ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ — ოსმალების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის ბათუმის გადმოცემის პროცესი.

1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ბათუმის საზავო ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ დაადასტურა ოსმალეთის დაქვემდებარებაში ბათუმის, არტაანის და ყარისის ოლქების, ახალციხის და ახალქალაქის მაზრების გადასვლა. მსოფლიო ომში დამარცხების და მუდროსის ზავის ხელმოწერის შემდეგ ოსმალეთმა დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები. 19 დეკემბერს ოსმალებმა დატოვეს ბათუმი, სადაც 1919 წლის იანვრამდე შევიდნენ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ბათუმში დაინიშნა გენერალურ-გუბერნატორი, რომელმაც ადგილობრივი ლიდერების მონაწილეობით შექმნა საბჭო. ქალაქის თვითმართველობა შეუდგა არჩევნებისთვის მზადებას. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვდა ადგილობრივ ლიდერთა მეტ ჩართულობას რეგიონის მართვაში და აპროტტესტებდა ბრიტანელი ჯარისკაცების თვითნებობას. 1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო ავტონომიის საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება.

1919 წლის 9 სექტემბერს დაიწყო საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ბრიტანეთის ჯარის გასვლა. 1920 წლის თებერვალში საბოლოოდ გავიდნენ ინგლისელი სამხედროები. დაწესდა საზღვაო მიმოსვლა ბათუმიდან ოდესისა და სტამბულის მიმართულებით. ბათუმის ოლქში შემოსვლა დაიწყეს თურქეთის სამხედროებმა. 1920 წლის მარტში ბათუმში ჩატარდა ქალაქის საბჭო. სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავჯდომარემ მემედ აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კავკასიაში ოლივერ უორდროპს, გადაწყვეტილიყო ოლქის საკითხი. 1920 წლის აპრილში სან-რემოს საზღვაო კონფერენციაზე, იტალიის პრემიერ ნიტტის თავჯდომარეობით. განიხილებოდა ბათუმის საკითხი. პარალელურად ბათუმის ოლქის წარმომადგენლთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია: „ქალაქ ბათუმის და ბათუმის ოლქის დედასამშობლო საქართველოსთან ავტონომიურ გაერთიანების შესახებ“. მათ გააპროტესტეს პარიზის კონფერეციის გადაწყვეტილება ბათუმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის და მასზე ერთა ლიგის განსაკუთრებული მანდატის დაწესებაზე. საბოლოოდ, ანტანტის უმაღლესი საბჭოს თანხმობით 1920 წლის ივლისში ბათუმში ქართული ჯარი შვიდა გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით.

დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისისა და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის პირობების მოსამზადებლად, რაც აისახა აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუიაში. პარალელურად, ბათუმში მუშაობდა მთავრობის საგანგებო რწმუნებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუპატაძე ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 56-57.