჩნეველი ზრდისა, მიუხედავად საცხოვრებლის მწვავე ნაკლებობისა, არის პოლიტიკური მდგომარეობის გაურკვევლობა და მერყეობა. რასაკვირველია, ძნელია იმის თქმა, რამდენად საფუძვლიანია ეს შიში მომავლისადმი, მაგრამ უეჭველია, რომ საფრთხე, ბუნდოვანი და გაურკვეველი, მაინც არსებობს. მოვაჭრე ხალხს არ უნდა საქმის დაწყება და ამას იმით ხსნის, რომ ახლა ამის დრო არ არის, რადგან გაზაფხულზე შეიძლება ისევ იფეთქოს ომმა და მაშინ მთელი შრომა წყალში ჩაეყრებათ. ბათუმის ბაზარში მოარული ხმებით, თურქეთის მთავრობამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის გამოსცა ბრძანება, არ შეეშალათ ხელი რუსებისათვის ბათუმში მოწყობასა და ქალაქის გაუმჯობესებაში, რადგან თურქებისათვის გაცილებით სახეირო იქნება ჩაიბარონ კეთილმოწყობილი ქალაქი, თანაც რუსული ფულის წყალობით. რამდენადაც უაზრო არ უნდა იყოს ეს ხმები, აქედან ჩანს საერთო განწყობა მომავლის რწმენის უქონლობისა. აღსანიშნავია, რომ ეს განწყობა ისე შორს გავრცელდა, რომ სოხუმამდეც კი მიაღწია. [...]

ამჟამად ბათუმი, როგორც ამბობენ, არ ჰგავს იმ კლოაკას, რომელიც დახვდათ ჩვენს მეომრებს. იგი გაწმენდილია ყველა სიბინძურისაგან და საკმაოდ სუფთად გამოიყურება. ჭუჭყი და ტალახი ბათუმში საერთოდ არ იცის.“

[16]

პორტო-ფრანკოს სტატუსი ბათუმს 1878 წლის 29 ოქტომბრიდან 1886 წლის 27 ივნისამდე ჰქონდა. პორტო-ფრანკოს რეჟიმმა ბათუმში გააძვირა ცხოვრება, ფასი აეწია უძრავ ქონებას, დაიწყო დუქნების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროებისა და საწყობების მშენებლობა. 1884 წელს გერმანელმა დორნერმა ააგო ევროპულ ყაიდაზე მოწყობილი აბანო. პორტო-ფრანკოს რეჟიმმა ასევე გაზარდა ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა.[17]1881 წლის 1 ივლისს გაიხსნა რუსულენოვანი საქალაქო სასწავლებელი. 1882 წელს დაარსდა ბათუმის ქალთა სასწავლებელი.[18]

ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის (1883) და ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების (1897-1907) შემდეგ ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. აქედან გაჰქონდათ კასპიის ზღვის ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებში. ბათუმი გადაიქცა სამრეწველო ქალაქად. დომინირებდნენ როტშილდის, ნობელის, მანთაშევის, ნურკერდტის სანავთობე კომპანიები. 1884 წელს აიგო რიხნერის ქარხანა, ხოლო 1888 წელს ციმერმანისა, რომელმაც 1915 წლამდე იარსება.[17]

1881 წელს გაჩნდა ბათუმის ბულვარის გაშენების იდეა. იდეა ეკუთვნოდა სამხედრო გუბერნატორ სმეკალოვს. ადგილი შეირჩა ტბა ნური-გელის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბაღის გასაშენებლად მოიწვეს გერმანელი მებაღე რესლერი, რომელსაც ფოთის საზოგადოებრივი ბაღი ჰქონდა გაშენებული. მასთან დაიდო 10-წლიანი ხელშეკრულება. რესლერი გარდაიცვალა 1884 წელს და ბაღის დასრულება ვერ მოასწრო. 1882 წელს ბათუმში იყო ორი მართლმადიდებლური, ერთი კათოლიკური ეკლესია, სამი მეჩეთი, თამბაქოს სამი ფაბრიკა, 8 სასტუმრო, 240 სავაჭრო დაწესებულება. 1885 წელს აშენდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია, რომელიც რუსეთის იმპერიის გამარჯვების სიმბოლო იყო და ამასთან რუსებისა და სხვა აქ მცხოვრები ხალხების გაქართველებისთვის უნდა შეეშალა ხელი. 1890-იან წლებში ჩნდება ბათუმის ლუთერული ეკლესია, რომელიც მუშაობდა 1911 წლის 1 აპრილამდე.[17] 1884-1889 წლებში აშენდა ბათუმის საზღვაო ნავსადგური. ადმირალ გრევეს პროექტით ნავსადგური მდინარე ყოროლისწყალზე უნდა ასენებულიყო, მაგრამ თანხების ნაკლებობის გამო ის პროექტი არ მიიღეს.[19]

ცარიზმი ბათუმსა და მთლიანად აჭარაში თანამიმდევრულად ახორციელებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. საპასუხოდ აქ წარმოიქმნა ეროვნული მოძრაობის ძლიერი კერა, რომელსაც მესვეურობდნენ ი. მესხი, ვ. ასათიანი, მ. და ჰ. აბაშიძეები, გულო კაიკაციშვილი, დავით კლდიაშვილი და სხვები. ქართველი მოღვაწეები რუს შოვინისტ მოხელეებს და თურქ ანექსიონისტებს ეწინააღმდეგებოდნენ. ქართული სულისკვეთბის აღორძინებაში დიდ როლს თამაშობდა ბათუმის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. 1888 წლის აგვისტოში ბათუმში პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოსახლეობამ ქალაქის საბჭო აირჩია, ხოლო ქალაქის თავი დანიშნული იყო. ქალაქის საბჭო შედგებოდა 8 წევრისგან. მომდევო არჩევნები 1894 წელს ჩატარდა. მოსახლეობამ 36 ხმოსანი აირჩია, ხმოსნებმა კი — ქალაქის თავი ლუკა ასათიანი. იგივე განმეორდა 1898 წლის არჩევნებზეც. 1897 წელს თვითმმართველობის თაოსნობით გაიხსნა ვაჟთა კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1900 წელს ქალთა გიმნაზია. 1901-1916 წლებში ქალაქის თავი ივანე ანდრონიკაშვილი იყო. ის იყო მეფის რუსეთის დროინდელი ბათუმის უკანასკნელი მმართველი. 1901-1903 წლებში ბათუმში 15-მდე სხვადასხვა სახელმწიფოს საკონსულო მოქმედებდა.

ბათუმი 1911 წელს.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ბათუმი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი იყო. 1899 წლისთვის ბათუმში ირიცხებოდა 366 საწარმო. 1908 წელს ტვირთბრუნვის მიხედვით ბათუმი პეტერბურგისა და ოდესის პორტების შემდეგ მესამე ადგილს იკავებდა რუსეთის იმპერიაში (42,9 მლნ ფუთი). XX საუკუნის დამდეგს ბათუმი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ნავსადგური იყო და ბევრ უცხოურ გემს მასპინძლობდა, მათ შორის-მრავალ გერმანულ სავაჭრო გემსაც. ამ დროს ბათუმი უკვე მოზრდილი ქალაქი იყო მოკირწყლული ქუჩებით, ელსადგურით, წყალსადენებით, სკოლებით, საავადმყოფოთი, ფოსტით, ბანკებით, თეატრით. ნურიის მოედანზე მოქმედებდა დახურული ბაზარი. ბათუმის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენდა გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის სოფლებიდან სამუშაოდ ჩასული მუშა-ახალგაზრდობა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ბათუმი იქცა რევოლუციური მოძრაობის კერად. ნავთობის საწარმოებში შეიქმნა რსდმპ-ის ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური ხასიათის აქციებს აწყობდნენ. 1901-1912 წლებში მოქმედებდა ბათუმის მუშათა თეატრი, სადაც სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ დავით კლდიაშვილი, ალექსანდრე წუწუნავა, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, შალვა დადიანი. 1902 წლის თებერვალსა და მარტში მოხდა ბათუმის მუშათა გაფიცვა სადაც 6000-მდე მუშამ მიიღო მონაწილეობა. 1905 წლის ივლისში ბათუმის მუშები ჩაებნენ სამხრეთ რუსეთის საყოველთაო გაფიცვაში. გემ „პოტიომკინზე“ მომხდარი ამბოხების შემდეგ, უცხოეთის გემებმა სავსებით უარი თქვეს ბათუმზე. ნავთობის დიდმა ფირმებმა, ნობელმა და სხვებმა, დახურეს თავიანთი საწარმოები. უმუშევართა არმია რევოლუციონერებად იქცა. 30 ნოემბერს მოხდა მუშათა შეიარაღებული აჯანყება, რომელსაც მხარი დაუჭირეს გურიის და ქვემო აჭარის შეიარაღებულმა „წითელმა ასეულებმა“, თუმცა რეაქციის წლებში ცარიზმმა ბათუმში რეპრესიები გააძლიერა. სევასტოპოლის რევოლუციის დროს ქალაქი მთლიანად ამბოხებულთა ხელში გადავიდა და გარესამყაროს მოსწყდა. ციხის გარნიზონმა ვერ გაბედა ციხესიმაგრის ქვემეხები ხალხისთვის მიეშვირათ. ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარე ციხესიმაგრე იზოლირებულ იქნა, ნავსადგურში მყოფი გემები დროებითმა ხელისუფლებამ მფლობელებს ჩამოართვა და სევასტოპოლისკენ გაგზავნა აჯანყებულ წითელ ადმირალ ლეიტენანტ შმიდტთან კავშირის დასამყარებლად. 1905 წლის დეკემბერში ბათუმი რუსეთის ჯარის მიერ უკვე სრული დაშოშმინებული იყო.

1918-21 წლები

პირველი მსოფლიო ომის დროს ბათუმის ნავსადგურის მნიშვნელობა დაეცა. შესამჩნევად იკლო ბათუმიდან ნავთობის ექსპორტმა და ქალაქის სამრეწველო ცხოვრება დაეცა.[20] ოსმალეთის იმპერია ცდილობდა, ხელთ ეგდო ბათუმი და ბათუმის ოლქი. 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად ბათუმის ოლქი და სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალეთს მიეკუთვნა. ამ პირობებს არ აღიარებდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის კომისარიატი და სეიმი. 1918 წლის აპრილში ოსმალეთმა ბრძოლით აიღო ბათუმი და ბათუმის ოლქი და ნოემბრამდე შეინარჩუნა.

ოსმალეთი-ამიერკავკასიის კომისარიატის 1918 წლის ომის მნიშვნელოვანი ეპიზოდი არის ანარიის ფორტის ბრძოლა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქართული ჯარის არაორგანიზებულობის გამო ბათუმი თურქულმა დანაყოფებმა თითქმის უბრძოლველად აიღეს. ანარიის ფორტის დამცველებმა მათზე გაცილებით მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობა გაუწიეს. ფორტის ყველა დამცველი დაიღუპა. ფორტს იცავდნენ: კაპიტანი სიმონ შავგულიძე, კაპიტანი ზაქარია დოლიძე, პორუჩიკი აბესალომ ხარაიძე, პრაპორშიკი დავით ვანიძე და 50-მდე (სხვა მონაცემებით 84) ჯარისკაცი.[21]

1918 წლის ნოემბერში, მუდროსის დროებითი ზავის თანახმად ოსმალეთი გავიდა კავკასიიდან და ბათუმში გაერთიანებული სამეფოს ჯარები შევიდნენ. 1918 წლის 22 დეკემბრიდან 1920 წლის 7 ივლისამდე ბათუმი დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომი იყო. გაერთიანებულმა სამეფომ იქ შექმნა თავისი საგუბერნატორო. ამ დროს ბათუმის დაპატრონებას ცდილობდა, ერთი მხრივ, გენერალი ანტონ დენიკინი, მეორე მხრივ - პანთუქრისტული წრეების წარმომადგენელი სერვერ-ბეგ ათაბაგი, რომელიც ე. წ. „ყარსის მთავრობას“ მესვეურობდა. ბათუმ-აჭარის მუსლიმი ქართველობა წინ აღუდგა თეთრგვარდიელებისა და ოსმალო დამპყრობლების მცდელობას. 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში შეიკრიბა მუსლიმ ქართველთა წარმომადგენლობა, რომელმაც შეიმუშავა მიმართვა საქართველოს დამფუძნებული კრებისა და პარიზის საზავო კონფერენციისადმი. ამ მიმართვაში ბათუმი, ისევე, როგორც მთელი აჭარა, აღიარებული იყო საქართველოს ნაწილად ავტონომიური მმართველობის უფლებით. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 25 დეკემბერს აჭარის ოლქი ბათუმითურთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა, რაც აღიარებულია რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებითაც. 1920 წლის 25 თებერვალს ბათუმი ერთა ლიგის მანდატით პორტო-ფრანკოდ გამოცხადდა.

1920 წლის 4 ივლისს ბათუმიდან ინგლისის ჯარი გავიდა და ბათუმის ოლქი გადაეცა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. 1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, თურქეთმა კვლავ სცადა ბათუმის აღება, მაგრამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით რესპუბლიკის ჯარებმა თურქებს ქალაქი დაატოვებინა. 1921 წლის 19 მარტს ბათუმი საბჭოთა რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.

საბჭოთა პერიოდი

ბათუმის მოსახლეობა და მოწინავე საზოგადოება არ შერიგებია კომუნისტურ რეჟიმს. აქაური ინტელიგენცია აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებაში, რისთვისაც მწვავე რეპრესიები განიცადა. საბჭოთა რეჟიმი ანგარიშს არ უწევდა ბათუმ-აჭარის ისტორიული ცხოვრების თავისებურებას. მიმდინარეობდა ბრძოლა ისლამის წინააღმდეგ, ტრადიციების და რელიგიური წესების დასაძლევად, რაც მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. 1927, 1933 და 1956 წლებში წელს შედგა ბათუმის განაშენიანების გეგმები. 1929 წელს ამუშავდა ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა[22]. 1937-1938 წლებში საბჭოთა ხელმძღვანელობამ ბათუმში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, უმკაცრესი რეპრესიები განახორციელა ე. წ. „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აშენდა ახალი შენობები სასტუმრო „ინტურისტი“ (1939, არქტიტექტორი ა. შჩუსევი), დრამატული თეატრის შენობა (1952, ლ. ტეპლიცკი), კინოთეატრი „თბილისი“ (1964, ნ. აბაშიძე). 1935 წელს ამოქმედდა მანქანათმშენებელი[23], 1936 წელს კოფეინის[24], 1957 წელს — გემთმშენებელი ქარხნები[25].1929 წელს დაარსდა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი, 1945 წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი.

თანამედროვეობა

2007 წლის მაისში ბათუმში გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. 2011 წელს გაიზარდა ბათუმის ტერიტორია და მას შეუერთდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი. ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა, მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები. 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის 1,5 კილომეტრით დაგრძელება, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. 2010 წელს გაიხსნა დელფინარიუმი.

2022 წლის შემოდგომაზე ქალაქი ბათუმი გახდა გამარჯვებული ნომინაციაში „ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ადგილი ევროპაში“, რისთვისაც მიიღო ტურისტული ჯილდო — World Travel Awards.[26]

ქალაქის მმართველობა

ადმინისტრაციული ერთეულები

ბათუმი შედგება 14 ადმინისტრაციული ერთეულისაგან:

  1. ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული.
  2. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული.
  3. ბაგრატიონის I ადმინისტრაციული ერთეული.
  4. ბაგრატიონის II ადმინისტრაციული ერთეული.
  5. აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული.
  6. ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული.
  7. თამარის ადმინისტრაციული ერთეული.
  8. ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული.
  9. ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული.
  10. აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული.
  11. კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული.
  12. ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული.
  13. გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული.
  14. მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული.

საკრებულო

პარტია 2017[27] 2021[28] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 19 17                                  
  ნაციონალური მოძრაობა 4 14                            
  საქართველოსთვის 2    
  ლელო 1  
  დამოუკიდებელი * 1  
  ევროპული საქართველო 1
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 25 35  
* გამოეყო პარტიას „საქართველოსთვის“

დემოგრაფია

რუსეთის იმპერიასთან შეერთების პირველ წლებში ბათუმი მრავალეთნიკური ქალაქი იყო. 1882 წლის მონაცემებით, ბათუმში 8671 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან 1166 ბერძენი, 980 რუსი, 907 სომეხი, 809 ქართველი (514 აღმოსავლეთ საქართველოდან, 167 გურული, 128 იმერელი), 377 აფხაზი, 112 სპარსი, 70 ლაზი. იმპერიის ხელისუფლება ასევე ხელს უწყობდა ბათუმში უცხოელების დასახლებას, რათა თავიანთი დასაყრდენი გაეჩინათ ადგილობრივ მოსახლეობაში. ისინი ხელს უწყობდნენ ბათუმში გერმანელების დასახლებას. 1882 წელს ბათუმში 145 სული გერმანელი ცხოვრობდა, 1887 წელს — 200, 1897 წელს კი 300.[17]

ბათუმის მოსახლეობა იზრდებოდა XIX და XX საუკუნეების განმავლობაში. XX საუკუნის ბოლოს ბათუმის მოსახლეობა შემცირდა. XXI საუკუნის დასაწყისში ბათუმის მოსახლეობა კვლავ გაიზარდა, ძირითადად, ბათუმის ტერიტორიის ზრდის ხარჯზე. ამჟამად ბათუმი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოში თბილისის შემდეგ მეორე ქალაქია.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1882[29] 8671
1888[30] 10 167 8047 2120
1893[31] 14 803
1897[32] 26 162
1911[33] 30 124
1926 48 500 -- --
1939 70 000 -- --
1959 82 300 -- --
1970 101 000 -- --
1979 122 800 -- --
1989 136 930 -- --
2002 121 806 -- --
2014[2] 152 839 -- --
2021 [34] 172 100 -- --

ეკონომიკა

ბათუმის ნავსადგური
ბათუმის ნავსადგური

ბათუმი თბილისის შემდეგ ყველაზე მდიდარი ქალაქია საქართველოში. მისი წილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 6%-ს. ეკონომიკის წამყვანი დარგებია მშენებლობა და საშენი მსალების წარმოება, ვაჭრობა, მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ტრანსპორტი და კომუნიკაციები.[6]

ბათუმი არის ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი. აქ წარმოებს მსხვილი საზღვაო-სატრანსპორტო ოპერაციები. ბათუმი კავკასიის ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთელ სანაპიროზე. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დიდ საოკეანო ტანკერებს ემსახურება. სატრანსპორტო კვანძის საერთო ტვირთბრუნვაში სატრანზიტო ტვირთებთან ერთად დიდი ადგილი უკავია თვით ქალაქის და მისი უახლოესი მიდამოების სამეურნეო ტვირთებს. მთლიანად მექანიზებულია მშრალი ტვირთბის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები. საავტომობილო გზებით ბათუმი დაკავშირებულია საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრებთან, აჭარის შიგა რაიონებთან და თურქეთთან.

ქალაქს, ისევე როგორ მთელ რეგიონს, ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი.

განათლება და კულტურა

ბათუმში მოქმედებს საზღვაო აკადემია და სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოქმედებს სახელმწიფო დრამატული თეატრი და მუსიკალური ცენტრი.

ბათუმში მოქმედებს რამდენიმე მუზეუმი, მათ შორის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და არქეოლოგიური მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი

ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ — დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე.

ბათუმის საფოსტო მარკები

ბათუმის მარკები

ბრიტანეთის ოკუპაციის დროს ადრე გამოშვებული რუსული საფოსტო მარკების მარაგი ამოიწურა და 1919 წლის თებერვალში ადმინისტრაციამ ახალი მარკები დაბეჭდა. ეს იყო დასაჭრელი მარკები კორდილინას ხის გამოსახულებით და წარწერით БАТУМСКАЯ ПОЧТА. მოგვიანებით ბრიტანელებმა მასზე შტამპი „BRITISH OCCUPATION“ (ბრიტანეთის ოკუპაცია) დაარტყეს. შტამპებზე ფასი ცვალებადი იყო, თუმცა მოგვიანებით, 1920 წელს, ინფლაციის დონის ზრდის გამო, ყოფილი 5 კაპიკიანი მარკები ახალი დენომინაციებით გამოიცა (50 რუბლამდე). ბრიტანეთის მმართველობის ხანმოკლეობის მიუხედავად სამი სახის მარკა დიდი რაოდენობით არსებობს (შესაძლოა დამატებითი მარკები ოკუპაციის შემდეგაც დაიბეჭდა), თუმცა ხელმეორედ გადაბეჭდილი შტამპები არც ისე ბევრია და 2003 წლისთვის კოლექციონერთა შორის მათი ფასი $500 აშშ დოლარზე მეტს აღწევდა.

დაძმობილებული ქალაქები

ქალაქი ქვეყანა წელი
1 აღჯაბედი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
2 ვანაძორი სომხეთის დროშა სომხეთი 2006
3 პირეუსი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1996
4 ბარი იტალიის დროშა იტალია 1987
5 კისლოვოდსკი რუსეთის დროშა რუსეთი 1997
6 სავანა აშშ-ის დროშა აშშ 1992
7 სან-სებასტიანი ესპანეთის დროშა ესპანეთი 1987
8 ართვინი თურქეთის დროშა თურქეთი 1999
9 ტრაპიზონი თურქეთის დროშა თურქეთი 2000
10 კარტახენა კოლუმბიის დროშა კოლუმბია 1987
11 ძიბო ჩინეთის დროშა ჩინეთი
12 ბლაგოევგრადი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
13 იალტა უკრაინის დროშა უკრაინა 2008
14 ვერონა იტალიის დროშა იტალია 2010
15 ქუშადასი თურქეთის დროშა თურქეთი 2010
16 ორდუ თურქეთის დროშა თურქეთი 2011
17 ტერნოპოლი უკრაინის დროშა უკრაინა 2011
18 აშდოდი ისრაელის დროშა ისრაელი 2012
19 ნიუ-ორლეანი აშშ-ის დროშა აშშ 2012
20 იალოვა თურქეთის დროშა თურქეთი 2012
21 ნახიჩევანი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 2012

გამოჩენილი ბათუმელები

გალერეა

ლიტერატურა

  • სიხარულიძე, ი. ბაგრატიონი, ე., ჯაოშვილი, ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 148-149.
  • ინაიშვილი, ა. „ბათუმის უძველესი ისტორიისათვის ახალი არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე“; „კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები“, თბილისი, 1966
  • ჯაოშვილი, ვ., „ბათუმი“, თბილისი, 1966
  • მურიე ჟ., „ბათუმი და ჭოროხის აუზი“, (თარგმანი ფრანგულიდან ი. ლორთქიფანიძისა) ბათუმი, 1962
  • ჩხეიძე ჯ., „ბათუმი. ისტორიული ნარკვევი“, ბათუმი, 1959
  • სიჭინავა, ვ. ბათუმის ისტორიიდან, ბათუმი, 1958
  • სიხარულიძე, ი. „ბათუმის წარსულიდან“, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. 5, 1956
  • ყაუხჩიშვილი, ს., „ანტიკური მასალები ბათუმის ისტორიისთვის“, ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. 10 1950-1951

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. ბათუმი — გეოგრაფია და ბუნება
  2. 2.0 2.1 2.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  3. საქართველოს ფოსტა — 1805.
  4. საქართველოს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
  5. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
  6. 6.0 6.1 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი
  7. Climate Data. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი, 2016.
  8. The duration of sunshine in some cities of the former USSR (რუსული). Meteoweb.ru. ციტირების თარიღი: 27 September 2012.
  9. პროკოპი კესარიელი, The Buildings, 3, 7, 7.
  10. Н. Н. Шенгелия. Османские документальные источники о крепостях Батуми и Гонио // Тюркологический сборник 1978. — М.: ИВ РАН, 1984. — С. 250.
  11. მიქაელ პანარეტოსი „ტრაპიზონის ქრონიკა“ XIV საუკუნე
  12. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 111.
  13. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 178-179.
  14. ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბილისი, 1989, გვ. 8
  15. Кавказский календарь на 1867 год : 22-й год. - 1866 გვ. 400-401
  16. ევგენი ვეიდენბაუმი: „ბათუმიდან ართვინამდე“, გვ.35-39 არტანუჯი, 2005
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 გოგოლიშვილი ო. „გერმანელები აჭარაში“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1 გვ. 69-80 — თბილისი, 2017 ISSN1512-3154
  18. გოგოლიშვილი ო., განათლების ისტორიიდან აჭარაში // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, თბილისი, 2020, № 1, გვ. 284.
  19. გოგოლაშვილი ო. „ნიკოლოზ ლენდერი“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N15 — თბილისი, „უნივერსალი“ 2014 ISSN 1512-3154
  20. ტყეშელაშვილი ნ. ნარკვევები საქართველოს მრეწველობის ისტორიიდან“ გვ. 437 — თბილისი, 1958
  21. მეომრის გზა - კაპიტანი სიმონ შავგულიძე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბლოგი, დიმიტრი სილაქაძე
  22. ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 151.
  23. ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხანა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 150.
  24. ბათუმის კოფეინის ქარხანა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 150.
  25. ბათუმის გემთმშენებელი ქარხანა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 150.
  26. Баратели, Ия (3 ოქტომბერი, 2022). „Грузинский город Батуми получил туристический «Оскар»“. Новости Грузия (რუსული). ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  27. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-10-09[მკვდარი ბმული]
  28. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-10-09[მკვდარი ბმული]
  29. Кавказский календарь на 1885 год გვ. 216
  30. Кавказский календарь на 1891 год გვ. 282
  31. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  32. Кавказский календарь на 1898 год გვ. 340
  33. Кавказский календарь на 1912 год
  34. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.